საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთის კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს კიდევ 4800 პირი მიიღებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:06 - 06 დეკემბერი 2018 hits 11119

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიხედვით, იზრდება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა ის წრე, რომლებიც დღეისათვის ვერ სარგებლობენ იმ შეღავათით, რითიც სკოლის მასწავლებელი. ცვლილება დაახლოებით 4800 პირს შეეხება, რომლებიც არიან ადმინისტრაციული კადრები, როგორც სკოლებში, ასევე, საბავშვო ბაღებში.

პარლამენტის წევრის მირიან წიკლაურის განცხადებით, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში არსებობს კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების სერიოზული პრობლემა.

„სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირების წრის გაზრდა პირდაპირ შეუწყობს ხელს, ამ პრობლემის გადაჭრას, აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციების უკეთ განხორციელებას და ამით მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, რაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა“, - ამბობს მირიან წიკლაური.

კანონპროექტის მიხედვით, სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იან დანამატს მიიღებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, როგორც 2019 წელს, ასევე საშუალოვადიან (2020-2022) პერიოდში. ის პირები, რომლებიც მიიღებენ 35%-იან სახელფასო დანამატს, საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხდიან გაზრდილი შემოსავლის 20%-.

კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რის შედეგადაც საჭირო გახდება წელიწადში დაახლოებით 5.000.000 ლარის გამოყოფა, კანონპროექტის ბენეფიციარებზე სოციალური შეღავათების გასაცემად. აქედან დაახლოებით 4,4 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 600 ათასი ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. 4,4 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, დააკმაყოფილებს მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირებს. აქედან 1300-მდე პირი დირექციის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი 400 ლარია, ხოლო 3500-მდე პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო ხელფასი 150 ლარია. 600 ათასი ლარით, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, დაფინანსდება ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული დაახლოებით 800 ადამიანის სახელფასო დანამატი, რომელთა საშუალო ხელფასი 200 ლარია.

კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მირიან წიკლაური, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი.

ამ თემაზე:

რა დანამატები გაიცემა მთაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში