საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

7 თვე არავინ იცოდა ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი - მარტოკაცი გომეწრის ხეობიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:03 - 02 აგვისტო 2017 hits 34850

53 წლის ზეზვა ელიზბარიძე თუშეთში, გომეწრის ხეობის 18 სოფლის ერთადერთი მუდმივი მკვიდრია. როცა დიდთოვლობის გამო სამანქანო გზა 6-7 თვით იკეტება, აღარავინ იცის ზეზვა როგორაა. ერთადერთი, ვინც წელამდე თოვლში, მის მონახულებას ზამთრობით ერთხელ მაინც ახერხებდა, თუშეთის ექიმია. წელს ზეზვა ელიზბარიძე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აღარ მოწყდება. საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით თუშეთის ოთხივე ხეობას აგვისტოდან უკაბელო ინტერნეტი მიეწოდება.

ცხოვრება ალისგორში

მესამე წელია ზეზვა ელიზბარიძე ზამთარ-ზაფხულ ალისგორში ცხოვრობს. აგვისტო მისთვის ყველაზე მძიმე თვეა. მთის ფერდობებზე 20-25 დღის განმავლობაში ბალახს თიბავს, რომ ზამთარში საქონელი გამოკვებოს. თიბვაში შვილებიც ეხმარებიან, ივანე და შოთა. ოჯახის წევრები მთაში ზაფხულობით ადიან და ოქტომბრის ბოლომდე რჩებიან. ბარში დაბრუნებამდე, მამას მთიდან თივის ჩამოტანაშიც ეშველებიან.


                                                                                                       ფოტო: © გელა მთივლიშვილი

„ვეზიდებით ცხენის მარხილით, სადაც მანქანა უდგება - მანქანით. 25 ზვინი მაინც უნდა დავდგა, რომ საქონელს საკვები არ დააკლდეს. საქონლის შენახვა მთაში უფრო ადვილია, ბარში საძოვრებიც აღარ დარჩა. აქ გარემოც უფრო სუფთაა და რძეც და ყველიც ნატურალურია. თავსაც ვირჩენ და ოჯახსაც ვარჩენ, ერთი ეგ არის, რომ ძნელია მარტო ცხოვრება“, - ამბობს ზეზვა.

ზამთარი თუშეთში ნოემბრიდან იწყება და მაისამდე, ან მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. 6-7 თვის განმავლობაში ზეზვა ელიზბარიძე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დიდთოვლობის და ზვავების გამო თუშეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იკეტება. ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია, ფეხით კი ძალიან ჭირს. თოვლის სიმაღლე ზოგჯერ 1 - 1.5 მეტრს აღემატება.

„მაისში, თუშეთის გზა ომალომდე რომ გაიხსნება, ხომ შეიძლება თან ტრაქტორიც მოჰყვეს და სოფლების გზებიც გაწმინდოს. ამ გზებზე დიდი პრობლემაა. ხელით ვწმენდთ, ზვავებს ელექტროხერხით ვჭრით, წერაქვებით ვთხრით. ვცდილობთ, როგორმე ომალომდე გზა გვქონდეს, ძალის ძალით რომ გადავიდეთ მანქანით. ძალიან საშიშია, ბევრს ვრისკავთ, მაგრამ რა ვქნათ? წელსაც, ამ გაზაფხულზე, 3-4 კაცი დამეხმარა, რომ როგორღაც ზვავი გაგვეჭრა, ქვა გადაგვეყარა, ტრანსპორტი რამენაირად რომ გატეულიყო. ზაფხული გავიდა და ტრაქტორი ახლა შემოვიდა. რა აზრი აქვს ასეთ მუშაობას?“

გზა არც სოფელ ჯვარბოსლამდე მიდის. მდინარე ალაზანზე ხიდი არ არის და ადგილობრივები ავტომობილებით ან ცხენებით პირდაპირ წყალში გადიან. გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა წყალი ადიდებულია, სოფლამდე მისასვლელად წყლის დაწევას ელოდებიან.

2017 წლის თებერვალში, როცა ახმეტის გამგებელი, მაჟორიტარი დეპუტატი და კახეთის გუბერნატორი საახალწლო ნობათის გადასაცემად, მომღერლებთან ერთად, ვერტმფრენით ესტუმრნენ, ამ პრობლემების შესახებ მათაც მიმართა. საახალწლო ნობათი თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის იყო განკუთვნილი და ერთ პაკეტში 3,5 კგ შაქრის ფხვნილი, 5 კგ მაკარონი, 1 კგ კარამელი, ზეთი, 1,5 კგ შოკოლადი, 1 კგ ორცხობილა, 100 გრამი ნალექიანი და 100 გრამი უნალექო ყავა შედიოდა. 1250 ლარის ღირებულების საახალწლო პროდუქტების ახმეტიდან-თუშეთში, ვერტმფრენით გადასატანად, ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა. ნობათი 25 პირისთვის იყო გათვალისწინებული.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ალისგორში სტუმრობისას ისიც გაიგეს, რომ ზეზვას არც მზის ბატარეა ჰქონდა, ერთი ნათურა მაინც რომ აენთო, უკეთეს შემთხვევაში კი ტელევიზორიც ჩაერთო. დაპირდნენ, მაგრამ გომეწრის ხეობის 18 სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრები ამ დრომდე უშუქოდაა. 6-7 თვის განმავლობაში ვერაფერს იგებს და წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დანარჩენ საქართველოში.

ერთადერთი, ვინც წელამდე ან წელს ზემოთ თოვლში, ზამთარში ერთხელ მაინც მასთან მისვლას და მონახულებას უვერტმფრენოდ ახერხებს, თუშეთის ექიმი, 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძეა. ექიმი გომეწრის ხეობის სოფელ ბოჭორნაში ცხოვრობს. ბოჭორნადან ალისგორამდე დაახლოებით 15 კილომეტრია.

„მარტის თვეში ჯერ კიდევ ძალიან დიდი თოვლია აქ და არავის ველოდებოდი. საღამო იყო, საქონელს ვაბინავებდი.

ჯვარბოსლის მხარეს ადამიანი შევნიშნე. ვიფიქრე, მელანდება თუ მართალია მეთქი. ნოემბრიდან აქ კაცს ვეღარ ნახავ მაისის დასაწყისამდის. თვალები მოვიფშვნიტე და კიდევ გავხედე, კაცი იყო. დავუძახე, იქით ნუ მიდიხარ, ქვემოთ დაეშვი, გამოვალ მოსახმარებლად წყალში რომ გამოგიყვანო მეთქი. ისიც დაეშვა. არ ვიცოდი ვინ იყო. ახლოს რომ მივედი, ირაკლი ექიმი ვიცანი. ამ შუა ზამთარში, ამხელა კაცი აქ რას დადიხარ, ან ზვავი არ გამოვარდეს, ან თოვლში არ ჩავარდე მეთქი. ეჰ, მე რა, უკვე ამხელა კაცი ვარ, შენს სანახავად მოვედი ცოცხალი ხარ თუ მკვდარიო. ფეხზე ხელნაკეთი თხილამურები ჩაეცვა და ისე მოსულიყო“.

ალისგორს ზემოთ წოვათას სოფლები და ნასოფლარებია. ზამთარში იქაც აღარავინ ცხოვრობს.

 

დასარეკი 7 კილომეტრში

ალისგორში არც რადიო იჭერს, არც სატელეფონო კავშირია. ადამიანის ხმა რომ გაიგოს, ზამთარში, „დასარეკამდე“ 7 კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს. „დასარეკი“ ის ადგილია, სოფელ ბეღელადან ბოჭორნასკენ, სადაც მობილური ტელეფონი იჭერს.

„წელს ზამთარში ვცადე, გავივლი მეთქი 7 კილომეტრს. დილით ადრე ორჯერ მეტი თივა დავუყარე საქონელს, შეიძლება დამეგვიანა და ცოდო იყო საქონელი. დილის 6 საათზე გავედი, ღამე იყო ჯერ. თოვლს ვარღვევდი და შუადღეს ძლივს მივაღწიე იმ ადგილამდე. იქიდან რომ მოვბრუნდი, დამაღამდა. ერთადერთხელ ვიყავი დასარეკად, დანარჩენი ოჯახისა არაფერი ვიცოდი“.

ზეზვა იხსენებს, რომ გომეწრის ხეობის დიდ ნაწილში სატელეფონო კავშირის არქონის გამო, არაერთი ადამიანის სიცოცხლეს დამუქრებია საფრთხე. 

„შარშან, შუა ზაფხულში 12 წლის ბავშვს გველმა უკბინა. ღამის სამი საათი იყო აქ რომ მომიყვანეს. კიდევ კარგი მანქანა აქ მყავდა. დახმარება სჭირდებოდათ. ვერც გადარეკეს, ვერაფერი. გავაქციეთ ბავშვი მანქანით. გზაში როგორც კი დაიჭირა ტელეფონმა, 112-ზე დავრეკე. სანამ იმათ გადარეკ-გადმორეკეს, მე უკვე ომალოში მივიყვანე ბავშვი ექიმთან.  სატელეფონო კავშირი არ იყო და ძალიან ვწვალობდით“.

კიდევ ერთი შემთხვევა 2016 წლის მაისში მოხდა.

„ალისგორიდან ბარში მივდიოდი. ორი კაცი დამემგზავრა, ცხვარი გამოეცილებინათ მთაში და ბარში ბრუნდებოდნენ. უცებ ზვავი გამოვარდა, მე ცოტა გადახტომა მოვასწარი. არ დავიბენი და მალევე გავთავისუფლდი თოვლისგან. ის ორი კაცი დაემარხა. 15-20 წუთში ერთი ვიპოვე, ამოვთხარე ხელით და გადავარჩინე. იმის თხრაში მეორე ადამიანის ხელიც ვიპოვე. თხრა გავაგრძელე, მაგრამ სანამ თავამდე მივედი, სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. უღელტეხილიდან 300-400 მეტრით ვიყავი დაცილებული. ტელეფონი მხოლოდ წვერზე იჭერდა. გავიქეცი და 112-ზე დავრეკე, სასწრაფოდ ვერტმფრენი გამოგზავნეთ, ერთი ცოცხალია, ნახევრად გაყინული და დახმარება სჭირდება, მეორე კი თოვლის ქვეშ არის გარდაცვლილი მეთქი. ადგილი არ შეიცვალო, ახლავე დაგირეკავთო. რომ დამირეკეს, ვერტმფრენს ვერ გამოვგზავნით, ამინდი არ არისო. არადა უღელტეხილზე ვიყავი და ცა გაკაშკაშებული იყო ორივე მხრიდან. გამწარებული ვიყავი და შევიგინე. მერე მაშველები წამოსულან თურმე მანქანით.

გარდაცვლილის ამოთხრა გავაგრძელე. პატარა ნიჩაბი გვქონდა მანქანაში, შემოვჭრიდი იმით თოვლს, ამოვყრიდი მერე ხელით და გადავყრიდი. 23-25 წლის ბიჭი იყო.

მაშველები რომ მოვიდნენ, დაზარალებული, რომელიც ცოცხალი იყო, სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს. მერე გარდაცვლილიც ბოლომდე ამოვთხარეთ და მეორე მანქანაში მოათავსეს.

ჯერ კიდევ თუშეთის გზაზე ვიყავით, ცოტა ქვემოთ რომ ჩავედი, ერთი მაშველი მოვიდა ჩემთან და მითხრა, უფროსი გეძახისო. მივედი მეც და პოლიციის თანამშრომელი მეუბნება, თქვენ აყვანილი ხართო. რაზე მეთქი და აი, შეურაცხყოფა რომ მიაყენე მთავრობას, ამიტომო. მე ვუთხარი, ბოდიშს გიხდით, გამწარებული ვიყავი და ვეღარ მოვითმინე მეთქი. პოლიციაში გამოცხადდით და დანარჩენს იქ გავარკვევთო. ჩავედი თუ არა ბარში, ახმეტის პოლიციაში მივედი. დამკითხეს და პასუხისგებაში უნდა მიგცეთო. ვინც გადავარჩინე, იმ ბიჭმა თქვა მერე, ზეზვას არავის დავაჭერინებ, მთელ ალვანსა და ლალისყურს შევყრი და ხალხი აქ მოგადგებითო. ეტყობა ეს გაიგეს ამათაც და შემეშვნენ“.

 

WI-FI ინტერნეტი თუშეთში პირველად

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაციამ და თუშეთის განვითარების ფონდმა 2017 წელს დაიწყეს. საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოებამ“ პროექტისთვის 40 ათასამდე აშშ დოლარი გამოყო. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად 1-ლი აგვისტოდან თუშეთის ოთხივე ხეობის 30-ზე მეტ სოფელში უკაბელო ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა. ინტერნეტს თუშეთს თელავიდან კომპანია „ფრინეტი“ აწვდის.

აბანოს უღელტეხილზე, დიკლოს მთაზე, ჩიგლაურთას კეხზე, მაკრატელას ქედსა და კოკლათაში, ზღვის დონიდან 3150 მეტრზე და ადგილებში, სადაც სამანქანო გზა არ მიდის, პროექტის განმახორციელებლებმა აპარატურა დასამონტაჟებლად ცხენებით და ხელით აიტანეს.

მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური ამბობს: „მთავარი სიკეთე ის არის, რომ თითქმის ყველას ექნება ინტერნეტი ვინც აქ რჩება ზამთარში. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მათ ინსტალაციის ხარჯების თანადაფინანსებაშიც დაეხმარება. ისინი შეძლებენ ინტერნეტზე დაშენებული ყველა პლატფორმის გამოყენებას, რომელიც მათ შორის გულისხმობს სკაიპით, ვაიბერით აუდიო და ვიდეო საუბარს და ა.შ. ისინი აღარ იქნებიან მოწყვეტილები ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. შეძლებენ ინფორმაციის მიღებას. მათ შორის ირაკლი ექიმს ექნება საშუალება, რომ თუ პაციენტს რაიმე პრობლემა აქვს, ონლაინ გაუწიოს კონსულტაცია. საოჯახო სასტუმროები შეძლებენ ონლაინსერვისების გამოყენებას. ტურისტები ელფოსტის შემოწმებას, ინფორმაციის გავრცელებას თუშეთიდან“.

ზეზვა ელიზბარიძე ინტერნეტის მომხმარებელი არასდროს ყოფილა და ამბობს, რომ ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, ვინმე დალოცვილი ინტერნეტს თუ მოიყვანდა ამ მთებში და ცოლის, შვილების ან მეგობრების ხმის გაგონების შესაძლებლობას მოგვცემდაო.

შოთა მამას ახლა თანამედროვე ტელეფონის, ვაიბერის და სკაიპის გამოყენებას ასწავლის. წელს ზამთარში ალისგორი ხაზზე იქნება.

არსებობს შესაძლებლობა, რომ ინტერნეტ და სატელეფონო კავშირი პირველად გაჩნდეს უკანაფშავში, პირიქითა ხევსურეთსა (მუცო-არდოტის ხეობა) და არხოტშიც. მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია ამისთვის დაფინანსებას ეძებს.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში