საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დაფუძნდა გუდამაყრის სათემო ორგანიზაცია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:15 - 06 აპრილი 2019 hits 7045

გუდამაყრის ხეობის განვითარებისა და მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობისთვის გუდამაყრის მცხოვრებლებმა სათემო ორგანიზაცია დააფუძნეს.

სკოლამდელი, სასკოლო და პროფესიული, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ადგილობრივ მოსახლეობაში სამეწარმეო და ბიზნეს-უნარების განვითარება; ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და დაცვა; ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესება; ქალთა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებებით აპირებს მუშაობას გუდამაყრის სათემო ორგანიზაცია.

„გუდამაყრელებს დიდი ხანია გვაღელვებს ხეობაში მიმდინარე პროცესები და გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა. გამოსავალს ვეძებდით. სათემო ორგანიზაციის დაფუძნებაში გადამწყვეტი როლი გუდამაყარში ჰესის მშენებლობის საფრთხემ შეასრულა, ვინაიდან ნათლად გამოჩნდა მოსახლეობის აქტიურობის მნიშვნელობა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელსაც ექნებოდა უფლება სხვადასხვა უწყებაში წარმოედგინა გუდამაყრის ინტერესები, რომელიც შეძლებდა მოსახლეობის უფლებების ადვოკატირებას.

სათემო ორგანიზაციის მიზანი გუდამაყრის პოტენციალის სწორად, მოსახლეობისთვის სასარგებლოდ გამოყენებაა.

ჩვენ ვიმუშავებთ ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ მთავრობებთან, რათა გუდამაყრელებს ჰქონდეთ საშუალება, რომ მათი აქტიური ჩართულობის გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული.

გვახარებს და სტიმულს გვაძლევს ის ფაქტი, რომ გუდამაყრელების მანდატი გვაქვს, ჩვენი სჯერათ და იმედი აქვთ“, - უთხრა „მთის ამბებს“ გუდამაყრის სათემო ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თეონა (თეკლა) ბექაურმა.

გუდამაყრის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან თეონა წიკლაური, ჟუჟუნა წიკლაური, გიორგი წიკლაური, პაატა ბექაური, გიორგი ბექაური, დავით წიკლაური, ილია ბექაური, ჯიმშერ წიკლაური და თეონა ბექაური. დამფუძნებლებმა თავმჯდომარედ დავით წიკლაური აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილედ კი თეონა ბექაური.

სათემო ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომელიც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს გუდამაყრის ხეობაში, ან წარმოშობით იქიდანაა.

გუდამაყრის ხეობაში 22 სოფელია, სადაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 234 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში ბევრად ნაკლები. ათნოხი და ბურსაჭირი უკვე ნასოფლარებია. ბაკურხევში, ბახანში, ბოსელში, დიდებანში, დიხჩოში, დუმაცხოში, საკერპოში, საჩალისჭალაში, სიჯანაანში, ფახვიჯში, ჩობალაურნსა და წინამხარში რამდენიმე ადამიანიღა შემორჩა, ძირითადად მოხუცები. მოსახლეობის 2002 წლის აღწერით, გუდამაყრის ხეობაში 682 ადამიანი ცხოვრობდა.

გუდამაყრის სათემო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ხელშეწყობით ახორციელებს მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერების პროექტს, რომლის მიზანია თუშეთის, პანკისის, ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრისა და ხევის მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში