საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საჩხერე-ონის გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის გადაიდო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:14 - 27 იანვარი 2019 hits 23264

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულების ვადამ 2 წლით გადაიწია. როგორც „მთის ამბებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ნაცვლად, 2022 წელს დასრულდება.

პროექტის მიხედვით, გზა იწყება საჩხერიდან და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი და ზუდალი. საბოლოოდ, გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20, ონიდან კი 5 კილომეტრით. საერთო ჯამში, ონიდან თბილისამდე გზა 75 კილომეტრით, მგზავრობის დრო კი 1.5 საათით შემცირდება. ამჟამად ონამდე გზა თერჯოლა, ტყიბული, ამბროლაურის გავლით გადის და თბილისიდან ონამდე მგზავრობას დაახლოებით 5 საათი სჭირდება.

უზუნთადან შქმერამდე ახალი გზა საუღელტეხილო მონაკვეთზე გაივლის, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე. ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე გვირაბის მშენებლობა გათვალისწინებული არ არის.

გზის მშენებლობა რამდენიმე ნაწილადაა დაგეგმილი. პირველ ლოტზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ხელშეკრულება გაფორმებულია ასევე მე-2 და მე-6 ლოტებზე.

პირველი ლოტი მოიცავს საჩხერე - ქვემო ხევის 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას; მე-2 ლოტზე (კმ5 - კმ10.5) გათვალისწინებულია ქვემო ხევი - უზუნთას მონაკვეთის 5 კმ-იანი გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქცია. ხოლო, მე-6 ლოტზე (კმ40.9 - კმ48,6) გათვალისწინებულია 7.5 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. გზა გადის ხარისთვალის, შქმერის და უშოლთას დაუსახლებელ ტერიტორიას და სოფელ ბოყვაში, არსებულ გრუნტიან გზას უერთდება.

ახალი გზით საჩხერიდან ონამდე მანძილი 45 კილომეტრი იქნება.

ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შედეგად, მთავრობა რაჭასა და ლეჩხუმში სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას ელის.

საქართველოს რეგიონებში შობადობასთან შედარებით სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშია. მოსახლეობაც ყველაზე მეტად აქ შემცირდა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტში სულ 6130 ადამიანი ცხოვრობს. 2002 წლის მონაცემებით, 9277 ცხოვრობდა, შემცირებულია 3147 ადამიანით.

რეგიონში, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, თვეში მხოლოდ 19 ბავშვი იბადება, ანუ ერთ მუნიციპალიტეტში კვირაში მხოლოდ ერთი ბავშვი. ონში სამშობიარო სახლიც გაუქმდა.

ონის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან - ასეთი მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტში, რომელსაც აღმოსავლეთით ოკუპირებული ჯავის, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება.

ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში