საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მხარდაჭერაზეც მეწარმეობის სააგენტომ უარი თქვა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:11 - 06 სექტემბერი 2016 hits 7472

თუშეთის სოფელ ომალოში ერთადერთი ჰოსტელის და სასათბურე მეურნეობის განვითარება; პირიქითის სოფელ ჭეშოში, სადაც მუდმივად არცერთი ოჯახი აღარ ცხოვრობს, საოჯახო სასტუმროს შექმნა და ნასოფლარის გაცოცხლება; ნატურალური თაფლისა და ტრადიციული ტექნოლოგიით დამბალხაჭოს წარმოება უკანაფშავში – ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მხარი არ დაუჭირა.

ეთერ მარხვაიძის ჰოსტელი თუშეთში და სწრაფი კვების სერვისი

ეთერ მარხვაიძეს თუშეთში, ქვემო ომალოში, ადმინისტრაციულ ცენტრთან ახლოს 15 ადამიანზე გათვლილი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო და მაღაზია აქვს, სადაც ყიდის სუვენირებს, ხელნაკეთ ნივთებს, წინდებს, ჩითებსა და ქუდებს.

ჰოსტელის ძირითადი მომხმარებლები ფეხით მოსიარულე და მოლაშქრე ტურისტები არიან. ასევე ვიზიტორები, რომლებიც ღამეს კარვებში ათევენ, მაგრამ საუზმისთვის ან ვახშმისთვის ეთერს მიმართავენ. ჰოსტელში ღამის გათევა 15 ლარი ღირს, კვება 10 ლარი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის სეზონზე თუშეთს 7500-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, 2016 წელს 11 ათასზე მეტი. ასეთი პოპულარობის მიუხედავად, თუშეთში დღემდე არ არის განვითარებული კვების და სავაჭრო ობიექტები, რაც ტურისტებს ბევრ პრობლემას უქმნის.

„ომალოში შუქი არ არის. მინდოდა შემეძინა 1 კვ ჰელიო განათების ძაბვა და წყლის გამათბობელი მზის ენერგიაზე. ეს საშუალებას მომცემდა ჰოსტელში დაბინავებულ მომხმარებლებს შხაპის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ და მაცივარი ჩამერთო, რომ პროდუქტი უსაფრთხო შემენახა. ასევე, ვაპირებდი ჰოსტელთან სწრაფი კვების სერვისის განვითარებას, რისთვისაც ტექნიკა მჭირდება. ტურისტებს ადგილზეც უფრო მეტ კერძს შევთავაზებდი და დაფასოებული ლანჩის ყიდვასაც შეძლებდნენ წასაღებად“, – ამბობს ეთერ მარხვაიძე. პროექტის განხორციელების შედეგად 4 ადამიანის დასაქმება იყო გათვალისწინებული.

რამდენიმე დღის წინ ეთერმა შეიტყო, რომ მისი პროექტი არ დაფინანსდა. „ჯერ მითხრეს ბიზნესგეგმა არ წარმოგიდგენიაო, არადა წარდგენილი მაქვს და ნომერიც ვიცი. მერე მოძებნეს და მითხრეს, რადგან არ დაგირეკეს, ე.ი. მოწონებულ პროექტებში არ ხართო. მე ვფიქრობ, საერთოდაც არ განუხილავთ“, – აღნიშნავს ეთერი.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას კახეთში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეული ორგანიზაცია – შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრი ახორციელებს.

„ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ იყვნენ თუშეთში ამოსული. ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვე.

არც მოგვისმინეს. სხვა ოჯახებსაც ჰქონდათ კითხვები, რომლებმაც ასევე ვერ გაიმარჯვეს. არც მათ მოუსმინეს. ჩიღოში ერთი ოჯახი ელოდებოდათ, შესთავაზა კიდეც, გზა რადგან არ მოდის აქამდე, ცხენებს გამოგიგზავნით და ისე გადმოგიყვანთო, მაგრამ არ წავიდნენ“,– აღნიშნავს ეთერი.

 

გიორგი და შალვა მოურავიძეების სასტუმრო და სასათბურე მეურნეობა

შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ – ცენტრმა, რომელიც კახეთის გარდა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ადმინისტრირებას მცხეთა – მთიანეთსა და შიდა ქართლშიც ახორციელებს, 19 წლის გიორგი და შალვა მოურავიძეების პროექტიც დაიწუნა.

ტყუპი ძმებიც თუშეთიდან არიან. ორივე სტუდენტია. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით თუშეთში ცხოვრობენ. ომალოში სახლი აქვთ, სადაც მუდმივად ცხოვრობს მათი მამა, ზურაბ მოურავიძე. გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე თუშეთში არიან ტყუპების დედა და დაც.

ზაფხულობით სახლში ტურისტებსაც იღებენ, ოღონც ხუთოთახიან სახლში მხოლოდ 2 ოთახი აქვთ მოწყობილი სტუმრების მისაღებად და მაქსიმუმ 4–5 ვიზიტორის მიღება შეუძლიათ. თუშეთში ტურისტების რაოდენობის გაზრდის პარალელურად, საოჯახო სასტუმროს განვითარება გადაწყვიტეს. ეზოში მცირე ზომის სათბურიც აქვთ. მთაში, კლიმატური პირობების გამო, მოსავალი გვიან მოდის, როცა ტურისტული სეზონი თითქმის დასასრულს უახლოვდება. ძმებს კი ამ სათბურში ეკოლოგიურად სუფთა კიტრი, პომიდორი, სალათა, ბადრიჯანი, წიწაკა, კომპოსტო და სხვა ბოსტნეული მოჰყავთ ბევრად ადრე. საოჯახო სასტუმროს განვითარების გარდა სათბურის გაზრდაც სურდათ. „ბოსტნეულს იმდენს მოვიყვანდით, რომ ჩვენი საოჯახო სასტუმროს მომხმარებლებსაც ეყოფოდათ და კიდევ რამდენიმე სასტუმროსაც მოვამარაგებდით, რადგან თუშეთში სხვას სათბური არ აქვს“, – ამბობს გიორგი მოურავიძე.

მთის მიკროგრანტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 19 წლის ბიჭები 10 ათას ლარს ითხოვდნენ. ბიზნესგეგმა მოგებაზეა ორიენტირებული, შემოსავლები და ხარჯები რეალურად არის დათვლილი, მაგრამ ახალგაზრდებს მხარდაჭერაზე უარი უთხრეს.

„30 აგვისტოს, გავიგეთ, რომ ჩვენი პროექტი საბოლოოდ გამარჯვებულთა შორის არ მოხვდა. ტელეფონით დავუკავშირდით შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრს. გვითხრეს, რომ ჩვენ ბიზნესგეგმა დაგვიანებით, საკონკურსო ვადის ამოწურვის ბოლო წუთებში წარვადგინეთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შემდეგ, როცა ავუხსენით, რომ ეს ასე არ იყო, გვითხრეს რომ ბიზნესგეგმა მოწონებული იყო, თუმცა ბოლოს დაიწუნეს. არადა, ამ პროგრამასთან დაკავშირებით ხშირად გვესმოდა, რომ პრიორიტეტი იყო მთა, ახალგაზრდები და ა.შ“, – აღნიშნავს გიორგი.

ფოტოზე: გიორგი და შალვა მოურავიძეები

 

ერთადერთი ოჯახი, რომელსაც ჭეშოში დაბრუნება სურს

პირიქითა თუშეთის სოფელ ჭეშოში 30 წელზე მეტია მუდმივად აღარავინ ცხოვრობს. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის და მძიმე კლიმატური პირობების გამო, თითქმის 6 თვის განმავლობაში თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტილია ხოლმე. აბალოიძეების ხუთშვილიანი ოჯახი ერთადერთია, რომელსაც ალვანიდან ჭეშოში დაბრუნება სურს, თუმცა სახელმწიფოსგან მცირედი მხარდაჭერაც კი ვერ მიიღეს.

ზურაბ და ნინო აბალოიძეებს ხუთი შვილი ჰყავთ. 25 წლის ვალერი, 24 წლის მაგდა, 20 წლის მარიამი, 18 წლის ზაზა და 16 წლის ნათია. სკოლაში მხოლოდ ნათია სწავლობს, ბიჭები მამას ეხმარებიან საქონლის მოვლაში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვალერი და ზაზა აბალოიძეებს ტურისტებიც გადაჰყავთ თუშეთიდან ხევსურეთში. ოჯახს ჭეშოში, სადაც თუშური წესით, სიპი ქვით აშენებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი აქვს, საოჯახო სასტუმროს მოწყობა სურს.

ამ მიზნით, ნინო აბალოიძემ გრანტის მისაღებად კონკურსში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისი ბიზნესიდეა დაიწუნეს. კონკურსში თუ გაიმარჯვებდა, ნინო საოჯახო სასტუმროს მოსაწყობად, გრანტის სახით, 15 ათასამდე ლარს მიიღებდა. მოთხოვნილი თანხით ნინო მზის ბატარეების, ავეჯის და აბაზანის ინვენტარის შეძენას აპირებდა.

„საოჯახო სასტუმრო რომ მომეწყო, სეზონზე მინიმუმ 200–მდე ტურისტის მიღებას შევძლებდი. მათ ტრადიციული თუშური კერძებით და ნატურალური პროდუქტით გავუმასპინძლდებოდი და მომხმარებელი კმაყოფილი დარჩებოდა. რამდენიმე ცხენიც გვყვავს. ბიჭები ტურისტებს გადაიყვანდნენ. კომპლექსური მომსახურების გაწევას შევძლებდით. საერთო ჯამში სეზონზე 7–8 ათასი ლარი შემოსავალი გვექნებოდა. ჭეშოში ელექტროენერგია არ არის. ამიტომ მზის ბატარეა იქ აუცილებელია.

საოჯახო სასტუმროს თუ მოვაწყობდით, ზამთარში ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტარული პირობებიც შეიქმნებოდა. რამდენიმე წელია გვინდა, რომ დავბრუნდეთ და ზამთარ – ზაფხულ იქ ვიცხოვროთ. თითქმის 35 წელია ჭეშოში მუდმივად აღარავინ ცხოვრობს“

– უთხრა ნინო აბალოიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ნინომ არ იცის რატომ დაიწუნეს მისი ბიზნესიდეა. „შეტყობინება მომწერეს, რომ ჩვენმა პროექტმა კონკურსის პირველი ეტაპიც კი ვერ გადალახა. მერე დავრეკე იმ ორგანიზაციაში და ვიკითხე, რა არ ვარგოდა, რატომ დაიწუნეთ მეთქი. გასულ წელს, პირველად რომ გამოცხადდა კონკურსი, მაშინაც დაიწუნეს ჩვენი განაცხადი. პასუხი ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ მივიღე“, – ამბობს ნინო.

 

წოწკოლაურების ნატურალური თაფლი უკანაფშავიდან

თენგიზ წოწკოლაური უკანაფშავში, სოფელ მუქოში ცხოვრობს. 30 ოჯახი ფუტკარი ჰყავს. მისი პროექტის მიზანი წარმოების გაზრდა და გამრავალფეროვნება იყო. თენგიზს ფუტკრის ოჯახების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, ფუტკრის რძის და პროპოლისის (დინდგელის) წარმოება სურდა.

ფშავ - ხევსურეთში მოსახლეობის ნაწილი მეფუტკრეობას მისდევს, თუმცა ადგილზე სკებს არავინ ამზადებს. მეფუტკრეები სკას თბილისში ყიდულობენ, იქიდან უკანაფშავამდე ტრანსპორტირება კი საკმაოდ ძვირია. თბილისიდან მუქომდე 130 კილომეტრია, გზა ძალიან დაზიანებულია. ამიტომ, თენგიზ წოწკოლაურის პროექტი მუქოში სკების გაკეთებასაც ითვალისწინებდა.

„თაფლს ვინც ყიდულობს ჩვენგან, ხშირად კითხულობენ ფუტკრის რძეს და დინდგელს, რომელიც მრავალი მიმართულებით გამოიყენება და ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოებთ ფუტკრის მცირე რაოდენობის და შესაბამისი ინვენტარის არქონის გამო“, – ამბობს თენგიზ წოწკოლაური.

ფშავში წარმოებული 1 კილოგრამი თაფლის ღირებულება 15 ლარია ადგილზე. დინდგელი 100 გრამი 7 ლარი ღირს. გრანტის თანხით თენგიზ წოწკოლაური სკების გასაკეთებლად საჭირო დანადგარის, თაფლის გამოსაწური ხელსაწყოს (ციბრუტის) და რძის ასაღებად საჭირო ინვენტარის ყიდვას აპირებდა. წოწკოლაურები სამნი ძმანი არიან. სამივემ იცის ფუტკრის კარგად მოვლა, მუდმივად ცხოვრობენ უკანაფშავში და სკების გაკეთებაც იციან. მეწარმეობის განვითარების სააგენტომ არც წოწკოლაურების პროექტი დააფინანსა.

 

დამბალხაჭოს საწარმო

უკანაფშავში ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული დამბალხაჭოს საწარმოს გაკეთება სურდა მარეხ უძილაურს. ის სოფელ თხილიანაში ცხოვრობს. სოფელი თხილიანა დუშეთიდან 70 კილომეტრით არის დაშორებული. ჟინვალიდან თხილიანამდე გზის დიდი ნაწილი დაზიანებულია. რძის ნაწარმი გასაყიდად კვირაში ერთხელ დუშეთის გლეხურ ბაზარში მიაქვს.

მარეხი ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში დამბალხაჭოზე მოთხოვნა გაიზარდა. მოთხოვნის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ როგორც დამბალხაჭო, ასევე მისი დამზადების ტექნოლოგია აღიარებულ იქნა - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„დამბალხაჭოს აქამდეც კი ვაკეთებდით, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან არ გვაქვს შესაბამისი პირობები მისი დიდი რაოდენობით წარმოების, შენახვისა და რეალიზაციისთვის. გრანტის თანხით შევიძენდი ძროხის საწველ აპარატს, რძის სეპარატორს - ნაღებისა და რძის გასარჩევად, სადღვებელს, შესაფუთ აპარატს დამბალხაჭოს შესაფუთად და მაცივარს, დამბალი ხაჭოს შესანახად რეალიზაციამდე“, – ამბობს მარეხ უძილაური.

მარეხი წლის განმავლობაში 1,5 ტონა დამბალხაჭოს წარმოებას გეგმავდა, რომლის 1 კილოგრამის ღირებულება 20-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„წარმოებულ დამბახაჭოს შევფუთავდი წონის მიხედვით ორ სახეობად: 1 კგ და 200-250 გრ, რითაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლებისთვის. დამბალხაჭოს რეალიზაციას მოვახდენდი როგორც გლეხურ ბაზარში, ასევე მაღაზიებსა და ტურისტულ ობიექტებში“, – აღნიშნავს მარეხი. შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრმა მისი პროექტიც დაიწუნა, მიზეზი არ განუმარტავთ.

 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „აწარმოე საქართველოში“ კომპონენტია. პროგრამის მიზანია: საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, რეგიონებში მეწარმე სუბიექტების მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოეპოვებინათ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე).

კონკურსის პირველი რაუნდის შედეგად სულ შეირჩა 1180 ბიზნესგეგმა, აქედან 165 იმერეთში, 70 – რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 96 აჭარაში, 207 – სამეგრელო – ზემო სვანეთში, 130 გურიაში, 170 სამცხე – ჯავახეთში, 97 ქვემო ქართლში, 86 კახეთში, 102 შიდა ქართლში, 57 მცხეთა – მთიანეთში.

პირველი რაუნდის შედეგად დაფინანსდა 1127 ბიზნესპროექტი. აქედან 96 სასოფლო – სამეურნეო მომსახურება; 314 – სასოფლო – სამეურნეო წარმოება; 388 – არასასოფლო სამეურნეო მომსახურება; 329 არასასოფლო სამეურნეო წარმოება.

მეორე რაუნდის შედეგად გამარჯვებული პროექტების შესახებ მეწარმეობის განვითარების სააგენტოდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში