საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ორი ავტომატიანი რუსი რომ გადმოვიდეს, მთელ ხეობას დავკარგავთ - რეპორტაჟი ირიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:18 - 10 თებერვალი 2019 hits 27841

„ორი ავტომატიანი რუსი რომ გადმოვიდეს, აქედან წამოგვრეკავს ჩვენი საქონლიანად და გადაგვიყვანენ კვაისაში. სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს საზღვარი? არ უნდა იყოს დაცული? ონამდე ისე ჩავლენ, კაციშვილი წინ ვერ დაუდგებათ, მთელ ამ ხეობას დავკარგავთ, ათამდე სოფელს“.

ირი ბოლო ქართული სოფელია ონი - ცხინვალის გზაზე. ირიდან 2 კილომეტრში რუსი სამხედროები დგანან. მდინარე ჯეჯორის ხეობაში, სადაც ონი-ცხინვალის გზა გადის, სულ 9 სოფელია: პიპილეთი, ონჭევი, ჟაშქვა, სორგითი, წედისი, ირი, სხანარი, ქვედა და ქვედრულა.

მიწისძვრა

1991 წლამდე, ვიდრე რაჭაში ძლიერი მიწისძვრა მოხდებოდა, ირში ბარიტის ქარხანა მუშაობდა.

„ყველაზე მდიდარი სოფელი იყო წარმოებით. შახტები იყო, ფაბრიკა მუშაობდა, სკოლა იყო, სპორტული დარბაზები, კლუბი, საავადმყოფო. ყველაფერი იყო, რაც გვჭირდებოდა. სხვადასხვა რაიონებიდან და სოფლებიდანაც მუშაობდა ხალხი. ქვემოთ იყო 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. ეს ყველაფერი 1965 წლამდე აშენდა. როგორც ქალაქი, ისე ვცხოვრობდით. მიწისძვრა რომ მოხდა, იმის შემდეგ წავიდა ხალხი აქედან“, - იხსენებს გივი გაგნიძე.

1991 წლის 29 აპრილს, 09:12 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრში კი ინტენსივობა 9 ბალს აღწევდა.

„მეზობელი სოფელი იყო, ჩორდი ერქვა. ზევიდან რომ დახედავდი, გეგონა სოფელი ისევ იყო, მაგრამ სახურავები იდო მიწაზე, სახლები მიწაში იყო ჩაფლული. ირშიც სკოლის დირექტორი და ერთი ბავშვი დაიღუპა. აგერ, ჩვენს სასაფლაოზე, არცერთი ქვა ფეხზე არ იდგა, ყველა დამტვრეული და წაქცეული იყო.

მახსოვს, 10-15 კაცი ვმუსაიფობდით, როგორ მოვქცეულიყავით, რომ ეს ხალხი აქედან გაგვეყვანა. ამ დროს ხმა იყო დაბლიდან, მიწიდან, ღმუილის ხმა. რომ დაარტყა, აგვწია. მიწამ თითქმის ერთ მეტრზე აიწია და მერე დავარდა უცბად. რომ მოვიხედეთ, ნაპრალი იყო გაჩენილი. ვერაფერი დავინახეთ, ღრმა იყო ძალიან. მაგრად შევშინდით. აქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ავიყარეთ“.

მიწისძვრის შემდეგ რაჭის სხვა მაღალმთიანი სოფლებიც დაიცალა. 1991 წლისთვის ონის მუნიციპალიტეტში 12 400 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის აღწერით, ონის რაიონში მოსახლეობა 6 130-მდე შემცირდა.

დეიცალა სოფელი. 55 მკვიდრი ოჯახი ვცხოვრობდით. წევიდა ხალხი. 7 გლეხიღა დავრჩით. სკოლა აღარ იყო. აგერ, წედისია, ისტორიული სოფელია. იქაც აღარ არის ხალხი. 300 გლეხი ცხოვრობდა. ახლა შეიძლება 15 ოჯახი იყოს, მეტი აღარ. ბავშვი თუ სკოლაში არ მიიყვანე, რეგვენი ხომ არ გამოვა?

ქიშვარდი გაგნიძემ ირი არც მიწისძვრის შემდეგ მიატოვა. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხრიდან ყურადღება ახლაც ახსოვს: „მიწისძვრის შემდეგ ბრიგადები გამოგზავნა. ზვიადი იყო მაშინ პრეზიდენტი და მაგრად გვიშველა. დანგრეული სახლები ააშენა. შაორზე გზა რომ მოდის, მაგ გზაზე ასლფალტი მაშინ დააგეს. აქედან, ცხინვალის მხარეს დაკეტილი იყო გზა, ვერაფერი შემოჰქონდათ. ტყიბულიდან შემოდიოდა ყველაფერი“.

2008 წლის ომამდე და ომის შემდეგ

ონის მაღალმთიან სოფლებში შემორჩენილ მოსახლეობას ყველაზე მეტად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუჭირდა. რუსმა სამხედროებმა ონი-ცხინვალის საავტომობილო გზა ჩაკეტეს.

„აქედან ცხინვალამდე 70 კილომეტრია. ასე დადიოდნენ ავტობუსები ქუთაისიდან, ონიდან, ცაგერიდან, ჭრებალოდან. ამოვიდოდნენ, გადავიდოდნენ კვაისაში, მერე ცხინვალში და იქიდან თბილისში. ჩვენგან თბილისამდე 3 საათის სავალი იყო. ახლა ვუნდებით 8 საათი თბილისში ჩასვლას. ნახევარ საქართველოს გარშემო ვუვლით“, - ქიშვარდი გაგნიძის თქმით, მართალია, ირის მეზობელი სოფელი კვაისა, სადაც ეთნიკური ოსები ცხოვრობენ, 1992 წლიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შემადგენლობაშია მოქცეული, მაგრამ 2008 წლის ომამდე, ოსებსა და ქართველებს მისვლა-მოსვლა ჯერ კიდევ ჰქონდათ: „ომამდეც იყო არეული, მაგრამ მაინც დავდიოდით. მოდიოდნენ ჩვენთან და ვმეზობლობდით კარგად. ომი რომ დამთავრდა, მათი დუხი აღარ ყოფილა აქ. ძვირფასი ურთიერთობა გვქონდა“.

„კაცს არ ახსოვს, რომ მაგათ რამე გაეფუჭებინოთ, ან ადამიანი, ან რამე მოეპაროთ ჩვენგან“, - საუბარში ქიშვარდი გაგნიძის მეუღლე, ეთერ მაისურაძე ჩაერთო: „კვაისაში ბებია მყავდა. სხვა შერეული ოჯახებიც იყო. ეზოში შემოჰყავდათ მანქანები. პროდუქტები, მაკარონი, ვერმიშელი, შაქარი, ბრინჯი, ფქვილსაც მომიტანდნენ. გადავალაგებდი, აქანა შავი ფქილი იყო, თეთრი თუ ქატო. ფული თუ არ გვქონდა, ნისიად გვიტოვებდნენ. მაგრამ ასე აურიეს, ჩვენებიც ტყუიან და ისინიც. რუსმა გააფუჭა ყველაფერი“.

ონი-ცხინვალის გზის ჩაკეტვის შემდეგ, ირი და მდინარე ჯეჯორის ხეობის სხვა სოფლები ჩიხში მოექცა. ონიდან სოფლებამდე რეგულარულად საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ დადის.

თუ დავურეკავთ და ორმაგს მივცემთ, ავტობუსი მოვა, ისე არა. 10 ლარს ვიხდით ერთი ადამიანი, ონში რომ ჩაგვიყვანოს“, - ბევრი პრობლემააო, გვეუბნება ქიშვარდი გაგნიძე, „მაგრამ ნებადართული კი არა ვართ, ყველაფერი ვთქვათ“.

„ასე მაჩუმებენ ხოლმე, ვინმეს რომ არ ეწყინოს და არ გაგვიბრაზდნენ“, - ამბობს ვასილ მაისურაძე: „მე მაღლა ვცხოვრობ, „ფინიკულიორას“ მეძახიან. ჩემზე მაღლა კაცი აღარ არის. იქ ტელეფონი ღრუბელშიც იჭერს. ქვემოთ გვჭირდება ხოლმე ადგილის ძებნა, რომ დავიჭიროთ. ინტერნეტი არ არის სოფელში. ჩემს შვილს აქვს ისეთი ტელეფონი ინტერნეტს რომ იჭერს, მაგრამ ძალიან წვალობს. სულ ადგილებს ეძებს. ამასაც გავუძლებთ, მაგრამ უტრანსპორტობა ყველაზე დიდი პრობლემაა.

ჩვენი სოფელი ონს სჯობდა, რაიონს, ყველაფრით. მარტო ავტობუსი დადიოდა დღეში სამჯერ. დილა, შუადღე, საღამოს, როცა ეს ქარხანა მუშაობდა. ამბროლაური, ცაგერი, ჭრებალო, უწერა, შოვი - ავტობუსები სულ ამ გზაზე დადიოდნენ. პრობლემა არა გვქონდა ჩვენ თბილისში წასვლაზე. მაგრამ 1991 წელს რომ ამოტრიალდა ყველაფერი, ჩიხში ვართ ახლა.

თვეში 2-ჯერ მაინც რომ იყოს მანქანა... ხომ ხედავთ, ხანში შესული ხალხი ვართ ძირითადად. ან წამალი გჭირდება, ან რაღაცა. რამე გამოგელევა კაცს. ოთხ მგზავრზეც ეზარება ამოსვლა, უნდა იყოს 5-6 ადამიანი. ხანდახან ვერ ვგროვდებით ამდენნი, აღარ ვართ“.

დაუცველი „საზღვარი“

ირსა და კვაისას შორის რუსი სამხედროების ჩაყენების შემდეგ, ირელები, ვერც სხვა მეზობელი ქართული სოფლების მცხოვრებლები, კვაისასთან ახლომდებარე საძოვრებსა და სათიბებს ვეღარ იყენებენ. სოფელში ყველას ახსოვს, რამდენიმე წლის წინ, კვაისადან გადმოსულმა ოკუპანტებმა სათიბში მყოფი წედისელი მამა-შვილი მაისურაძეები ხეზე რომ მიაბეს და ხარები წაიყვანეს.

„ამ ომმა გააფუჭა ყველაფერი. იმის შემდეგ ჩვენ იქ ცელი აღარ მოგვისვია იმიტომ, რომ რუსები დაიარებოდნენ, აკონტროლებდნენ. მარტო ოსები რომ იყვნენ მანდ, კვაისაში, არც ახლა გვექნებოდა გადასვლის პრობლემა, რუსი რომ არ იყოს.

ეზო-კარი შემოღობილი რატომ მაქვს, რომ არ შევიდეს პირუტყვი, უცხო ადამიანი და ა.შ. ეს არის ზღვარი, საზღვარი ოჯახისა. სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს საზღვარი? არ უნდა იყოს დაცული? ვიღაცისგან მაინც. ვიღაც ავტომატიანი რომ გადმოვიდეს, 5 ადამიანი ვართ სულ კაცები, ეს არის მთელი ჩვენი სოფელი და ქალები, აგერ, მოხუცები რომ გვყვავს. იარაღი ყველას აქვს ოჯახში, საომარი იარაღი კი არა, თოფები. ღამით მგლები გვესხმიან თავს, დათვები დარბიან და რამე. თავი ხომ უნდა დაიცვა. ორი ადამიანი რომ გადმოვიდეს ავტომატიანი, აქედან წამოგვრეკავს ჩვენი საქონლიანად და გადაგვიყვანენ კვაისაში. ონამდე ისე ჩავლენ, კაციშვილი წინ ვერ დაუდგებათ, მთელ ამ ხეობას დავკარგავთ, ათამდე სოფელს“.

- ჩვენი პოლიციიდან არ ამოდიან?

- ერთი წუთი ამოვლენ. ავლენ აგერ სოფლის ბოლოში, დატრიალდებიან და წავლენ უკან.

ირის მცხოვრებლები ე.წ. საზღვრის დაუცველობას უკავშირებენ, რამდენიმე წლის წინ, ირში, ბარიტის ქარხნის ასამუშავებლად ასული თურქი ინვესტორების წასვლასაც:

„მიწისძვრის შემდეგ, რაც ქარხანა გაჩერდა, 3 წლის წინ, პირველად მოვიდნენ თურქები. თითქმის წელიწადნახევარი აქ იყვნენ. მოსამზადებელი სამუშაოები ჰქონდათ. იქ შახტები დაზიანებული იყო. იმ შახტებს ხომ უნდოდა აღდგენა. ამ საქმეებს აკეთებდნენ, ძველი თანამშრომლები ჰყავდათ დაქირავებული. სავარაუდოდ შეშინდნენ და დატოვეს აქაურობა. რუსეთის ვერტმფრენები მაინც გადმოდიოდნენ აქეთ, დაზვერვის მიზნით“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „მთის ამბებს“ განუცხადეს, რომ ირში, ისევე როგორც მთელ საოკუპაციო ხაზზე, მობილური პატრულირება ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების მეშვეობით ხორციელდება.

ირელები ხელისუფლებას მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების დემონტაჟსაც სთხოვენ: „უფროსები არ შევდივართ, ვიცით, რომ საშიშია. ზაფხულში, როცა სოფელში ბევრი ბავშვია, ძალიან გვეშინია. ამ ზაფხულს წვიმები იყო, ჩამოინგრა. წამოვხტით შეშინებულები. ნანგრევებში ქვეწარმავლებიც გამრავლდნენ. არ იქნება ადვილი ამდენი დანგრეული შენობის დემონტაჟი, მაგრამ იქნებ როგორმე მოხერხდეს“.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში