საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ტურიზმის ბიზნესი სვანეთში გაკოტრების ზღვარზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:02 - 19 თებერვალი 2021 hits 15535

1 200 000 დოლარად შეფასებულ სასტუმრო Mountain Mestia-ს, მეპატრონე 700 ათასადაც ვეღარ ყიდის. არადა, 21 ნომრიანი სასტუმრო 2017 წელს გაიხსნა და პანდემიამდე სრული დატვირთვით მუშაობდა. უკვე ერთი წელია, Covid 19-ის პრევენციის საბაბით, ხელისუფლება ზემო სვანეთში სასტუმროებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებს მუშაობის უფლებას არ აძლევს. მესტიის მუნიციპალიტეტში ათასზე მეტი ადამიანი დარჩა უმუშევრად, 400-მდე საოჯახო სასტუმრო დაკეტილია. მთავრობამ უსამსახუროდ დარჩენილთა ნაწილს, დახმარების სახით, წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დაურიცხა სამას-სამასი ლარი. გაკოტრების ზღვარზე მყოფ მეწარმეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ზემო სვანეთში ტურისტულ ინდუსტრიას განზრახ ანგრევს, რათა მოსახლეობა შემცირდეს, სვანეთი ისევ დაიცალოს ახალგაზრდებისგან, ჰესების მშენებლობა და ენგურის ხეობაში ოქროს მოსაპოვებლად ათასობით ჰექტარის გადათხრა კი უფრო ადვილად შეძლონ.

ნათია ნაცარაშვილს მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება - ორი მიწის ნაკვეთი და სვანური სახლი მესტიაში, მშობლების ბინა თბილისში, პირადი ავტომობილი და 21 ნომრიანი სასტუმრო, იპოთეკით „თიბისი ბანკში“ აქვს დატვირთული. მის მიერ სასტუმროს ასაშენებლად აღებული სესხი ბოლო ოთხ თვეში 14 ათასი ევროთი მხოლოდ იმიტომ გაიზარდა, რომ გადავადება ითხოვა 2021 წლის ივლისამდე. ნათია ვერც Mountain Mestia-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს იხდის. 2500 ლარის ოდენობით დავალიანების გამო „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სასამართლოს მიმართა და ქონება დააყადაღა. ნათია სასტუმროში ელექტროენერგიას ვერ თიშავს, გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემა ყინვამ რომ არ დააზიანოს და სასტუმრო არ დაიტბოროს. 

სასტუმრო 2021 წლის აპრილიდან თითქმის მთლიანადაა დაჯავშნილი ტურისტული კომპანიების მიერ, მაგრამ მყიდველის პოვნა ვერც ამან გაუადვილა.

„არ მინდა, რომ ბანკის ვალმა სასტუმროს ღირებულებას გადააჭარბოს. ახლა 400 000 ევრო მაქვს ვალი. გაურკვეველი პროგნოზის გამო რეალური მყიდველი ჯერ არ მყავს. არ იციან, რა მოხდება საქართველოში. სასტუმრო გასული წლის მარტიდან გაჩერებულია. მხოლოდ ივლისში ვიმუშავეთ. ქართველ ტურისტებს ნომერს საუზმით 50 ლარად ვთავაზობდით. დამსვენებელიც გვყავდა. ეს ძალიან დაბალი ფასია, მაგრამ თანახმა ვიყავით. ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილ ყველა წესს ვიცავდით. 10 აგვისტოს მაინც დაგვხურეს. რამდენიმე შემთხვევის გამო მესტია სრულად ჩაკეტეს. მას შემდეგ სასტუმროები აღარ გახსნილა“, - თუ არა ხელისუფლების მიზანმიმართული განზრახვა, რომ მესტიაში ტურიზმი პრიორიტეტული მიმართულება აღარ იყოს, ნათია სხვა ახსნას ვერ უძებნის, რატომ აქვთ მუშაობის უფლება საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე სასტუმროებს და მაინცდამაინც მესტია რატომ ქმნის Covid 19-ის გავრცელების საფრთხეს.

„როდესაც კახეთში მუშაობს ამდენი სასტუმრო, კაჭრეთის „ამბასადორი“, „ლოპოტა“, მუშაობს ყაზბეგი, მუშაობს „ბორჯომი პლაზა“ და ა.შ. ბათუმში გაიხსნა რესტორნები და მუშაობენ სასტუმროები. მე ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება მესტიის შეზღუდვა. ვერცერთი ეპიდემიოლოგი ვერ დამიმტკიცებს, რომ მესტიის სასტუმროებში შეიძლება უფრო ადვილად გავრცელდეს Covid 19, ვიდრე კახეთში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბათუმში.

„ყველამ ვიცით, რომ მოთხილამურეს აქვს სპეციალური ეკიპირება, უკეთია თავისი ნიღაბი, სათვალე, ხელთათმანები, სრიალის დროს დაცულია სულ მცირე 5-10 მეტრიანი დისტანცია შეჯახების თავიდან ასარიდებლად. ჩვენთან ღია, 4-6 ადგილიანი გონდოლებია. აქაც შეიძლებოდა დისტანციის დაცვა და მხოლოდ 2 ადამიანის განთავსება.

თუ აჭარაში შეიძლება, რომ ღია სივრცეში მუშაობდეს რესტორანი, რატომ არ შეიძლება მესტიაში ღია სივრცეში ადამიანმა უბრალოდ ისრიალოს? რატომ არის ეს უფრო საშიში?“

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 18 მარტიდან საქართველოს საზღვრები დაიკეტა უცხოელებისთვის. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. შეიზღუდა მიმოსვლა და აიკრძალა გადაადგილება საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე. 

შეზღუდვებმა ყველაზე მეტად ტურიზმი დააზარალა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი იყო და მშპ-ს დაახლოებით 11%-ს აწარმოებდა. 2019 წელს ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 9 357 964-ს მიაღწია და თითქმის 3.5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოიტანა. პანდემიის შედეგად დარგში დასაქმებული 170 ათასი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, თუმცა 10 აგვისტოს, ზემო სვანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, მთავრობამ მესტიის მუნიციპალიტეტი მთლიანად ჩაკეტა. მესტიაში შეზღუდვები მალევე მოხსნეს, თუმცა 28 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადაიყვანეს. თავდაპირველად იანვრის ბოლომდე გააჩერეს სათხილამურო კურორტები, მერე კი ეს აკრძალვა დაუდგენელი დროით გაახანგრძლივეს.

„მოგეხსენებათ, რომ ტიროლში (კურორტი ავსტრიაში) გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული რისკები საკუთარ თავზე აიღეს, საკმაოდ წარუმატებელი იყო ეს გადაწყვეტილება. განმეორებით იმ შეცდომას, რაც დავუშვით აჭარაში, ზაფხულში რომ არ ჩავკეტეთ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 12 თებერვალს.

მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ზემო სვანეთში კორონავირუსის სულ 535 დადასტურებული შემთხვევა აქვს აღრიცხული. ცენტრის ხელმძღვანელი ნია ბჟალავა ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იკლო - დეკემბერში კორონავირუსი 185 ადამიანს დაუდასტურდა, იანვარში 95-ს, თებერვალში კი 20-ს.

ეპიდემიოლოგ ბჟალავას ვკითხეთ, რატომ არ აძლევენ ზემო სვანეთში სასტუმროებსა და სათხილამურო კურორტებს მუშაობის საშუალებას, თუკი ისინი რეგულაციებს დაიცავენ. „ვინ გააკონტროლებს რამდენად იცავენ წესებს? მე პირადად ქუჩაში პირბადის გარეშე არ გავდივარ, უმრავლესობა კი პირბადეს არ იყენებს. მითითება ძალიან დიდ აგრესიას იწვევს. ვერ გაკონტროლდება“.

მაშინ, როცა მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების აბსოლუტური უმეტესობა გაჩერებულია და მუშაობის შემთხვევაში, 10 ათასლარიანი ჯარიმა ემუქრებათ, რამდენიმე სასტუმრო მაინც ფუნქციონირებს. სასტუმრო „ფოსტას“ 14-17 თებერვლის პერიოდში ვაკვირდებოდით და სტუმრებს დახურულ სივრცეში ჩვეულებრივ მასპინძლობდნენ. „ფოსტას“ (შპს სეტი +) 33.3 %-ის მესაკუთრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა, 66.7 %-ს კი ოთარ ჩართოლანი ფლობს.

„აქაც შერჩევითი სამართალი მუშაობს. ვინც აწყობთ, ამუშავებენ და ვისაც არა, საარსებო წყარო ყველანაირად გადაგვიკეტეს. გვაიძულებენ, რომ გავყიდოთ. ალბათ ბევრი წამოვა ჩემს გზაზე და სხვებიც გაყიდიან. სავარაუდოდ, სვანეთიც დაიცლება. მათ ასე აწყობდათ და რაზეც მიდიოდა ლაპარაკი, რომ სვანეთისთვის ტურიზმი არ იყო პრიორიტეტი და პრიორიტეტული იყო ჰესები და ოქროს საწარმოო წესით მოპოვება, ზუსტად ასე იქნება. სამწუხაროდ, ოქროს თემაზე დღეს უკვე სოფლებში მიდის მუშაობა და ხალხის დარწმუნება, რომ ჰესი და ოქრო მომგებიანია მოსახლეობისთვის, ვიდრე ტურიზმი“, - ნათია ნაცარაშვილს Mountain Mestia-ში 14 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. ახლა ყველა უმუშევარია. „ზოგი მზარეულად მუშაობდა, ზოგი სამრეცხაოში, ზოგი მენეჯერად. ამასთან, ტრანსპორტით გვემსახურებოდნენ, ზოგი სვანურ მარილს გვაწვდიდა, კარტოფილს, რძის პროდუქტებს. მესტია კი არა, სვანეთი ტურიზმზე იყო გადასული. მთელი ჯაჭვი გაირღვა და ხალხი მძიმე მდგომარეობაშია. მარტის შემდეგ ორჯერ დაგვირიცხეს 300 ლარი. ერთადერთი ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. ვინმე იცხოვრებს ერთი წლის განმავლობაში 600 ლარით?“.

ზამთრის კურორტების გახსნის მოთხოვნით, მესტიაში უკვე ორჯერ გამართეს აქცია, 13 და 18 თებერვალს. აქციის ორგანიზატორებმა შეხვედრა მესტიის მერსაც სთხოვეს. მერი მათ არ შეხვდა.

აქციის მონაწილე დადვანების ოჯახს, ყველაფერი რაც აბადია, საცხოვრებელი სახლები თბილისსა და სვანეთში, ახალაშენებული 25 ნომრიანი სასტუმრო ბანკში აქვს ჩადებული 1.6 მლნ ლარი სესხის სანაცვლოდ. სასტუმრო იანვარში უნდა გაეხსნათ.

„გადავადებით ვისარგებლეთ, მაგრამ პროცენტი მაინც გვერიცხება და ვერ ვიხდით. არც ფორსმაჟორს აცხადებენ. რომ გამოეცხადებინათ, მაშინ გვექნებოდა იმის უფლება, რომ არ გადაგვეხადა. ახლა არც მუშაობის უფლება გვაქვს, არაფრის უფლება არ გვაქვს, მაგრამ პროცენტი გვედება. ვუსმინეთ ჯანდაცვის მინისტრს, აჭარაში დაშვებულ შეცდომას აღარ გავიმეორებთო. ვინ აგო პასუხი იქ დაშვებულ შეცდომაზე. მთავრობიდან არავინ. ვაგეთ პასუხი საავადმყოფოებში უჟანგბადოდ დარჩენილმა ხალხმა და გაკოტრებულმა ბიზნესმა. დრო ცოტა გვაქვს. თოვლი მალე დადნება, სულ რაღაც თვენახევარი დაგვრჩა. კომუნიკაცია საერთოდ არავის აქვს ჩვენთან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გვითხრა, დაგუგლეთო. დავგუგლეთ და 42 ქვეყანაში დაახლოებით 3 000 საბაგირო მუშაობს“, - ამბობს ლევან დადვანი.

ხელისუფლებას სვანეთიდან რამდენიმე დღე მისცეს საკითხის გადასაწყვეტად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა თქმით, პროტესტი უფრო მასშტაბური გახდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში