საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფილიპე ბაღიაურის ვიდეობლოგი – 240 კომლი ყოფილა გოგოლაურთას, სამნიღა დავრჩით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:11 - 17 აგვისტო 2016 hits 10527

„პრობლემა ის არის, რომ ტელეფონი არ გვაქვს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. კიდეც ვიჩივლეთ, მაგრამ ჩვენი პატრონი არავინ არის.

გვპირდებიან და არ აკეთებენ. კინოსა და თეატრს ხომ არ ვითხოვთ, ტელეფონი გვინდა და გზა, რომ სასწრაფო მაინც გამოვიძახოთ. ახალგაზრდები მიდიან, ბებრები იხოცებიან. ეს სახლებიც რჩება ეგრე. 240 კომლი ყოფილა გოგოლაურთას. ხოდა ვინღა არის, 3 კომლიღა დავრჩით. ჩვენც რომ დავიხოცებით, ალბათ აღარავინ დარჩება“, – ამბობს 81 წლის ფილიპე ბაღიაური, უკანაფშავში, სოფელ გოგოლაურთას ხევისბერი.

„შვილებიც მყავს, შვილიშვილებიც. წავიდნენ აქედან. შვილი ამერიკაშია, იქიდან მეხმარება. ამას წინათ ავად ვიყავი. ბულაჩაურში წამიყვანეს, სახლი გვაქვს და 12 დღე იქ დამტოვეს, ვიწექი. მაინც აქ მინდოდა ამოვსულიყავი. აქ რომ ამოვედი ისე დავიძინე, გეგონება... თვითონაც არ ვიცი. აი, მაგნიტი რომ იზიდავს, ასე გვიზიდავს აქ მთა. მარტო ცხოვრება ადვილი არაა, მაგრამ მე რა მიჭირს, აქ მეზობლები მაინც მყავს. აი, იმ კაცმა რა უნდა ქნას?“ – ფილა პაპა გვაჩვენებს, რომ არაგვის გაღმა, მთის კალთაზე, ერთი სახლი დგას. ეს სოფელი ჭიჩოა. იმ სახლში 81 წლის ვახტანგ ჩოლაგაურს უცხოვრია. „ჭიჩოს სამანქანე გზა არასდროს ჰქონდა. კომუნისტების დროს იმ სახლში მეტეოსადგური იყო. მახსოვს, სახლის ასაშენებლად მასალები ვერტმფრენით მოიტანეს. ცოლიც ჰყავდა და შვილიც, მაგრამ ოთხ – ხუთ თვეში ერთად გარდაეცვალნენ. იქ დაასაფლავა და მარტო დარჩა. ძმისწულები პატრონობენ. აქედან გავხედავ ხოლმე, ცოცხალია თუ არა. თვითონაც არ ფიქრობს სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად. შეჩვეულია იქაურობას. ეს არის ვახტანგ ჩოლაგაურის ისტორია“.

ფილა პაპას ვკითხეთ რა მოლოდინი აქვს, რას შეცვლის მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები უკანაფშავში.

„მოხუცები ვბერდებით. ახალგაზრდებს კიდევ აღარ აქვთ ინტერესი აქ იცხოვრონ. აბა იცხოვრე მარტოკამ როგორია. ტელეფონიც კი არ არის. ახალგაზრდები მიდიან, ბებრები იხოცებიან. ეს სახლებიც რჩება ესე. გოგოლაურების თემი ერთ–ერთი დიდი თემი ყოფილა და რვა სოფელს მოიცავდა. მაკალათიას წიგნში ვნახე, თემს ომში 250–მდე მეომრის გაყვანა შეეძლოო.

გოგოლაურთა განაყარი გვარებია: თურმანაულები, ბაღიაურები, მგელაშვილები, მგელიაშვილები, მაჩურაშვილები, საღირაშვილები, ბუთხაშვილები, იანვარაშვილები, ხახანაშვილები, კაცობაშვილები. ეს გვარები ახლა მთელ საქართველოშია დასახლებული, გოგოლაურთაში კი ორი კომლიღა ცხოვრობს.

ჩვენც რომ დავიხოცებით, ალბათ აღარავინ დარჩება და მთის კანონით გათვალისწინებულ დახმარებას ვინ მიიღებს?

- რა უნდა გაკეთდეს, რა იქნება ეფექტური?

- ადრე, როცა სოფელი ღონიერი იყო, შეიყრებოდნენ, 20-30 უღელი ხარით წავიდოდნენ და ერთი ოჯახის სახლისთვის მოიტანდნენ ხე – ტყეს. ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ეხლა სად არის იმხელა სოფელი, რომ კაცს დაგეხმაროს. გზა არ არის, რომ ჭალიდან ხე-ტყე ამოიტანო სახლამდე და გზაც რომ იყოს, მდინარიდან ხე – ტყე რომ ამოიღოთ, დაისჯებითო. აბა სწორია? ის ხომ მაინც დალპება, გაფუჭდება. თუ გინდა ტყეში იყოს, გამხმარი ხე არის, გადაქცეულია. ხომ შეიძლება წამოიღო, მაგრამ ყელში გვიჭირენ.

მარტო კაცები ცხოვრობენ. ქვეიდანა ქალი არ მოჰყვება ცოლად რომ ითხოვოს. აქ იმათ გამოთხოვება არ უნდათ. აბა ვინ წამოვა აქ. რა უნდა ქნა? ძროხა უნდა წველო. აგე, ქვეით, ქალაქში, ორ-ორ ცოლიანები არიან ახალგაზრდები. ქალები მიჰყვებიან ოღონდ თბილისში ჰქონდეს სახლი და კარი. აქ კიდე აბა არ ამოვა. ისეთი სოფლის მეურნეობა უნდა შეიქმნას მთის რეგიონში, რომ ახალგაზრდასაც გული ჰქონდეს“.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში