საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

წედისს ერთადერთი ბავშვიანი ოჯახიც დატოვებს - რეპორტაჟი რაჭველი მაისურაძეების სოფლიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:23 - 13 თებერვალი 2019 hits 16607

რაჭველი მაისურაძეების სოფელში ერთადერთი ბავშვიანი ოჯახია. რამდენიმე თვეში წედისს ისიც დატოვებს. სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, სკოლაც გაუქმებულია. უკანასკნელმა მოსწავლემ წედისის არასრული საშუალო სკოლა 2012 წელს დაამთავრა.

მედიკო მაისურაძემ წედისის სკოლაში 33 წელი იმუშავა. ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მუშაობა ჯერ მასწავლებლად დაიწყო, მერე დირექტორი გახდა. თვითონაც ამ სკოლაში სწავლობდა. მაშინ წედისში 120-ზე მეტი მოსწავლე იყო. „მე რომ მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, სკოლაში უკვე 47 ბავშვი გვყავდა, ყველა კლასი გვქონდა. 47 ბავშვი არ იყო ბევრი, მაგრამ ნეტა ახლა იყოს იმდენი“.

ახლა წედისში მხოლოდ ორი ბავშვია. ერთი რვა თვის, მეორე ორი წლის. მათე მაისურაძის ოჯახიც საცხოვრებლად ონში გადასვლას გეგმავს.

„გვიჭირს ძაან, სკოლაც არ არის, ბაღიც არ არის. რა ვქნათ არ ვიცით. ონში გვინდა, თუ რამე სახლი მოგვეცემა. აქ თუ გაიხსნება, ვიქნებით. თუ არ იქნა, ბავშვი ხომ უნდა მივიყვანო ბაღში“, - ამბობს მათეს მეუღლე, მარინა ქოიავა.

სოფლიდან მოსახლეობის გადინებას ხელი 2008 წლის ომმა შეუწყო. წედისელები ამის მიზეზად ონი-ცხინვალის გზის ჩაკეტვას ასახელებენ.   

„თბილისში სამ საათში ჩადიოდა ადამიანი. ცხინვალშიც მიდიოდნენ სამუშაოდ. აქ ხელოსანი ხალხი ცხოვრობს ძირითადად, შემოსავალი ჰქონდათ“, - აღნიშნავს მედიკო მაისურაძე. წედისში რესპონდენტებს შორის ყველაზე გაბედული და ენაწყლიანია - „ექთნის ადგილია სოფელში, გამგებლის და ბიბლიოთეკარის. ბიბლიოთეკარს 70 ლარი აქვს ხელფასი და აქ ვინ დასაქმდება. ჩვენ, მასწავლებლები ვინც ვიყავით, დავრჩით უმუშევრები. მე პირადად ძალიან გამიჭირდა უმუშევრად დარჩენა და სახლში ყოფნა, ახალგაზრდას სულ ვერ გააჩერებ“.

წედისის თემში დასაქმების ძირითადი ადგილი ბარიტის ქარხანა იყო. საწარმო 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაიხურა. მიწისძვრამდე სოფელში 150-მდე ოჯახი ცხოვრობდა, ახლა 15 ოჯახიღაა დარჩენილი:

„ეს ხალხიც თუ წავიდა, გადმოვლენ რუსები და დაიკავებენ აქაურობას. ყოველ წუთში შეიძლება საზღვრის გადმოწევა, თუ ამის ნება იქნება რუსეთის მხრიდან. შეიძლება ონამდეც ჩავიდნენ. დაცლილ სოფელს ყველა დაეპატრონება“.

ომის შემდეგ ადგილობრივები ვეღარც სათიბებით სარგებლობენ. ამბავი, რომელიც სათიბში მყოფ მათე მაისურაძესა და მამამისს, აბესალომ მაისურაძეს რამდენიმე წლის წინ გადახდათ, ახლაც კარგად ახსოვთ.

„თივაზე ვიყავით და თივა ურემზე რომ დავდეთ, ჩემი შვილი ხარების მოსაყვანად წავიდა. იქ ორი ოსი დახვედრია. ბიჭი რომ აღარ მოვიდა, წავედი და ხარებს ადგნენ, სახლში აღარ უშვებდნენ. წააქციეს და დააბეს ჩემი ბიჭი, მერე ორივე ხელუკუღმა ხეზე მიგვაბეს და წავიდნენ. ხარები წაიყვანეს. რამდენიმე საათში როგორღაც ავეშვით, გავიხსენით ხელები, ონში პოლიციაში ჩამოვედით, მაგრამ ვერაფრით გვიშველეს“.

საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებმა, რომლებიც პერიოდულად საოკუპაციო ხაზის მონიტორინგს ახდენენ, წედისის თემში შემავალ სოფლებს მაღალი გამავლობის მანქანები აჩუქეს, რათა მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების პრობლემა გადაეჭრათ.

„წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა ტრანსპორტით სოფლის უზრუნველყოფა. გვჭირდება მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ მოემსახურება სოფელს. 15 კაციანი მაინც, რომ რაიონიდან ფქვილი, მარილი, შაქარი მოვიტანოთ. ჩვენ რომ მომარაგებული არ გვქონდეს, ამ წუთში ვერაფერს მოვიტანთ ონიდან.

გაერომ გვაჩუქა ერთი მანქანა, მერე ის დაიტოვა გამგეობამ და ზამთრის პერიოდში უფასოდ გვიგზავნიან, კვირაში ერთხელ. გაზაფხულდება თუ არა, ეს მანქანა გაჩერდება. ხომ არის სოფლის პროგრამა, სხვა რამეს დაანებონ თავი, ამ ტრანსპორტს მიგვიხედონ. ამანაც განაპირობა, ისევ ქალაქისკენ რ ომ მიდის ხალხი“.

წედისელებს იმედი არ აქვთ, რომ სოფელში რამე შეიცვლება. იოსებ მაისურაძეს არც რაჭაში ახალგაზრდების დაბრუნების მოლოდინი აქვს.

„ჩვენაც უნდა გავრბოდეთ მარა, რა უნდა ეშველოს სოფელს? მთავრობა არაფერს გაგიკეთებს ისეთს, რაც სხვისთვის არ გაუკეთებია.

რაის გამკეთებლები არიან მაგენი. თავის თავსა უვლიან კარგად. რასაც გავუძლებთ, გავუძლებთ. ახალგაზრდები სტუმრად დაბრუნდებიან, მაგრამ ისე აღარ. აქანა ყოფნას, ქე ჯობია იქ ყოფნა. იქ კინოში, თეატრში მაინც წახვალ, აქანა მიაჩერდი ათი თვე თოვლს. აგუნდავე და იყავი ასე...“

წედისი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საზღვრიდან სამ კილომეტრშია.

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში