საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბაკურიანის შეჯიბრებებიდან რუსი და ბელარუსელი სპორტსმენები მოხსნეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:10 - 03 მარტი 2022 hits 24789

რუსმა ათლეტებმა, რომლებიც ბაკურიანის სათხილამურო და სნოუბორდის ტურნირზე იყვნენ ჩამოსულები, საქართველო უკვე დატოვეს. 

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუსელ სპორტსმენებს ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობა აეკრძალათ.

“ბელარუსელები არ ყოფილან ჩამოსულები. ორი ათლეტი იყო რუსეთიდან. როდესაც გავიგეთ, რომ საერთაშორისო ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, პირველ ვარჯიშშიც აღარ მიიღეს მონაწილეობა და მალევე წავიდნენ“, - ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში ეკა გაბაშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. 

მსოფლიო თასის ეტაპების შეჯიბრებები თხილამურებითა და სნოუბორდით ფერდობიდან თავისუფალ დაშვებაში ბაკურიანში 3-6 მარტს იმართება, თუმცა უამინდობის გამო დღეს ტურნირი ვერ დაიწყო. საქართველოს სათხილამურო ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ  ფინალების გამართვას შაბათ-კვირას მაინც შეძლებენ.

„30-მდე სპორტსმენია ჩამოსული. 180 უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ბევრმა ფედერაციამ უსაფრთხოების გამო გააუქმა ვიზიტები. მთლიანად ტურნირის გადადების რეკომენდაცია არ მოგვცა ფედერაციამ, ამიტომ იმართება, თუმცა ძალიან მოკრძალებულია, ყოველგვარი მუსიკის ან პომპეზურობის გარეშე,“ - გვითხრა ეკა გაბაშვილმა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) განცხადებაში ნათქვამია, რომ „საბჭომ განიხილა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაცია, საერთაშორისო ფედერაციებმა არ მისცენ რუს და ბელარუსელ ათლეტებს მათ ტურნირებში მონაწილეობის უფლება. საბჭო გამოთქვამს ღრმა და გულწრფელ იმედს, რომ კონფლიქტი უკრაინაში მალე დასრულდება და სპორტის საერთაშორისო საზოგადოებაც მალე შეძლებს ყველა სპორტსმენისა და ქვეყნის მონაწილეობით განაგრძოს ტურნირები. უკრაინის სათხილამურო ფედერაციის სოლიდარობის ნიშნად, საერთაშორისო ფედერაცია აღმოუჩენს დაუყოვნებლივ ფინანსურ,  ლოგისტიკურ და ტექნიკურ დახმარებას უკრაინელ ათლეტებს და გუნდებს, ვიდრე ისინი მშვიდობიანად არ შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.“

რუსი და ბელარუსელი ათლეტებისთვის შეზღუდვა 2021-2022 წლის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. FIS ასევე მიმართავს ნაციონალურ სათხილამურო ასოციაციებს და სთხოვს, დაეხმარონ სპორტსმენებს რუსეთიდან და ბელარუსიდან თავიანთ ქვეყნებში გამგზავრებაში. 

უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო, დასავლურმა სამყარომ რუსეთს სანქციები სპორტშიც დაუწესა. სანქციების უმრავლესობა შეეხო ბელარუსსაც, რომელიც უკრაინასთან დაწყებულ სასტიკ ომში ვლადიმერ პუტინს ეხმარება.

ფეხბურთი - UEFA-მ და FIFA-მ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომ რუსულ გუნდებსა და კლუბებს შეჯიბრებებიდან ხსნიან „შემდეგ შეტყობინებამდე“. ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზში გაიმართება.

კალათბურთი -  კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის გუნდები და ოფიციალური პირები ვერ მიიღებენ მონაწილეობას FIBA-ს და 3x3 კალათბურთის შეჯიბრებებში. „შემდეგ შეტყობინებამდე“.

FIA და „ფორმულა ერთი“ – სოჭში დაგეგმილი „ფორმულა ერთის“ გრანპრი ჩაიშალა. FIA-ს გადაწყვეტილებით, შეჯიბრებებში რუსი და ბელარუსელი სპორტსმენები საკუთარი ქვეყნების სახელით მონაწილეობას ვერ მიიღებენ, აკრძალვა ეხება მათ დროშებსა და ჰიმნებსაც.

მძლეოსნობა - მსოფლიო მძლეოსნობის სერიებიდან ყველა რუსი და ბელარუსელი ათლეტი მოხსნეს.

ჩოგბურთი - ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კავშირიდან გარიცხა რუსეთისა და ბელარუსის ფედერაციები, „შემდეგ შეტყობინებამდე“.

მშვილდოსნობა - არცერთ სპორტსმენს და გუნდის წარმომადგენელს რუსეთიდან და ბელარუსიდან არ ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს მშვილდოსნობის საერთაშორისო ტურნირებში. აკრძალვა ეხება ამ ქვეყნების დროშებსა და ჰიმნებსაც.

ჭადრაკი -  რუსეთისა და ბელორუსის დროშები და ჰიმნები მოიხსნება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ღონისძიებებიდან. წყდება რუსეთისა და ბელარუსის ოფიციალურ და სახელმწიფო კომპანიებთან დადებული ყველა სასპონსორო ხელშეკრულება.

ტანვარჯიში - რუსეთის და ბელარუსის დროშები და ჰიმნები არ იქნება წარმოდგენილი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) მიერ სანქცირებული ღონისძიებებზე. რუსეთსა და ბელარუსში FIG-ის დაგეგმილი ყველა შეჯიბრი უქმდება.

ჰოკეი -  რუსეთს აეკრძალა მონაწილეობა ჰოკეის ქალთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 1-12 აპრილსაა დაგეგმილი.

ყინულის ჰოკეი - რუსეთისა და ბელარუსის ყველა საერთაშორისო და საკლუბო გუნდს ყველა ასაკობრივ ჯგუფში ეკრძალება ასპარეზობა ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) შეჯიბრებებში ან ღონისძიებებში. რუსეთს ასევე ჩამოერთმევა უფლება, უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს 2023 წელს.

რაგბი -  რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებს „საერთაშორისო რაგბისა და საზღვრისპირა საკლუბო რაგბის აქტივობები შეჩერებული აქვთ“. რუსეთის რაგბის შეუჩერდა მსოფლიო რაგბის წევრობაც.

რუსეთსა და ბელარუსს მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ საერთაშორისო ფედერაციების მიერ ორგანიზებულ ტურნირებში ფიგურული სრიალში, სერფინგში, ფრენბურთში, ბეისბოლში, ნიჩბოსნობაში, ნაოსნობაში და სპორტის სხვა სახეობებში.

პირადი სანქციები დაუწესდა ვლადიმერ პუტინსაც - ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის პრეზიდენტს 2014 წელს გადაცემული ჯილდო ჩამოართვა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი  - 2013 წელს გადაცემული მეცხრე დანის შავი ქამარი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში