საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაჟა-ფშაველა - ფშავლები | მკვდარზედ. საიქიოს წარმოდგენა. წაწლობა. ფიცი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:27 - 08 ნოემბერი 2017 hits 20063

(ფშავლები: მათი სხვა-და-ხვა ჩვეულება, ცრუ-მორწმუნეობა და ხატები)

II. მკვდარზედ

ფშაველი არის ნათესაობის მოყვარული, თავისიანს ჭირსა და ლხინში გვერდს უდგა და არა ჰშორდება. თუ მიცვალებულია სოფელში, თუნდ მისი ნათესავი არ იყოს დაიუქმებს. მანამ მიცვალებულს მიწას არ მიაბარებენ მთელი სოფელი უქმობს. მკვდრის პატრონი ყველას ებრალება და მისთვის ყველას გული შეჰსტკივა; ხალხი ეწევა რითაც ვის შეუძლიან. დედა-კაცები გროვ-გროვად მივლენ მკვდრის პატრონთან და მიიტანენ თითო ხმიადს და ჩარექით არაყს. ზოგს მიჰყავს საკლავი. ტირილი მიცვალებულზე ზარით იციან, მოზარენი უსასყიდლოდ ტირიან.

მკვდარს კუბოში ჩასვენებამდე, ასვენებენ ნაბადზე გარედ დერეფანში. კარებში გასდებენ უღელს, რადგანაც ის იმის მსახური იყო და ევედრებიან, - „ამ უღლის მადლო, შენ მიეცი საიქიოს მაგის სულს შეღავათი“-ო.

მიცვალებულის გარშემო შავად ჩაცმული დედა-კაცები სხედან და იღვრებიან ცრემლად. იქვე ჰსდგანან ფეხზე, ჯოხებზე დაბჯენილი კაცები და ქვითინებენ დედა-კაცებთან ერთად. თუ მიცვალებული მამა-კაცია გვერდზე დაუყენებენ მის ცხენს, ლაგამ-ადებულს და ხურჯინ-აკიდებულს, ცხენი სამგზავროდ არის მომზადებული. მიცვალებულს გულზე აწყვია ხმალი და ხანჯალი. როდესაც მოსთქვამს კაცი ან ქალი, ხმალს ან ხანჯალს ებჯინება ტარზე და თავის გადაწყვეტ-გადმოწყვეტებით ჰსტირის:

„ადე გეყოფა, ბიჭო, ძილი! ადე, სწორები მოგივიდნენ. ყურს აღარ გვიგდებს, გამწყრალია; ცოლი წაგივა მამისახლში, ობლები აგიტირდებიან, მამულები აგიყამირდება“.

მოზარე დაუტირებს აგრეთვე თავის მკვდრებს და მიცვალებულს აბარებს საიქიოს:

„თუ სადა ნახო (სახელი) უამბე ჩვენი გაჭირვება, შიმშილ-წყურვილი, ბეჩაობა და სხვ. და სხვ.“

მიცვალებულის დამარცხვის დღეს ხალხი ჰმარხულობს: ამ დღეს სჭამენ ცერცვის, ლობიოს, ან ოსპის საჭამანდს. მიცვალებული დიდ ხანს არ ავიწყდება მეპატრონეს. ერთის წლის განმავლობამდე ის მუდამ შაბათს ჰმართავს ტირილს: გამოიტანს სატირელს - სატირელს შეადგენს ტანისამოსი მიცვალებულისა და მისი იარაღი. მკვდრის ახლო ნათესავი დასდგამს „ღაბახს“ 1 მან. – 5 მანათამდე, ან ჭედილას. ვინც ღაბახს, ანუ ნიშანს მოარტყამს თოფს, ის იმას ჰრჩება. ღაბახისთვის თოფის სროლა მიცვალებულის სულისთვის სასარგებლოა. მუდამ-დღე დიასახლისი სადილობის დროს, მანამ საჭმელს დაარიგებს, „შადებს სახელს“ ანუ მოიგონებს მკვდარს. სახელის შადება აი რაში მდგომარეობს:

„ღმერთო დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა, ღმერთო შენის მიცემითა, ალალის მუშის მადლითა, იერუსალიმის ძალითა, მთავარ-ანგელოზის წინამძღვრობითა, ღმერთმა შაუნდნეს ჩვენთ მკვდართა ძველი და ახალთა. თქვენამც მოგივათ ჩვენო მკვდარნო დადგმული ტაბლა, ანთებული სანთელი; თქვენსამც სულს უნათობს, თქვენსამც სულს აიაღებს: თქვენს ხელსა და ნებასამც იქნება, როგორც ჩვენს ხელსა და ნებასა არი; იმასამც დაიწვევთ ვინც ჩვენს მოგონებას ელოდეს და ჩვენ ვერ მოვიგონებდეთ, ჩვენს სახლს ბარაქას აძლევდეს, მამგონე არა ჰყვანდეს. თქვენს უნებურადამც კი ნურავინ შეგეცილებათ, ნურც ვინ დაგაღონებსთ“.

როდესაც „სახელს სდებს“ დედა-კაცი, იმას უჭერია ხელში რკინის საფხეკელი, რომელზედაც ნაღვერდალი დევს, ამ საფხეკელას სუფრას თავზე ავლებს...

ტაბლის მიტანა მკვდრის საფლავზე უხვად იცის ფშაველმა. ეს ჩვეულება ყველა ხალხმა იცის თითქმის და ფშაველისთანა ხალხს უფრო მტკიცედ უჭირავს. სპენსერს მოჰყავს სხვა-და-სხვა მაგალითებს შორის, შემდეგი მაგალითი მანდანების ჩვეულებისა:

„ცოლმა მუდამ იცის თავის ქმრის, ან შვილის კენჩხო, ძვირად გაივლის დღე, რომ არ მივიდეს და არ მიუტანოს საუკეთესო საჭმელი. მოწმენდილს დღეში ყოველ საათს ამ კენჩხოების გვერდით სხედან, ან წვანან დედა-კაცები, ყველა მათგანი თავის შვილის, ან ქმრის კენჩხოსთან, ელაპარაკებიან მათ ტკბილის ხმით და ჰგონიათ კიდეც, რომ პასუხს აძლევენ მიცვალებულები“.

III. საიქიოს წარმოდგენა

ყოველ ხალხს, რომელსაც სულის მყოფობა სწამს, საიქიოც სჯერა. რადგან სხვა-და-სხვა ხალხი სდგანან სხვა-და-სხვა გონების სიმაღლეზე და აქვთ განსაკუთრებული ეროვნებური სურვილები, ამიტომ საიქიოს წარმოდგენაც ბევრად განირჩევა ერთმანეთისაგან. ველური ხალხი უფრო ხორციეულად წარმოიდგენს საიქიოს, ის განყენებით ვერა სჯის და თვით მისი ნატვრა სულისა ხორცეულად კმაყოფილების გარედ არ გადის.

ქრისტიანების წარმოდგენა საიქიოზე ყველა ხალხების წარმოდგენას ამ საგანზე აღემატება, ქრისტიანთა წარმოდგენა ყოველს ხორცეულს თვისებას აშორებს საიქიოს. ეს ადვილი წარმოსადგენია იმიტომ, რომ ქრისტიანებს თითქმის ყველგან უკეთესი ადგილები უჭირავთ და ამის გამო ხორციელი კმაყოფილება ისე არ ენატრებათ. ვნებიანი და სიცხისგან დამწვარი მაჰმადიანი მოელის საიქიოს ჩრდილოებში განცხრომას და ვნებათა კმაყოფილებას, სამოედს - ამ ყინულის შვილს არ შეუძლიან ერთი კვირა იცოცხლოს, თუ ქონი არა ჰსჭამა. ამიტომ საიქიოსაც ჰგონია, რომ ზღვის ძაღლის ქონი თავზე საყრელი ექნება. ფიჯიელს ჰგონია, ამბობს სპენსერი, რომ საიქიოს მოჰყავთ სხვა-და-სხვა მცენარეები, ოჯახები აქვთ, ომობენ, იბრძვიან, - ერთის სიტყვით საიქიოს იმასვე მოჰქმედობენ, რასაც სააქაოს. საჭმელი, რომელსაც იქ მოელის კაცი, გაირჩევა სააქაოს საჭმლიდამ მით, რომ ბლომად და უკეთესი იქნება.

ინუიტებს, განაგრძობს სოციოლოგი, ჰგონიათ, რომ უხვად ექნებათ ირმის ხორცი. პატაგონელებს ჰგონიათ, - იმოდენა საჭმელი ექნებათ, რომ ყოველ-დღე ილოთებენ საიქიოს.

ფშაველის წარმოდგენით საიქიო ქვეყნის შუა-გულში არის; საიქიოს ის ეძახის „შავეთს“.  შავეთში მართალნი არიან მკრთალს ნათელში, ეს ნათელი ისე აქვს წარმოდგენილი ფშაველს, როგორც ჩასულის მზის ახლად გამქრალი სხივები მთის წვერებზედ, ყველამ იცის, რომ მთის წვერები ცოდად-ღა არიან ამ დროს წითლები, ამას ფშაველი ეძახის „მკვდართა-მზეს“. შავეთს ჩამოუდის შუაზე დიდი ხევი, რომელზედაც მოდის კუპრის მდინარე ცეცხლ-მოკიდებული; მაზედ არის გადებული ბეწვის ხიდი, მართალი გაივლის იმ ხიდზე, ცოდვილი კი ჩავარდება და იწვის კუპრში.

საიქიოს მკვდრები ლაპარაკობენ მისუსტებულის ხმით. აი ლექსი საიქიოზე, რომელიც გვაჩვენებს ძველის-ძველს შეხედულებას ხალხისას და, ამასთან, ფშავლის წინ წაწევას საიქიოს წარმოდგენაში:

„ნეტარ რად უნდა კარგს ყმასა,
სამკლავე, საფუხარია?
მეც მიმყვა სამარის კარსა, -
ერთიც ვერ მოვიხმარია.

შავეთის მებატონესა სამჯერ დავუკარ თავია
უკლუებ გამაარჩია შიგ ნარჩევები ყმანია;
ვერ დავხვდი ჩემებურადა, მტკივა მარჯვენა მხარია,
ხელი გამკიდეს ხელზედა, ჩამამავლიეს ჯარია.

რა საკვირველნი ყოფილან: ერთსაც არ ესხდენ თვალნია,
ჩამოჰქცევიყო სახლ-კარი, ზედ დასდიოდა წყალია.
სხვას ყველას გაეძლებოდა, სურიელს ქნა ძალია:
ვაჟსა წასძოვა ულვაში, ქალსა გიშრისა თმანია.“

IV. წაწლობა

დედა-კაცს აქვს მიცემული ფშავლისგან სრული ნება ყველასთან ლაპარაკისა, მარტოდ წასვლა-მოსვლისა, მხოლოდ იმას უნდა ახსოვდეს თავისი ნამუსი.

სასიამოვნოა ფშავლის ქალის ლაპარაკის ყურება. ის არის გამბედავი და თამამი, როგორც ნაცნობთან და ნათესავთან, ისე უცხოსთან; ის ყოველ სიტყვის თავზე „ჩემს ძმას“-ს ატანს: „ვაჰმე, ჩემო ძმაო, რა სუ გარმიანელსა ჰგევიხარ, გარმიანელსავით წლიკვან (კანჭები) დაგქონ.“

რაკი ასაკში მოვა ფშაველი ქალი, ის მაშინვე წაწალს გაიჩენს, მშობლების წინაშე დაუმალავად, აშკარად, წაწალთან წოლასაც არ მოერიდება. ქალი ეძახის ვაჟს წაწალს და ნაძმობს, ვაჟიც ქალს - წაწალს და ნადობს. რომ ჰკითხოთ ქალს: რად სწვები ამა-და-ამ ბიჭთანო, ის გიპასუხებთ: „მიყვარს და იმითა ვწვები, ავი კი მაშოროს ღმერთმაო“.

მაგრამ ეს დასაჯარებელი არ არის: ახალის ცხოვრების სიომ წაწლობაც გაჰრყვნა. დღეს ამ თვალთ-მაქცურ და-ძმობას ბევრი ცუდი ემჩნევა. ძველს დროში, როგორც მოხუცებულები ამბობენ, რუსთაველური მიჯნურობა ყოფილა, დღეს კი საყვარლობად გადიქცა. რომელმა ქართველმა არ იცის ჩვენის პოეზიის და ეროვნების დედაბოძის, შოთა რუსთაველის სიტყვები:

„მიჯნურობა არის ტურფა
საცოდნელად ძნელი გვარი,
მიჯნურობა სხვა რამეა
არ სიძვისა დასადარი.
სიძვა სხვაა, იგი სხვაა,
შუა უძევს დიდი მზღვარი“.

ძველს დროში თუ ნაბუშარს გააჩენდნენ, ორივეს - ქალსა და კაცს სახალხო ხიდის-ყურზე ჩაქოლავდნენ, რომ გამვლელ-გამომვლელს ყველას ენახა; წინედ ქალს „მოწაწლეობა“ ანუ წაწლის ყოლა გათხოვებას არ უშლიდა, დღეს კი უშლის, რადგან თვითონ ხალხიც გაეჭვიანდა.

ძველის დროის ფშაველს უყვარდა ქალი, როგორც მშვენიერების, სიმშვიდის და სიწმინდის წარმომადგენელი, ქალს უყვარდა ვაჟი გულადობისთვის, ვაჟკაცობისთვის და დიდი ზედ-მოქმედებაც ჰქონდაო ქალებს კაცებზე.

წაწლობა წმინდა მოვალეობად მიაჩნია ფშაველს, ის ამბობს: „წაწლობა ლაშარის ჯვრის ყმას მოუდისო“.

ფშავლებში არსებობს ზეპირ გადმოცემა, რომ, ვითომც, ეს ჩვეულება ლაშა გიორგის შემოეღოს; მაინც ხომ ვიცით, რომ ის თვითონ მექალთანე ბრძანდებოდა და თუ, იმან არ შემოიღო წაწლობა, უეჭველია, გაუმაგრებდა მაინც ფესვებს ამ ჩვეულებას მრავალის მაგალითებით. ამიტომ ლაშარის ჯვრის დღეობაში, რომ გარყვნილობა ჩაიდინოს ფშაველმა, ცოდვად არ მიაჩნია, „თვითონ ლაშარის ჯვარს ქალები ჰყვარებიაო“.

წაწლების მოვალეობა ერთის მეორისადმი არის შემდეგი: ვაჟი უკეთებს წაწალს იმ იარაღს, რაც მის ხელობისთვის არის საჭირო: ტარებს, ყდებს (რაზედაც ქსოვენ შალებს, ფარდაკებს და სხვ.), ცხემლას, კალათას, საგრეხელს და სხვ. ქალი უქსოვს ვაჟს წინდებს, ჩოხას, რაც მისთვის საჭიროა ტანზე ჩასაცმელად, ან ცხენის მოსართველად.

 V. ფიცი

ფშავლები არიან თორმეტი თემი, რომლის სხელებს ქვეით ჩამოვთვლი, როდესაც ხატობებს ავსწერ. თვითვეულს თემს ჰყავს საკუთარი ხატი, გარდა საზოგადო ხატისა. ფშაველი თავის თემის ხატისას დაიფიცავს და ეს თითქმის ყველა ფიცზე უფრო ძლიერად მიაჩნია. საგანი მათის საფიცარისა ქრისტიანულია და ბევრიც წარმართობის დროინდელი არის დარჩომილი. ფშაველი ფიცულობს:

„ემ ცეცხლის სინათლის მადმა“; „ე დედა-მიწის მადმა“; „მოღალულის მზის მადმა“; ჰფიცავს აგრედვე: „ხარის ქედ“-ს, „პურის ნაწილს“-ს, შესანიშნავის მეფეების სახელს, უფრო „თამარ მეფეს“, „ლაშარის ჯვარ“-ს. მწყემსი-მეცხვარე ჰფიცავს: „სავსე (ცხვრით) მინდორ“-ს; „ცხვრის სამღთო“-ს.

ქალი (გასათხოვარი) ჰფიცულობს: თუ ძმები ჰყავს, უფროსს ძმასა და თუ უძმოა, იტყვის: „აგრემც მიშველის ღმერთი“, „აგრემც მიშველის კვირა მადლიანი“. დედა-კაცი (ქმრიანი) ჰფიცულობს შვილებს, თუ უშვილოა, - ძმებს. ქმარს არ დაიფიცავს, რადგან სირცხვილია და გამოიწვევს დაცინვას ხალხის მხრით.

 

ამავე თემაზე: ვაჟა-ფშაველა - ფშავლები | I. საზოგადო შენიშვნები

(შემდეგი იქნება)
(გაზეთი „ივერია“, #35, 1886 წელი)

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში