საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„სიკვდილ-დამცინავი“ საქართველო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:37 - 12 ივლისი 2020 hits 24545

ახლა ის ეპოქაა, მთელ სამყაროს შინიდან მისხალ-მისხალ რომ მოივლი, დედამიწის ნებისმიერი წერტილის შესახებ ყოველწამიერ ინფორმაციას რომ შეიტყობ. შენიანებსაც ინტერნეტითა და ტელეფონით რომ შეგიძლია დაუკავშირდე, მაგრამ... აი ეს მაგრამაა ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ის, რასაც ადამიანებისაგან სამყაროში იზოლირება ჰქვია.

არ ვიცი, რამდენად საინტერესოა ჩვენს ეპოქაში წინა და წინასწინა საუკუნეებში მომხდარი ეპიდემიური მოვლენების გახსენება. მაინც ვცადოთ და მკითხველს გავაცნოთ რამდენიმე ნიშანდობლივი ამბავი, რომელთა სიუჟეტში აშკარად შეინიშნება რეალური ვითარების ფოლკლორიზაციის ტენდენციები...

ჟამი - დროა, ჟამნი - შავ, თეთრ და წითელთბიან ისრიანი უჩინარი, ერთი ციდა ამავე ფერის ჯორებზე ამხედრებული კაცუნები, ჟამიანობა - ეპიდემიაა. მაგ: შავი ჭირი, ხორველა ყვავილი და ა.შ.

ერთ-ერთი თუშური ნარატივიდან ვგებულობთ, როგორ შეეყრებიან თუშეთის სოფელ დართლოში მიმავალ მხედარს გზად (დართლოდან სულ ცოტა სამი კილომეტრის დაშორებით) „ცუცუნით“ მიმდინარი „ჟამნი“. მხედარი „ჟამთ“ მიესალმება და საით მიდიხართო , - კითხავს. „დართლოს დალევად მივდივართო“ (დართლოს ამოსაწყვეტად მივდივართო) პასუხობენ: შავ, თეთრ და წითელთბიანი ისრებით სავსე ხურჯინაკიდებული, ამავე ფერების ჯორებზე ამხედრებული „ციდა-კაცები“. - ასეთი სიარულით დართლოში როგორ ჩააღწევთო? - მხედარი.

- სამ წელში ხო ჩავალთო! - ციდა-კაცები.

მართლაც, სამი წლის შემდეგ „დართლო დაილევა“, ე.ი. ამოწყდება.

დართლოს აკლდამებს ბევრი გულსუწადინოდ თავისი ფეხით მისულნი ყველა ასაკის ქალ-კაც-ბალღები გაავსებენ პირთამდე... დართლო დაილევა.

გადმოვინაცვლოთ ხევსურეთისკენ, უფრო სწორად, მიღმახევისკენ... ანატორზე გავიხსენოთ გულისგამყინავი ამბები.

ერთწამიერად მოსდებია სენი სოფელს. ჭკვიან ასაკოვნებს ჯანმრთელი, შეიარაღებული ახალგაზრდები გაუნაწილებიათ სოფლის ყველა იმ მისადგომში, საიდანაც ან გასვლა და ანაც შემოსვლა შეეძლო ვინმეს: „არც არავინ გაატაროთ, არც არავინ შემოუშვათ, სოფელი დასნებოვნდა“ და მეტი უბედურება ხევსურეთს აღარ ესაჭიროება, ჩვენ ჩვენ წილ ჭირს უნდა მოვერიოთ ან ამოვწყდეთო, - უფროსებმა და „გაქვავდა“, „გარკინდა“ სოფელი. აკლდამები მომაკვდავების მოლოდინს არ „დაუღლია“. თავისი ფეხით იწყეს სანსალ-ხანხალით სულამომავალმა ანატორელებმა აკლდამებისკენ დენა... ახალგაზრდა 14-15 წლის ბიჭი შუაგზიდან სოფლისკენ დაბრუნდება. - რას შვრებიო, თანამგზავრები ეკითხებიან? - ფანდური დამრჩა შინ, წავალ, მოვიტან, სიმღერით შევხვდები სიკვდილსო...

კომენტარი ზედმეტია!

ერთ შატილიონ მოხუცთან გიორგი (იურა) ჯაფარიძის საუბარი კი ნამდვილი ნოველაა. უნაკლო, უბადლო არავის და არაფრის მსგავსი, რომელიც ამირან არაბულის სტატიაშიცაა და აქაც გავიმეორებ იმ ბედგამწყრალი სწორფრების ამბავს:

„მზისფერი ნაბიისი ქუჯეგის სწორფერი ყოფილა. ნაბიისი ულამაზეს ხევსურულ თათებს (წინდებს) და ტალავარს უქსოვდა ვაჟს და თავისი თმის ნაჭაპნს ატანდა ქსოვილს. სწორფრობა ტოლ-სიყვარულად ქცევია ქალ-ვაჟს და, მოულოდნელი გრძნობით შეშინებულნი, ღობე-ყორეს აწყდებოდნენ თურმე. თემის თვალს რა დაემალება, შეუტყვიათ სწორფრების სიყვარული (ეს ცალკე განსახილველი დიდი თემაა „სწორფრობა“) ახმაურებულა ხალხი. ქუჯეგი ნაბისიის შერცხვენას მორიდებია: თანაც იცოდა, თემის რისხვას ვერ გადაურჩებოდა და სამუდამოდ გამქრალა შატილის თემიდან. ანატორში (ამ ვერსიით) კეთრი ამძვინვარებულა. უკურნებელი სენით შეპყრობილი კეთროვანები თავიანთი ფეხით წასულან დიდი საძვალეებისკენ...

საძვალეში, სადაც მომაკვდავი ნაბიისი იჯდა, ერთადერთი ადგილიღა დარჩენილა და კეთროვანნი კარის ამოქოლვას ჩქარობდნენ. თურმე ღამით, როცა მთვარეს შატილი გადმოუვლია და ანატორს გასწორებია, საძვალეში ლას-ლასით შესულა მთაგადმოვლილი მგზავრი და ნაბიისის გვერდით მისვენებულა. კეთროვნებს სასწრაფოდ ჩაუგმანავთ საძვალის კარი და მათი საერთო გმინვა ნაბიისის შემზარავ კივილს გაურღვევია - მის გვერდით სიყვარულით დაფერფლილი ქუჯეგი მჯდარა...

ანატორი მკვდართა ცნობილი „სავანეა“ შატილიდან სულ სამი კილომეტრით დაშორებული.

აი, ამ აკლდამებში გვიანობამდე იყო ხის აკვანი, შიგ პაწაწა ძვლები ჩვილისა და აკვანზე გადამხობილი ქალის (დედის) ჩონჩხი. ესეც მსახვრალმა დრომ დაშალა...

ასეთივე მძიმე განსაცდელი მიადგება კარზე შატილს. მკვდრების დამარხვას ვერ აუდის სოფელი, სამარეებზე ასულნი სოფელს ჩამოსძახიან: „ჩამოვიდეთ თუ ახალი სამარის გათხრა დავიწყოთო“. ჩაიქანცა მკვდრების მარხვით სოფელი...

ერთ საღამოსაც გლოვით გაქანცულმა (იმ დღეს შვილდამარხული ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაც ერია) ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს: გლოვა არაფრის მომტანია, უფრო დაგვეჩვია სიკვდილი და, მოდი, ვიმღეროთო. ჯერ გაუბედავად დაიწყეს. ხმები უწყდებოდათ, ყელში ცრემლის ბურთები ეჩრებოდათ. ნელ-ნელა „გაუბედეს“ და მჭექარე სიმღერამ სოფელი ფეხზე დააყენა, მოხუცები კოშკებიდან „მომღერალ“ კოშკთან მოგროვდნენ. ჯერ ნაწყენნი - „რას შვრებითო“?! – „სიკვდილს დავცინითო“ და მოეწონათ ასაკოვნებს ახალგაზრდების გაუტეხლობა და შეაქეს და მათთან ერთად ამოთქვეს თავისი გულისჯავრი...

(ამათაც გარშემო სოფლელნი გააფრთხილეს, სანამ ეს სახადი არ გაივლის, შატილთან მოკარებულები არ გნახოთო. თორემ ხატზე დავიფიცეთ და გესვრითო).

მეორე დღეს სოფელ გუროსკენ წავიდნენ „სიკვდილის დამცინავი“ ჯეილები. თან შეშას ჭრიან და თან მღერიან, მდინარის გაღმა ერთი გუროელი ბიჭი მოახლოვდა, თავისი დასნებოვნებული ძმადნაფიცის სიმღერა ესმის და არ იჯერებს... ვეღარ ითმენს და ეძახის: ბიჭო, შენა ხარო? - მე ვარო.

- აკი შატილი თითქმის ამოწყდა და თქვენ რა გამღერებთო?

- „სიკვდილს ვაშინებთო“!

გუროელი აღვარებულ ხევში ისე შევარდება და გადავა მეორე მხარეს სიხარულისგან არც დაფიქრდება.

- არ მომეკაროო! - ყვირის მთელს ხეულზე გამოფენილი გამონაყარით სნებოვანი შატილიონი ახალგაზრდა, - მე ავად ვარო!

- ძმაო, ცოცხალს გხედავ და შენი სენი მე ვერ მომერევაო და გადაუღეღავს პერანგს და სათითაოდ დაუკოცნის „აყვავებულ გულ-მკერდს“... ორივე ძალიან დიდხანს იცოცხლებს. დაშინებული სენი გულგახეთქილი ტოვებს ავადმყოფებს...

ზღაპარს, კეთილად დამთავრებულ ზღაპარს ჰგავს ამ ძმადნაფიცების ამბავი... ნეტა ყველა შემთხვევა ასე კეთილად დამთავრებულიყო, მაგრამ...

მთაზე გადმოვიდეთ და არხოტს ჩავხედოთ.

ენათმეცნიერებასთან და ფოლკლორთან მოტრიალეთ ბესარიონ გაბურის სახელი უეჭველად უნდა იცოდნენ, თუნდაც მასთან აკაკი შანიძის მეგობრობის გამო...

ბესარიონ იგივე აბაისძე (ხევსურული სახელი) გაბური არა მხოლოდ უებრო შემკრები იყო ხევსურული ზეპირსიტყვიერებისა და მისი ძირისძირობამდე მცნობი, ამავე დროს ის იყო თავადაც არაჩვეულებრივი მთქმელი... პოეზიის სიყვარულის გარდა ის იყო იმედი ახლობელთათვის, გაჭირვებულთათვის...

აი, რას გვიამბობს ბესარიონ გაბურის ერთ-ერთი ქალიშვილი ნინა გაბური:

ერთ ზაფხულ შავ ჭირ გაჩინდ არხოტ. არავინ იცის, მართლა შავ ჭირ იყვა თუ სხვა რამ სახად... ეეგრ კი თქვიან...

მანგიან იყვნეს ერთ ოჯახ, ჩვენ სოფელში (ჭიმღაში), გვარად გიგაურებ, იმათ შახვდ პირველად. სამნ დაიჴოცნეს იმ ოჯახში - თავად მანგია, ოჯახის უფროს, კიდევ ელენი და მზექალ...

კარებ ჩახკეტეს მანგიათ...

არავის არ უშობდეს შინ... ნუ ვინ მახოლთავ, ჩვენ მაინცა ვიჴოცებითავ. ჩვენის გულისად სოფელმ ჭირ არ გაიჩინათავ. აღარავინ მიდიოდ მანგიათას, არავინ იცოდ, ცოცხლებ იყვნესა, მკვდრები. აღარც წყალ ექნებოდ იმათ, აღარც პურ , ნიადე... ერთ კვირაეს კარჩარაზულნ იყვნეს, კარში არ ჩინდებოდეს.

გადამდებ იყვ ის შავ ჭირ... ყველას გადაედებოდ...

ჩემ მამა შინ არ ყოფილ... რო მასულ სოფელში, უთქმავ: ეგეთა საქმეიავ, ბესარიონო, ჭირ გაჩინდავ, მანგიან იჴოცებიანავ. „რას ხქვიან იჴოცებიანავ“! - ჩემ მამას უძახებავ თავის ძმა ადუაისად: „ჩქარ, ადუაო, მეედივ აქავ“...

წასულან ჩემ მამ-ბიძან... აი, მანგიათ ჩაკეტილნ კარნ თავის კარასტიან-ჩარჩოიანად დაუგლეჯიანა და დაუსრევიან... მიუღავ სასმელ-საჭმელ... რას სჩადითავ დახვედრიან გიგაურებ... გეხვეწებითავ, ბესარიონოვ, ნუ შამახვთავ, ნუ მახვთავ ჩვენ ახლოაშიავ. ჩვენის გულისად რად უნდა ჩაიგდათ თავ ხიფათში, ჩვენის გულისად რაად იჴოცებითავ. ვინაც მავკვდებითავ, თაო გაუთხრითავ ერთცხვას სამარესავ, ეექ დავიმარხებითავ... ნუ მახვთავ სოფელივ. ნურც საფლავ სამარეში წაგვიღებთავ... ჭირ თუ გადაედვავ სოფელსავ, მთელ სოფელ ამასწყდებითავ...“

ეესრ შეხვეწნიან მანგიან ჩემ მამ-ბიძას...

„თუ ღმერთისგან გაწირული ორავ, შინაც მავკვდებიო, თუ არავ, არც აქ რა მამივავ“ - უთქვამ ჩემ მამას.

მე შინ რაჴლა (როგორ) დავჯდავ, როცა ესრე გიჭირსთავ, მარტოანივ თავის მკვდარსავ კერაზე ღმარხავთავ, მავკვდავ თუ მავკდებივ. მანგიაისად ვეღარა უშველავ, ორან ქალან გამოუყვანიან, გადარჩენილან ისენ, აღარ დაჴოცილან...“

იგივე მთხრობელი მსგავს, მაგრამ „სიკვდილისგან ვერ დაშინებულ“ ქალის ამბავს გვიამბობს. ეს „ბესარიონ გაბურის დის ნანუკის ამბავია“.

„იმავე წელს ამღიონთაც (ამღა არხოტის თემის სოფელია) გადასდებივ ჭირ... ჩაჩაურთ გიგიან გაჴდილან აოდ... გიგიას ჩვენ მამიდაი ხყვანდ ცოლად - ნანუკ. ორნ ვაჟან დაუჴოც ჭირმ - იმათაც - ორ ვაჟკაც 17-18 წლისებ: ილიკოი-დ ქორძო. არც იმათთან მიდიოდ სოფელ.

იქაც შეუმტვრევავ კარ ჩემ მამ-ბიძათ. მიხპატრონებიან იმათ ოჯახსა და სახლ-კარს... ორ მკვდარ ვაჟ ესვენისავ ქაზდარშიავ, (მიწის იატაკზე) თქვის მამამ... ჩემ მამიდა ნანუკ თუ უჯავრდებოდ ქმარს:

- რას იკუნკებივ...ადეგივ, პირ ქვე გაიპარსევ, ე. ტალავარ ქვე გამაიცვალევ. ტყავივ ქვე ჩაიცვივ, ბუხრის ქუდ ქვე დაიხურევ, გაედივ კარშიავ, ჩვენ მეტს შვილ აღარავის მახკვდომიაევ, რაჴლადაც (როგორც) წესიავ, ისრ მიეგებევ, ჭირის მწყენელ თუ ვინ მავავ (სამძიმარზე ვინც მოგვივაო). მეავ ერთ საკლავიდ კელაპტრებ მამიღივ. ე ქალას შამომავლებაოდა სალოცავს შავახვეწებავ. ერთ ქალა ხყვანდ კიდე ცოცხალ.

წინავ ეგეთა წეს იყვ, აოდ რო გაჴდებოდ ადამიან, ვისაც ყველაზე მეტად სტკიოდ იმ ადამიანზე გულ, იმას შეენაცვლებოდ ჩემზე გადმაიღივ ეგ ავადობაივ, ეგ გამაარჩინევ.

აოდ გამჴდარს ქაზდარში დააწვენდეს, მირგვლივ შემოვლა უნდოდ მუჴლის ჩოქით სამჯერ, ვინც ღმერთს ეხვეწებოდ, ჴელში კელაპტარ უნდა დაეჭირ, მარჯვენა ჴელში... მეორეს ჴელით საკლავს შამაავლევდ:

„ეს გაათავისუფლეო და ამის კვალად მე შამყარევ ამის ჭირიო და სენივ. ეეგრ უქნავ ჩემ მამიდა ნანუკას: დიდო ახიელის სალოცავო, ამ ქალას ნუღარ მამიკლავავ, ჩემზედ გადმაიღივ მაგის აოდობაივ, ეგ გაათავისუფლევ, ღმერთო დალოცვილო, დედა-შვილობის გამჩენო, მე შამყარევ მაგის კვალადავ“...

აი ქალაივ უგონოდ ნამყოფ იწვისავ ლოგინშიავ, ქოო (სულ მთლად) მამკვდარივ, ხედ გადაქცეულ იწვავ ნანუკივ, არც არას ტიროდისავ. ბრუნევდისავ მუჴლის კვერაითაოდა ჯვრას შასძახდისავ.

ჩემ მამაიცა (ბესარიონ გაბაური) იქ ყოფილ მაშინ, დაჴოცილ ვაჟებ დაუმარხიან, სამის დღის მერე ქალას გაგამაკეთება დაუწყავ, ნანუკა კიდე აოდ გამჴდარა და ჩალოგინებულ, ცოტა ხანში ქალა გამაჯამთელებულ.

ასეთმა ქალებმა ასაქართველოვეს საქართველო...

არხოტის ამბებმა კავკასიონის ქედზე დაფენილ ჩვენს მოძმე ინგუშეთისკენ გამახედა. ერთ დღე-ღამეში აყრილი, საქონლის გადასარეკ ვაგონებში ჩაყრილი და შორეულ გზას გაყენებული ჩვენი მოძმეები გამახსენა.

სახადმა და ჟამიანობამ გარჩევა არ იცის, ადამიანი უფლის გაჩენილია და დამთავრდა...

ასეთივე პირთამდე სავსე აკლდამები დარჩა მიტოვებული ინგუშეთის აულების სიახლოვეს, სადაც სწორედ სხვა მთიელ ქართველებთან ერთად ხევსურებიც ჩაასახლეს. განადგურებულ, დარდით სავსე ინგუშეთის ცარიელ სოფლებში:

იმ დროს ერთ-ერთი პატარა ხევსური გოგო, ახლა ასაკოვანი, მიყვება, როგორ აფრთხილებდნენ მშობლები, რომ აკლდამებს არ მიჰკარებოდნენ და იქ ხელი არაფრისათვის არ შეეხოთ.

ეს გოგო-ბიჭები თითქმის ყოველდღე მიდიოდნენ აკლდამებთან და საათებს ატარებდნენ ჩოჩხებთან... გოგოები გიჟდებოდნენ ფერადი ატლასის კაბების ნაფლეთებზე. კაბები კი დაეფლითა ქარსა და წვიმას, მაგრამ ის ფერადოვნება, რაც ქისტის ქალებს ემოსა, ეს ამ პატარებისათვის აღიქმებოდა საქორწინო-საოცნებო საკაბეებად...

მთხრობელი იგონებს თითებთხელ ფალანგებზე მობდღვიალე მწვანე და ლალისფერ ბეჭდებს და ერთად-ერთხელ შეცოდებას. თხელი თითის ფალანგიდან მწვანე ბეჭდის გამოძრობასა და შიშისაგან იქვე დავარდნას. თავაღერილი გველის წამიერად გაჩენისა და ამ ბეჭდიანად გაუჩინარებას. მერე იმასაც, როგორ მოვიდნენ რუსი ჯარისკაცები და როგორ უკიდებდნენ ცეცხლს დიდი გადაჩხრეკვის შემდეგ ამ საძვალეებს, იმასაც როგორ უმწეოდ იდგა მოშორებით გაბრიელ ჯაბუშანური და ამ სურათის მაყურებელი როგორ მდუღარედ ტიროდა...

ალბათ კი არა, ფაქტია -  ეს ულამაზეს-უმამაცესი ტომიც სენმა და სარიჯელმა დაავანა ღილღოს აულების აკლდამებში...

ჟამიანობა ხომ არათუ კავკასიონს, მთელ მსოფლიოს ავლებს მუსრს...

ძალიან ბევრია სათქმელ-სასაუბრო და საანალიზო ჟამის ნაჴოც ქალებზე.

ჩვენ ნატირლით დავასრულოთ, იქ კაცებიც მოიაზრებიან, რა თქმა უნდა:

ქალებო, ჟამის ნაჴოცებოო,

ქვიშისას არ იდინეთაეო?

ჭიშველსა არ გახენეთაეო?

ჭიშველ მთიბელი არ თიბდაეო?

ცელები არ უნათებდაეო?

სიმღერეს არ იძახდესაეო?

ვთვლი რომ კომენტარებს არ საჭიროებს აქ მოხმობილი ამბები. ეს არც დასაწყისია და არც დასასრული, ასეთი განსაცდელი ბევრი გამოუვლია დედამიწას...

„კორონაზე“ უფრო მძიმე ცხოვრებას ებრძოდნენ და იმარჯვებდნენ. ჩვენც გავალთ ბოლოში.

მშვიდობა ჩემს სამშობლოს, მშვიდობა ჩემს მსოფლიოს.

ეთერ თათარაიძე

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში