საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კოხოძის ცხრაკლიტული

13:57 - 26 იანვარი 2026 hits 659

საირმეს მკვიდრს, გელა სოსელიას საკუთარ სახლამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ჩაუკეტეს. ჭიშკარი და ბოქლომი ხიდზე კურორტ საირმეს მფლობელის, თემურ კოხოძის ბრძანებით ჩამოკიდეს. ერთადერთი ალტერნატივა ესაა - მდინარეში და მერე ჭალა-ჭალა ექსტრემალური მარშრუტი.

გელა სოსელია ჩვენმა მაყურებელმა „მთის ამბების“ საგამოძიებო ფილმიდან გაიცნო. „ფეოდალების ქვეყანა“ - ასე ჰქვია ვრცელ ვიდეოს, რომლის გმირი თავისი ოჯახის თავგადასავალის თხრობას, 80 წლის წინ საირმეში ჩამოსახლების ამბავს სწორედ იმ ხიდიდან იწყებს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ჩაკეტილი დაუხვდა. ცენტრალური გზიდან ხიდამდე მოსახვედრად მან თემურ კოხოძის კერძო საკუთრება, კურორტ საირმის სპა-ცენტრის ეზო უნდა გადაკვეთოს. ხიდის მეორე მხარეს კი მათი ტრადიციული სახლია, სადაც ბევრი წელია საფუტკრე მეურნეობა აქვს და სადაც მისმა წინაპარმა ბინა 1947 წლიდან დაიდო.

„ამ ადგილს თუ დათმობ, გადაგიხდით. გინდა, თანხა მოითხოვე, ან ადგილს გამოგიყოფთ სადმე და იქ კოტეჯს აგიშენებთო. მე ვუთხარი, მაგაზე ჩემთან არ უნდა მოსულიყავით, ვერ შეველევი ამ ადგილს, მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და ამ საკითხზე აღარ შემაწუხოთ მეთქი“, - გელა სოსელიას პირველი უარის შემდეგ კოხოძემ საქმეში ბაღდათის მერი ჩართო.

სოსელიამ სახლ-კარის გაცვლა-გაყიდვაზე მერსაც უარი უთხრა. შემდეგი ზარი უკვე პროკურატურიდან იყო. საირმელი მეფუტკრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თითქოს მან სატყეო ფონდის მიწა თაღლითურად დაირეგისტრირა.

გელა სოსელიას კარმიდამოს, ისევე როგორც რამდენიმე ოჯახის კერძო საკუთრებას, რომელზეც კოხოძის კონტროლი ვერ ვრცელდებოდა, მეოთხე წელია ყადაღა ადევს. მაგრამ მილიონერი ბატონისთვის ეს, როგორც ჩანს, არ კმარა. ყადაღის შემდეგ ბოქლომი დაედო სოსელიას ერთადერთ გზას სახლამდე მისასვლელად.

ვითარებაში გასარკვევად საირმეში გავემგზავრეთ, მაგრამ მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოვასწარით. თავზე კოხოძის დაქირავებული თანამშრომელი დაგვადგა. რამდენიმე წუთში ადგილზე მეორე მანქანა გამოჩნდა, როგორც მოგვიანებით ირკვევა, კურორტის დაცვის უფროსი. კიდევ რამდენიმე წუთში მესამე და მეოთხე მანქანა მოდის, ასევე კურორტის თანამშრომლებით.

კურორტის ხელმძღვანელობის დირექტივა იყო, ჩვენი გადამღები ჯგუფისთვის ხელი აღარ შეეშალათ. მეტიც, დაცვის უფროსი თავად გაგვიძღვა ვითარებაში გასარკვევად -  იმის ასახსნელად, რატომ ჩაუკეტეს სახლამდე მისასვლელი ერთადერთი გზა გელა სოსელიას.

კურორტ საირმის  სპა-ცენტრის ეზოს გადაკვეთის გარეშე ხიდთან მოხვედრა შეუძლებელია. კურორტის ადმინისტრაცია გვარწმუნებს, რომ ეზო ტურისტული სეზონის, ანუ ზაფხულის განმავლობაში სულ ღია იქნება, არასეზონური ნახევარი წელიწადი კი გელა სოსელიამ სახლში ყოველ მოსვლაზე დაცვას უნდა ურეკოს, მერე ელოდოს, მეორე სასტუმროდან აქამდე როდის ჩამოვლენ და კარს გაუღებენ. რა უნდა ქნას მისმა სტუმარმა ან თაფლის მყიდველმა, რომელიც ასევე ხშირად აკითხავს, კურორტის ადმინისტრაციის პრობლემა არ არის.

ხიდი, რომელზეც ცოტა ხნის წინ ბოქლომი ედოთ, 80-იან წლებშია აშენებული. კოხოძის კომპანიამ მისი რეაბილიტაცია გასულ წლებში ჩაატარა, მას შემდეგ, რაც კურორტი მის მფლობელობაში გადავიდა.

27 დეკემბერს კოხოძემ საირმეში ხალხმრავალი ღონისძიება მოაწყო - მდინარეში კალმახის ქვირითი გაუშვეს. იხტიოფაუნაზე მზრუნველი კაცის სანახავად საირმელებიც მივიდნენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც საკუთარი უფლებების შელახვაზე თევზივით პირში წყლის ჩაგუბებას არ აპირებს. ერთ-ერთმა ასეთმა, ვეფხია მესხიამ, რომლის მიწა ასევე ხელს უშლის მილიონერი ბიზნესმენის გეგმებს საირმეში და რომელსაც სახელმწიფომ ასევე მიწის თაღლითურად დარეგისტრირება დააბრალა, პასუხი მოითხოვა - რატომ არ უშვებდა საკუთარ სახლამდე ნებართვის გარეშე გელა სოსელიას.

გაილახები - იყო დაცვის თანამშრომლებით გარშემორტყმული თემურ კოხოძის პასუხი.

საირმელების შევიწროება მას შემდეგ დაიწყო, რაც თემურ კოხოძე იქაურ ტყეებს დაეუფლა. ამისათვის მან ტყის დაპატრონების ერთადერთი საშუალება გამოიყენა - სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია მიიღო. საზღვრები იმგვარად არის დადგენილი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეზოდან გამოსვლისთანავე სამონადირეო მეურნეობაში ხვდება. ამას თან ახლავს ახალი შეზღუდვებიც - ეკძრალებათ იარაღით გადაადგილება ტყეში, რომელიც ნადირითაა სავსე და უსაფრთხო არ არის. სახელმწიფომ სანადირო მეურნეობის ლიცენზია ისე გასცა, რომ მკვიდრი მოსახლეობა საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ და შემდეგ სააპელაციომ განსახილველად არც კი მიიღო საირმელების სარჩელი სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

4 წლიან ბრძოლაში ზოგიერთი უკვე დანებდა, მოსახლეობის ნაწილს აღიარებინეს არარსებული დანაშაული, დაათმობინეს მამაპაპისეული მიწები. ვინც გაჯიუტდა, ახალ-ახალ შეზღუდვებს უგონებენ, მაგრამ ყველა გზა ჯერ ჩაკეტილი არ არის, ყველა სასამართლოს ბოქლომს ვერ დაადებენ.

„მწვანე ალტერნატივა“ ორჰუსის კონვენციის სამდივნოს მიმართავს, საირმელების სარჩელი კი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება.

 

ამ თემაზე:

როგორ დაეპატრონა თემურ კოხოძე საირმის ტყეებსა და ვანის მთას - ინტერვიუ

როგორ ავიწროებს „თეგეტა ჰოლდინგის“ მეპატრონე „საირმის მცველებს“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში