საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პირველი საფეხბურთო კლუბი სვანეთში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:33 - 21 სექტემბერი 2021 hits 28388
საფეხბურთო კლუბი მესტია
სპორტი
საფეხბურთო კლუბი მესტია

ეს ბიჭები სვანეთში პირველი საფეხბურთო კლუბის „მესტიის“ წევრები არიან. კვირაში სამჯერ იდლიანიდან, ჭუბერიდან და ვედიდან ხაიშში, პატარა სპორტულ მოედანზე იყრიან თავს. ყველაზე შორიდან პაატა ჭკადუა დადის - ლებურცხილადან ხაიშამდე 15 კილომეტრია, იდლიანიდან 7, ვედიდან 5. ჯამში 10, 14 და 30 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ, რადგან მესტიის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს.

საფეხბურთო კლუბი ზემო სვანეთში 19 წლის ლევან ქობალიამ ჩამოაყალიბა.

„ბავშვობაში ძალიან მინდოდა ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ მაშინ ოჯახს უნდა მოვშორებოდი, ზუგდიდში ან თბილისში წავსულიყავი, რაც დიდ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. სხვაგან წასვლა ვერ შევძელი. სვანეთში კი საფეხბურთო წრეც არ იყო. წლების განმავლობაში არაფერი შეიცვალა.

ამიტომაც, მე თვითონ დავიწყე ფეხბურთით დაინტერესებული ახალგაზრდების შეკრება. წელს პირველად ჩავატარეთ ვარჯიში“, - ლევანი მესტიის სოფელ ჯორკვალიდანაა. სკოლა ხაიშში დაამთავრა და ყოველდღე 20 კილომეტრს გადიოდა, გაკვეთილებს რომ დასწრებოდა. ახლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია, ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობს. კლუბის დანარჩენი მოთამაშეებიც სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები არიან. კოვიდპანდემიის გამო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინრეჟიმზე რომ გადავიდა, ფეხბურთის ერთად სათამაშოდ და ვარჯიშისთვის მეტი დრო მიეცათ.

ნაჩუქარი ბურთებით თამაშობენ, რომლებიც უკვე გაცვდა. სავარჯიშო ინვენტარს საკუთარი ხელით აკეთებენ, რაც დიდხანს ვერ უძლებთ. მთავარი პრობლემა სვანეთში დიდი სტადიონის არქონა და უტრანსპორტობაა. კვირაში სამჯერ 1.5 საათი თუ ვარჯიშობენ, ორჯერ მეტი დრო სჭირდებათ სახლიდან სტადიონამდე ფეხით რომ მიაღწიონ და პირიქით.

მოედანს გიორგი ქანთარია ყველაზე ადრე ტოვებს. ის ვედში ცხოვრობს, გზა მდინარეს მიუყვება, ტყეზე გადის და ნადირიც ბევრია. 18 წლის გიორგი ვედიდან ხაიშში მარტო დადის. ჯერ სექტემბერია და ნახევარი გზაც არ აქვს ხოლმე გავლილი, რომ უკვე ღამდება. გიორგის ნადირის შიშიც ვერ აფრთხობს, იმდენადაა მონდომებული თანატოლებთან ერთად ფეხბურთის თამაშით. ჭუბერელ გია და დიეგო ჩხეტიანებს ცოტა გაუმართლათ, პატარა სკუტერი ჰყავთ და 18 კილომეტრის გავლა ფეხით არ უწევთ. იდლიანის თემის სოფლებიდან ბიჭები - დათო და ბადრი აფხაზავები, ნიკოლოზ დავითიანი, ონისე, ალეკო და პაატა ჭკადუები ერთად დადიან. მესტია-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე მდინარე ენგურზე დაკიდებული საფეხმავლო ხიდით გადმოდიან და ხაიშამდე ასვლაც ფეხით უწევთ - 6 ადამიანის გაყოლება ადვილი საქმე არ არის.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია რამდენჯერმე მხოლოდ იმაში დაეხმარათ, რომ სვანეთიდან ზუგდიდის სოფელ რუხის საფეხბურთო ბაზაზე სათამაშოდ ჩასულიყვნენ.

საფეხბურთო კლუბი „მესტია“ ორ ასაკობრივ გუნდს აერთიანებს. 17 წლამდელებმა სამი ამხანაგური მატჩის გამართვა შეძლეს, დიდებმა კი ისტორიული, პირველი ოფიციალური მატჩი ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის ბაზაზე 8 აგვისტოს ჩხოროწყუს „საძმო“-ს წინაშე 0-1 დათმეს. მოყვარულთა ლიგის, სამეგრელო ზემო-სვანეთის ტურნირში მეორე შეხვედრა უკვე ზუგდიდის „მეგრი“-სთან უნდა გაემართათ, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსის მასობრივად გავრცელების გამო, მთავრობამ შეზღუდვები დააწესა და მატჩები დროებით გადაიდო.

მესტიის მუნიციპალიტეტი 150-ზე მეტ სოფელს აერთიანებს. კლუბში თამაშის სურვილი სხვა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც აქვთ, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტის არქონა მათ ამის შესაძლებლობას უსპობს. მესტიის 2021 წლის ბიუჯეტში ტრანსპორტისთვის 418 ათასი ლარია გათვალისწინებული, მაგრამ ეს თანხა სპეცტექნიკის, მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა ავტომობილების მოვლა-პატრონობას ხმარდება. 750 ათასი ლარია გამოყოფილი სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის. რაში და რამდენად მიზნობრივად იხარჯება ეს თანხა, ამაზე სვანეთის სათემო რადიო ცალკე გიამბობთ.

„თუ სტანდარტული ზომის სტადიონი არ იქნება, შეუძლებელია ნორმალურ დონეზე თამაშების ჩატარება, ვერც წინ წავალთ. რაც მეტი ბავშვი ჩაებმება სპორტში, მით უკეთესი, ნაკლები ადამიანი იქნება დამოკიდებული ალკოჰოლსა და მარიხუანაზე.

„მესტია“ პირველი კლუბია სვანეთის ისტორიაში და ეს ისტორია მალევე რომ დაიშალოს, არც მინდა ამაზე ვიფიქრო. თუ არავინ გამოჩნდა, ვინც გვერდით დაგვიდგება, იმ მინიმალურ პირობებს მაინც არ შეგვიქმნის, რომ ნორმალურად შევძლოთ ფეხბურთის თამაში, მეც დამეკარგება მოტივაცია და ბიჭებსაც“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში