საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

15 სხვაობის ჯამი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:19 - 01 აგვისტო 2018 hits 7276

მეგობარმა, გენახა, მგონი, საშენოაო და „ზურგჩანთიანი ჟურნალისტიკის“ აპლიკაცია ჩამიგდო.

პასუხი ივნისში უნდა ყოფილიყო. 

არ მომწერეს. 

ნეტავ, სხვები რა ნიშნით შეარჩიეს? 

სამი ივლისია, სამშაბათი საღამო, სამსახურში გაღიზიანებული შინ ფეხით მივდივარ, მომდის მესიჯი - შერჩეული ხართ „მთის ამბების“ „ზურგჩანთიანი ჟურნალისტიკის“  ნახევარფინალისტად.

მოულოდნელობისგან გაოგნებული დავყურებ ეკრანს და კითხვას ვატრიალებ - ნეტავ, მე რა ნიშნით შემარჩიეს?

450-მდე აპლიკანტიდან გასაუბრებისთვის 39 დატოვეს.    

გასაუბრებაზე ბანაკის იდეის ავტორი გელა მთივლიშვილი გვხვდება. ვზივარ და სანამ რიგი მომიწევს, ვფიქრობ, რა ვთქვა, რომ მონაწილეობის სურვილის გულწრფელობასა და სიმძაფრეში დავარწმუნო ეს ულევენერგიანი კაცი, რომელიც სამი კითხვით წურავს ყველანაირ ინფორმაციას. 

მოვიდა რიგი. ვამბობ, რომ არაასფალტურ სივრცეში მუშაობის სპეციფიკის სწავლა მინდა. „ყოჩაღ! ძალიან დამაჯერებელია. გირჩევნია, რამე წესიერი დაწერო და ეს ორსიტყვიანი სამოტივაციო ფრაზა გამოასწორო“, - ვეუბნები თავს.  

გამოვასწორე - აჭარულ სამზარეულოზე დავწერე და 15 ზურგჩანთიანიდან ერთ-ერთი ვარ. 

თუშეთში მივდიოდით. ამინდის გაუარესებისა და მეწყრის საშიშროება შეიქმნა. ილტოს ხეობაში წავედით: 15 მონაწილე, ერთადერთი გელა, დონორის, „დოიჩე ველე აკადემიის“ წარმომადგენელი ამალია და სამი ტრენერი - ზვიად ქორიძე, შოთა გოგიშვილი და გოგა ჩანადირი. 

ერთკვირიანი ტრენინგი ახალი ამბებით დაიწყო, ფოტორეპორტაჟით გაგრძელდა და ვიდეორეპორტაჟის სწავლებით დასრულდა. იქვე, ილტოს ხეობის სოფლებში გამოჩნდა, რა ვისწავლეთ.   

საზარელი შედეგები დავდეთ. ბატონმა ზვიადმა სათვალე შეისწორა და ნიუსის წერის სასწავლებლად დროის დამატება ითხოვა. 

მეორე „გამოცდა“ პანკისში მოეწყო. არიქა, სამუშაოდ გავდივართო და ავჟრიამულდით ეს 15 კაცი. მოვედეთ ყველასა და ყველაფერს. გადავიღეთ ყველა და ყველაფერი. ვინ წინ გაიჭრა, ვინ გვერდით, ვინ ხედზე მუშაობდა, ვინ თემაზე, ვინ კადრებზე და ვინ ყველაფრის ერთად მოსწრებას ცდილობდა. დავრბოდით სიბნელიდან უცებ გამოვარდნილი კორიდას ხარებივით. რას მივვარდნოდით და რის გადაღება მოგვესწრო აღარ ვიცოდით. შოთა ცდილობდა, იქვე ყოფილიყო და გადაღებაში დაგვხმარებოდა, ბატონი ზვიადი თემებზე მიგვითითებდა, გელა კი გვაწიოკებდა, რომ მოკლე დროში ბევრი რამ მოგვესწრო. 

საინტერესო დღე გამოვიდა. შედეგებიც გავაუმჯობესეთ. 

მესამე და ყველაზე შთამბეჭდავი გასვლა თუშეთში აღმოჩნდა. გელა მთელი ხუთი დღის განმავლობაში მოითხოვდა, რომ თუშეთში წასვლა დაგვემსახურებინა - გასვლის წინა ღამეს ყველამ სიუჟეტი მოვამზადეთ. 

დილის 5 საათია და როგორღაც ყველა მხრიდან და კუნჭულიდან ისმის გელას მჭექარე ხმა - გაიღვიძეთ! ადექით! 

ავდექით, მაგრამ გაღვიძება დაგვავიწყდა და ნახევარი გზაც გახელილი თვალებით მძინარეებმა გავიარეთ. 

თუშეთის გზა იყო მიხვეულ-მოხვეული, თავბრუდამხვევი და მოულოდნელობებით სავსე. მე და ერთ-ერთი მონაწილე, მაგდა, ერთ მანქანაში ვისხედით, რომ შეძლებოდა, ალბათ, მთელ გზას ფანჯრიდან გადაკიდული გაივლიდა. შიგადაშიგ გვესმოდა მისი შეძახილები - აუ, აუ, ნახეთ, რა ლამაზია! 

მეც მეგონა, რომ მთა ნანახი მქონდა. თუშეთის უნახაობა არ ეგების. 

ავედით ომალოში და დავიქსაქსეთ ყველა მიმართულებით. ვინ რესპონდენტს დასდევდა და ვინ რესპონდენტს დადევნებულ მონაწილეს, რომ მერე ჩვენ შესახებ რეპორტაჟი აეწყო. ერთ-ერთი ასეთი მდევარი იყო ნიკა, რომელსაც ფოტორეპორტაჟი უნდა მოემზადებინა. ჰოდა, რამდენჯერაც მოულოდნელი კადრისთვის ჩამისაფრდა, იმდენჯერ შევნიშნე და იდეა ჩავუგდე. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საქმეს თავი მაინც შესანიშნავად გაართვა. 

ომალოდან ბოჭორნაში ავედით და ჩავწერეთ ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე, რომელმაც ლუდი კი დაგვალევინა, მაგრამ ლუდის სახდელ ოთახში ქალებს ფეხი არ შეგვადგმევინა. 

თუ პანკისის გასვლაში ისმოდა - დარინააა, წავედიით! და ყველა წამოწყებულ სამუშაოს შუა გზაში მაწყვეტინებდა, თუშეთში „დარინა“ „რიჟვაძით“ ჩანაცვლდა. გელას მეხივით ხმა ყველგან წვდებოდა და ხან საქმეში და ხან მხიარულებაში გართულ გიორგის ადგილზე ყინავდა. აღმოჩნდა, რომ რიჟვაძემ ყველა სტრესს გაუძლო და იმ ერთი კვირის პოზიტივად დასახელდა. 

ბოჭორნადან დართლოში გავიარეთ. ვისადილეთ. კადრები გადავიღეთ. ზოგმა ხიდზე ფეხები ჩაკიდა, ზოგმაც კლდიდან გადმოკიდა თავი კარგი კადრებისთვის, ზოგმა დაიგვიანა და ზოგიც გაწყრა, ზოგმა თავი იმართლა და ზოგმაც დაუჯერა. 

ბოლო ჟამს გელა სათითაოდ ასწავლიდა ყველას კადრების გადაღებას და ყველაც სათითაოდ ჩაჰყურებდა კამერას. 

ერთი გულისწყვეტა გამოვიყოლე - გარმონზე ვერავინ ვამღერეთ. როგორ მეწადა.

ჩავსხედით ავტომობილებში და მოვწყდით. 

გზად განვლილ დღეზე ვსაუბრობდით და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ემოციებს ყველა მიმართულებით ვაფრქვევდით. 

ჩავაღწიეთ ჰოსტელამდე. მასპინძელმა იზამ და დამხმარე ქალებმა ტრადიციულად უგემრიელესი ვახშამი დაგვახვედრეს. ვივახშმეთ. ბოლო დღეა და ერთმანეთის სიყვარულში გავათენოთო... ძილში გავათენეთ. 

დილით მოსამზადებელ სიუჟეტებზე ვისაუბრეთ. პირობა დავდეთ, რომ თავის წილ საქმეს ყველა ბოლომდე მიიყვანდა. გადაღლილ გელას ფილარმონია ტაშით დავემშვიდობეთ და თბილისისკენ დავიძარით. 

მთელი ერთი კვირა ვერავინ გაიგო, როგორ შეიქმნა 15 სხვაობის იდეალური ჯამი -  რა ნიშნით შეგვარჩია და გაგვაერთიანა გელამ ეს 15 აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი. არც გვიმხელს.

დარინა ქამადაძე

დარინა ქამადაძე

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში