მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით სოფლების ტაძრისის, საკირეს (ბორჯომი), ხანის (ბაღდათი), ლიჩის (საჩხერე), მუხურას (ტყიბული), მელუშეეთის, ბეგიაურის, მანდაეთის, წყალშავის (ჭიათურა), ზვარეს, ჩრდილის, გედსამანიის (ხარაგაული), ბრდაზორის (მარნეული), ღოღეთის (ქარელი) მოსახლეობა ისარგებლებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, შუალედური საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 29 აპრილს ჩატარდა, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას დაემატება ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი საწისქვილო. საერთო ჯამში, 15-ვე სოფელში 6221 ადამიანია რეგისტრირებული მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება, რომელიც პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს დაამტკიცა და ეტაპობრივად შევიდა ძალაში.
„მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 14 სოფელი დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი დედა, ექიმი, პენსიონერი, ასევე საწარმოები, რომლებიც იქ ფუნქციონირებს, დამატებით შეღავათებს მიიღებს.
მნიშვნელოვანია, რომ ათი ათასობით ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით, რაც უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ადგილზე მოსახლეობის დამაგრებისთვის, არამედ მთაში ხალხის დაბრუნებისთვის. ეს არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების ამოცანაც გახლავთ.
ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. კანონით გათვალისწინებული შეღავათების გარდა, 10 მილიონი ლარი გამოიყო მთიანი რეგიონებისთვის ტრადიციული კულტურებისა და ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. კანონის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად. საქართველოს მთავრობის დადგენილებით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ქვემოთ მდებარე დასახლებებსაც, რომელიც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1729 დასახლებას აქვს. მაღალმთიანი დასახლებების ყველაზე მეტი რაოდენობა ზღვის დონიდან 1000 მეტრიდან 1500 მეტრამდე მდებარეობს - 41%, ზღვის დონიდან 1 000 მეტრამდე - დასახლებების 32%, ხოლო ზღვის დონიდან 1 500 მეტრს ზემოთ - დასახლებების 27%.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე დასახლებებში 317.7 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 30%-ით ნაკლებია.
მაღალმთიან დასახლებების უმეტეს ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერება. საქართველოში 65 წელს გადაცილებული პირები მოსახლეობის 14%-ს წარმოადგენს, ხოლო 50 წელს გადაცილებული პირების რაოდენობა 30%-ია, მაშინ როცა მაღალმთიან დასახლებებში ასაკოვანთა რაოდენობა, შესაბამისად 15.7% და 35.8%-ია.
მოსახლეობის სტრუქტურული დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალგაზრდა და შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაციაა. კვლევის მიხედვით, რომელიც OXFAM-ის მიერ საქართველოს მთიანეთში 2016 წელს ჩატარდა, მაღალმთიანი დასახლებებიდან მიგრაციის მიზეზებად სტიქიური უბედურების სიხშირის ზრდა, მოსახლეობის მიერ დასაქმებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემაა მიჩნეული.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის და მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში, ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
კანონმდებლობით მათთვის გათვალისწინებულია შემდეგი სოციალური და საგადასახადო შეღავათები: დანამატი სახელმწიფო პენსიაზე, დანამატი სოციალურ პაკეტზე, ფულადი დახმარება შვილის შეძენის შემთხვევაში. სახელფასო დანამატი მასწავლებლებს, მწვრთნელებს, ექიმებს და ექთნებს, მოხმარებული ელექტროენერგიის თანადაფინანსება, დასაქმებულთა და მეწარმე ფიზიკური პირების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადიდან და მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე არსებული მიწის მესაკუთრეთა ქონების გადასახადისგან გათავისუფლება.