საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

Wi-Fi თუშეთში და ინტერნეტიზაციის შესაძლებლობები სხვა მთიან რეგიონებში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:22 - 13 სექტემბერი 2017 hits 8213

ხისო, შტროლთა, ჩიგლაურთა, ხახაბო, ქუმელაურთა, ზემო და ქვემო ომალო, შენაქო, დიკლო, ბოჭორნა, დოჭუ, გოგრულთა, ილიურთა, ბეღელა, ჯვარბოსელი, ვერხოვანი, ალისგორი, კოკლათა, ვეძისხევი, დადიკურთა, წოვათისა და ალაზნისთავის ნაწილი; ჩიღო, დართლო, კვავლო, დანო, ფარსმა, გირევი, ბასო – თუშეთის 30–მდე სოფელში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.

მომსახურებით 30–მდე აბონენტი სარგებლობს, ძირითადად საოჯახო სასტუმროები. 200 ლარი ღირს ინტერნეტის მისაღებად საჭირო ტექნიკა და მონტაჟი. ფიზიკური პირებისთვის არსებობს 30 ლარიანი (2-3 მბ/წმ), 50 ლარიანი (4-5 მბ/წმ) და 150 ლარიანი (8-10 მბ/წმ) ინტერნეტ–პაკეტები. მეწარმეებისთვის 50 ლარი ღირს 2-3 მბ/წამში, 100 ლარი 4-5 მბ/წამში და 200 ლარი 8-20 მბ/წამში. ინტერნეტიზაციის პროექტის ადმინისტრირებას თუშეთის განვითარების ფონდი ახორციელებს. ინტერნეტის ჩართვის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ფონდის წარმომადგენელს გიორგი ქითიძეს შემდეგ ნომერზე 598-73-32-73.

„თუშეთის განვითარების ფონდმა“ 6 ადამიანს ინტერნეტი უფასოდ დაუმონტაჟა. უპირატესობა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიანიჭეს.

53 წლის ზეზვა ელიზბარიძე ერთ–ერთი მათგანია. ის გომეწრის ხეობის 18 სოფლის ერთადერთი მუდმივი მკვიდრია. როცა დიდთოვლობის გამო სამანქანო გზა 6-7 თვით იკეტება, აღარავინ იცოდა ზეზვა როგორ იყო. გომეწრის ხეობის ბევრ სოფელში სატელეფონო კავშირი არ არის. ერთადერთი, ვინც წელამდე თოვლში, მის მონახულებას ზამთრობით ერთხელ მაინც ახერხებდა, თუშეთის ექიმი ირაკლი ხვედაგურიძეა. წელს ზეზვა ელიზბარიძე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აღარ მოწყდება. აღარც 76 წლის ირაკლი ექიმს მოუწევს 25 კილომეტრის გავლა ხელნაკეთი თხილამურებით – უკვე ორივეს აქვს უკაბელო ინტერნეტი და ვაიბერის ან სკაიპის საშუალებით ერთმანეთს ხმას გააგონებენ.

 

ამერიკული ორგანიზაციის მხარდაჭერა

თუშეთის ინტერნეტიზაციისთვის, ამერიკული ორგანიზაცია ISOC–ის ფინანსური მხარდაჭერა, საქართველოში ცოტა ხნის წინ დაფუძნებულმა მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ მოიპოვა. ორგანიზაცია ოცზე მეტ მცირე და საშუალო ოპერატორს აერთიანებს და მისი ერთ–ერთი მიზანი საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარების პროცესის ხელშეწყობაა.

უჩა სეთური, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის დირექტორი ამბობს: „2016 წლის ზაფხულში, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, ცენტრალური აზიის ინტერნეტმმართველობის ფორუმზე შევხვდი ISOC–ის ევროპული ბიუროს წარმომადგენელ მარიტ პალოვირტას. მან მკითხა, იყო თუ არა საქართველოში ისეთი დასახლებები, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდათ და თემის ჩართულობით ამ პრობლების გადაჭრა შესაძლებელი იქნებოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვფიქრობდით რომელი რეგიონი შეგვეთავაზებინა დონორისთვის. დავითვალეთ თუშეთისა და ხევსურეთის ინტერნეტიზაციის სავარაუდო ხარჯები. თუშეთში, ომალომდე თუ ავიყვანდით ინტერნეტს, ყველა ხეობა უფრო ადვილად იფარებოდა და შედარებით იაფი ჯდებოდა. დონორს დაახლოებით 20 ათასი დოლარით დახმარება შეეძლო, თუმცა თუშეთის ინტერნეტიზაციისთვის 40 ათასი დოლარი იყო საჭირო. ფონდმა გვითხრა, რომ მოგვემზადებინა პროექტი და 20 ათას დოლარს მოგვცემდნენ 2016 წელს აპარატურის შესაძენად, ერთ ამდენს კიდევ 2017 წელს მონტაჟის, ინსტალაციისა და სხვა ხარჯების დასაფარად. პროექტის მომზადების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ჩვენი ასოციაციის წევრი, კომპანია „ფრინეტი“, რომელიც თელავში ოპერირებს. ასევე, ჩართული იყო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. დავუკავშირდით ადგილობრივ ორგანიზაცია „თუშეთის განითარების ფონდს“, რომელთანაც შევთანხმდით, რომ პროექტის ადმინისტრირებას ის განახორციელებდა“.

2016 წლის 7 სექტემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს ინტერნეტსაზოგადოებას (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას შორის. პროექტის ფარგლებში თუშეთი ფიქსირებული რადიოქსელით თელავის რაიონს დაუკავშირდა. აბანოს უღელტეხილზე, დიკლოს მთაზე, ჩიგლაურთას კეხზე, მაკრატელას ქედსა და კოკლათაში, ზღვის დონიდან 3150 მეტრზე და ადგილებში, სადაც სამანქანო გზა არ მიდის, პროექტის განმახორციელებლებმა, ანძები და აპარატურა დასამონტაჟებლად ცხენებით და ხელით აიტანეს.

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტისთვის მხოლოდ 20 ათასი ლარი გამოყო ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ. ოფიციალური ინფორმაციით, სააგენტომ გამართა ტრენინგები თუშეთის მცხოვრებლებისთვის (15 000 ლარი) და დააფინანსა 28 მოსახლის სათანადო აპარატურით აღჭურვა – 4 200 ლარი.

ამერიკული ორგანიზაცია (ISOC) რომ არა, რომლის მიზანიც ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, თუშეთს ინტერნეტი არც ახლა ექნებოდა და სავარაუდოდ, ვერც 2020 წელს.

 

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 28 ივლისს დაამტკიცა (დადგენილება N375), ოპტიკური ქსელის მშენებლობას მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებში ითვალისწინებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის და ოპერატორების მიერ პროგრამის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

ეს ნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში ვერ მოხვდება სოფლები, სადაც 200 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს. მოსახლეობის ეს რაოდენობა კი, მაღალმთიანი რეგიონების რომელიმე ერთ სოფელში კი არა, ბევრგან, მთელ ხეობებში აღარ არის დარჩენილი.

მაგალითად, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, გუდამაყრის ხეობაში სულ 234 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40 მაქართაში, 25 კიტოხში, 23 ლუთხუბში, 22 ზანდუკში, 20 გამსში, 17 ჩოხში, 16 თოთიაურნში, 16 თორელაანში, დანარჩენ სოფლებში ერთი, ორი ან 10–ზე ნაკლები ადამიანი. ეს ოფიციალური აღწერის მონაცემებია, სინამდვილეში გუდამაყარში ამდენი ადამიანიც აღარ ცხოვრობს.

კიდევ უფრო მცირეა მოსახლეობის რაოდენობა უკანაფშავის თემში – სულ 143 ადამიანი: 53 სოფელ თხილიანაში, 35 შუაფხოში, 15 უძილაურთაში, 13 მუქოში, დანარჩენ სოფლებში რამდენიმე ადამიანია. ესეც ოფიციალური მონაცემებია, რეალურად უკანაფშავშიც უფრო ცოტა ადამიანი ცხოვრობს.

ხევსურეთში, შატილის თემში სულ 48 ადამიანია დარჩენილი: 22 შატილში, 15 მუცოში, დანარჩენი, თითო–თითო ან რამდენიმე არდოტში, ანდაქსა და ხონეში. 

ასეთი სოფლების ინტერნეტით დაფარვა არ შედის არცერთი ევროპული სახელმწიფოს მთავრობის გეგმაში. ჩვენ კი გვინდა, რომ მთაში ინტერნეტი გვქონდეს, მაგრამ ამხელა ფუფუნება არ გვაქვს.

იქ სადაც არ იქნება კაბელები, ინტერნეტის მიწოდება შესაძლებელია უმავთულო ტექნოლოგიებით, როგორც ეს მოხდა თუშეთში, მაგრამ ეს საპილოტე პროექტია. გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი იმის შეფასება, რამდენად მდგრადია“, – უთხრა „მთის ამბებს“ OpenNet–ის დირექტორმა ნინო ქუბინიძემ.

OpenNet ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის საკუთრებაშიც იქნება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა. OpenNet-ი შექმნის ღია დაშვების წერტილებს, რომლებზე წვდომაც ყველა ინტერნეტოპერატორს ექნება. სწორედ ოპერატორებმა უნდა მიიყვანონ კაბელები მოსახლეობამდე და მათ მიაწოდონ საბოლოო პროდუქტი. ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს მაინც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა. პროექტის მიხედვით, დღეს დაუფარავი 2.153 სოფლის და 40 ქალაქის კაბელებით დაფარვა მოხდება.

მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა, გეოგრაფიული და კლიმატური პირობები კი რთული, სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, ინტერნეტის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობით დაინტერესებულები არ არიან. მათი გათვლებით, მოსალოდნელი ხარჯები შემოსავალს აღემატება.

„მეც ვფიქრობ, რომ ისეთ სოფლებში, სადაც 200 ადამიანი მაინც არ ცხოვრობს, არ უნდა მივიდეს ოპტიკური კაბელი, არ არის საჭირო. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას ინტერნეტზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს. არის უფრო იაფი, ოპტიმალური ვარიანტები, ვიდრე კაბელის მიყვანა და სახელმწიფომ ამაზე უნდა იზრუნოს.

იქ სადაც, ამ დრომდე არ არის სატელეფონო კავშირი, არ არის ტელევიზია, არ არის რადიო, ინტერნეტის და მასზე დაშენებული სერვისების გამოყენებით ადამიანები ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან კომუნიკაციასაც შეძლებენ და საინფორმაციო ვაკუუმშიც აღარ იქნებიან 21–ე საუკუნეში“, – აღნიშნავს უჩა სეთური.

ნინო ქუბინიძის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში უმავთულო ტექნოლოგიების გამოყენებით რომელიმე მაღალმთიანი რეგიონის ინტერნეტიზაციისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის და არც მანამდე იქნება სწორი, ვიდრე არ მოხდება ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობა.

მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია ISOC–თანამშრომლობას აგრძელებს. უჩა სეთური ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამერიკულმა ორგანიზაციამ საქართველოში კიდევ ერთი მაღალმთიანი რეგიონის ინტერნეტიზაციის პროექტი დააფინანსოს: „ვფიქრობ ხევსურეთზე. ინტერნეტის გადაყვანა შესაძლებელია თუშეთიდან – წოვათადან. ხევსურეთში სათემო ორგანიზაციები თუ არიან, ან შეიქმნება, ხევსურები თუ იქნებიან მონდომებულები ამ პრობლემის გადაჭრით და თემის განვითარებით, შესაძლებელია მათთან თანამშრომლობა“.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში