საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

25 წლის გიორგი ქარსამაულმა გუდის ყველის დაძველების ტექნოლოგია შექმნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:43 - 22 ნოემბერი 2016 hits 19656

25 წლის გიორგი ქარსამაულს თუშეთში, სოფელ ვესტომთაში (გომეწრის ხეობა) ცხვრის ფერმა აქვს, სადაც გუდის ყველს თუშური მეთოდით ამზადებს.

ცოტა ხნის წინ, გიორგიმ თუშური ყველის დაძველების ტექნოლოგია შექმნა. მისი თქმით, თუშეთში უმარილო ყველს ამ მეთოდით მხოლოდ ის აწარმოებს. გიორგი ამბობს, რომ დაძველება თუშურ ყველს განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

„ჩვენ საწარმოში თუშური ტრადიციული მეთოდით ამოყვანილ ყველს შესაბამის ტემპერატურაზე, ხის თაროებზე, მარილის გარეშე, მშრალად, დაახლოებით 40-50 დღის განმავლობაში ვაძველებთ, რაც ყველის განსხვავებულ და განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს. თუშურ ყველს მსგავსი ტექნოლოგიით არავინ აწარმოებს. იდეის მიზანი თუშური ყველის პოპულარიზაცია იყო და გაამართლა. ჩვენი ნაწარმის დეგუსტაცია 6 ნოემბერს, ყველის ფესტივალზე მოხდა და დიდი მოწონება დაიმსახურა“,- აღნიშნა გიორგი ქარსამაულმა.

ახალგაზრდა ფერმერს გუდის ყველი სიღნაღსა და თბილისში მდებარე რამდენიმე რესტორანში შეაქვს. ერთი კილოგრამი ყველის ღირებულება 25 ლარია.

გიორგი ქარსამაულმა გუდის ყველის მასობრივი წარმოება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ფერმერი მომავალში თუშური ყველის წარმოების გაზრდას გეგმავს.

„ბავშვობიდან ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, როგორ ამზადებდნენ მამა და პაპა ცხვრის ყველს გუდაში. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, რომელიც ახლა მე გადმოვიბარე. მთელ ზაფხულს ცხვარში ვატარებ. წლებია თუშეთში ტრადიციული გუდა პოლიეთილენის პარკებმა შეცვალა, რაც ყველის ხარისხსა და გემოზე უარყოფითად მოქმედებს. ტრადიციების შენარჩუნების და თუშური ყველის პოპულარიზაციის მიზნით გადავწყვიტე, გუდები შემეძინა და ცხვრის ყველი ტრადიციული თუშური მეთოდით დამემზადებინა, ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ“, – აღნიშნავს გიორგი ქარსამაული.

იგი სოფელ ვესტომთაში საოჯახო სასტუმროს გახსნას და აგროტურისტული ცენტრის მოწყობასაც გეგმავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში