საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჰაერში დაფერფლილი ბიუჯეტი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:11 - 03 დეკემბერი 2015 hits 4569

ოფიციალური ინფორმაციით, თუშეთში მუდმივად 25 ადამიანი ცხოვრობს. წელიწადში ორჯერ გამგეობა თითოეულ მათგანს 50 ლარიანი სასურსათო პაკეტით ეხმარება.

ბოლო 3 წლის განმავლობაში თუშეთის მოსახლეობისათვის სულ მიწოდებულ იქნა 7500 ლარის ღირებულების პროდუქტი, ხოლო მათი ადგილზე მიტანისათვის 100 099 ლარი, ანუ დაახლოებით 13,5-ჯერ მეტი დაიხარჯა. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტის გელა შაშიაშვილის განცხადებით, თუშეთში მუდმივად მცხოვრებ პირებს გამგებელთან და მის თანმხლებ პირებთან ქეიფი ან რამდენიმე კოლოგრამი ბრინჯისა და მაკარონის მიტანა კი არა, რეალური თანადგომა სჭირდებათ.

2011 წლიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გამგებლის წარდგინებით, ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში ამტკიცებს სოციალურ პროგრამას და ამ პროგრამის ბიუჯეტს.

ამჟამად მოქმედი სოციალური პროგრამა დამტკიცებულია საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებით. პროგრამით განსაზღვრულ ე. წ. „სამიზნე ჯგუფებს“ შორის ერთ-ერთია მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები პირები. ბენეფიციართა რაოდენობა 25–ია, თითოეული მათგანისთვის კი გამოყოფილია ერთჯერადი 50 ლარიანი სასურსათო პაკეტი, რომელიც გაიცემა წელიწადში ორჯერ - სააღდგომოდ და საახალწლოდ. 25 ბენეფიციარზე საერთო ჯამში ყოველწლიურად 2500 ლარის ღირებულების სურსათის გაცემა ხდება.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაინტერესდა, როგორია ბენეფიციარებზე სოციალური „პაკეტების“ გაცემის პროცედურა:

როგორც გავარკვიეთ, პროდუქტების გადაცემას ტრადიციულად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ახორციელებენ, ხოლო სასურსათო პაკეტების თუშეთში გადატანა ვერტმფრენის მეშვეობით ხდება. ვერტმფრენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას ახმეტის მუნიციპალიტეტი ყოვეწლიურად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გზით ახორციელებს, ხოლო აღნიშნულ ტენდერში კი სისტემატურად ერთი და იგივე სუბიექტი - შპს „ავიაკომპანია თუშეთი“ (ს/ნ 208193925) იმარჯვებს.

2015 წლის 17 სექტემბერს განცხადებით მივმართეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია შემდეგ საკითხზე: „2010 წლიდან ინფორმაციის გაცემის დღემდე რა ოდენობის თანხა იქნა დახარჯული ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან ვერტმფრენით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებზე. გთხოვთ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიუთითოთ სახელმწიფო შესყიდვის ობიექტის ღირებულება, აგრეთვე შესყიდვის საშუალება, მისი განხორციელების თარიღი და მიზანი.“.

აღნიშნულ განცხადებაზე 29 სექტემბერს მივიღეთ წერილობითი პასუხი, რომელშიც მითითებულია, რომ 2010-2012 წლებში ვერტმფრენით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა საერთოდ არ მომხდარა, ხოლო 2013 წლიდან თუშეთის მოსახლეობის ავიარეისებით მომსახურების წლიურმა ხარჯებმა შეადგინა:

  • 2013 წელს - 100.000 ლარი;
  • 2014 წელს - 70.000 ლარი;
  • 2015 წელს - 70.000 ლარი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების ანაზღაურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება ვერტმფრენის დაქირავების დროის პროპორციულად (საათობრივი პრინციპით).

აღნიშნულ პერიოდში ვერტმფრენით მომსახურების შესყიდვა ავადმყოფების გადმოყვანის მიზნით და ექიმების თუშეთში ტრანსპორტირებისთვის სულ 4-ჯერ განხორციელდა და საერთო ჯამში 21125 ლარი დასჭირდა:

  • 2013 წლის 4 მაისი - 5.000 ლარი;
  • 2013 წლის 29 მაისი - 5.000 ლარი;
  • 2013 წლის 15 დეკემბერი - 5.000 ლარი;
  • 2014 წლის 8 აგვისტო - 6.125 ლარი.

თვალსაჩინოებისთვის, იმავე პერიოდში მუნიციპალიტეტმა 50-ლარიანი სააღდგომო და საახალწლო სასურსათო პაკეტების თუშეთში გადატანას შეუდარებლად მეტი საბიუჯეტო თანხა - 100 099 ლარი მოახმარა:

  • 2013 წლის 28 მაისი - 20.000 ლარი;
  • 2014 წლის 29 იანვარი - 16.377 ლარი;
  • 2014 წლის 19 მაისი - 21.723 ლარი;
  • 2015 წლის 18 თებერვალი - 22.166 ლარი;
  • 2015 წლის 26 აპრილი - 19.833 ლარი.

ამრიგად, ბოლო 3 წლის განმავლობაში თუშეთის მოსახლეობისათვის სულ მიწოდებულ იქნა 7500 ლარის ღირებულების პროდუქტები, ხოლო მათი ადგილზე მიტანისათვის 100 ათას ლარზე მეტი, ანუ დაახლოებით 13,5-ჯერ მეტი დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ინფორმაცია ნაწილობრივ დამალა - საერთოდ არ გამოაჩინა 2015 წელს განხორციელებული სააღდგომო „ვოიაჟი“ და მის ნაცვლად 13 მაისის თარიღით განხორციელებული „მგზავრთა გადაყვანის“ თაობაზე ორჯერ მიუთითა, თუმცა ეს ინფორმაცია გამგეობის facebook-ის გვერდზეა განთავსებული და მასში აღნიშნულია, რომ 26 აპრილს ბექა ბაიდაური, მისი მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი თუშეთში მოსახლეობისთვის აღდგომის დღესასწაულის მისალოცად ვერტმფრენით იმყოფებოდნენ.

ვინაიდან ხსენებულ წერილობით პასუხში მუნიციპალიტეტის გამგებელი ვერტმფრენის დაქირავებისა და მასში უზარმაზარი თანხების ხარჯვის გამართლებას „მგზავრების გადაყვანის“ მიზეზით შეეცადა, ამიტომ, 2015 წლის 8 ოქტომბერს მას კვლავ მივმართეთ განცხადებით და მოვითხოვეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ თუშეთის მაღალმთიან სოფლებში რეგისტრირებული (ან ფაქტობრივად მცხოვრები) ფიზიკური პირებისაგან რამდენი განცხადება შევიდა მუნიციპალიტეტის გამგეობაში ძირითად საცხოვრებელ ადგილზე ვერტმფრენით გადაყვანის თხოვნით.

ამ განცხადებაზე გამგეობიდან ასეთი პასუხი მივიღეთ:

„თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ოფიციალური წერილობითი განცხადება ვერტმფრენით გადაყვანასთან დაკავშირებით არ შემოსულა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, ვერტმფრენის გამოყენებას მოსახლეობის გადაყვანის მიზნით საფუძვლად ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობის სიტყვიერი თხოვნა და მომართვები, რისი დოკუმენტზე დაფიქსირებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე (ფორსმაჟორი, გადაუდებელი აუცილებლობა და ა.შ).

როგორც აღვნიშნეთ, სასურსათო პაკეტების გადატანისას ვერტმფრენით მომსახურების ხარჯების მკვეთრი სხვაობა მისი დაქირავების დროის ხანგრძლივობით არის განპირობებული. კერძოდ,

თუ ავადმყოფების ტრანსპორტირება ოპერატიულად ხდება, სასურსათო პაკეტების გადატანას მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების თუშეთში რამდენიმესაათიანი ქეიფი და დროსტარება მოჰყვება ხოლმე, რაც თავისთავად იწვევს ვერტმფრენის დაქირავების დროისა და შესაბამისი ხარჯების გაზრდას.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს აღნიშნული აქცია ზამთრის პერიოდში მთაში დარჩენილი მოსახლეობის მორალური მხარდაჭერის გამოხატვად მიაჩნიათ და ცალსახად დადებითად აფასებენ.
„სურსათი არ არის იმდენი მოცულობის, მაგრამ აქ არის სხვა რამეზე ლაპარაკი. ისინი ვერ მოიმარაგებენ მთელი ზამთრის საკმარის საკვებს იქ, შეიძლება გაფუჭდეს და რამე მოუვიდეს, არ ვიცი. ეს არის ყურადღება ამ ხალხის მიმართ“, – აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური.

 

რამდენად მნიშვნელოვანია „მხარდაჭერის“ ამგვარი ფორმა თვითონ თუშებისათვის? 

ვისელი ბაკურიძე, თუშეთის მკვიდრი: „ერთხელ წავიქეცი, ხერხემლის მალები დამიზიანდა. ვერ ჩამოვედი ბარში, იმდენი თანხა მე არ მქონდა, რომ ვერტმფრენი დამექირავებინა. მითხრეს, რეისი არ გვაქვსო. მერე მობრძანდნენ თვითონ, საქეიფოდ, იქეიფეს, ექიმიც მოუყვანიათ, მაგრამ არც მოვიდნენ საკითხავად, როგორ ხარო. არაფერი არ იკითხეს. იქეიფეს და წავიდნენ“.

ბესო იდოიძე, თუშეთის მკვიდრი: „ნამდვილად ისეთ ფუფუნებაში არ ცხოვრობს ქვეყანა, რომ მილოცვისთვის ამდენი თანხა იხარჯებოდეს. ვერტმფრენის ხარჯი გადაანაწილონ სასურსათო პაკეტებზე და ამით დაგვეხმარონ, ან თანხა ჩაგვირიცხონ და ჩვენ თვითონ ვიყიდით. უაზრო ხარჯვაა ეგ, გაფრინდი-გამოფრინდი და ამდენი ათასები წავიდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჯარო მმართველობის მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელის გელა შაშიაშვილის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუშეთში მუდმივად და სეზონურად მცხოვრები პირებისთვის სოციალური დახმარების გაწევის რაციონალური ფორმები უნდა შეარჩიოს, რათა მომავალში მაინც, ეკონომიურად განხორციელდეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა.

„თუშეთის მკვიდრმა მოსახლეობამ საუკუნეების განმავლობაში სხვაზე უკეთ იცოდა და დღესაც იცის, რომ ზამთრის პერიოდში უგზოობა გარდაუვალია და საამისოდ წინასწარ იჭერს თადარიგს. ამიტომაც მას გამგებელთან და მის თანმხლებ პირებთან ქეიფი ან რამდენიმე კოლოგრამი ბრინჯისა და მაკარონის მიტანა კი არა, არამედ რეალური თანადგომა სჭირდება. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ „ცოცხალი“ გამგებლის დასანახად იქ არავინ არ ფეთდება. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება მაღალმთიანი თუშეთის თითოეულ მკვიდრს (იგულისხმება 25 ბენეფიციარი) წელიწადში 500 ლარს დაუნიშნავდა ერთჯერადი დახმარების სახით, შედეგი მათთვისაც ბევრად უფრო ხელშესახები იქნებოდა, ხოლო ვერტმფრენით მომსახურებიდან დაზოგილი საბიუჯეტო სახსრები მოსახლეობის საერთო პრობლემების მოგვარებას, თუშეთის უნიკალური ტურისტული პოტენციალისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდებოდა“, – ამბობს გელა შაშიაშვილი.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებში, თუშეთში ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

 

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში