საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვაჟა-ფშაველა - ფშავლები | პოეზია. საჭმელ-სასმელი. სახელები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:51 - 14 ნოემბერი 2017 hits 28982

პოეზია - ფშავლები პოეტიკური ხალხია და მათი პოეზია წარმოადგენს უძირო ზღვას. რასაც ფშავლის თვალი და გონება მისწდომია, იმას ყველაფერზედ უთქვამს ლექსი, - მოყოლებული სიცოცხლიდამ სიკვდილამდე და საიქიომდე.

ფშავლების პოეზია გაიყოფა ორ ნაწილად - ძველსა და ახალის დროისა. ძველს ლექსებში არის გამოხატული ვაჟ-კაცობა, გმირობა და ზნეობრივი სიმაღლე. ძველს ლექსებში უფრო იდეალურობა გამოსჭვირს. ახალი ლექსები რეალურ გზას ადგანან და მათში ჰკვნესის სატირული ნაღველი; რეალური მიმართულება ახალის დროის ლექსებისა უწმაწურობამდე, ცინიკობამდე გადის.

მაინც ხალხში სატირა იბადება, როდესაც ხალხის ცხოვრება იცვლება და ერთის წყობიდამ მეორეში გადადის.

მოხუცებულები ემდურებიან ლექსების შინაარსის გამოცვლას, ჩვენს დროსო, ამბობენ ისინი, წაწლობისას და უწმაწურობისას არ იმღერდნენო. ეს მართალია, მაგრამ რა ქნას ახალი დროის ფშაველმა, საგმირო საქმე აღარა აქვს და გულს იფხანს სხვა-და-სხვა საგნებზე შაირობით.

ფშაურ ლექსებს აქვს მშვენიერი და მაღალი კილო, აქ ნიმუშად მოვიყვან რამდენსამე ლექსს.

ძველი ლექსები:

ვაი ჩემს ამ დროთ მოყრასა,
ჩემს ამის მოხილებასა,
ენას ჩამედვა ბორკილი,
თვალთ მიშლის ახილებასა,
ვეღარც ვის სიტყვას შაუქცევ,
ვეღარც ვის შაგინებასა. 

სიკვდილის სიმღერა

სიკვდილმ სთქვა: ზღვიდამ წამოველ,
ზღვა ჩქეფით შემოვიარე,
შევკმაზე თავის ლურჯაი
ხმელეთ სუ შამოვიარე;
გადმაუხედენ ფშაველთა,
ყოოდნენ, როგორც იანი,
ჩავეღირე და ვერ ჩაველ,
ხატი ჰყოლიყო ძრიალი:
შორს გზაზე ამომეგება
შავარდენ იყო მხრიანი.
გადმაუხედენ ხევსურთა,
შავნ იყვნენ, როგორც ჭიანი,
ჩაველ და ისე ჩავთიბე,
როგორც ნალევმა თივანი.
ბევრისა კარი დავსჯარე,
ბევრისაც ისევ მღე არი,
ბევრისა დედა ვატირე,
ბევრისა ცოლი თმიანი;
ბევრისა თოფი შავკიდე, -
სიათა, პირ-კომლიანი,
ბევრისა ხმალი დავაგდე,
ფრანგული ფხა-სისხლიანი,
ბევრის ქალისა გავწირე
კალათა ჩხირ-წინდიანი.

 

ხმალზე

ხმალს ნუ ჩახედავ, მოყმეო,
ხმალი მშიერა მგელია,
გაგიჭრის, გაგიხალიზებს,
ბოლოს საფლავის მთხრელია!

***

როსტომ სთქვა: ერთი არა სჯობს
ამ ჩემსა მოგონებასა:
ერთხელ სჯობია სიკვდილი
სუ მუდამ დაღონებასა.

***

როსტომ სთქვა: ჭკვა დიაცისა
არც მომწონ, არც მეკეთება,
ვაჟ-კაცს დიაცის მიმყოლსა
სამარემც დაეკვეთება,
სადაც კარგია კაი ყმა,
რაის კარგისა მქნელია,
წავალის მოჰკლავს ნადირსა,
ჭალაში მწვადის მწველია;
დააძღებს ამხანაგებსა, თავად მშიერა მგელია.

 

ქალის დალოცვა

დამასტესა ვმკი ყანასა
ძნა მოდის ჯარი-ჯარასა,
წყალს არვინ გამომახდინა,
ცრემლი ჩამომდის ღვარასა.

გიორგი ბახტარის-შვილო,
შენამც შარჩები დედასა,
წყალსაც შენ გამამახდინე
შამისვი ცხენის გავასა.

აიქამც გაგემარჯვება,
სადაც ხმალ იქმენ ელვასა,
მოციქულობდნენ ისარნი,
შუბნი იქნევდნენ ენასა.

***

მე სოფლის თავსა ვესახლე
და არ სოფელი ჩემს თავსა,
სოფელი კარგა მთავსობდა,
თუ მე სოფელი მეთავსა.
რაც მე სოფლისად მინდოდა
წინ-წინ მოვიდა ჩემს თავსა.

***

თუ მკითხავ, კიდეც გიამბობ
ჩემსა და ლომისისასა:
აიქ სამ შავიყარენით
საბრუნსა, სამუხისასა,
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თათუხისასა;
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა;
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი კახეთისასა;
ცოლი მთხოვა და ვერ მივე,
მიმყვანდა სიდედრისასა.
ადგა და ხელი გააბა
ნაჭაპნსა გიშრის თმისასა,
ამოტირდა და ამოთქვა:
„ვაი ცოლს ცუდის ყმისასა!“
შამრცხვა და ხელი გავიკარ
ნაჩუქარს ცოლის ძმისასა,
უწინ იმანავ დამასწვრა,
ელვასა ჰგვანდა ცისასა.
ახლა მე გადავუქნიე,
რისხვასა გვანდა ღვთისასა.
სუკსა ვეც, გულსა ეწია,
წვერი უწვდინა ქვიშასა.

***

ცოლსა ნუ ხელავ, ვაჟაო,
თავს უკეთესის ყმისასა,
გაიგებს, გაგიჯავრდება,
ვადას მაჰზიდნებს ხმლისასა.

***

ეღუმ, შე თუღუმიშვილო,
ვეფხვი ხარ, ველის არგანი;
შენ მაჰკალ ერისთვი-შვილი,
გულზედ შენ დაეც ხანჯარი.

***

დამასტეს ხენი აყოვდეს,
განძირად ერთის ხისანი,
კინაღ არ გამირისხდესა
თვალნი ზეითის ღვთისანი.
შესახვევნელად მამინდეს,
მკლავნი თუ იყვნენ დისანი.
არ დამფარვიდენ მიწანი
ბარისანი და მთისანი,
ცრემლნი არ მეღირსებოდეს
ქალისანი და რძლისანი.

***

ქალს ნუ ჰკვლევ ჯვარობაშია,
ტანზედ ნათხოვი აცვია,
ქალი თუ გინდა ლამაზი,
დაჰკვლიე ქერის მკაშია.

***

ჩამორბის კოკლაის გორსა,
თვალ-შურთხო, შენი ქმარიო,
მისცენით ბეჭ-სახეხავნი,
გააწკრიალოს ტარიო,
საბურეს ჩარდახ აუგეთ,
გააზდეინეთ ქალიო.

 

ხოხობზედ

შატილს მოიდა ხოხობი,
გულ-დიდად დაჯდა ჯარზედა,
შვიდნი მოზარდნა წიწილნი
არწივის ნაბუდარზედა;

შვით-თავ ფრანგულებ უყიდა,
შვიდ-თავ შააბა ტანზედა,
შვიდ-თავ ხირიმებ უყიდა,
დაჰკიდა შვიდსავ მხარზედა,

საფშაოდ გამაისტუმრა, -
შვილნი, მშვიდობით გზაზედა.
ახადს, გოდერძის ციხეი,
მოგიხდენ თენებაზედა,
ცოტა ხან როგორ არ გასძელ,
ქვამც ნუ გდებია ქვაზედა;
იქით ქალ გამაიყვანეს,
მაჰყავთ, მოსტირის გზაზედა.

შამახვდა თხის ტყავიანი
ამბავი ჰკითხა ჭკვაზედა:
„ - ე ქალ საითღა მოგყავისთ,
ცრემლ რო ჩამოსდის თვალზედა.“

„ - ე ქალ ახადით მოგვყავის,
შატილს ჩამოვსვამთ ჯარზედა;
მაგის საქმარეც აქა გვყავ,
გაზდილი ალვის ტანზედა“.

„ - ვაჰმე, რა ონა გიქნავისთ
ლაშარის ჯვარის ყმაზედა!
თუ თქვენ ეგ წაგაყვანინოთ
წვერიმც ნუ მსხია ყვაზედა,
შინამც თუ მივალ ცოცხალი,
სწორნიმც ნუ დამსმენ ჯარზედა.“

შვიდ ქისტმა, ერთმა ფშაველმა
გაიკრეს ხელი ხმალზედა.
შამეეტია ფშაველი
შვით-თავ თავ მასჭრა წამზედა,
შვიდსავ მარჯვენა ააჭრა
ერთის ამლათის ხანზედა,
შვიდსავ იარაღ აჰყარა
სუ ქალს აასხა ტანზედა:

ქალი შინ გამააბრუნა,
მამას მიჰგვარა კარზედა,
წაიღე მარჯვენეები
ციხეს მიაკარ თავზედა;
ჩემს ნაქნარს სახელს ნუ იტყვი
ვიქნოდეთ და-ძმობაზედა,
შინამდე გამოგყვებოდი,
მოსისხლენი მყვან გზაზედა.

შვილნი შინ ვერარ მოგივლენ,
დარჩნენ მათურის მთაზედა,
დახოცნა თადიასურმა
ერთის ამლათის ხანზედა,

ლუდი ადუღე, ხოხობო,
შვილთ რიგი უყავ თავზედა,
ბოროტის გამწარებულმა
გული დასცოდი ქვაზედა.

 

ახალი ლექსები.

ფშავში მოლექსეები ბევრნი არიან, მაგრამ მათში პირველი ადგილი უჭირავს მერცხალას და ჯაბანს. მერცხალას სახელად გამიხარდი ჰქვიან, მაგრამ ამ სახელს არა სჯერდება და მერცხალას ეძახის თავის-თავს, - ეს იმის პსევდონიმი გახლავსთ. აი რას იმღერის მერცხალა თავის-თავზე:

„მკითხავებს დაუბარებავ:
„ციება გიდგა ტანშია!“
ვაჰმე, თუ დაწვეს მერცხალი, -
კაცი ცხელ თიბა-მკაშია,
იმდენი მყავის დუშმანი,
რო თმა არ მიდგა თავშია;
ნეტავი საით შამყარა,
ერთ უკვდავება მასმია,
გამთეთრებიყო თმა-წვერი
ამ წუთის ქვეყანაშია“.

მამასახლისზე:

ელიზბარ შამამეყარა -
მამასახლისი დიდ-კაცი,
დედ-მამა შემამაგინა,
სანამ ამბავსა ვკითხავდი;
ჩამასცვივნიყო კბილები,
ცისაკ წასვლიყო ნიკაპი. 

ისევ მამასახლისზე:

მოხველ - ა მამასახლისო,
კი მამერგოა ბეგარა?
თუ ჩემ დარბევა გინდოდა,
გზირ მაინც წამოგეყვანა.

ნეტა ვინ მომცა პრიჩკაი
შენთვი ცეცხლ შამამეყარა,
შენთვი დამეწვა წვერ-პირი
ჯავრი მით ამომეყარა.

ძნელი ხარ, სიღარიბეო,
გამაბეჩავე, ტიალო?
მეორ, მესამე წელ მიდის,
ერთ ახალოხნი მცვიანო,
შიგ მამიკრუხდა ტილები,
წიწილეებსა ზრდიანო,
გამოვლენ სასეიროდა,
ადიან-ჩამოდიანო.

საჭმელ-სასმელი.

ფშაველს უყვარს კარგი სმა-ჭამა. საუკეთესო მისი საჭმელი არის ხინკალი. კვირაში ერთხელ მაინცა სჭამს ერბოიანს საჭმელს. ხოჭო-ერბოს, ხავიწას და ხორცის ქადას. ერბოს ქადას საფლავზედ მისატანად გამოაცხობს დედა-კაცი.

შემოდგომაზედ ფშაველი, თუ მეტი-მეტად ღატაკი არ არის, ჰშოულობს ხორცს ძროხისას, ან ცხვრისას და ინახავს საზამთროდ ქილაში ან ტაგანში; ხორცი მჟავდება, მაგრამ ამით ფშაველი არ იწუნებს. ფშაველი ათასში ერთის გარდა, ერიდება ღორის ხორცს; - „ხატი არ მიხდენსო“.

სამარხო საჭმელს შეადგენს ნივრის ან ნიგვზის ხინკალი, ანტრია (გათხელებული ცომი წყალში მოხარშული), ღოლო, შვინდის და ცერცვის საჭამადი, კომბოსტოს წნილი.

ამ ბოლო დროს ხშირად დაუწყეს თესა კომბოსტოს და კარტოფილს. სამუდამო სასმელი ფშავლისა არის არაყი, სახაჭო-ლუდი, სარიგო და საქორწილო - კახური ღვინო. 

კაცის სახელები:

მაჩურა, ბუთხია, ხუჩია, ხუტია, დათვია, ნადირა, მირზა; - კარახელი, კურდღელა, პაპუა, მოკლია, ბუთლია, წიწილა, გოგოთური, ბაია, შალვა, უგონური, ჯავთარი, ნინია, ივანე, ვასილი, გიორგი, ყვირილა, ბარდანა, თეფშა, ბოიგარი, ხეხერა, გიგილა, ყაყიჩი, გოდერძი, იანვარა და სხვ.

ქალის სახელები:

ქალთამზე, მზექალა, მზევინარი, თეთრუა, ჯავარა, თამარი, დედუნა, მეწყინა, ჩიტო, თინათინი, დარეჯანი, გულქანი, ქალიკმა, ლელა, მელანია, ანუკა, ფარანგოზი, ბატარქალი, ქალთათავი, თიკანი, სალია და სხვ.

სოფლების სახელი:

ჩარგალი, ბოწახი, კაწალხევი, შუაფხო, გუდარახი, მაღარო, გომეწარი, თვალივი, მუქუ, ხომი, კუჭეჭა და სხვ.

იარაღის სახელები:

თოფი: ხირიმი (საუკეთესო თოფი), შაშხანა, სიათა, ქოფაჩი, ერეჯიბი, ბაზალა, ხარა, ფრანგული, ჩარმა, მაჟარი, ხარა ხირიმი, ხოროსნის სიათა, აჭარა და სხვ. ფშაველი ძველ თოფს აღარაფერს ყურს-უგდებს, იმაში უფრო გავრცელებულია ახალის აგებულობის თოფები - ბერდანგები და პიბოდები (აინლები).

ხმალი: ფრანგული, გორდა, აჭარა, ხარის ფერცხალი და სხვ.

(შემდეგი იქნება)
(გაზეთი „ივერია“, #36, 1886 წელი)

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში