საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გიგი და გაგა არაბულები დათვისის ხეობიდან - პანსიონი რომ არ იყოს...

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:23 - 03 ნოემბერი 2018 hits 11003

გიგი ბარისახოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მე-9 კლასში სწავლობს მისი ძმა, გაგა. ძმები არაბულები დათვისის ხეობის სოფელ სახილეში ცხოვრობენ. ხეობის ოთხ სოფელში თითო-თითო ოჯახიღა შემორჩა. სახილეს გარდა ბავშვები აღარსად არიან.

სახილედან ბარისახოს სკოლა 7 კილომეტრშია. გზა ტყეზე და არაგვის ხეობაში გადის. ზამთარში, დიდთოვლობისა და ყინვის დროს სამანქანო გზა იკეტება კიდეც.

დიდთოვლობამდე გიგი და გაგა ბარისახოს სკოლაში მანქანას დაჰყავს. ზამთარში მძღოლი, ბაღათერი სახლამდე ვერ ადის და ბავშვებს მოწმაო-დათვისის გადასახვევამდე ჩასვლა ფეხით უწევთ.

ორშაბათიდან პარასკევამდე, გიგი და გაგა, ხევსურეთის სხვა სოფლებიდან კიდევ ათ ბავშვთან ერთად, ბარისახოს პანსიონში ცხოვრობენ.

„პანსიონი რომ არ იყოს, შეიძლება საშუალო განათლება ვერც კი მიგვეღო. ამ პანსიონში ბავშვები მთელი ხევსურეთიდან დადიან. ზოგი უფრო შორიდან დადის, ჩვენ კიდევ რა გვიჭირს.

პანსიონი რომ არ იყოს, ნახევარი დღე გზაში დაგვჭირდებოდა. დილით სკოლაში წავიდეთ, მერე სკოლაში ვისწავლოთ, წამოვიდეთ, დამღლელიც იქნებოდა. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კიდევ შეიძლება, მაგრამ ზამთარში თითქმის შეუძლებელია. ზოგჯერ გზა არც არის. თოვლში ზვავები ჩამოდის და საშიშია სიარული“.

ბარისახოს პანსიონში რამდენიმე საძინებელი და ერთი სამეცადინო ოთახია. ახლა სკოლაც ამავე შენობაშია. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, პანსიონის სასადილოში იკრიბებიან. დაახლოებით 90 კვადრატული მეტრი ფართი არ თბება. დარბაზში სამი მაგიდა და 12 სკამი დგას.

„სასადილოში საჭმელად რომ შევდივართ, ვცდილობთ სწრაფად ვჭამოთ, რომ მალე გამოვიდეთ. ქვის იატაკია და მაგრად ცივა“, - ამბობს გიგი.

სადილის შემდეგ პანსიონის სამეცადინო ოთახში ადიან. მეცადინეობას რომ მორჩებიან, გასართობი არაფერი აქვთ:

„სკოლის მერე ვეღარაფრით ვერთობით. ვისაც ტელეფონი აქვს, მაგით ერთობა, ზოგი კითხულობს. პანსიონში ძველი წიგნები გვაქვს. უფრო კარგი და საინტერესო წიგნები გვინდა. კიდევ ბილიარდი ან რაღაც ეგეთი, გავერთობოდით ბავშვები. ტრენაჟორების ოთახიც რომ იყოს, კარგი იქნებოდა“.

ბარისახოში არც სპორტული მოედანი აქვთ. იმის გამო, რომ სოფელში უმეტესად მესაზღვრეები ცხოვრობენ, მოსახლეობას სპორტული მოედნის მოწყობას შინაგან საქმეთა სამინისტრო დაპირდა.

„სკოლის წინ უსწორმასწორო ადგილია. ბურთს იქ ვთამაშობთ. არც კარი გვაქვს. გაზაფხულზე ხეს ვჭრით და ბოძებს ჩვენ თვითონ ვარჭობთ, ზამთარში ისევ იქცევა. ყოველ წელს ასე გრძელდება. ბურთებიც ჩვენ თვითონ მოგვაქვს, ვშოულობთ, ოჯახებიდან“.

სპორტის ერთადერთი სახეობა, რომელშიც ხევსური ბავშვები ვარჯიშობენ, ძიუდოა. პანსიონის შენობაში ძიუდოს დარბაზი 2015 წლის დეკემბერში მოეწყო. მწვრთნელი, დათო ქერაული, ბარისახოში კვირაში ოთხჯერ ჟინვალიდან ადის.

„მარტო ძიუდოს წრეა. დაახლოებით 20 ბავშვი ვართ, მაგრამ დარბაზში გათბობა არც აქ გვაქვს, ერთი პლიტაა და ვერ ათბობს. ზამთარში როგორც გარეთ, შიგნითაც ისე ცივა“.

პანსიონში მცხოვრები ბავშვები ვერც ფილმებს უყურებდნენ, ტელევიზორი არ ჰქონდათ. ბარისახოს პანსიონს ტელევიზორი ორი კვირის წინ „მთის ამბების“ მკითხველებმა აჩუქეს.

ყველაზე მეტად ინტერნეტი უნდათ. „ინტერნეტი რომ იყოს, მე-12 კლასელი ვარ, გამოცდებისთვის მოვემზადებოდი. ფსიქოლოგიაზე მინდა ჩავაბარო. ახლა ჩემით ვრიცხავ ტელეფონზე, მაგრამ ძვირი ღირს და სწრაფიც არაა. ყოველთვის ვერც მაქვს“.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაციის პროექტის დაფინანსების შესახებ 2 თვის წინ განაცხადა. მთავრობამ 246 ათასი ლარი გამოყო კიდეც, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

„მთის ამბებს“ დაწყებული აქვს აქცია ბარისახოს პანსიონის მოსწავლეთა მხარდასაჭერად. პანსიონის შენობაში არაფორმალური განათლების ცენტრის მოსაწყობად ვგეგმავთ ავეჯის, ტექნიკის, საკითხავი წიგნებისა და სპორტული ინვენტარის შეძენას.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი;
  • ლიბერთი ბანკი;
  • ანგარიშის ნომერი GE51LB0115195065049003
  • დანიშნულება: ბარისახოს პანსიონის მოსწავლეთა მხარდასაჭერად

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში