საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვინ არიან კანდიდატები და რატომ უნდათ მესტიის მერობა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:27 - 28 სექტემბერი 2021 hits 36170

2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში მესტიას მერობის 5 კანდიდატი ჰყავსმოქმედი მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ცდილობს, ეს თანამდებობა მეოთხედ დაიკავოს. მის კონკურენტებს შორის არის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი გიორგი რატიანი, რომელიც 2017 წლიდან მერობის კანდიდატად წარდგენამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის თანამშრომელი იყო.

კაპიტონ ჟორჟოლიანი

კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო 1999 წლიდან. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 2000-2002 წლებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2006 წლის ჩათვლით კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. მომდევნო 4 წელში ისევ კომისიის წევრი იყო.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შვიდი დღით ადრე, კაპიტონ ჟორჟოლიანი პოლიციელებმა მესტიაში წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟორჟოლიანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მესტიის საოლქო კომისიის წევრს; ზუგდიდის სასამართლომ დავით კეკენაძის თავჯდომარეობით მას ორმოცდღიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ისვადაზე ადრე, 5 ოქტომბერს გაათავისუფლეს. 2 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო - ხმების 54.97 % მიიღო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 20 ნოემბერს, მესტიის საკრებულომ ყოფილ გამგებელს ილია ჯაფარიძეს უნდობლობა გამოუცხადა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად კაპიტონ ჟორჟოლიანი დანიშნა. მან 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა და ამომრჩეველთა ხმების 69.9 % დააგროვა. მესტიის მერის თანამებობაზე ჟორჟოლიანმა კენჭი 2017 წლის არჩევნებშიც იყარა და 61.44 % მიიღო, მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი მალხაზ უდესიანი გავიდა ხმების 38.56 %-ით.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2013 წელს სოფელ მულახში ფლობდა 3.3 ჰექტარ მიწის ნაკვეთს; ოჯახის წევრთა თანასაკუთრებაში იყო მესტიაში, სეტის ჩიხში მდებარე საცხოვრებელი სახლი 588 კვმ; კაპიტონ ჟორჟოლიანი და მისი მეუღლე ნინა ხატისკაცი თანაბრად ინაწილებენ თბილისში, ჩუბინაშვილის 68-ში მდებარე 57 კვმ ბინის წილს. ოფიციალური მონაცემებით, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2021 წელსაც იგივე რაოდენობის ქონებას ფლობს, რაც გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნისას ჰქონდა.

2014-2020 წლებში, მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა სასტუმრო მომსახურების მისაღებად კონტრაქტები კონკურსის გარეშე გაუფორმა შპს სასტუმრო უშბას, რომლის დირექტორიც მისი და თეა ჟორჟოლიანია, სასტუმროს 100 % წილს კი, სიძე ოლეგ კახიანი ფლობს. 28 გამარტივებული შესყიდვის ჯამური ღირებულება 125 354 ლარია. 28 შესყიდვიდან 20 შემთხვევაში თეა ჟორჟოლიანისგან მომსახურება მესტიის მერიამ და მის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა შეისყიდეს. კაპიტონ ჟორჟოლიანს მის დასთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება არ ჰქონდა. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის მიხედვით, და და ძმა ახლო ნათესავად ითვლებიან, რაც ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და კანონის დარღვევაა.

2020 წლის 24 თებერვალს მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებმა სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „შან ლენდ“ დააფუძნეს. დანიშნულების მართვის ორგანიზაციები (დმო) რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით შეიქმნა და ევროკავშირისგან თუ ამერიკული ორგანიზაციებისგან საგრანტო მხარდაჭერის გარდა, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებენ დამფუძნებელი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. 2021 წელს მესტიის მუნიციპალიტეტს შან-ლენდისთვის 138 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. დმო-ს დირექტორს სამთვალყურეო საბჭო არჩევს. საბჭოს წევრები მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტები არიან, წარმოდგენილები პირველი პირების სახით. ორგანიზაციის დირექტორად კაპიტონ ჟორჟოლიანის ძმა დავით ჟორჟოლიანი დაინიშნა.

მესტიის მერად მუშაობის პერიოდში კაპიტონ ჟორჟოლიანმა სამსახურიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლა განსხვავებული აზრის გამო, მათ შორის, ანა ჩართოლანი, ნარგის ნიგურიანი, მაია კახიანი, მანანა საღლიანი და სხვები. ანა ჩართოლანი 8 წელია იბრძვის გარეგანათების სამსახურში რომ აღადგინონ და იძულებით განაცდური ხელფასი აუნაზღაურონ. მისი გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ სცნო უზენაესმა სასამართლომაც, მაგრამ კაპიტონ ჟორჟოლიანი კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს, ანა ჩართოლანს არც სამსახურში აბრუნებს და არც განაცდურს აძლევს. 3 წელია დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოში იბრძვის ნარგის ნიგურიანიც. ის მესტიის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ სვანეთში ხუდონჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ნენსკრა ჰესის მიმართ საპროტესტო გამოსვლების აქტიური მონაწილე იყო. უზენაესმა სასამართლომ მისი გათავისუფლების ბრძანებაც უკანონოდ სცნო, თუმცა ნიგურიანის საქმეზე დავა ისევ გრძელდება.

კაპიტონ ჟორჟოლიანს პასუხს არავინ სთხოვს არც სახელმწიფო შესყიდვების კანონის დარღვევის, არც განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დევნის და არც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისთვის.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, ჟორჟოლიანს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე და სოზარ სუბარი ლობირებენ.

მესტიის მერობის კანდიდატებს „მთის ამბებმა“ ჰკითხა, რატომ უნდათ მესტიის მერობა, რა არის ზემო სვანეთის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და რა არ მოსწონთ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში. კაპიტონ ჟორჟოლიანმა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი გვითხრა იმ მიზეზით, რომ ძმა რეანიმაციაში ჰყავს და სასაუბროდ დრო არ ჰქონდა.

კაპიტონ ჟორჟოლიანის ძმას, დავით ჟორჟოლიანს, რომელიც მესტიაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსიც არის, რამდენიმე დღის წინ სცემეს. ინციდენტი სოფელ ჭუბერში მოხდა. დავით ჟორჟოლიანს ფიზიკურად ცოლის ნათესავი გაუსწორდა. ჩხუბის მიზეზი ის გახდა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსმა ნათესავის ოჯახის წევრები კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების სიიდან ამოიღო. დავით ჟორჟოლიანმა, რომელსაც მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი, გონება იმავე დღეს დაკარგა. ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

„ბოლო 8 წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა ზემო სვანეთში და მიხარია, რომ ამას ადგილობრივი მოსახლეობაც გრძნობს. მთელი მუნიციპალიტეტის კუთხე კუნჭული კარგად ვიცი. პირადად მაქვს შესწავლილი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც მე და ჩემი გუნდი ყოველდღიურად, ეტაპობრივად ვცდილობთ. პრობლემების მოგვარებას სწორი სტრატეგია და კარგი სამოქმედო გეგმა სჭირდება. როდესაც გამგებლად დავინიშნე, 2012 წელს, მესტიის ადგილობრივი ბიუჯეტი 600 000 ლარი იყო. წელს, უკვე ამ პერიოდისთვის ბიუჯეტი შესრულებული გვაქვს 11.5 მილიონით, აქედან, 9.5 მილიონი ლარი ადგილობრივი შემოსავლებია და წელს ჩვენ შევძლებთ დაახლოებით 11-13 მილიონზე ავიდეთ, რაც ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის და სწორი სტრატეგიის შედეგია. შემდეგი 4 წლის მანძილზე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა თემის ადმინისტრაციულ ცენტრამდე ბეტონის გზა გაკეთდეს, გაკეთდეს წყალარინების სისტემა, მუდმივად მიეწოდებოდეს მოსახლეობას სასმელი წყალი. მჯერა, თქვენი მხარდაჭერით ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა 25 აგვისტოს, როცა ის პრემიერ-მინისტრმა მესტიის მერობის კანდიდატად წარადგინა.


 

მალხაზ უდესიანი

54 წლის მალხაზ უდესიანი მესტიის მერობაზე კენჭს მეორედ იყრის. 2017 წელს ის საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი იყო და არჩევნები კაპიტონ ჟორჟოლიანმა მოუგო. უდესიანი ახლა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატია.

მალხაზ უდესიანს დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი; სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის სპორტ სკოლაში მწვრთნელის პოზიციაზე; სამთო-სათხილამურო სპორტის საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად; მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსად; საქართველოს 12 გზის ჩემპიონია თხილამურებით სრიალში, სპორტის ოსტატი, საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. 2018 წლიდან იყო საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე.

„ძეგლებს უნდა აუცილებლად გაფრთხილება და მოვლა. ეს არის მონაპოვარი. როცა ვლაპარაკობთ აღმშენებლობაზე, ეს ძეგლები უნდა იყოს დაცული. არ უნდა მახინჯდებოდეს. ხალხი გირჩევს იმისთვის, რომ შენ მათ ემსახურო. შემდეგი არის ელემენტარული ინფრასტრუქტურა. 21-ე საუკუნეში არ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი, რომ თურმე გზები არის საჭირო ყველა სოფელში. სადაც კი მოხვდებით, გზა არსად არ არის. წყალი არ არის, კანალიზაცია არ არის. ეს თუ არ გაქვს, მაშინ განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ტურისტსაც ვერ მიიღებ, რომ დაასვენო. განათლება და ჯანდაცვა - აბსოლუტურად მორყეულია ჯანდაცვის სისტემა. ხელმძღვანელი რომ ხარ, საკითხი არაერთხელ უნდა დააყენო. რეანომობილი ამოდის ზუგდიდიდან მესტიაში, ელოდებიან რამდენიმე საათი და მერე მიჰყავს აქედან. რეანომობილი უნდა იყოს სვანეთში, ტრავმატოლოგიური ცენტრი - სამთო სათხილამურო კურორტია და ტრავმატოლოგი არ გვყავს. რაც შეეხება განათლებას, ეს ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, უნდა დავამაგროთ. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ცოდნის მიღებისა და გაღრმავების შესაძლებლობა. ამისი საშუალება აქ არ არის. ამიტომ უწევთ ქალაქში ჩასვლა და ასე დაგვეცლება ნელ-ნელა სვანეთი. მეხუთე ძირითადი პრობლემა არის ელექტროენერგია, შიდა  ქსელი. სრულიად მოშლილია. ზამთარში შუქი ხშირად ქრება და ეს ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის“, - ამბობს უდესიანი.

 

გეგი გულედანი

36 წლის გეგი გულედანი მესტიის მერობის კანდიდატია პარტიიდან - „ლელო საქართველოსთვის“. დამთავრებული აქვს თბილისის და პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების მედიცინის ფაკულტეტი; 2012 წლიდან დღემდე მესტიის საავადმყოფოს ქირურგია.

კითხვაზე - რატომ უნდა მესტიის მერობა, ასე პასუხობს:

„სვანეთში ძალიან არის განვითარებული ნეპოტიზმი. მერიაში რომ შეხვიდეთ, ერთი დიდი ოჯახის წარმომადგენლობაა. განათლება და შესაძლებლობები ყოველთვის მეორეხარისხოვანია, ვიდრე ნათესაობა. ეს უნდა შეიცვალოს!“

„5 მთავარი პრობლემა ძალიან ცოტაა. ბევრი პრობლემა გვაქვს. ყველაზე დიდი პრობლემა რაც ჩვენს კუთხეს აქვს, განვითარების გეგმის არქონაა - რა გვინდა სამომავლოდ შევქმნათ ჩვენს სვანეთში. თუ გვინდა ტურიზმი განვავითაროთ, მაშინ თავი უნდა შევიკავოთ ოქროს საწარმოო წესით მოპოვებისგან, ჰესების დაუგეგმავი მშენებლობისგან. ჰესები აუცილებელია განვითარებისთვის, მაგრამ ბუნებასთან შესატყვისად უნდა იყოს ეს ყველაფერი.

განათლების პრიბლემები - არ არსებობს სკოლა, რომელსაც მასწავლებლების პრობლემა არ ჰქონდეს. არ გვყავს უცხო ენების სპეციალისტები, სხვა პედაგოგების პრობლემაც არის. ჩვენთან სკოლადამთავრებულ ბავშვს ნაკლები შანსი აქვს გახდეს კონკურენტი იმ გარემოში, რაც ახლა ქალაქებშია. სრულიად მოშლილია სპორტული ინფრასტრუქტურა. რამდენი ხანია მესტიის რაიონს არ გაუზრდია საქართველოს ჩემპიონიც კი. თუ ვინმემ რამეს მიაღწია, თავისი მონდომებით და მიდიან აქედან. ადგილზე არ გვაქვს ისეთი სპორტდარბაზები, სადაც ბავშვი შეძლებს ქუჩის, სიგარეტის და ლუდის ნაცვლად, სპორტით იყოს დაკავებული.

ჯანდაცვა ყველაზე მტკივნეულია. არ გვყვავს კადრები და არ არის მთავრობისგან დაინტერესება, რომ კვალიფიციური ექიმები მოვიწვიოთ. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნის ადგილზე დარჩენის პრობლემას, რადგან ყველას ეშინია, ავად თუ გახდა, მომსახურებას ვერ მიიღებს.

არსად ნორმალური გზა არ არის. კანალიზაციის პრობლემაა ყველგან, სასმელი წყალი არ მიეწოდება ხალხს გამართულად, ან საერთოდ არ აქვს, ახლა ელექტროენერგიის პრობლემაც დაერთო. ბიტკოინების ფერმების მონტაჟი უმოწყალოდ გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის წევრებიც აქტიურად მონაწილეობენ ამაში.

მეხუთე პრობლემა, რასაც შეიძლება ხაზი გაესვას, არ არსებობს ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობა სრულად განადგურებულია. არავინ არის დაკავებული იმით, რომ ადგილზე აწარმოოს პროდუქცია“.

 

ბექა დადეშქელიანი

28 წლის ბექა დადეშქელიანი მესტიის მერობის კანდიდატია პარტიიდან „ანა დოლიძე ხალხისთვის“. ბექას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი, არის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მაგისტრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი; განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე ბელგიაში, ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში. მუშაობდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მენეჯერად, მიწვეულ ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღემდე ააიპ „ჭკვიანი სოფელი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარეა. არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომირებული ახალგაზრდული მუშაკი.

მესტიის მუნიციპალიტეტში ხუთ მთავარ პრობლემას შორის გაუმართავ ინფრასტრუქტურას და სოციალურ სერვისებს, გარემოსდაცვით პრობლემებს და გენერალური გეგმის არარსებობას, ახალგაზრდების განვითარების ნაკლებ შესაძლებლობებს, ტურიზმის არასწორად განვითარებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფ კულტურული მემკვიდრეობას ასახელებს:

„21-ე საუკუნის სვანეთში მითოლოგიად იქცა გზები, წყალი, შუქი, საგზაო ინფრასტრუქტურა და ინტერნეტიზაცია. ჩვენ ამ პრობლემებს პირდაპირი მნიშვნელობით დავარტყამთ და მოვაგვარებთ პირველივე წელს.

მეორე ეს არის გარემოს დაცვა და ის პრობლემები, რაც სვანეთს ახასიათებს, ნარჩენების დახარისხება; ბუნებრივი კატასტროფები, რომლებსაც მართვასჭირდება; გენერალური გეგმის შემუშავება, რომელიც არ არსებობს. ამაზე ვიზრუნებთ პირველ რიგში.

ჩემთვის ყველაზე მტკივნეული - ახალგაზრდების გადინების დინამიკა ძალიან მაღალია და ამაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ადგილზე მივცეთ შესაძლებლობები, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ტურიზმი ერთადერთი ეკონომიკური დარგია სვანეთში, რომელიც ასე ვთქვათ სრულყოფილად განვითარებულიც კი არ არის. წინა მთავრობის და ხელისუფლების ქმედებები ძირითადად იქითკენ იყო მიმართული, რომ ცდილობდნენ, ტურიზმი ერთადერთი დარგი გაეხადათ სვანეთში. ჩვენ ტურიზმს გავამრავალფეროვნებთ და მიზიდულობის წერტილებს შევქმნით ყველა სოფელსა და თემში. 17-ვე თემს მივცემთ ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას.

კულტურა და ძეგლთა დაცვა - ვგულისხმობ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასაც. ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ სვანური ენა. თუ ამ პრობლემის მოგვარებაზე დღეს ჩვენ არ ვიზრუნეთ, 50 წლის შემდეგ სვანური ენა დაიკარგება. კოშკებს ვუყურებთ და რა ხდება, რეაბილიტაციის ყველა ეტაპზე არის დარღვევები და არ ხორციელდება ხარისხიანად. ჩვენ გვაქვს კარგი გეგმა, როგორ შევინარჩუნოთ ძეგლები, როგორ განვავითაროთ, როგორ შევქმნათ დამოუკიდებელი ფინანსური ფონდები მათი შენახვისა და განვითარებისთვის.

ჩემს უკან არსებული გაჩერებული საათი არის სიმბოლო იმ გაჩერებული თვითმმართველობისა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და 8 წლის განმავლობაში განიავებული შესაძლებლობებისა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ხელისუფლებამ დაივიწყა დეცენტრალიზაციის არსი. იმის მაგივრად, რომ ეზრუნა და ჩვიდმეტივე თემში შეექმნა მიზიდულობის წერტილები, მაქსიმალურად დატვირთა დაბა მესტია, რაც არის არასწორი და ეს არის მთავარი შეცდომა“.

 

გიორგი რატიანი

„9 წლის განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეძლო თუ ვერ შეძლო პრობლემების გადაწყვეტა, მათ თავისი რესურსი სრულად ამოწურეს!“ - ასე გვიპასუხა კითხვაზე - რატომ გინდათ მესტიის მერობა, 32 წლის გიორგი რატიანმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია.

გიორგის დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტიკური აკადემიის ეკონომიკის ფაკულტეტი; სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის წყალმომარაგების კომპანიაში, მესტიის კულტურის სამსახურში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. 2017 წლიდან იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომელი.

მესტიის მუნიციპალიტეტში ხუთ მთავარ პრობლემას შორის ასახელებს - ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობას განსაკუთრებით ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში; სოფლის მეურნეობის განუვითარებლობას; მუნიციპალური ტრანსპორტის არქონას; წყალმომარაგების, კანალიზაციის პრობლემებს და ელექტროენერგიის გაუმართავ ქსელს; ცენტრალური და მუნიციპალური გზების გაუმართაობას:

„სამწუხაროდ, ადგილობრივი საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელ სტანდარტებზეც უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში ხდება მათი გადაყვანა სხვადასხვა კუთხის საავადმყოფოებში, რაც არის გამოწვეული ბევრ ხარჯთან და დროსთან. მესტიის საავადმყოფოს არ ჰყავს რეანომობილი. ძალიან დიდი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდება სვანეთის შორეულ სოფლებს. ეს არის იდლიანი, ხაიში, უშგული, კალას თემი და იფარის თემი. აუცილებელია, რომ ქვედა და ზედა ზონების სოფლებში იყოს სამედიცინო დახმარების პუნქტები, სამაშველო-ხანძარსაწინააღმდეგო სერვისები. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პრობლემა მოვაგვარო.

თითქმის 17-ვე სოფელში გზების პრობლემა გვაქვს. არსად არ არის შიდა გზები მოწესრიგებული. აუცილებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და გზების მობეტონება. აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებს ცენტრალური გზა, რომელიც დღეისათვის ძალიან ცუდ მგდომარეობაშია“.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში