საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაჟა-ფშაველა - ფშავლები | ხატები. ფშავლის ხევისბრის დიდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:15 - 20 ნოემბერი 2017 hits 24051

ხატები

ფშავლები, როგორც ნამდვილნი ქართველნი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელნი არიან, ხოლო ფშავლების მართლ-მადიდებლობა არ წარმოადგენს გაწმენდილს, შემუშავებულს რჯულს; იგი შემდგარია სხვა-და-სხვა წარმართულის და ქრისტიანულის წეს-რწმუნებისაგან, და ზოგიერთში ებრაულს რჯულს მოგვაგონებს. ეს შერევნა სხვა-და-სხვა რჯულისა ერთმანეთში ადვილად წარმოსადგენია, რადგან ხალხი, როდესაც ახალს რჯულს ეკიდება, ისე მალე ვერ ანებებს თავს ძველ რჯულსა.

მართლ-მადიდებლური მოძღვრებაც არ არის აქ განვითარებული, იმიტომ, რომ ქრისტიანობის მქადაგებლების, მღვდლების ხსენება მალე გამქრალა აქ. ამის მიზეზად ჩაითვლება ათას ნაირი ლეწა-მტვრევა, რომელმაც საქართველოს თავზე გადაიარა. ხალხს მხოლოდ ყური მოუკრავს ქრისტიანობისთვის; რაკი შეჰმოლევიან და არ შეჰრჩენიან მღვდლები, რომლებიც ხშირ-ხშირად მოაგონებდნენ ხალხს ქრისტეს მოძღვრებას, ხალხს ისევე ძველი რჯული აგონდებოდა.

ფშავში რომ ქრისტიანობა უვრცელებიათ, ამის დამტკიცება ადვილია: სადაც გინდათ მთაზე, უღრანს, გაუვალს ტყეში შეხვდებით ნასაყდრებს.

ფშავში არსებობს ლეგენდა, რომელიც აღნიშნავს კერპობის, წარმართობის ბრძოლას ქრისტიანობასთან. ძველს დროში, ამბობს ლეგენდა, ფშავის ხევი სჭერია დევებს; იმათ ხალხი „უხელთავ“ (უგიჟებია). დევები ამოუწყვეტია გმირს კოპალას. კოპალის სადგომს ხალხი დღესაც უჩვენებს ერთს ნასაყდრალს, რომელიც არის ტყიან გორაზე არაგვის ნაპირად; მის ძირში გდია უცნაური, ოთხ-კუთხიანი ქვა, რომელსაც გვერდზებზე ჩაღრმავებულები ეტყობა, წყლის მოქმედების გამო. ეს ქვა ყოფილა ვითომც, სკამი კოპალასი. ის დევს მოუტაცნია საბლით, შეუკრავს და საბლის მჭიდროდ ჩასაბმელად, მიუჭირებია მუხლები, რომლის გამოც ქვა გვერდებზე ჩაღრმავებულა. ნადირობიდამ დაბრუნებულს კოპალას შეუტყვია ქვის დაკარგვა, გამოსდგომია მტერს უკან, ოცი ვერსის სიშორიდამ უსროლია დევისთვის ისარი და დაუგდევინებია ნაპარავი. ამ ქვას ხალხი დღესაც თაყვანს სცემს და ეძახის „კოპალის ქვას“. ძველად, მაინც ქვის ტრაპეზები ყოფილა ხმარებაში.

შენობა, სადაც ხატი ჰყავს დასახული ფშაველს, არაფერში არა ჰგავს საყდარს. შენობა ხატისა არის ყორით აგებული რიყის ქვისაგან და ზედაც სიპი ქვა ჰხურავს. შიგ არის მხოლოდ ერთი სახე იმ ხატისა, რომელსაც ხალხი ჰლოცულობს... შენობები ხატისა არის შემდეგი: დარბაზი, სალუდე და სასანთლეები. დარბაზი გარს შემორტყმულია დაბალის გალავნით, რომელზედაც კაცი ადვილად გადააბიჯებს; დარბაზზედ აწყვია ირმის რქები, მონადირეებისგან შეწირული. დარბაზი წარმოადგენს იერუსალიმის წმიდა-წმიდათას, სადაც თავი-ხევისბერი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედის, როგორც მღვდელთ-მთავარი წმიდა-წმიდათაში. გალავნის გარედ, კარგა მოშორებით, არის აშენებული „სალუდე“ ანუ „საჯარე“, სადაც ჰკიდია უზარ-მაზარი ლუდის სადუღი ქვაბი; იქვე არის ჩამწკრივებული კოდები ლუდის ჩასაფუებლად. დარბაზის და სალუდის არე-მარე დაჩრდილულია იფნის ხეებით. ხატის სიმარტოვე და უხელოვნეობა მოსწონს ფშაველს.

ხატობის დროს არც წირვის მოსმენა უნდება, არც პირჯვრის წერა და მუხლის-ყრა. ფშაველი მხოლოდ წინაპირველად რომ მოვა, მაშინ მოიყრის მუხლს პირ-დარბაზისკენ; შემდეგ მიდის სალუდის კარზე და უცდის, რომ მალე დაჯარდეს ხალხი (დასხდნენ მწკრივად). თუ საკლავი ან ქადა-პური აქვს, ხევის ბერს დაადიდებინებს; მერე თავისუფლად მიდგებ-მოდგება „ხატის კარზე“.

ხატს ფშაველი ეძახის ბატონს, ანუ „ღთიშვილს“ და თავის-თავს ყმას. იგი ამის მეტს ბატონს იმ ჟამით ამ ჟამამდე მაინც არ იცნობს.

ჩვენის ბატონის კარზედა
ხე ალვად ამოსულაო,
წვერში დაუსხამ ყურძენი,
საჭმელად შამოსულაო.

დედა-კაცს არ შეუძლიან ხატის კარზე მისვლა, იქ სადაც კაცი მიდის, რადგან ის შელახავს, ანუ გააუწმინდურებს ხატსა.

ფშავლები შეადგენენ თორმეტს თემს: გოგოჭური, გაბიდოური, უძილაური, გოგოლაურე, ჭიჩუელი, ახადელი, უკვენაფშაველი, წითელაური, ქისტაური, წოწკურაული, ტურანი და მისრიანი.

თვითვეულს თემს ჰყავს საკუთარი ხატი გარდა საზოგადო ხატისა. საზოგადო ხატი, რომლის სამსახურიც ყველა ფშაველს ადევს კისრად, არის თამარ-დედოფალი და ლაშარის ჯვარი. ეს ჯვარი არის შეწირული ლაშა გიორგისაგან ალბათ ეკლესიისთვის, როგორც ნიშანი ერთმანეთის ერთგულობისა: მეფისა ფშაველის მიმართ და ფშავლებისა მეფის მიმართ. ესე მოგვითხრობს ზეპირ-გადმოცემა. თამარ დედოფლის ხატი და ლაშარის ჯვარი ერთმანეთს უპირ-დაპირებენ, ერთი ერთს მთაზე არის აშენებული, მეორე - მეორეზე. ამ ორს ხატს ფშავლები ეძახიან „მოდე-მოძმეთ“ (და-ძმანი).

ფშაველს სწამს ქრისტიანული წმინდანებიც: მთავარ-ანგელოზი, ღვთიშობელი, წმიდა გიორგი და სხვ. გარდა ამისა ხატებად ჰყავს გამხდარი ზოგ-ზოგი გმირებიც, მაგალითებრ: სულა-კურდღელა, პირ-ცეცხლი, პირ-ქუში.

ფშაველს გარდა თავის თემის ხატში სიარულისა, უნდება სიარული ცოლეურების და დედეულების ხატშიაც. სხვა ხატების ვალი იმას არ აწევს ვალად, თუ მკითხავმა არ გახადა მოვალედ. ფშაველი მოვალეა გამოისყიდოს შვილები თამარ დედოფლის ხატისაგან, ანუ როგორც თვითონ იტყვიან „გაიყვანოს“. ვაჟი გამოისყიდება კურატით, ქალი - ცხვრით, საკლავით. ეს ჩვეულებაც ებრაულია: ყველამ იცის, რომ თვითონ იესო ქრისტეს გამოსასყიდლად მიიყვანა ღვთის-მშობელმა მარიამმა ორი გვრიტი. ხევის ბერი გამოსთხოვს მოწყალებას ხატს ბავშვისთვის, დალოცავს და დაჰკლავს საკლავს.

ხევის ბერი არის ერთსა და იმავე დროს მემკვიდრე მოგვისა და მღვდლისა. ხევის ბერი წინანდელს დროში არა ყოფილა მარტო სამღთო წესების ამასრულებელი, არამედ სჭერია ხელში პოლიტიკური და იურიდიული უფლებაცა. იგი ყოფილა მშვიდობიანობის დროს მსაჯული და ომიანობაში - ჯარის წინამძღვარი ხელში დროშით.

ფშავლის  ხევის-ბერად მოწოდება მოხდება სხვა-და-სხვა მიზეზისა გამო: ჯერ ერთი ქადაგისაგან და მეორე მკითხავისაგან. მაგრამ მკითხავიც ყველას წარამარად არ ირჩევს, იმასაც აქვს, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, საკუთარი მეთოდი ხევის ბერის ამორჩევისათვის... თუ რომელმამე ფშაველმა დაიწყო ავადობა დიდხანს და ვერა რჩება, მკითხავი ურჩევს, რომ წმინდობა დაიწყოს, გახდეს ხევის-ბერად, ხატის მსახურად. ხევის-ბერად კურთხევისთვის, ანუ ხელ-მხარის სანათლავად უნდება ახლად მოწოდებულს რვა საკლავი და ერთი კურატი, ამათის სისხლით განათლავენ თავის მოძმეს ხევის ბერები: სისხლს წაუსმენ შუბლსა, მკლავსა და გულზედ.

ხევის ბერის თანაშემწე არის დასტური, რომელიც მოვალეა სასმელ-საჭმელი დაურიგოს ხალხსა. დასტურების რიცხვი თითო ხატში სამიდამ ექვსამდე ადის. ხევის ბერები და დასტურები წმინდობენ. წმინდობა მდგომარეობს იმაში, რომ ღორის და ქათმის ხორცს არა სჭამენ, ნალახს ძლიერ ერიდებიან, ერთი თვის წინედ ხატობამდისინ მეუღლეებთან არ დაწვებიან. ლუდის დუღება რიგ-რიგით მოსდევს.

ადგილობრივი მღვდლები და ხევის ბერები მტრობენ ერთმანეთს, ერთი მეორის დამცირებას ცდილობს ხალხის თვალში. ხევის ბერს უფრო ღრმად აქვს გადგმული ფესვები ხალხის გულში...

იმის დიდება ანუ დალოცვა, კურთხევა არის მდაბიო და გასაგონარი, ვიდრე მღვდლისა, ასაღებსაც ბევრით ნაკლებს იღებს მღვდელზედ. ძველად ხევის ბერები კიდეც აზიარებდნენ და დამარხავდნენ ხოლმე მკვდრებს. დღეს ეს უფლება ჩამორთმეული აქვთ.

ახალ-წელწიადს დღეს ყველა ოჯახიდამ მოვიდოდა თითო კაცი სალუდეში. ხევის ბერები ჩაჰყრიდნენ გაფუებულს პურს ლუდში, ჩაუსხამდენ ზოგს ჯამში, ზოგს მათარაში, ისენი დაბრუნდებოდნენ სახლში და იქ მყოფებს უნაწილებენ, აზიარებენ.

 

ფშავლის ხევისბრის დიდება

ღმერთო! დიდების მეტი და მადლობის მეტი შენ არა მოგეხსენების. ღმერთო! შენია გაჩენილი ხვნა, ხვეწნა და ღაღადება, თორემ ხმელზეით ხორციელნი ხმას ვერ შემოგდებდნენ.

დედება შენთვის, ღმერთო, დიდება შენთვის, კვირას კარავიანს, დიდება შენთვის, გიორგი მუხის ანგელოზს (ლაშარის ჯვარი), დიდება შენთვის, თამარს დედოფალს, ხმელეთის დამრიგებელს! თქვენ გადიდოსთ ღმერთმა, გაგიმარჯოსთ, თქვენი ხმალი, თქვენი სამართალი, თქვენ თქვენი გამჩენი. ღმერთი არ მოგიწყენსთ, არ მოგიძულებსთ; თქვენ თქვენს საყმოს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ. საყმოშიით ვინმე გეხვეწებოდესთ (სახელი სამსახურის პატრონისა). რასაც გულზე და მხარზე გადიდებენ, გეხვეწებოდენთ, იმ გულზედ, იმ მხარზედ, შეიხვეწეთ, შეინახეთ; რასაც წყალობას გეთხოვებოდნენ, ის წყალობა ღმერთსაც გამოუთხოვეთ, კვირასაც და თვითონაც თქვენი წყალობა უყავით.

პირველად წულს მოუმატეთ ამ სახლშია, ღონე ქონესა, კაცსა კაცრიელობისა მტრის ხელი ახადეთ, სიკვდილის ხმა მოაშორეთ, დაცევ-დაფარეთ ლაღის მტრისგან, მწარე სიკვდილისაგან. ნურას მიჰკერძებთ ღვთისგან გამოშვებულსა სევდა-სნეულობასა. სადაც თქვენი უღურო დაიძახონ, თქვენი მოწაღმართე ანგელოზი მოახმარეთ, თქვენი კაბის კალთა დააფარეთ; მოლაშქრეს გაუმარჯვეთ, ამათ სახშით გასულს მონადირეს ხელი მაუმართეთ, მგზავრი მშვიდობით მაჰგვარეთ.

წული ვინმე გთხოვოსთ, წული ღმერთსაც გამოუთხოვეთ, კვირასაცა და თითონაც თქვენი წყალობა უყავით; გასაზდო ვინმე შამოგახეწოსთ, გაუზარდეთ, უქენით ეტლიან-დავლათიანი; სნეული ვინმე შემოგახვეწოსთ, სნეულს ულხინეთ, მაურჩინეთ. ზამთარი მშვიდობისა გადააყრეინეთ და ზაფხულიც ღალიან-ბარაქიანი ჩამაუყენეთ.

ღმერთო, თქვენს ბატონობას გაუმარჯვებს; თუ მე რასმე მოხსენებას ვაკლებდე, თქვენ თქვენს წყალობას ნუ დააკლებთ, თქვენის გამჩენის ჰღთისასა. ღირსად აიტანეთ, ბატონო ბედნიერო, ღირსეულად ხსნილად, კურთხეულადა დაკლული ზვარაკი, დადგმული ტაბლა, დაწვრეთილი სეფე, დასხმული ბარძიმი, მეშველი, მწყალობელიც იქნებით მხოიშნებელი.

დიდება თქვენს ძალასა, თქვენს სამართალსა, თქვენის გამჩენის სამართალსა, თქვენის გამჩენის ღვთისაგან. (ღმერთმა გაუმარჯოს დასძახებს ხალხი) ხევის ბერი მობრუნდება ხალხისკენ და იტყვის:

მოგეცესთ წყალობა რაც ადიდა, იხსენა იმათმა დავლათმა, თემო, სოფელო, ქუდოსანო, მანდილოსანო. 

(დასასრული)
(გაზეთი „ივერია“, #39, 1886 წელი)

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში