საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:53 - 26 ნოემბერი 2018 hits 23554

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს გადახედავს. შეფასდება კანონის მიერ მოტანილი სარგებელი და შემუშავდება შემდგომი სამოქმედო გეგმა, მათ შორის კანონის მოქმედების არეალის გაფართოების კუთხით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტია მთაში მცხოვრებთა მაქსიმალური ხელშეწყობა და მოსახლეობის დაბრუნება, რაც კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა მთის პრობლემატიკისთვის კიდევ უფრო მეტი ყურადღების დათმობის აუცილებლობას და მთაში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების დროულად და ეფექტიანად მოგვარების აუცილებლობას.

საბჭოს სხდომაზე დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი შეიქმნება. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომდევნო სასწავლო წლისთვის მომზადება მთის ფონდიდან დაფინანსდება.

გარდა ამისა, საქართველოში დაწესდება მთის კვირეული, რომელიც ხელს შეუწყობს მთისა და მთის კურორტების განვითარებას და იქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე ეფექტურ რეაგირებას.

კანონის ამოქმედებიდან დღემდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1730 დასახლებას აქვს მინიჭებული, სადაც მცხოვრები 243 000 მოქალაქე კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს, მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაცემულია 66 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება და დანამატები.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, რომელიც ძალაში ეტაპობრივად შევიდა.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისთვის გაიზარდა პენსიისა და საარსებო შემწეობის ოდენობა, სახელფასო დანამატები დაუწესდათ ექიმებს, ექთნებს და საჯარო სკოლების მასწავლებლებს, ახალდაბადებულ ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე - 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარი.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრაზე შეღავათები იქნა შემოღებული საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები 10 წლით გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადის, იურიდიული პირები კი მოგების გადასახადისგან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში