ტარიელ სახოკია თუშეთში სამუშაოდ სამეგრელოდან იყო ჩამოსული. მაშველებმა მისი ცხედარი წყლიდან მეორე დღეს ამოიტანეს, მანქანა კი ისევ დაგუბებულ მდინარეში გდია. შპს „გერალის“ წარმომადგენელი ტარიელ წიკლაური, რომელიც თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ თუშეთის გზის მეწყრულ მონაკვეთზე არსებული საშიშროების გამო, კახეთში ვეღარც მუშებს და ვეღარც ტექნიკას ვერ ქირაობს.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისომდე, დაახლოებით 500 ათასი კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა გასულ წელს, ზამთარში მოწყდა. მეწყერმა 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. თუშეთის გზის გახსნა 1 თვით დაგვიანდა და მაისის შუა რიცხვების ნაცვლად, 12 ივნისს გაიხსნა. დროებითი გზა ხელოვნური ყრილებით, ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში, პირდაპირ დაგუბებული მდინარის მარცხენა ნაპირას გაიყვანეს. გზის ამ მონაკვეთზე გავლა სახიფათო იყო მთელი სეზონის განმავლობაში (ივნისიდან ოქტომბრის ბოლო რიცხვებამდე). დამეწყრილი მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება აგვისტოშიც გადაკეტა, დროებითი გზა დატბორა. ქვათაცვენის გამო გზის ნაწილიც ჩაინგრა. მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი გზაზე მიმავალი ტურისტების ავტომობილს დაეცა. მგზავრები სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ.
წელს ამ ადგილას ვითარება გაუარესდა. თუ გასულ წელს წყალი 380 მეტრის სიგრძეზე იყო დაგუბებული, დატბორილი ტერიტორიის სიგრძე 500 მეტრამდე გაიზარდა. მეწყრული პროცესებიც გააქტიურდა.
„მთის ნაწილი მთლიან პერიმეტრზეა დაძრული. ნებისმიერ დროს შეიძლება ლოდები მოწყდეს. საშიშროება წვიმიან ამინდებში უფრო იზრდება. რამენაირად ეს საფრთხე ცოტათი მაინც რომ შეგვემცირებინა, მეწყრულ მონაკვეთზე სამი საფეხური გავაკეთეთ, რომ ქვები თუ წამოვიდა, იქნებ ერთ, მეორე ან მესამე საფეხურზე მაინც შეჩერდეს და გზაზე არ დავარდეს, სადაც ვმუშაობთ, გაქცევა მაინც რომ მოვასწროთ. ყველა თანამშრომელს, ვინც იქ მუშაობს, აქვს სპეციალური ჩაფხუტი, რაციები მივეცით, რადგან იქ ტელეფონი არ იჭერს და კავშირი რომ ჰქონდეთ ერთმანეთთან. რამდენიმე ზედამხედველი აკვირდება მეწყრულ ადგილებს, ქვათაცვენისთანავე ინფორმაციას ტრაქტორისტებს და იქ დასაქმებულ სხვა პირებს აწვდიან, რომ ტერიტორიიდან გავიდნენ. თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის რაც შეგვიძლია გავაკეთეთ, მაგრამ ლოდი თუ მოწყდა, ვერაფერი დაგიცავს იქ“, - გვეუბნება ტარიელ წიკლაური.
ამ დროისთვის თუშეთის გზის ყველაზე რთულ მონაკვეთზე 3 ექსკავატორი, 4 ბულდოზერი, 1 „ჯეისიბი“ ტრაქტორი და რამდენიმე სატვირთო მანქანა მუშაობს, სულ დაახლოებით 15 ადამიანი. ტარიელ წიკლაური ვარაუდობს, რომ თუშეთის გზის გახსნას 3-5 ივნისამდე მოახერხებენ, თუ იქ დარჩენილმა თანამშრომლებმაც არ თქვეს უარი მუშაობის გაგრძელებაზე:
„გუშინ მომხდარი ფაქტის შემდეგ, დღეს ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლი სამსახურიდან წავიდა - არა, ძმაო, აქ ვეღარ ვიმუშავებ, სიკვდილი არ მინდაო. ვერც გაამტყუნებ - დაბლა წყალია, მაღლა მეწყერი. კახეთში ექსკავატორის ოპერატორიც ვერ ვიშოვეთ, უარი გვითხრეს, საშიშიაო იქ მუშაობა. სამეგრელოდან წამოვიდნენ ბიჭები, მაგრამ ისინიც გაქცევაზე არიან“.
ტარიელ წიკლაურის თქმით, 2017 წლის აპრილში, როდესაც გზების დეპარტამენტის დავალებით მეწყრული ადგილი საპროექტო ორგანიზაციის თანამშრომლებმა, ასევე, „გერალის“ მიერ დაქირავებულმა მეკლდეურებმა დაათვალიერეს, თქვეს, რომ მოწყვეტილი მასის ქვეშ კლდეა და ამ მასის მოჭრის და გატანის შემთხვევაში, გზის ეს მონაკვეთი უსაფრთხო გახდებოდა:
„კლდოვანი ადგილები ვერტმფრენიდან გადაღებული ფოტოებიდანაც ჩანს და თუ ნამდვილად ასეა, ამ მასის მოხსნა და გატანა შეიძლება. აქვე, ხეობაშია შესაძლებელი მისი განთავსება, არის საკმარისი ადგილები, მაგრამ სამუშაოებს დიდი თანხა სჭირდება, რადგან საუბარია 1 მილიონი კუბური მეტრის სიდიდის მასაზე. ერთი სატვირთო მანქანით ნაშალის გატანის ღირებულება 350 ლარია, თითო სატვირთო 15 კუბს უდებს, ერთი მანქანით დღეში შესაძლებელია 15-20 რეისის გატანა.“
ამ გათვლებით კლდოვანი მასის გატანას 20 მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება.
ჯიმშერ წვერაიძე თუშეთის გზაზე საქმეთა მწარმოებლად, 1981 წლიდან 2005 წლამდე, 23 წელი მუშაობდა და აბანოს უღელტეხილიდან სოფელ ხისომდე მონაკვეთი ებარა. მისი თქმით, შპს „გერალს“, რომელსაც თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა ევალება, ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად, თადარიგი აპრილის დასაწყისშივე უნდა დაეჭირა.
„მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში, როცა ჩამოშლილი მასა გაყინული იყო და წყლის დონეც დაბალი, მაშინვე უნდა ეზრუნათ, რომ ტბის ყელი გაეხსნათ, თოვლის დნობის შემდეგ წყალს მეტი ტერიტორია რომ არ დაეტბორა. მითუფრო, რომ „გერალს“ ექსკავატორი და ბულდოზერი ომალოში ჰქონდა გაჩერებული. ომალოდან მეწყერის ადგილამდე მისვლა ადრევე იყო შესაძლებელი. ტარილ წიკლაურს დავურეკე და ვთხოვე კიდეც, მაგრამ არ დაიწყეს სამუშაოები. ახლა მუშაობენ, ცოტა დარჩა და გზას შეაერთებენ, მაგრამ ადრევე რომ ეზრუნათ, ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებოდით. წყლის დაცლა ახლაც არის შესაძლებელი. სადაც მდინარე ჩახერგილია მთიდან ჩამოყრილი ლოდებით, იქ ტერიტორია საკმაოდ განიერია. ტბის ყელიდან 2-3 მეტრში არხი უნდა ჩაჭრან, წყლისგან ცოტა მაინც რომ დაიცალოს, თორემ ეგ წყალი კიდევ აიწევს და ისევ დაფარავს გზას, როგორც შარშან მოხდა“.
ბესო ქიტიძეს თუშეთის გზებზე მუშაობის 30 წლის გამოცდილება აქვს. მიაჩნია, რომ მთავრობა თუშეთის გზას საკმარის ყურადღებას არ უთმობს.
ბესო მეწყერის ადგილას შემოვლითი გზის აუცილებლობაზე საუბრობს. ამ გზის მშენებლობის თაობაზე, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, „მთის ამბებთან“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განაცხადა.
სეთურიძის თქმით, გზების დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებით, 56-ე კილომეტრზე თუშეთის გზას მიმართულებას შეუცვლიდნენ: „ახალი გზის გაჭრა მდინარე ალაზნის მეორე მხარეს გადაწყდა, სადაც არც მეწყერია და არც მისი ზემოქმედების საფრთხე. ვაპირებთ კლდოვანი ფერდობების გაჭრას, უსაფრთხო სიმაღლეზე, რათა გზის ეს მონაკვეთი დაცული იყოს იმ შემთხვევისგანაც, თუ საპირისპირო მხარეს კლდოვანი მასა კიდევ მოწყდა და მდინარის დინება გადაკეტა. საუბარია დაახლოებით 2 კილომეტრიანი მონაკვეთის გაჭრაზე. გზის შესაერთებლად, მდინარეზე გადასასვლელად საჭირო იქნება 2 ხიდი, რომლებიც იქნება რკინის და კონსტრუქციები დამზადდება მანამდე, რომ გზის გაჭრისთანავე შევძლოთ მისი მონტაჟი და ახალი გზის გახსნა“.
სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ადრე გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო და დასრულებას ორ-სამ თვეში ვარაუდობდნენ. სეთურიძის განცხადებით, პროექტისთვის 5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
2018 წლის აპრილის დასაწყისში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გორგი სეთურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გასვიანი ამბობს, რომ შემოვლითი გზა ერთ-ერთი ალტერნატივაა, თუმცა მისი მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას კომპლექსური შესწავლისა და განხილვის შემდეგ მიიღებენ.
„პირველ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე იქნეს აღდგენილი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ზაფხულისთვის თუშეთისკენ გვქონდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობის საშუალება. მეორე რიგში დეპარტამენტში ხდება კომპლექსური განხილვა, თუ როგორ უნდა აღმოვფხვრათ მეწყრული მონაკვეთის პრობლემა, უნდა მოხდეს მისი გვერდის ავლა თუ მოხდეს მისი სრული ჩამოწმენდა. ეს არის შესადარებელი. ვიზუალური დათვალიერებით იკვეთება, რომ მეწყრული მასის ქვემოთ არის მყარი ქანები, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რა მოცულობასთან იქნება საქმე. თუ ასი ათასობით კუბური მეტრი მიწა იქნება გასატანი, სად შეიძლება მოხდეს მისი გატანა და როგორ, რანაირად. აქ უნდა მოხდეს საბოლოოდ შედარება, უფრო ეფექტური ეკონომიკურად და ასე ვთქვათ, გარემოზე ნაკლები ზემოქმედებითი კუთხით რომელია. დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი გეოლოგიის და ჰიდროლოგიის დეპარტამენტებთან ერთად. ამის შემდგომ იქნება უკვე გადაწყვეტილება მიღებული. სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოსთვის გვექნება ეს ინფორმაცია“, - უთხრა ნუგზარ გასვიანმა „მთის ამბებს“.
„როცა ვინმე მთაში მოდის, ახლობელი ან ტურისტი, გული გვისკდება, იქ როგორმე მშვიდობით გამოიაროს. კატასტროფის წინაშე ვიდრე არ აღმოვჩნდებით, ბევრი ხალხი უნდა დაიღუპოს ერთდროულად, რომ მოგვხედონ?“ - გაბრაზებას ვერ მალავს თუშეთის სოფელ ომალოში მდებარე სასტუმრო „თუშეთის“ მეპატრონე სოსო ბაბულაიძე.
უგზოობის და გზაზე არსებული საშიშროების გამო წელს 20-მდე შეკვეთა უკვე გაუუქმეს. დაზარალდნენ თუშეთში მდებარე სხვა საოჯახო თუ მცირე ზომის სასტუმროებიც.
„შეიძლება გზა რამდენიმე დღეში გახსნან და ასვლა მოვასწროთ, მაგრამ ეგ თავს არ დაიჭერს. ეს პრობლემები და საშიში სიტუაცია სულ იქნება. იმასაც ვფიქრობთ, სპეციალურად ხომ არ იქცევა ხელისუფლება ასე, რომ აი, იგრძნონ ამ გზის სირთულე და საშიშროება, ახალი გზა რომ არ უნდათო“, - ამბობს სოსო ბაბულაიძე.
თუშეთის ახალი გზა, რომლის მშენებლობასაც საქართველოს მთავრობა 2020 წლის ბოლომდე გეგმავს, პანკისიდან დაიწყება და ხადორის ხეობის გავლით, თუშეთის გომეწრის ხეობაში, სოფელ ვერხოვანთან შევა. პროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ახალი, უსაფრთხო გზის გასაყვანად ეს მარშრუტია შერჩეული. თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის საკითხი თუშებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა. ქვემო ალვანის მოსახლეობა პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით ახალი გზის მშენებლობის წინააღმდეგია. ისინი არსებული გზის რეაბილიტაციას ითხოვენ, ზემო ალვანის მცხოვრებლები კი მთავრობის ინიციატივას მხარს უჭერენ. ხადორის ხეობის გავლით თუშეთის ახალი გზის შესაძლო მშენებლობას გარემოსდაცვითი ორგანიზაციებიც აპროტესტებენ.