საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როცა გზაზე მშობიარობენ ან კვდებიან - ონის სამშობიაროს აღდგენაზე მთავრობა უარს ამბობს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:47 - 30 მარტი 2019 hits 22260

მუცელი რომ ასტკივდა, ვიდრე წედისიდან ონამდე ჩააღწევდნენ, ბავშვი პიპილეთის გადასახვევთან მანქანაში გააჩინა. რაჭაში „მთის ამბებს“ კიდევ რამდენიმე შემთხვევის შესახებ უამბეს, როცა ორსული არ მიიღეს ონის საავადმყოფოში, არც ამბროლაურში, მშობიარობაზე ტყიბულსა და თერჯოლაშიც უარი უთხრეს და ქუთაისამდე ძლივს ჩაასწრეს. ზემო რაჭის სოფლებში ორმა ორსულმა სახლში იმშობიარა - ამბროლაურში ან ქუთაისში წასვლა ვერ მოახერხეს. გასული წლის ზაფხულში, 24 წლის ფეხმძიმე, ძლიერი სისხლდენით ვიდრე ონიდან ამბროლაურში გადაიყვანეს, ბავშვი დაიღუპა, ქალი ძლივს გადარჩა. ჯანდაცვის სამინისტრო ონში სამშობიაროს აღდგენაზე მაინც უარს ამბობს და ორსულებს ურჩევს, თადარიგი წინასწარ დაიჭირონ.

ონის საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილება 2018 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. სამინისტრო სამშობიაროს გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად რეგიონში შობადობის უკიდურესად დაბალ მაჩვენებელს ასახელებს. 2016 წელს ონის სამშობიაროში 16 ბავშვი დაიბადა.

ონში, ამბროლაურში, ლენტეხსა და ცაგერში, ოთხივე რაიონში ერთად, კვირაში ერთი, იშვიათად კი ორი ბავშვი იბადება. ონის მუნიციპალიტეტში სიკვდილიანობა შობადობას 202 %-ით აღემატება. მოსახლეობაც საქართველოში ყველაზე მეტად რაჭაში შემცირდა, 37.4 %-ით.

ასეთი კრიტიკული ვითარებაა სტრატეგიულად მნიშვნელოვან, საზღვრისპირა რეგიონში, რომლის ნაწილიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.

„გზაში მივფრინავდით, რომ გადაგვერჩინა“, - იხსენებს ონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ნონა ბაკურაძე 24 წლის ქალის ნაადრევი მშობიარობის შემთხვევას. 15 წელია, რაც სასწრაფოს ექიმად მუშაობს. „კი, ონიდან ამბროლაურამდე კარგი გზაა, უმეტესად მანქანები გზასაც გვითმობენ, მაგრამ 25-28 წუთი მაინც გვჭირდება. ეს დრო პაციენტისთვის შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ონში სამშობიარო სახლის არსებობა აუცილებელია“.

აგნეშკა კობერიძე ონში ცხოვრობს. ივნისში მე-6 ბავშვს ელოდება. გადასაწყვეტი აქვს სად იმშობიარებს.

„მე და ჩემი ქმარი მარტო ვართ აქ. არავინაა რომ მოვიდეს, ბავშვების მოვლაში დაგვეხმაროს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობიარო ახლოს იყოს. რთულია ქუთაისში ან თბილისში წასვლა. ამიტომ, ალბათ მაინც ამბროლაურში მომიწევს. დიდი პრობლემაა ონის სამშობიარო რომ დახურეს. მითუმეტეს, ახალი საავადმყოფოა, ცოტა ხნის წინ ააშენეს. ამბობენ, რომ სპეციალისტები არ ჰყოფნით, ანესთეზიოლოგი და ნეონატოლოგი არ ჰყავთ, მაგრამ მე ასე ვიმშობიარე, მხოლოდ გინეკოლოგთან. ორი შვილი პოლონეთში გავაჩინე, სამი აქ. პატარა საავადმყოფოა, მაგრამ ყველა ყურადღებას გაქცევს, გეხმარებიან.

ახლა რომ ვიგრძნო, შესაძლოა უკვე მშობიარობა მეწყება, ამბროლაურში უნდა გავიქცე იმიტომ, რომ შემეშინდება. მოასწრებ, ვერ მოასწრებ არავინ იცის. მანქანა უნდა იპოვო, უნდა ჩახვიდე, არ ვიცი...

ონის სამშობიაროს დახურვა განსაკუთრებით ისეთ ოჯახებს შეუქმნის პრობლემებს, რომლებიც უფრო გაჭირვებულები არიან, სოფელში ცხოვრობენ. ჩვენ ონში გვაქვს ბინა, მაგრამ ვინმე თუ ღებშია, ჭიორაში ან გლოლაში, ეს საერთოდ ძალიან დიდი პრობლემაა“.

ონის, ცაგერის, ლენტეხისა და ამბროლაურის საავადმყოფოებს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ მართავს, რომლის მესაკუთრეც სახელმწიფოა.

„საერთოდ რომ არ დაეხურათ სტაციონარები და მხოლოდ ამბულატორიები არ დაეტოვებინათ, სახელმწიფომ ამის გამო გამოისყიდა სადაზღვევო კომპანიებისგან ონის, ცაგერის, წალკის და სხვა რაიონების კლინიკები და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს დაუქვემდებარა. მილიონები გადაიხადა ამაში სახელმწიფომ“, - ამბობს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე.

ონში, ლენტეხსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში სამშობიარო სახლების გაუქმებას პერინატალური რეგიონალიზაციით ხსნის.

„ეს პროგრამა საქართველოში 2015 წელს დავიწყეთ. მანამდე ყველა სამშობიარო სახლის შესწავლა მოხდა სიმძლავრეების, განლაგებისა და დაშორების მიხედვით. როდესაც რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე ვსაუბრობთ, ამ საკითხის განხილვის დროს მხედველობაში იქნა მიღებული ორსულთა და რეპროდუქციული ასაკის ადამიანების რაოდენობა, რომელიც ამ რაიონებში ძალიან მცირეა. მე მახსოვს, იმ პერიოდში, წელიწადში 10 მშობიარე ჰყავდათ ონში მიღებული. მოსახლეობას როცა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უნდა შესთავაზო, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ადამიანური რესურსების დატვირთვა და შემდგომში იქ წარმოებული სერვისების მოცულობა. იმისათვის, რომ მეანგინეკოლოგმა და ნეონატოლოგმა თავისი კვალიფიკაცია შეინარჩუნონ და იქ სერვისი ხარისხიანად მიაწოდონ, ისე, რომ არ იყოს რისკის შემცველი, არსებობს გარკვეული მოცულობა, რომლის ქვემოთაც ზოგადად არ არის რეკომენდირებული სერვისის წარმოება. ეს არის წელიწადში 300 მშობიარე. ასეთი დატვირთვა პატარა ქალაქებშიც კი ძალიან ჭირს, არათუ მაგ რეგიონში.

უნდა გავითვალისწინოთ კვალიფიციური მეანგინეკოლოგი, რომელიც ონში იყო, ჰქონდა კიდეც საკეისრო კვეთის გამოცდილება, მაგრამ ერთი ექიმია, რომელიც თუ არ იქნებოდა, მაგალითად, შვებულების, რაიონიდან გასვლის ან ავადმყოფობის დროს, ძალიან რთული იყო მისი ჩანაცვლება. ნეონატოლოგი საერთოდ არ იყო. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ონიდან ამბროლაურამდე პრაქტიკულად 20 კილომეტრია და ეს გზა არასდროს იკეტება.

- ქალბატონო მარინა, 20 კილომეტრია ამბროლაურამდე ონის ცენტრიდან. საზღვრისპირა და სხვა სოფლები - ირი, წედისი, შქმერი და სხვა, ბევრად შორს არის. მითუფრო, ამ სოფლებიდან ონის ცენტრამდე მანქანას ერთი საათი სჭირდება ცუდი გზის გამო, ზამთარში უფრო მეტი.

- მე თვითონ წარმოშობით ამ რეგიონიდან ვარ და ძალიან კარგად ვიცი. მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ შეიძლება შორეული სოფლიდან ჩამოვიდეს, მანძილი მეტი იყოს და ამის გულისთვის იქ რისკის შემცველი სერვისი ყოფილიყო, რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭომ არ გაიზიარა და გადავწყვიტეთ, რომ ამ ხეობაში სამშობიარო დაგვეტოვებინა მხოლოდ ამბროლაურში, სადაც ასევე ძალიან მცირეა მშობიარეთა რაოდენობა.

- ახლა გზაზე და სახლებში რომ უწევთ ორსულებს ბავშვების გაჩენა, ეს რისკები გაითვალისწინეთ გადაწყვეტილების მიღებამდე?

- მე ყოფილი მეანგინეკოლოგი ვარ. დაახლოებით 15 წელი ვმუშაობდი. თბილისშიც მყავდა ასეთი პაციენტები და ყველა მეანგინეკოლოგს აქვს ასეთი შემთხვევა, როდესაც სასწრაფოს მოუყვანია უკვე ნამშობიარევი.

პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში სამშობიარო სახლები სამ დონედ არის დაყოფილი. პირველი დონეა ამბროლაურში დარჩენილი, ონსა და ლენტეხში აღარ არის საერთოდ. არ არის ასევე ქუთაისთან ახლოს მყოფ რაიონებში, როგორიც არის თერჯოლა, ხონი. ტერიტორიული პრინციპი, სიახლოვე სამშობიარო სახლთან, უნდა იყოს სამანქანო სვლით დაახლოებით 30 წუთიდან 1 საათამდე. გასათვალისწინებელია, რომ ისეთ შორ ადგილებზე თუ არის ორსული, 9 თვის განმავლობაში ორსულის მეთვაყურეობის დროს, ექიმმა წინასწარ უნდა განსაზღვროს როგორი მშობიარობა ექნება, ფიზიოლოგიური თუ გართულებულია ორსულობა, ეს ქალი არც ამბროლაურში არ უნდა დარჩეს და უნდა გადამისამართდეს სხვაგან.

- გადამისამართების შემდეგ ხომ უფრო მეტი თანხა სჭირდება ოჯახს?

- შეუძლებელია რომ მეორე დონის სამშობიარო სახლი იყოს ონში ან ამბროლაურში, წარმოუდგენელია. ვერ იქნება ფიზიკურად ასეთი დატვირთვის რაიონებში.

- გართულებული ხელმისაწვდომობა არ შეუწყობს ხელს მოსახლეობის მიგრაციას და კიდევ უფრო არ გააუარესებს ისედაც საგანგაშო დემოგრაფიულ ვითარებას?

- არ არის ეს სწორი მიდგომა. პერინატალური რეგიონალიზაციის გამოცდილება არ არის მხოლოდ საქართველოს გამოცდილება. ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო გამოცდილება. აუცილებელია, რომ პაციენტი სწორ დროს მივიდეს სწორ ადგილას. მეორე დონის სამშობიარო სახლმა უნდა მოახდინოს ძალიან დიდი გართულებების მართვა მშობიარე და ორსულ ქალში, რომელსაც სჭირდება არამხოლოდ სამეანო გინეკოლოგიური კვალიფიკაციის მაღალი დონე, არამედ მაღალი კვალიფიკაციის ნეონატოლოგები. მხოლოდ მესამე დონეზე მიდის ყველაზე გართულებული ქალი, რომელსაც სჭირდება სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების ჩარევა. მესამე დონის სამშობიარო სახლები განთავსებულია მულტიპროფილურ საავადმყოფოებში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დაგეგმარება არის მოწყობილი ისე, რომ ცენტრალიზაცია ხდება და თუ ონში, სოფელ ღებში ან სხვაგან, არის ქალი, რომელსაც სჭირდება მესამე დონის სპეციალიზებული დახმარება, ის ამ დახმარებას არათუ ონში ან ტყიბულში ვერ მიიღებს, აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს მესამე დონის სამშობიაროში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რომ ან დედა დაიღუპება ან ბავშვი. გასაგებია, რომ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჯანმრთელობა გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს.

ამბროლაურში შესაძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობის მიღება, დროული, ერთნაყოფიანი, გაურთულებელი სახით. თუ პაციენტს გადაუდებლად დასჭირდა საკეისრო კვეთა, ამისგან არავინაა დაზღვეული, სავალდებულოა, რომ იქ იყოს კადრი, რომელიც გააკეთებს ოპერაციულ ჩარევას. ეს სერვისი შენარჩუნებულია ამბროლაურსა და ცაგერში. ცაგერშიც ძალიან დაბალია დატვირთვა. გასულ წელს 18-მდე მშობიარობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ლენტეხი მიბმულია ცაგერზე.

სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას და ვერ შესთავაზებს ადამიანს ისეთ ადგილს სამშობიაროდ, სადაც შეიძლება დედა ან ბავშვი ცოცხალი ვერ გადარჩეს.

დედათა სიკვდილიანობა საქართველოში საკმაოდ მაღალია. 2015 წელს გვქონდა 35 შემთხვევა, რაც არის ძალიან მაღალი. მას შემდეგ, რაც პერინატალური რეგიონალიზაცია დაიწყო, მკვეთრად შემცირდა. პირველივე წელს 23-ზე ჩამოვიდა და 2017 წელს უკვე 13.1 იყო. 2018 წელს ოდნავ აიწია, მაგრამ 2-3 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, დიდი პროგრესი გვაქვს. არ შეიძლება ორსული ქალის მართვა იმ სამშობიაროში, რომელსაც ამის კომპეტენცია და საშუალება არ გააჩნია.

რაც შეეხება ონს, ლენტეხსა და სხვა რეგიონებს, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ სამედიცინო დაწესებულებებს გადაუდებელი მართვის, ემერჯენსი განყოფილებები აქვთ და აქ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტმა, თავისი კომპეტენციის მიხედვით, შესაძლებელია მართოს ნებისმიერი პაციენტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტიდან დაწყებული, მშობიარეთი დამთავრებული, გაუწიოს პირველადი დახმარება თუ საჭირო გახდება და სტაბილიზაციის შემდეგ გადაამისამართოს დანიშნულებისამებრ.

- ონის საავადმყოფოში ექოსკოპისტიც რომ არ ჰყავთ, როგორ უნდა გაუწიონ თუნდაც პირველადი დახმარება?

- ულტრაბგერის სპეციალისტი აუცილებლად უნდა ჰყავდეთ.

- კვირაში ერთხელ ადის ამბროლაურიდან. ღამით თუ დასჭირდათ, პაციენტის ახლობლებმა უნდა მიაკითხონ.  

- ექოსკოპისტის ყოლა აუცილებელი პირობაა სტაციონარული დაწესებულების არსებობისთვის. ადამიანური რესურსების ნაკლებობა, სიმწვავე არის, არ არის ასე ადვილი რეკრუტირება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მაღალ ხელფასებს სთავაზობენ.

- 250 ან 400-500 ლარი გადასახადების ჩათვლით, ექიმისთვის მაღალი ანაზღაურებაა?

- ვერ გეტყვით, შესრულება როგორია, ესეც გასათვალისწინებელია.

- მაღალმთიან რეგიონებში ძალიან ცოტა ხალხია დარჩენილი და შესრულებაც შესაბამისად დაბალია.

- მესმის, ჩვენ სპეციალურ დაფინანსებაზე გვყავს მაღალმთიანი რეგიონების დაწესებულებები და მათ სპეციალურად ვუხდით თანხას შესანარჩუნებლად. ყველა რაიონს აქვს საკუთარი ბიუჯეტი დამატებით, გარდა იმისა, რასაც ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან იღებენ.

სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ ადამიანებმა გადაწყვიტონ და სამუშაოდ წავიდნენ მაღალმთიან რეგიონებში. 2014 წელს სპეციალურად გავაკეთეთ სარეზიდენტო პროგრამა, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის სპეციალისტები გამოგვეზარდა, დაგვეფინანსებინა და შემდეგ, მინიმუმ 3 წელი გაგვეგზავნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ გარკვეულ სპეციალობებში, რეზიდენტებმა, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებით ჩაირიცხნენ და ისე ძალიან რთული იქნებოდა მათი მოხვედრა პროგრამაში, ისწავლეს, დაასრულეს, მიიღეს სერტიფიკატები და შემდეგ უარი თქვეს მითითებულ რაიონებში წასვლაზე და ლამის მზად იყვნენ, რომ სამმაგი ჯარიმა გადაეხადათ. ყველა ცდილობს, რომ როგორღაც ვალდებულებისგან თავი დაიხსნას, დარჩეს და ქალაქში იმუშაოს. აქ ბევრად უფრო მიმზიდველია მათთვის რამდენიმე სამსახურში მუშაობა“.

„მთის ამბებმა“ ონის საავადმყოფოს მეანგინეკოლოგთან, ნანა ლობჟანიძესთან დააზუსტა, ბოლო წლებში იყო თუ არა ონის სამშობიაროში დედის ან ახალშობილის გარდაცვალების შემთხვევა. ნანა ლობჟანიძე ონში მეანგინეკოლოგად 2004 წლიდან მუშაობს და ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ გაიხსენა.

რედაქციისგან: „მთის ამბები“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს. თუ გაქვთ ინფორმაცია მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში