საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პატარა მეკლდეურების პრობლემები კონფლიქტის ზონის სოფლიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:30 - 12 ოქტომბერი 2018 hits 33906

ხელის ორი მოჭიდებაც და ასულია. მიდი, მარიამ, მწვანე ქვაზე გადადი, მაგრად მოეჭიდე, მიდი, - მეგობრები აგულიანებენ, მაგრამ მწვანე ხელსაჭიდის ხორკლიან ზედაპირზე ხელი უსხლტება და ლეიბზე მოწყვეტით ეცემა. არ ნებდება, ხელებზე ბლომად ცარცს ისვამს და ახლიდან ცდილობს სამ მეტრიან კედელზე აცოცებას.

11 წლის მარიამ მელანაშვილი მესამე წელია ნიქოზის საკვირაო სკოლაში მეკლდეურობას სწავლობს. კონფლიქტის ზონის სოფლებში, ზემო ხვითსა და ნიქოზში მცხოვრები ბავშვებისთვის ეს ერთადერთი სპორტული წრეა. მეკლდეურთა კლუბში 30-მდე მოზარდი უფასოდ ვარჯიშობს.

„წელს საუკეთესო შედეგები გვქონდა 10-12 წლამდელებში. ერთი ჩვენი მოწაფე აზერბაიჯანშიც იყო წასული და მეოთხე ადგილზე გავიდა. წარმატებები გვაქვს, მაგრამ ხელშეწყობა რომ გვქონდეს, ბევრად მეტს მივაღწევდით“, - გვეუბნება 29 წლის ლაზარე კომახიძე, მეკლდეურთა კლუბის დამფუძნებელი და მწვრთნელი.

ყველაზე მეტად დარბაზი სჭირდებათ. სიცივეში ღია ცის ქვეშ ვარჯიში უჭირთ.

„ზამთარში ხელი გვეშლება. გვცივა, ხელები გვეყინება და იანვარ-თებერვალში ვეღარ ვვარჯიშობთ,“ - გვიხსნის მარიამი, - „გათბობაც რომ იყოს, აქ სითბოს ვერაფერი დაიჭერს. მარტო ბრეზენტია ჩამოფარებული.“

ზაფხულში ბრეზენტს ხსნიან, მაგრამ არც მცხუნვარე მზეზე ვარჯიშია მარტივი. ხორკლიან ქვებზე ხელები ხშირად უსკდებათ. ლაზარეს ზოგჯერ ხელსაჭიდების დამზადება თავად უწევს:

„მდინარის პირას ავკრიფეთ რიყის ქვები, ბარგალკით დავჭერით და გავხვრიტეთ. ბევრად უკეთესი გამოვიდა, ვიდრე საქართველოში დამზადებული. აქ ნაყიდს ისეთი ზედაპირი აქვს, რომ ბავშვები ხშირად ხელს იზიანებენ.

ევროპელი გამოცდილი მეკლდეური რომ ჩამოიყვანო და ამ ხელსაჭიდს ხელი მოკიდოს, გაეცინება და იტყვის, ამაზე როგორ ვარჯიშობთო, იმდენად ცუდი ხარისხისაა.“

საკმარისი რაოდენობის „ცუდი ხარისხის“ ხელსაჭიდებიც არ აქვთ. ერთფეროვანი ფორმისა და ზედაპირის ქვებს ბავშვები ადვილად ითვისებენ და ხშირად „ერთი ადგილის ტკეპნა უწევთ“.

„ხუთიოდე ფორმის რელიეფზე ძნელია ბავშვი განავითარო. ბევრი სხვადასხვა ფორმის უნდა იყოს, რომ თითები მიაჩვიო. მეკლდეურებისთვის აუცილებელია, რომ გამოცდილება ჰქონდეს. მაგ მხრივ ძალიან გაჭირვებულები ვართ.“

არასახარბიელო პირობების მიუხედავად, მაინც ბევრი წარმატება აქვთ. წელს, სვანეთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 12 წლამდელებში პირველი, მეორე და მესამე ადგილები ნიქოზელმა მეკლდეურებმა - ლუკა გვარაძემ, გიორგი თედეევმა და ვასილ დევიძემ გაინაწილეს. 10 წლამდელ მოზარდებში კი პირველი და მეორე ადგილები ლუკა მეტრეველმა, დავით მჭედლიძემ და მარიამ მელანაშვილმა აიღეს.

შემდეგი შეჯიბრებისთვის ყველა გულმოდგინედ ემზადება. ცდილობენ, რომ პირველობა მომავალ წელსაც არავის დაუთმონ.

„ლაზარე, ლაზო,“ - საცოცი კედლიდან ყველა თავის მწვრთნელს უხმობს. ისიც თითოეულს ეხმარება და დინჯად აძლევს მითითებებს.

„ლაზარე, ლაზო“ - ნიქოზელი მეკლდეურების უფროსი მეგობარი და მწვრთნელი

2008 წლის რვა აგვისტო იყო, პირველად ნიქოზში რომ ჩავიდა. ომი დაიწყოო, გზაში შეატყობინეს. მონასტერი, სადაც ცხოვრობდა, მესამე დღეს დაიბომბა. თვითონ გადარჩნენ. სამი წლის მერე მონასტერი დატოვა, ოჯახი შექმნა, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ ნიქოზს მაინც ვერ შეელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ომის მერე ამ რეგიონის მიმართ მეტი ყურადღება უნდა ყოფილიყო, მოზარდებისთვის არანაირი აქტივობა არ ტარდებოდა. ერთი, ბურთს თუ  გააგორებდნენ მოედანზე - ეს იყო და ეს. სურვილი გამიჩნდა, რომ ბავშვებისთვის რაღაც ახალი შემექმნა.“

ნიქოზელი მოზარდების სპორტულ აქტივობებში ჩართვა თავდაპირველად ველო ტურებით დაიწყო. მცირე გრანტით ბავშვებს ველოსიპედები უყიდა და სხვადასხვა რეგიონში დაჰყავდა. შემდეგი იდეა საცოცი კედელი იყო. თვითონაც მეკლდეურია და ფიქრობდა, რომ მოზარდების ფიზიკური განვითარებისთვის ეს საუკეთესო შესაძლებლობა იყო.

საკვირაო სკოლის ეზოში, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით, საცოცი კედელი დადგეს. გორის გამგეობიდან მოპოვებული მცირე გრანტით კი გადახურეს და ვარჯიში დაიწყეს.

„მეკლდეურობა აქაურობისთვის სრულიად ახალი იყო, სპორტის ეს სახეობა არავინ იცოდა. ახლა ძალიან ბევრმა გაიგო და უფრო და უფრო მეტი ბავშვი ერთვება. მუდმივად ვცდილობთ, რომ წინ წავიდეთ, თუმცა ესეც პირობებზეა დამოკიდებული.“

ნიქოზში მხოლოდ შაბათობით ჩადის. სხვა დღეებში ბავშვებს მეორე მწვრთნელი - ალიკა მელანაშვილი ავარჯიშებს. ლაზარე უფრო გამოცდილია: „წესიერი ანაზღაურება რომ მქონდეს, ნიქოზში სამ დღეს მაინც გავატარებდი და ასჯერ უფრო წინ ვიქნებოდით. დარწმუნებული ვარ, ვერავინ გვაჯობებდა“. გორის მერია ლაზარეს თვეში 240 ლარს უხდის.

სამუშაო დღეებში თბილისში მძღოლად მუშაობს. შაბათობით კი ნიქოზს უბრუნდება - საყვარელი საქმე რომ აკეთოს.

მაგდა გუგულაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, კავკასიის მედია სკოლის მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების მაგისტრი. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში