საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის ძმა რვათვიან დუმილს არღვევს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

01:13 - 05 ოქტომბერი 2017 hits 31969

კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმის, გიორგი ოსორაულის განცხადებით, მას კონგოელი გენერლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. გიორგი ოსორაულის თქმით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მას უთხრა, რომ სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ გამოიყენებდნენ. ოსორაულმა აქცია ჩაშალა, სანაცვლოდ მინისტრი მას დაპირდა, რომ საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასვამდა და კონგოში გამგზავრებაშიც დაეხმარებოდა. გიორგი ოსორაული ამბობს, რომ მინისტრმა მოატყუა. ის სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.

41 წლის სოსო ოსორაული კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების, „23 მარტის მოძრაობის“ ტყვეობაში 8 თვის წინ ჩავარდა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები კონგოელ მფრინავებს მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიდნენ.

„ამ ფაქტის შესახებ მე 28 იანვარს შევიტყვე კონგოში მყოფი ქართველებისგან. მითხრეს, რომ სოსო ცოცხალია და კონგოს მხარე აქტიურად ჩაერთო ამბოხებულებთან მოლაპარაკებებში. 15 თებერვალს დამიკავშირდა ვინმე ბერნარდი, რომელმაც სოსოს ტყვეობის ამსახველი ფოტო გადმომიგზავნა. მითხრა, რომ გენერალი მაკენგა („23 მარტის მოძრაობის“ ლიდერი) სოსოს სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვდა. მე ვუთხარი, რომ ამ თანხას ჩემი ოჯახი ვერასდროს გადაიხდიდა. მან მირჩია, გამეხსნა საქველმოქმედო ანგარიში, ასევე მიმემართა საქართველოს მთავრობისთვის, რომ დამხმარებოდა ფულის მოგროვებაში. რამდენიმედღიანი დიალოგის შემდეგ, ბერნარდის მეშვეობით სოსოსთან მქონდა მიმოწერა“, – აღნიშნავს გიორგი ოსორაული.  

მისივე თქმით, 22 თებერვალს მას უკრაინიდან დაუკავშირდნენ და რადგან საქართველოს მთავრობა დუმდა ამ საქმეზე, დახმარება შესთავაზეს: „23 თებერვალს, დილას, სამსახურში მითხრეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიყავი დაბარებული. სამინისტროში მისვლისას მითხრეს, რომ პირველივე დღიდან იცოდნენ დატყვევებული მფრინავის შესახებ, მაგრამ კონგოდან ელოდებოდნენ ოფიციალურ დასტურს, იმყოფებოდა თუ არა საქართველოს მოქალაქე ტყვეობაში. ეს დასტური წინა დღეს მიიღეს და მათი თქმით, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოიჩინა კეთილი ნება, რომ დახმარებოდა სოსოს. დახმარებაზე უარი არ მითქვამს, რადგან ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა დაიცვას თავისი მოქალაქე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მივაწოდე ის მასალა, რაც მანამდე მქონდა მოპოვებული. მათ ასევე ცალსახად მითხრეს, რომ სახელმწიფო არ იყო ფულის გადამხდელი, მაგრამ სხვა ყველაფერს იღონებდნენ მის დასახსნელად“.

დაახლოებით ორ კვირაში, გიორგი ოსორაულს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ამბოხებულთა ლიდერებთან იყვნენ კავშირზე გასულები და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„უკვე აპრილის დასაწყისში, საგარეოში მითხრეს, რომ ჯგუფი იყო გაგზავნილი ამბოხებულთა ლიდერებთან შესახვედრად უგანდაში. 24 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მანახეს ვიდეომასალა, რომელიც 21 აპრილს იყო გადაღებული. მითხრეს, რომ ამბოხებულებთან მოლაპარაკება შედგა, ფულს არ ითხოვენ და ყოველგვარი საფასურის გარეშე გადასცემდნენ სოსოს წითელ ჯვარს, როგორც კი უსაფრთხო გარემო შეიქმნებოდა.

14 მაისს კი დამიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მაცნობეს, რომ ამბოხებულთა პოლიტიკურმა ლიდერმა, ბერტრანდ ბისიმვამ მიაწოდა ინფორმაცია სოსოს სავარაუდო დაღუპვის შესახებ და მას მერე ამბოხებულებთან კავშირი გაწყდა“, – ამბობს გიორგი.

24 მაისს, ზუსტად იმ დროს, როცა ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში თუშები საპროტესტო აქციას მართავდნენ და ხელისუფლებას სოსო ოსორაულის გასათავისუფლებლად არასაკმარის რეაგირებაში ადანაშაულებდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში.

„სამინისტროს ამ განცხადების შემდეგ დაკავშირება ვცადე გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რომლის მინისტრობის დროსაც მოხდა საზღვარგარეთ დატყვევებული არაერთი პირის გამოხსნა. ჩემი აპოლიტიკური შეხვედრები ადამიანებთან, ვისაც შეეძლო რამე რჩევის სახით მაინც ეთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროში თურმე ხელს უშლიდათ მუშაობაში. ბრალიც კი დამდეს, რომ ამით საქმე გავაფუჭე. ამ დროის განმავლობაში ყოველგვარი ფაქტების გარეშე მიმტკიცებდნენ, რომ სოსო დაღუპულია და იციან სადაც არის დაკრძალული, მაგრამ დღემდე იქ შესვლა შეუძლებელია“, – აღნიშნავს გიორგი ოსორაული.

3 ივლისს, გიორგი ოსორაულმა ფეისბუქში ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან ჯარისკაცებს, ვეტერანებს, პოლიციელებს, გულშემატკივრებს მოუწოდა, სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით, 7 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისში, გმირთა მოედანზე შეკრებილიყვნენ.

„მინდოდა მიმეწვდინა ხმა მთავრობისთვის, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებდა და მეტი ჩართულობა იყო საჭირო. ამ ვიდეომიმართვაზე სამსახურში ჩემს ხელმძღვანელობას უსაყვედურეს, რადგან არც მათ იცოდნენ ამის შესახებ. მოგეხსენებათ, მეც სამხედრო მფრინავი ვარ. ჩემი სარდლის მეშვეობით მოვითხოვე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრა, რადგან მინდოდა პირადად ამეხსნა მისთვის, თუ რატომ დავაანონსე 7 ივლისის აქცია. 5 ივლისს, სამინისტროში შევხვდი იზორიას ჩემ სარდალთან ერთად და ავუხსენი არსებულ ვითარება. ვუთხარი, რომ ჩასვლა მინდა კონგოში და შეხვედრა კონგოელ გენერლებთან, რომლებიც დღემდე ამტკიცებენ, რომ სოსო ცოცხალია. ასევე, ვუთხარი რომ უგანდა, რუანდაში იყო ჩასვლა საჭირო, რადგან ამბოხებულებს ფარულად ეხმარებიან. ასევე, ავუხსენი საგარეოსთან დაძაბული ურთიერთობის მიზეზები.

მინისტრმა ლევან იზორიამ მითხრა, რომ ჩემს მიერ დაანონსებულ 7 ივლისის აქციაზე ბევრი ოპოზიციური პარტია აპირებდა მოსვლას, რომლებიც ამ თემას წინასაარჩევნოდ გამოიყენებდნენ. მითხრა, რომ დამეხმარებოდა და ამ საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასვამდა. გავითვალისწინე მინისტრის დაპირება, ვენდე, რომ დამეხმარებოდა და შევპირდი, რომ დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდებოდა.

დაახლოებით ერთ კვირაში მითხრეს, რომ 12 აგვისტოსთვის ყველაფერი მზად იქნებოდა კონგოში წასასვლელად. 14 აგვისტომდე ხმა რომ არავინ ამოიღო, დავინტერესდი რა ხდებოდა. მინისტრის მოადგილე ქალბატონმა ლელა ჩიქოვანმა შემომითვალა, მინისტრი იზორია მივლინებაშია და უყურადღებობაში არ ჩამოგვართვაო. სექტემბრის პირველ რიცხვებამდე ვითხოვდი იზორიასთან შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს შემომითვალეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს ფლობს და კონგოში ჩასვლის საჭიროებას ვერ ვხედავთო. ამ ყველაფრის შემდეგ აღარ დარჩა პიროვნება მმართველ გუნდში, ვისაც შეიძლება ვენდო. 2 სექტემბერს დავწერე პატაკი მინისტრ იზორიას სახელზე სამსახურიდან წასვლის თაობაზე და 15 სექტემბერს დამიკმაყოფილეს.

8 თვე ვმოქმედებდი როგორც სამხედრო პირი და ამ ყველაფრის ფონზე, ვნანობ ჩემ ყველა ნაბიჯს, რაც მთავრობის წევრებთან და მთავრობასთან მაკავშირებდა.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში სოსოს საკითხი არავის აღელვებს და ალბათ ერთი წლის გასვლის შემდეგ უგზო–უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადებენ“, – ამბობს გიორგი ოსორაული.

თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა. სპეციალისტების ინფორმაციით, ის მაღალი კლასის სამხედრო მფრინავია. საქართველოში მას დედა, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. კონგოში სამუშაოდ ის და რამდენიმე ქართველი სამხედრო მას შემდეგ წავიდნენ, რაც საქართველოში უსამსახუროდ დარჩნენ.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში