საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნობელიანტი ნორვეგიელი მწერალი ყაზბეგზე - „სხვაგან არსად მიგრძვნია ფეხქვეშ მიწა გამომცლოდეს“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:47 - 07 ოქტომბერი 2017 hits 33053

ნობელიანტმა ნორვეგიელმა მწერალმა - კნუტ ჰამსუნმა რუსეთსა და კავკასიაში მეუღლესთან - ბერგლოტ ბეხთან ერთად იმოგზაურა. წყვილი 1898 წელს დაქორწინდა. მათი მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიაში 1899 წლის რვა სექტემბერს დაიწყო და სულ სამი კვირა გასტანა - 30 სექტემბერს ჰამსუნი უკვე სტამბოლში იყო. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ორი ნაწარმოები - „ზღაპრული ქვეყანა“ და პიესა „დედოფალი თამარი“. ორივე 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა. 

...დათრგუნულები ვსხედვართ ეტლში, ხმა ვერ ამოგვიღია. უცებ, გზის მკვეთრ მოსახვევთან, ხელმარჯვნივ, ხეობა გაიხსნა და თვალწინ აღიმართა ყაზბეგი - თავისი მზეზე მოლაპლაპე მყინვარით. სულ ახლოსაა, ხელის გაწვდენაზე, მშვიდი, უსასრულო, მდუმარე.

უცნაური გრძნობა გვეუფლება: მთა - გოლიათი გამოეყო სხვა მთებს, ახლოს მოვიდა და გვიყურებს - როგორც სხვა სამყაროდან გადმოსული არსება.

ჩამოვხტი ეტლიდან, ხელით ჩავაფრინდი ეტლის კიდეს.

ვუყურებ ყაზბეგს. თავბრუ მეხვევა, თითქოს მოვწყდი მიწას, თითქოს გრიგალმა ამიტაცა, წავედი მაღლა-მაღლა და ღმერთის პირისპირ აღმოვჩნდი. მაყრუებს მჟღერი სიჩუმე, მესმის მხოლოდ ქარის ზუზუნი, ღრუბლები დაბლა დაცურავენ, ახლოს ვერ მისულან მწვერვალთან.

ადრეც ვყოფილვარ მთებში, მინახავს ჰარდანგერი, იოტუნჰეიმენი, ბავარიის ალპები და კოლორადო და ბევრი სხვა მთაც, მაგრამ არსად მიგრძვნია, რომ ფეხქვეშ მიწა გამომცლოდეს, აქ კი ვიგრძენი და ეტლს ჩავაფრინდი.

უცებ ღრუბლები მოეხვია მყინვარს და გაუჩინარდა. მოჩვენება გაქრა. მაგრამ გუგუნი მთებში, მაღლა ღრუბლებში, არ მიმწყდარა.

ეტლიდან მეძახიან, გონს მოვდივარ“.

ცოტა ხანში სადგური ყაზბეგიც გამოჩნდა. პატარა ქალაქია. ირგვლივ მაღალი მთებია აღმართული, მაგრამ მთის ფერდობი ბალახითაა დაფარული, ახლად მოთიბული თივის ზვინები თითქმის თხემამდე აღწევს, ისე მაღლა ადიან ცხვრები, რომ თეთრ, მცოცავ წერტილებს ემსგავსებიან. ერთ-ერთი მთის მწვერვალზე, თოვლში, მონასტერი დგას თავისი მაღალი კოშკებით. ძირს კი, სადგურის გარშემო, პურის პატარა-პატარა ყანები და ბაღებია. ორი კაცი თერგში ცხენს აბანავებს.

სადგურის ეზოში შევდივართ.

მყისვე ყოჩაღი გოგო-ბიჭების ალყაში ვექცევით, მთის ბროლსა და ფერად ქვებს გვთავაზობენ.

ვსადილობთ. ცხვრის უგემრიელესი მწვადი და წვნიანი მოგვართვეს, ჩაროზად ასევე გემრიელი ნამცხვრები მოაყოლეს. სისუფთავით ვერ დაიკვეხნიან. მსახურს ყავისფერი ხიფთანი აცვია და კარგადაც შეიარაღებულა: ყოველმხრივ ცდილობს ასიამოვნოს საპატიო სტუმარს და სანელებლისთვის ვერცხლის ჭურჭელი მოაქვს. ახლახან გაუთოებული ძვირფასი სუფრა გაგვიშალა. მაგრამ ძმრისა და პროვანსული ზეთის ფლაკონებს შუშის სარქველი არა აქვს, კეთილმა მსახურმა თავი მათ გაზეთის ნახევით დაუცო. მაგრამ ისეთი მოხდენილი მანერებით აწყობს სუფრაზე მთელ ჭურჭლეულობას, რომ იძულებულნი ვართ, ყოველგვარი კრიტიკისაგან თავი შევიკავოთ. ფანჯარაში გვახედებს და ღრუბლებში გახვეულ ყაზბეგს გვაჩვენებს.

- ყაზბეგია, - გვეუბნება.

თავს ვუქნევთ:

- ვიცით, უკვე ვნახეთ - და თოვლით დაფარულ მონასტერზე ვეკითხებით. მისი პასუხიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ეს რუსული მონასტერია. არც ერთი კავკასიელი თავს რუსად არ მიიჩნევს, და მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის დაპყრობიდან ამდენი წელია გასული, კიდევ შეხვდები გულუბრყვილო, საომრად განწყობილ მთიელს, რომელიც გიმტკიცებს: რუსი მხოლოდ მაშინ გაბედავს ჩვენს მიწაზე ფეხის დადგმას, თავაზიანად თუ მოიქცევაო.

სადგურის შორიახლოს დავიწყე სეირნობა. მიწას ორთქლი ასდის. ზღვის დონიდან ათას შვიდას ოცდაშვიდი მეტრის სიმაღლეზე ვიმყოფებით. ჩვენი მგზავრობის მანძილზე ათასი მეტრით მაღლა ამოვსულვართ. აქ, ყაზბეგიდან ცოტა მოშორებით, ოსები ცხოვრობენ, ხალხი, რომლის წარმოშობასა და სახელწოდებაზე, რიგიანად არავინ არაფერი იცის. თვითონ თავს ირონებს უწოდებენ. [...] კავკასია კაცობრიობის აკვანია, აქ, კლდეზე პრომეთე იყო მიჯაჭვული. აქ, ბაქოს მახლობლად, მარადიული ცეცხლი გიზგიზებს, აქ გადმოსახლდა ბაბილონის ტყვეობიდან თავდახსნილი ებრაელების ერთი ნაწილი. აქედან არარატის მთაც, მართალია სომხეთშია, მაგრამ კარგად ჩანს.

ეხ, დრო რომ მქონდეს! რაღაც საცოდავი რამდენიმე საათი რას მეყოფა. წამიკითხავს, ოსებს ისეთი ჭურჭლეულობა და იარაღი აქვთ, რომელიც სხვებისთვის სრულიად უცნობია: ესაა ქვის სატეხები, გობები, სადღვებლები, ლუდის დოქები, ფოცხები და კიდევ ბევრი, ბევრი რამ. ყველაფერი ეს მაშინდელი მკვლევარების განცვიფრებას იწვევდა: ჩიხში მოექცნენ. აი, ოსეთში რომ მოვხვდე, ვკითხავდი ამ ხალხს, საიდან მოიტანეთ ეს ნივთები, იყიდეთ თუ ამ ნივთებთან ერთად გაჩნდით დედამიწაზე? მაშინ, შეიძლებოდა მოულოდნელი შედეგებიც მიმეღო: ვინ იცის, იქნებ, ხალხთა გადასახლების თემაზე ახალი თეორია შემექმნა.

ფარას ოთხი გრძელწვერიანი მწყემსი მიერეკება, წინ ხანჯლები ჰკიდიათ, ზურგზე - თოფი. ბომბორა ძაღლებიც ჰყავთ, მოყავისფრონი, უფრო დათვებს ჰგვანან, ვიდრე ძაღლებს...

 

თარგმნა რეზო კვესელავამ

კნუტ ჰამსუნი - „ზღაპრული ქვეყანა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში