საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

18 წლის გიორგი სეხნიაიძე თუშეთში ჩაი „უშაროს“ ამზადებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:56 - 25 ოქტომბერი 2016 hits 20618

18 წლის გიორგი სეხნიაიძემ თუშეთში შეგროვებული მცენარეებისგან ჩაის წარმოება დაიწყო. ამჟამად ბექთქონდარას, თავშავასა და კრაზანას ჩაის ამზადებს, რომელსაც ზაფხულში სოფელ შენაქოში ყიდის, წელიწადის სხვა დროს კი თბილისში. გიორგის თქმით, მის მიერ დამზადებული ჩაი ეკოლოგიურად სუფთაა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

გიორგის ოჯახი ზაფხულობით თუშეთის სოფელ შენაქოში ცხოვრობს, ზამთარში კი თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში. გიორგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს.

„თუშეთის მცენარეებს საკმაოდ კარგად ვიცნობ. მათი თვისებების შესახებ ძირითადად მშობლებისა და ბებიისგან ვიცი. მრავალი სამკურნალო მცენარე მოგვეპოვება და არ მინდა, რომ დაიკარგოს. ამიტომ, გადავწყვიტე შეგროვება დამეწყო. ამ ეტაპზე ჩაის სამი მცენარისგან ბექთქონდარასგან, თავშავასა და კრაზანასგან ვამზადებ, თუმცა მომავალ წელს ვგეგმავ, რომ დავამატო დეკა, ველური პიტნა, ფარსმანდუკი და ა.შ. ზაფხულში ყოველ დილით ვკრეფდი ამ მცენარეებს. მე და დედამ გავარჩიეთ და ბარში გამშრალი ჩამოვიტანეთ. ამის შემდეგ დავაფასოეთ. ყველა სახეობის ჩაის დამამშვიდებელი ფუნქცია აქვს. მათი ნაწილი კარგია ნაღვლისთვის, სისხლძარღვების, საშარდე გზების, თირკმელებისა და გულის პრობლემებისთვის. შეფუთვაზე მითითებულია, რისთვის არის სასარგებლო ესა თუ ის ჩაი“, - ამბობს გიორგი.

ჩაი „უშაროს“ 25-გრამიანი შეფუთვის ფასი 7 ლარია.

„ჩაის თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიასა და კაფეტერიაში ვყიდი. დაინტერესებული პირები ტელეფონით და სოციალური ქსელითაც მიკავშირდებიან. ჩაის ფასი ცვალებადია იმის მიხედვით, თუ სად ხდება მისი რეალიზაცია. რა თქმა უნდა, თუშეთში, ალვანსა და ლალისყურში ის იმავე ფასში არ გაიყიდება, რა ფასშიც მაღაზიებსა და კაფეებში ვაბარებ. ამჟამად ჩაიზე მოთხოვნა დიდი არ არის, რადგან მას ხალხი არ იცნობს, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ცნობადობა გაიზრდება. ვფიქრობ, ჩაი უცხოელი ტურისტების მოწონებასაც დაიმსახურებს“, - ამბობს გიორგი.

გიორგი სეხნიაძე თუშეთში საწარმო „უშაროს“ დარეგისტრირებას აპირებს, რის შედეგადაც მოგებისა და ქონების გადასახადებისგან გათავისუფლდება და პროდუქციის შეტანას უფრო მეტ მაღაზიაში შეძლებს. ის მომავალ წელს წარმოების გაზრდასა და საქმიანობაში სხვა ახალგაზრდების ჩართვასაც გეგმავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში