საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ზვავებთან მებრძოლი - შოთა არაბული

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:23 - 03 აპრილი 2019 hits 9483

„არის შემთხვევები, რომ შეიძლება ზვავი მოვიდეს და დაგიტანოს. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, ზედ დამცემია ზვავი. კაბინაში შემომივარდა, ფეხები ვერ დამიკავა, მაღლა ავწიე, პატარა ადგილი მქონდა და გამოვძვერი. თითქმის ყველას აქვს ეს გამოცდილება, ზვავი ჩაუტყდათ და ჩავარდნენ შიგ. როცა მდინარე გადის ზვავის ქვეშ და დიდი გვირაბია გაკეთებული, წმენდის დროს ტყდება ეს ერთიანად და ტრაქტორი შიგ ვარდება. ძალიან ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევები“.

შოთა არაბული ხევსურეთში, დათვიჯვრის უღელტეხილსა და შატილისკენ მიმავალ გზაზე ზვავებსა და დიდთოვლობას უკვე 30 წელია ებრძვის. შატილის გზის გაწმენდას ბარისახოს საგზაო სამსახური მარტში იწყებს და სამუშაოები მაისის ბოლომდე გრძელდება. ძველი ტრაქტორებით ახლა ე.წ. ველკეთილში მუშაობენ. ძლიერი ნისლის გამო ხილვადობა შეზღუდული იყო.

„დიდი ზვავებია უღელტეხილზე, 30-35 მეტრს აღწევს. ვერ ვიგებთ ზუსტად სად არის მოსახვევი. უღელტეხილზე სულ ასეა. მიახლოებით ვიცით და მივყვებით. სად მიდიხარ და რას აკეთებ, ვერა ხედავ, ვარაუდით ვმუშაობთ“

ვარაუდით გზის გაკვალვა ხშირად უწევს. გზას კორშიდან შატილამდე წმენდს, 56 კილომეტრს. მისთვის ყველაზე რთული მონაკვეთი დათვიჯვრის უღელტეხილია.

„ზვავების გარდა 10-15 მეტრი ნაქარებია. ისეა გადასწორებული, საერთოდ არ ეტყობა გზა და კვალი სად ხარ. დიდი ალბათობაა რომ მოგისკდეს ნაქარი. არის შემთხვევები ერთ ზვავზე ორი კვირა გვიწევს მუშაობა“.

დღეში რვა, ხშირად ათ საათსაც მუშაობენ. ანაზღაურება 50 ლარის ფარგლებში მერყეობს: „არ ფასდება ისე, რამდენ რისკთანაც არის დაკავშირებული“.

მეუღლე, ოთხი შვილი და ექვსი შვილიშვილი ჰყავს. ნერვიულობენ, მაგრამ მიჩვეულები არიანო: „მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებ. 21 წლის ვიყავი როცა დავიწყე. ამჟამად სხვა სამსახურსაც ავირჩევდი, მაგრამ არჩევანი ნაკლებადაა. თან მიჩვეული ვარ უკვე და მირჩევნია პენსიამდე ისევ ეს საქმე ვაკეთო. უფლის ნებით ცოცხალი თუ ვიქნები...“

პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა ნოემბერში იკეტება და აპრილის ბოლომდე შატილის თემში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. წელს შატილში 30-მდე ადამიანმა გამოიზამთრა. რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს მუცოში, არდოტში, ბახაოში, ანდაქსა და ხონეში.

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში