საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უდიპლომო სოფელი - ავარები განათლების გარეშე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:59 - 09 აგვისტო 2018 hits 13309

- შამილ, მოდი, ჟურნალისტები გელოდებიან, უნდა გელაპარაკონ! ხუთ წუთში, სახლის ჭიშკართან 15 წლის, გამხდარი ბიჭი მოდის, გვესალმება და მორცხვი ღიმილით დედის გვერდით დგება.

შამილი ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფელ შოროხში ერთადერთი მოსწავლეა, ვინც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ცხრაკლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება ახალსოფლის სკოლაში გადაწყვიტა. 

შამილი

საუბრის დაწყება უჭირს, - „რა გითხრათ, კლასში ოთხნი ვიყავით. სწავლა მხოლოდ მე გავაგრძელე. ერთი გოგო გვყავდა, იმასაც უნდოდა, მაგრამ დაინიშნა უკვე“.

შამილისთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ფიქრობს, რომ სწავლის საშუალება გოგონებსაც და ბიჭებსაც თანაბრად უნდა ჰქონდეთ. თვითონ რომ და ჰყოლოდა, დაეხმარებოდა სწავლა გაეგრძელებინა. თორმეტი კლასის დამთავრების მერე უმაღლესში ჩაბარება უნდა. მსახიობობაზე ოცნებობს.

„მშობლები სახლში არ იყვნენ, დავურეკე და ვუთხარი, სწავლას ვაგრძელებ-მეთქი. მითხრეს, რომ კარგი გადაწყვეტილება იყო და როგორც შეძლებდნენ, ყველაფერში დამეხმარებოდნენ. მინდა, მსახიობი გამოვიდე და საშინელებათა ფილმში მივიღო მონაწილეობა. კინოში არასდროს ვყოფილვარ. ფილმებს ტელევიზორში ვუყურებ ან დისკებს ვყიდულობ და კომპიუტერში ვრთავ“.

ახალი კლასელები მოსწონს. ახალსოფლის სკოლა, რომელშიც შამილი სწავლობს,  უახლოესია, სადაც შოროხელ ბავშვებს სრული საშუალო განათლების მიღება შეუძლიათ.

კითხვაზე, რას აკეთებენ სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები, შამილის პასუხი ასეთია - ბირჟაზე დგანან, ან თხოვდებიან, ან სხვის მიწაზე დაქირავებულ მუშებად მუშაობენ.

შოროხელი ქალები

შამილის დედა მეზობელ სოფელში დღიურ სამუშაოზე დადის. საკუთარი მეურნეობა აქ თითქმის არავის აქვს, თავს ვერც მესაქონლეობით ირჩენენ. სუმხარას არ უნდა, რომ მისი შვილიც, თემის სხვა კაცებივით დაღესტანში წავიდეს ან მასავით დაქირავებულ მუშად დღეში 8 საათი მზის გულზე იმუშაოს.

„ჩვენთან სწავლის გაგრძელება წესი არ არის. ჩემმა ბალღმა რომ დამირეკა და მითხრა, სწავლას ვაგრძელებო, დავპირდი, რომ ყველაფრით დავეხმარებოდი“.

იმის გამო, რომ კაცები სარჩოს რუსეთში ეძებენ, სოფელში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალები არიან. შრომის მთელი ტვირთიც მათზე მოდის. ქალები ამ ტვირთის ზიდვას, დაახლოებით 16 წლიდან იწყებენ - ეს მათი დაოჯახების საშუალო ასაკია. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ გოგონებს სასწავლებლად აღარ უშვებენ.

41 წლის სუმხარას ცხრა კლასის განათლება აქვს. მეუღლე წლებია მოსკოვშია. ორ ვაჟს მარტო ზრდის. დედას უხარია, რომ სწავლა უმცროსმა მაინც გადაწყვიტა. გოგო რომ ჰყოლოდა, მისი სწავლისთვისაც ყველაფერს გააკეთებდა.

„ცხრა კლასს დაამთავრებენ და სწავლაზე აღარ ფიქრობენ. გოგოებს საერთოდ არ აძლევენ სწავლის საშუალებას. მე ვფიქრობ, რომ განათლება გოგოებს უფრო მეტად სჭირდებათ, რომ დამოუკიდებლად თავი ირჩინონ. მაგალითად, ცოლ-ქმარი რომ შორდება, ბიჭი მშენებლობაზე წავა და იმუშავებს, გოგომ რა ქნას?  - მშობლების სახლში ზის და ვერაფერს აკეთებს. გოგოს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, რომ სხვაზე დამოკიდებული არ იყოს.

ქართული კარგად არ ვიცით. მთავრობის ხალხი რომ მოდის, კითხულობს, ვინ არის ნასწავლი, რომ დასაქმდესო. ჩვენი შვილები კი არცერთი არ არიან დიპლომიანი.“

სოფელი ბაღის გარეშე

სახელმწიფო ენის სწავლას შოროხელი ბავშვები სკოლაში იწყებენ. ოჯახებში ხუნძურ დიალექტზე საუბრობენ, საბავშვო ბაღი კი სოფელს არ აქვს. ბოლო ორი წელია მხოლოდ სკოლისთვის მოსამზადებელი კლასი აქვთ, სადაც ბავშვებს ხუთი წლის ასაკიდან იღებენ.

შოროხის სკოლის ყოფილი დირექტორი, 70 წლის მაგომედ რასულოვი ერთადერთი ადგილობრივია, ვინც სოფლის სკოლაში ასწავლის. 48 წლის სტაჟის მქონე პედაგოგი, იხსენებს, რომ ადრე სკოლა ავარული იყო, შემდეგ რუსულად გადაკეთდა, ახლა ქართულია. მაშინ ახალგაზრდები ცხრა კლასის შემდეგ რუსეთში აგრძელებდნენ სწავლას, მერე კი სოფელს უბრუნდებოდნენ. მაგომედი გვიხსნის, რომ ბავშვებმა ახლა არცერთი ენა აღარ იციან ისე, რომ გამოცდების ჩაბარება შეძლონ.

„აქაური ბავშვები ხომ ქართულენოვანები არ არიან და ქართველებისნაირად ვერ ჩააბარებენ გამოცდებს. მეც გესაუბრებით ქართულად, მაგრამ ჩემი და თქვენი ქართული ხომ განსხვავდება? აი, მე ხომ პენსიონერი ვარ, მუდმივი ხომ არა ვარ, როცა წავალ, არავინ რჩება სკოლაში ადგილობრივი. მშობლებმა და სკოლამ ერთად უნდა იზრუნონ, რომ ბავშვები სწავლით დაინტერესდნენ“.

ავარებს სწავლაზე უარის თქმის სხვა მიზეზიც აქვთ - მძიმე სოციალური ფონი და სიღარიბე აიძულებთ, სწავლას მუშაობა არჩიონ. შოროხელები მაინც ფიქრობენ, რომ ცვლილებები სოფელში საბავშვო ბაღით უნდა დაიწყოს. ბავშვებს ქართული სკოლაში მისვლამდე ეცოდინებათ, სწავლაც გაუადვილდებათ და განათლების მიღების ინტერესიც გაუჩნდებათ.

 

ავარები საქართველოში

ავარები, იგივე ხუნძები იბერიულ-კავკასიური ტომია დაღესტანში. აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმები არიან და საქართველოში, ყვარლის რაიონის სამ სოფელში - თივში, ჩანტლისყურესა და შოროხში (ყოფილი სარუსო) ცხოვრობენ.

ხუნძებმა საქართველოში დასახლება მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყეს, ნაწილი კი მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩამოსახლდა.

„ავარი ქალები თხოვდებიან ადრეულ ასაკში ჩვეულებითი სამართლის შესაბამისად, ყოველგვარი სამოქალაქო რეგისტრაციის გარეშე; ოჯახში ძალადობა ხშირია, თუმცა დამალული; ავარების კულტურული ღირებულებები, განსაკუთრებით კი ენა საფრთხის ქვეშ დგას“, - ნათქვამია გაეროს ქალთა ფონდის კვლევაში, რომლის თანახმადაც სოციალურ შემწეობაზე ყველაზე მეტი ადამიანი ავარების სამი სოფლიდან, შოროხშია დამოკიდებული.

გაეროს ამავე კვლევის მიხედვით, ავარები ის ეთნიკური უმცირესობაა საქართველოში, რომელსაც ნაკლებად მიუწვდება ხელი პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე.

შოროხიდან, ჯერჯერობით, უმცირესობისთვის განკუთვნილი 1+4 პროგრამითაც არავის უსარგებლია. შამილმა იცის, რომ არსებობს ასეთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მას უმაღლესში ჩაბარებას გაუადვილებს, თუმცა ჯერ 12 კლასი უნდა დაამთავროს. შამილის დედას იმედი აქვს, რომ სოფელში განათლების სტატისტიკა შესაძლოა, სწორედ მისმა შვილმა შეცვალოს.

დარინა ქამადაძე

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში