საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის გზა სავარაუდოდ 9 ივნისს გაიხსნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:57 - 08 ივნისი 2019 hits 5729

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, მეწყრის შედეგად წარმოქმნილ ტბასთან წყლის დონის დაწევისა და გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. თუშეთის გზაზე მაღალი გამავლობის მანქანებისთვის მოძრაობა სავარაუდოდ 9 ივნისს აღდგება. ამ დროისთვის ადგილზე 5 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.

აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გამავალი გზა თუშეთთან საავტომობილო კავშირის ერთადერთი შესაძლებლობაა. უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, გზა ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის შუა რიცხვებამდე ვერ ხნსიან. მესამე წელია გზის გახსნა უფრო გვიანდება. 2017 წელს სოფელ ხისოსთან დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა მოწყდა, მდინარე დააგუბა და ტბა წარმოქმნა. გზა წყალმა დაფარა.

ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკის მობილიზება წელსაც დაგვიანებით, 7 ივნისს, მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა, რაც თუშებმა გზის გახსნის მოთხოვნით, 4 ივნისს, სოფელ ქვემო ალვანში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობას სამდღიანი ვადა მისცეს სამუშაოების დასაწყებად. „სამ დღეს ვაძლევთ ხელისუფლებას, თუ დაიწყებენ მუშაობას დაგუბებული წყლის გასაშვებად, არადა, ჩვენი ძალებით, სათუშო მივდივართ და როგორც და რა ფორმითაც შევძლებთ, თვითონ ვეცდებით გზის გახსნას. საშიში კი არის, მაგრამ, რა გავაკეთოთ, სხვა გამოსავალს აღარ გვიტოვებენ“, - აღნიშნა სასტუმრო „თუშეთის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ, სოსო ბაბულაიძემ.

უგზოობის გამო თუშეთში ტურისტული სეზონი ჯერ არ დაწყებულა, სასტუმროებსა და საოჯახო სახლებში გაუქმდა ჯავშნები. ამ დრომდე არ დასრულებულა მსხვილფეხა საქონლის გადარეკვა ბარიდან მთაში, რის გამოც მესაქონლეებიც დაზარალდნენ.

უცხოელი ტურისტების რამდენიმე ჯგუფმა თუშეთში დაგეგმილ მოგზაურობაზე უარი მაინც არ თქვა და დატბორილი მონაკვეთი ცხენებით გადალახეს. 6 ივნისისთვის წყლის სიმაღლე ცხენებს თითქმის მთლიანად ფარავდა და გზა სიცოცხლისთვის სახიფათო იყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთის გზის 56-ე კილომეტრის გარდა, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს, 10 მაისს, სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. საპროექტო გადაწყვეტები გზების დეპარტამენტს 12 ივნისიდან უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყება ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე თუშეთის გზაზე 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში