საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა საფრთხეს უქმნის ონის ჰესების კასკადი უწერას მინერალურ წყლებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:34 - 03 მაისი 2020 hits 38654

„ჰესს მოსახლეობის 90 % რომ დაუჭერს მხარს, მხოლოდ მაშინ აშენდება“, - ეს გიორგი გახარიას საჯარო განცხადებაა, რომელიც მან 2019 წლის 21 აპრილს, პანკისში, ძალოვნებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ გააკეთა. მაშინ გახარია შს მინისტრი იყო, დღეს მთავრობის მეთაურია. რატომ არ ვრცელდება გახარიას ეს განცხადება ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე, როცა რაჭაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროექტის განხორციელების წინააღმდეგია.

 უწერა მჟავე წყლების გარეშე? „ყველაფერს დავკარგავთ“

ონის ჰესების კასკადის პროექტს, რომლის გამოც სოფელ გლოლადან სორამდე, მდინარე რიონი გვირაბებში უნდა მოაქციონ, რაჭის სათემო ორგანიზაციაც უპირისპირდება.

ონში მცხოვრები ირინე ლებანიძე სათემო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგობის მთავარ მიზეზებს შორის, უწერას მინერალური წყლების დაკარგვის საფრთხეს გამოყოფს:

„უწერა ამ მჟავე წყლებითაა ცნობილი. სადაც კი მივსულვარ და გაუგიათ, რომ რაჭიდან ვარ, პირველი კითხვა ეს არის, უწერაში ნაპერწკალა კიდევ არის? უწერაში შავი წყალი კიდევ არის? აქ ხალხი იმიტომ ჩამოდის, რომ დაისვენონ და იმკურნალონ. ეს მჟავე წყლები მხოლოდ უწერასთვის და ონისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მთლიანად რაჭისთვისაა ღირებული. აქ მოსული ტურისტი ფულს ონშიც ხარჯავს და რაჭის სხვა სოფლებშიც“.

2017-2018 წლებში ირინე ტურიზმის ადგილობრივ საინფორმაციო ცენტრში მუშაობდა. იხსენებს, რომ მთის რაჭაში ყველაზე მეტი ვიზიტორი უწერას სტუმრობდა: „ძირითადად ქართველები, სხვადასხვა რეგიონიდან, ოჯახებით. როცა გვიკავშირდებოდნენ სასტუმროს შესარჩევად, გვეკითხებოდნენ, მჟავე წყლები ხომ ისევ იყო. ბოლო წლებში, უწერას მინერალური წყაროების წყალობით, რაჭაში ტურისტული აქტივობები ძალიან გაიზარდა“.

უწერა ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, ონიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. თემი ოთხს სოფელს მოიცავს - უწერა, ნაკიეთი, ნიგავზები და ფარავნეში. სოფელი უწერა მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული იცის. სოფელში და მის მიდამოებში მინერალური და წყლების წყაროებია. ყველაზე ცნობილია „გვერითა“, „ნაპერწკალა“ და „შავი წყალი“. განსაკუთრებული პოპულარობით „გვერითა“ სარგებლობს, რომელსაც კუჭ-ნაწლავის, საშარდე სისტემის, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ და ანემიის დროს იყენებენ. ნაღვლის სამკურნალოდ მოიხმარენ „ნაპერწკალად“ და „შავ წყლად“ წოდებულ მარილიან წყლებს.

ნუნუ მაისურაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც უწერაში, საცხოვრებელ სახლში საოჯახო სასტუმრო მოაწყო: „30 წელი მასწავლებლად ვმუშაობდი. პედაგოგს კი იცით რა ხელფასიც ჰქონდა, დაბალი. სოფელში მჟავე წყლების გამო ბევრი ადამიანი მოდიოდა. 20 წელია რაც საოჯახო სასტუმრო მაქვს. ძირითადად ისინი მოდიან, ვისაც მკურნალობა უნდა კუჭ-ნაწლავზე. სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება. ზამთარშიც მოთხოვნაა, მაგრამ გაზი არ გვაქვს და ოთახებს ვერ ვათბობთ. ვიდრე ბუნებრივი აირი არ გვექნება, ზამთარში ვერ ვმუშაობთ. რამდენიმე წელია ტურისტების რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ ამ სოფელში უკვე ბევრს აქვს საოჯახო სასტუმრო. ჩემი ოჯახისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა, სეზონურია, მაგრამ ისეთი დატვირთვით ვმუშაობთ, მთელი წელი გვყოფნის“.

უწერაში საოჯახო სასტუმროს 2012 წლიდან ამუშავებს შორენა მაისურაძე:

„სამკურნალო წყლები და ბუნება, რის გამოც პირადად ჩემთან დამსვენებლები მოდიან. მჟავე წყლები უპირატესია. თუ ეს წყაროები გაქრება, ვიზიტორებს დავკარგავთ და დიდი უკუსვლა გვექნება, უწერა ვეღარ განვითარდება. ღმერთმა დაგვიფაროს, ეგ წყაროები რომ აღარ იყოს“.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაკვეთით, მთის რაჭაში, საბაზისო კვლევა 2019 წლის ზაფხულში ჩაატარა ნატალია ბახტაძემ, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის კონსულტანტმა. 

ნატალიაც ადასტურებს, რომ მთის რაჭაში ტურისტების ჩასვლის ძირითადი მოტივატორი მჟავე წყლები და ხელუხლებელი ბუნებაა.

„რაჭის ეს ნაწილი თავიდან ბოლომდე სეზონურ ტურიზმზეა დამოკიდებული და ორიენტირებულია შიდა ბაზარზე. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ საქართველოს მოქალაქეები ისვენებენ, რომლებიც უწერაში კონკრეტული მიზნით მოდიან.

განსაკუთრებით ახლა, როცა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა, მიმოსვლა შეწყდა და ტურიზმი გაჩერდა, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ განულებული მდგომარეობიდან როგორ უნდა ავიდეთ რაღაც მონაცემზე, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ამ შემთხვევაში ხელუხლებელი ბუნება, სამკურნალო თვისებების მქონე ადგილები, ეკოტურისტული პროდუქტები, კულტურა და ტრადიციები, ადგილზე მოყვანილი სოფლის მეურნეობის ნაწარმი, ღვინო, რაჭული ლორი, განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

რაჭას ქუთაისის აეროპორტიდან გამომდინარე ძალიან ხელსაყრელი პირობები აქვს. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისში დაფრინავდნენ, ძალიან ბევრი ტურისტი შემოჰყავდათ. ჩვენ შეგვიძლია რაჭა განვიხილოთ როგორც ერთი სოფლიდან მეორე სოფელში მოგზაური ტურისტებისთვის, რომელთა ძირითადი მიზანი არის ასეთ გარემოში დასვენება, კონტაქტი ადგილობრივებთან, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების, სამზარეულოს გაცნობა. ასეთი ტიპის ტურიზმის განვითარება დიდ ინვესტიციას არ საჭიროებს და რაც მთავარია, ადგილზე ამაგრებს ადამიანს, რომელიც ამ საქმიანობას ეწევა“.

ნატალია ბახტაძე ყურადღებას ამახვილებს რაჭაში მიგრაციულ პროცესებზეც:

„რაჭაში მიგრაცია ძალიან მაღალია, განსაკუთრებით, ონის მუნიციპალიტეტში. თუ ადგილობრივებს ხელი არ შევუწყეთ, საერთოდ, საკითხავია შეინარჩუნებენ თუ არა საცხოვრებელს. სავარაუდოდ, კიდევ უფრო დავცლით ამ რეგიონს“.

სტატისტიკური მონაცემებით, 2002-2014 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხი ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემცირდა. 2002 წელს, ონის რაიონში 9182 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის 2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ ონის მუნიციპალიტეტში 6130 ადამიანი ცხოვრობს (კლება 33 %). 12 სოფელში ერთი, ორი ან ათზე ნაკლები ადამიანია დარჩენილი, 37 სოფელში 50-ზე ნაკლები (იგულისხმება თითო სოფელში), 4 სოფელი ნასოფლარად იქცა. ბოლო 6 წელში რაჭაში მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდა.

 

რატომ უქმნის უწერას მინერალურ წყლებს გაქრობის საფრთხეს ონის ჰესების კასკადი

პროექტის მიხედვით, ონის ჰესების კასკადი ორი ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება: „ონი 1 ჰესი“ (122.46 მგვტ) და „ონი 2 ჰესი“ (83.7 მგვტ). ორივე ჰესის მშენებლობა ონის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონზეა დაგეგმილი. კასკადის მშენებლობაზე ნებართვას ს/ს „ონის კასკადი“ ითხოვდა, რომლის გენერალური დირექტორიც, მთავრობასთან დაახლოებული პირი, ლაშა იორდანიშვილია. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ დასკვნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოება ისე წარმართა, რომ საქართველოს კანონმდებლობაც დაარღვია და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა 2020 წლის 17 მარტს გასცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე 4 დღით ადრე.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაგეგმილია:

  • 4 ათასზე მეტი ძირი ხის მოჭრა;
  • მშენებლობის ტერიტორიაზე მეწყერი აქტიურ დინამიკაშია;
  • მდინარე რიონი 21 კილომეტრზე გვირაბებში უნდა მოაქციონ;
  • მდინარის რეჟიმის ცვლილება ზრდის სტიქიური პროცესების საფრთხეს;
  • გვირაბების მშენებლობა მათ შორის დაგეგმილია ბურღვა-აფეთქების მეთოდით, რაც ზრდის გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკებს, მითუფრო მაღალი სეისმურობით გამორჩეულ და მიწისძვრით მნიშვნელოვნად დაზარალებულ რაჭის რეგიონში;
  • საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა;
  • მაღალია უწერას მინერალური წყლების წყაროების დაკარგვის საფრთხე და ტურიზმზე ნეგატიური ზემოქმედება.

უწერას მინერალური წყლების დაკარგვის საფრთხეს გვერდს ვერც მინისტრი დავითაშვილი უვლის თავის ბრძანებაში, რომლითაც კომპანიას ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა მისცა. სამინისტრო სააქციო საზოგადოება „ონის კასკადს“ ავალებს: კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით უწერას მინერალური საბადოს ზონაში არ დაუშვას ტერიტორიის ისეთი გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი ან რაოდენობრივი გაუარესება ან საბადოს ტერიტორიის სანიტარულ მდგომარეობაზე უარყოფითი ზემოქმედება.

მინისტრ დავითაშვილს ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა ისე აქვს გაცემული, რომ ს/ს „ონის კასკადს“ საერთოდ არ შეუმუშავებია და შესაბამისად, არც სამინისტროში აქვს წარდგენილი - უწერას მინერალური საბადოს მკვებავი არეალის საზღვრებში გამავალი გვირაბის დამატებითი ჰიდროსაიზოლაციო ღონისძიებების გეგმა.

იორდანიშვილის კომპანიას სამინისტროში ბევრ სხვა დოკუმენტთან ერთად, ასევე, არ აქვს წარდგენილი: იმ ადგილების გეოდინამიკური პროცესების რუკა, სადაც ჰესები უნდა აშენდეს; არ არის გამოყოფილი პოტენციური მეწყერსაშიში უბნები; კომპანიას არ შეუფასებია სოფელ კომანდელში, მეწყრულ უბანში მდებარე საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა და არც ჰესების მშენებლობის პერიოდში უარყოფითი გავლენის შემარბილებელი ღონისძიებები აქვს გაწერილი; არ არსებობს დეტალური კვლევები ჰესების მუშაობის შედეგად როგორ შეიცვლება მდინარე რიონის წყლის რეჟიმი.

„როდესაც ზემოქმედებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ 21 კილომეტრზე მდინარე რიონი მხოლოდ საშუალო მრავაწლიური ხარჯის, 10%-ის ამარა რჩება. ეს არის მონაკვეთი გლოლას ხიდიდან, სადაც წყლის აღება მოხდება, ქალაქ ონამდე. ონის თავში მოხდება წყლის ჩადინება. შემდეგ, ონის ქვემოთ, კვლავ მოხდება წყალაღება და სოფელ სორამდე მდინარე ისევ გვირაბში მოექცევა.

გლოლის ხიდიდან სოფელ სორის თავამდე, მდინარე რიონი, რასაც ახლა ვხედავთ და ყველამ ვიცით, აღარ იქნება.

ის კლიმატი და ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც სოფლებშია ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, შეიცვლება, რადგან არ იქნება მდინარე, რომელიც ასრულებს როგორც გამაგრილებელ, ისე დამათბობელ ეფექტს ზამთარსა და ზაფხულში“, - უთხრა „მთის ამბებს“ დავით ჭიპაშვილმა, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა.

რა არის მდინარის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 %, რაც რიონში დარჩება? მარტივი შედარებისთვის დავითს ყაზბეგში მდინარე თერგის მაგალითი მოაქვს - „თერგი პრაქტიკულად აღარ არსებობს, იქ წყლის მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი“.

(საგულისხმოა, რომ მდინარე თერგზეც „დარიალი ჰესი“ იორდანიშვილის კუთვნილმა კომპანიამ ააშენა (შპს „ფერი“), გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში კი შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა, რომელიც ავტორია ასევე „ონის ჰესების კასკადის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა. დარიალის ჰესი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ავარიულ სიტუაციებთან, რასაც 7 ადამიანის (მათ შორის კომპანიის თანამშრომლების) დაღუპვა მოჰყვა).

გლოლას ხიდიდან ქალაქ ონამდე რამდენიმე სოფელია, მათ შორის არის ყველაზე ცნობილი - უწერა. „გვირაბის მშენებლობით და მდინარის შიგ მოქცევით, უწერას, როგორც ერთ-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილის არათუ მნიშვნელობა, არამედ აზრი და პოტენციალი სრულად იკარგება. როგორც გითხარით, მდინარე რიონი ამ ხეობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს როგორც მიკროკლიმატის ჩამოყალიბების, ასევე, იქ მინერალური წყლების არსებობის თვალსაზრისით. დღეისათვის უწერაში 18 მინერალური წყაროა. ტურისტებისთვის სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სახეობის ტურიზმზე, როგორიც არის, მაგალითად, ჯომარდობა. ამ ადგილას, რიონზე სპორტული ტურიზმის განვითარების საინტერესო და დიდი პოტენციალია. მდინარეში წყალი თუ აღარ იქნება, ტურიზმის განვითარების სხვა შესაძლებლობა ამ ადგილს არ ექნება.

პრაქტიკულად ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდება ნებისმიერი მიმართულებით. ეს იქნება ეკოტურიზმი, სპორტული თუ სხვა სახის ტურიზმი.

დავით ჭიპაშვილის თქმით, რომ ონის ჰესების კასკადი მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ამახინჯებს და გრძელვადიან პერიოდში, შეუქცევად უარყოფით ზემოქმედებას იწვევს ბიომრავალფეროვნებაზე:

„ონის ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში არ არის წარმოდგენილი დეტალური ჰიდროლოგიური შესწავლა, რა ზემოქმედება ექნება რიონის კალაპოტის უწყლოდ დარჩენას მინერალური წყლების საბადოებზე, მიწისქვეშა წყლებზე, როგორც უწერაში, ასევე, მთლიანად ამ მონაკვეთში.

თუ გავითვალისწინებთ შუახევი ჰესის მაგალითს, რომელიც ზემო აჭარაში აშენდა, მართალია, იქ მინერალური წყლები არ დაკარგულა, მაგრამ ძალიან ბევრმა სოფელმა სასმელი წყალი დაკარგა - ჩაედინა იმ გვირაბებში, რომელი გვირაბების გათხრაც ამ ჰესის გამო მოხდა. შუახევი ჰესის შემთხვევაშიც მშენებლობა ისე დაიწყო, რომ დეტალურად გეოლოგიური კვლევები არავის გაუკეთებია. როგორც მერე კომპანიის დირექტორმა განაცხადა, გეოლოგიური შესწავლა პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკაა.

ისევ ონს რომ დავუბრუნდეთ. ეს მხოლოდ მდინარეს არ ეხება.

ონი სეისმურად აქტიური ზონაა და ყველაზე მძლავრი მიწისძვრებიც ამ მუნიციპალიტეტზე მოდის. ეს პროექტი გულისხმობს მდინარე რიონის გადაგდებას სოფლების თავზე გვირაბის საშუალებით.

ამ ტერიტორიაზე, სადაც წყალაღება უნდა მოხდეს, ბევრი აქტიური, ღვარცოფული მდინარეა, რომელიც ყოველ გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე დიდდება და უზარმაზარი რაოდენობის ნატანი და ნაშალი ჩამოაქვს მთიდან. მუშუანი და კიდევ სხვა მდინარეები. მუშუანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მდინარეა, რომელიც შუა უწერაში ჩამოედინება.

რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც რიონში წყალი არ იქნება?

აქამდე ასე იყო, რომ მუშუანის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მდინარე რიონის მძლავრ ნაკადს ქვედა მხარეს ჩაჰქონდა. პრაქტიკულად რიონი უზრუნველყოფდა, რომ ნატანი არ დაგროვებულიყო და შესაბამისად, უწერას საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა.

თუ მდინარე რიონში წყალი აღარ იქნება, მაშინ როგორ უნდა მოხდეს მუშუანის და სხვა ღვარცოფული მდინარეების მიერ ჩამოტანილი ნაშალის გატანა და აცილება? ხომ არ მოხდება კალაპოტში დაგროვება და ხომ არ შეუქმნის საფრთხეს იქ განთავსებულ სოფლებს?

რა მოხდება მიწისძვრის შემთხვევაში, როდესაც, ერთი მხრივ, მდინარეში წყალი არ იქნება და მეორე მხრივ, მიწისძვრა რა თქმა უნდა გამოიწვევს მთელ რიგ გეოლოგიურ პროცესებს ამ მთის ფერდობებზე, მათ შორის, იმ ფერდობზეც, რომელშიც გაივლის ის გვირაბი, რომლითაც ამ წყლის გადაგდება მოხდება. გაუძლებს ეს გვირაბი, არ გაუძლებს, მერე რა მოხდება?

ეს არის საკითხები, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლის საგანია მშენებლობის ნებართვის გაცემამდე. ამ შემთხვევაში კი, ასეთი შესწავლა უბრალოდ არ არის ჩატარებული.

მოსალოდნელი ზიანის და ამ დანაკარგების ფონზე, ისეთ რა სარგებელს გვაძლევს ონის ჰესების კასკადი, რომ მაინც გვაწყობს და მივდივართ ამ ზარალზე?

ეს შაფასება რომ გაკეთებულიყო, ამისათვის, ამ კომპანიას ან ფინანსთა სამინისტროს უნდა მოემზადებინა დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი ქვეყნისთვის. ეს დოკუმენტი არავის უნახავს კი არა, არ გაკეთებულა, არც არავის არაფერი შეუფასებია, არც ენერგეტიკულად შეფასებულა ამ ობიექტის საჭიროება ქვეყნისთვის“.

 

ამ თემაზე:

მდინარე რიონი დაცულ ტერიტორიებში ვერ მოხვდა - ვის ინტერესებს ეწირება რაჭის ბუნება

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში