საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რეპორტაჟი უკანაფშავიდან - მთის კანონი აქ ხალხს ვერ დაამაგრებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:16 - 12 მაისი 2016 hits 7382

იქ არც ელექტროენერგიაა, არც მობილური იჭერს, აღარც გზაა, მაგრამ რამდენიმე ოჯახი მაინც ცხოვრობს ვაკისოფელში, უკანაფშავის თითქმის ბოლო დასახლებულ პუნქტში.

შუაფხოს იქით, მთელ ხეობაში 2–3 ახალგაზრდაღა დარჩა. რამდენიმე ბარიდან მთაში ზაფხულობით ადის. 24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილი ერთ–ერთი მათგანია. სოციალური ქსელებიდან მას ბევრი იცნობს, ეკობიჭიც კი შეარქვეს იმის გამო, რომ მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულით, რძის და სხვა პროდუქტებით ამარაგებს.

გზა

გზა ჩინთიდან (სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში) იყოფა. ფშავსა და ხევსურეთისკენ ერთი გზა მიდის. ჯერ ჟინვალის წყალსაცავის ნაპირს მიუყვება, შემდეგ კი არაგვის შედარებით ვიწრო ხეობაში შედის. ჩინთიდან დაახლოებით 40 კილომეტრში გზას ხევსურეთისკენ და ფშავისკენ ფშავის და ხევსურეთის არაგვი ჰყოფს (ორწყალი). იქვე ტრაფარეტიც დგას – მარცხნივ ბარისახო – შატილია, მარჯვნივ შუაფხოა. გზა კიდევ უფრო ვიწროვდება და უარესდება.

შუაფხოდან სოფელ მუქომდე 5,5 კილომეტრია. ამ მანძილის გასავლელად 40 წუთზე მეტი დაგვჭირდა. გზა მთაზეა გაჭრილი, ქვემოდან არაგვი ღრიალებს, ზემოდან კლდის ნატეხები ცვივა. ალაგ – ალაგ ავტომობილის გაჩერება, გადმოსვლა და ქვების გადაყრა გვიწევს.

მუქოში ჩვენი მეგზური ცხოვრობს, 40 წლის ბესიკ წითელაური. ბესო ცოტა ხნის წინ გავიცანით, როცა ფშავის მაცხოვრებლებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბიზნესიდეების გამართვაში დავეხმარეთ. ბესოს ბიზნესიდეა პირველ ეტაპზე უკვე გადავიდა და კონკურსის მეორე ეტაპზეც თუ გაიმარჯვა, მუქოში ის მთის წითელწინწკლება კალმახს მოაშენებს. კალმახის ეს სახეობა ბრაკონიერობის შედეგად გადაშენების პირასაა და წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ბესომ იცის რომ უკანაფშავში მივდივართ. წინა დღეს თვითონ დაგვირეკა და დახმარება ვთხოვეთ. ვიდრე არ შევხვდებით, ერთმანეთს ვეღარ ვუკავშირდებით. ბესომ გვითხრა, რომ მუქოდან რამდენიმე კილომეტრის გავლა და ადგილის პოვნა უწევს, „მაგთიფიქსით“ რომ დაგვირეკოს.

ავუყევით თუ არა მუქოსკენ მიმავალ კიდევ უფრო ვიწრო გზას, ბესოც გამოჩნდა. ნამგზავრები ხართ, ცოტა წავიხემსოთო. ჯერ უკანაფშავისკენ წასვლა ვამჯობინეთ. ვიცოდით, რომ მუქოდან დაახლოებით 5–6 კილომეტრში, სამანქანე გზა არაგვს ჰქონდა წაღებული და ჯერ ჭალაში 4–5 კილომეტრის გავლა, შემდეგ კი ციცაბო აღმართის ავლა ვაკისოფელში მოსახვედრად ფეხით მოგვიწევდა.

მთიდან დავეშვით თუ არა ჭალაში, სამანქანე გზა მალევე შეწყდა. საფეხმავლო გზა ჯერ მდინარის პირას, მერე უზარმაზარ ლოდებზე, ბოლოს კი მდინარეში გადის. ვიდრე ჭალა არ გავიარეთ, ვაკისოფელი არ გამოჩნდა. სოფელს ზემოდან უზარმაზარი გადათეთრებული მთა დაჰყურებს – ეს ბორბალოს მთებია. ალაზნის გარდა ბორბალოდან იღებს სათავეს ფშავის არაგვიც.

ნოდარი

ციცაბო აღმართის ასავლელად შესვენება დაგვჭირდა. აღმართი ავიარეთ თუ არა, ბესომ გვითხრა, აგერ გურამი. ვინ გურამი? ვკითხეთ ჩვენ. ნოდარს აქ გურამს ვეძახით.

ნოდარი მთის კალთაზე, ნახნავში ბელტებს შლიდა ხელის პატარა ტრაქტორით. ძალიან მძიმე სამუშაო კი იყო. ერთმანეთს მივესალმეთ. „მართალია გზა არ გვაქვს, შარშანაც სამი თვე არ იყო და მოყვანილი მოსავლის ნაწილი ხალხს აქ დარჩა და გაუფუჭდა, მაგრამ ნაკვეთს კარტოფილის დასათესად მაინც ვამზადებო“. უკანაფშავში კარტოფილის მოსაყვანად ქიმიურ სასუქებსა და შხამ – ქიმიკატებს არ იყენებენ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს კი კარგად ყიდიან.

„პირველი პრობლემა ის არის, რომ აქ ტელეფონი არ იჭერს. მეორე პრობლემა ის არის, რომ ელექტოენერგია არ არის. რამე თუ დაიწყე, ვერ გააფართოვებ, ყოველ წელს ერთი და იგივეს აკეთებ, წინ ვერ მიდიხარ. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. მესამე პრობლემა უყურადღებობაა.

ხშირია პრობლემები, მაგრამ რეაგირება მაშინვე არ ხდება. როცა გზა არ გვაქვს, რამდენიმე კილომეტრი ფეხით მივდივართ შუაფხოსკენ, რომ გამგეობაში დავრეკოთ. დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ვინმემ როგორმე რამე გააკეთოს. ეს პრობლემები იწვევს იმას, რომ სოფლები იცლება. ვეღარ უძლებენ ახალი თაობები. შეიძლება მამამ გაუძლო, შვილმა გაუძლო, მაგრამ ახალგაზრდა რომ ჩადის ქალაქში და ხედავს, უკეთესი მდგომარეობაა, ძნელია მისი აქ მობრუნება და დამაგრება. რატომ უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც განვითარების პერსპექტივა არ არის? სადაც არ იქნება მობილური კავშირი, სადაც ვერ მიიღებ ინფორმაციას.

- მდინარე თუ წაიღებს გზას და როგორც ვიცით ასეთი შემთხვევა ბოლო წლებში რამდენჯერმე მოხდა, რა ვადაში აგვარებენ ხოლმე ამ პრობლემას?

- გზა ამ გაზაფხულზე უკვე ორჯერ თუ სამჯერ გაიწმინდა, მაგრამ ეს რა გზაა? ელემენტარულად წყალი ადიდდება და მაშინვე მიაქვს. შარშან ორთვენახევარი გზა არ გვქონდა. ეს დიდი პრობლემაა. მოსავალი მოგვყვავს, მაგრამ ვერსად წაიღებ. სად წაიღებ 5 კილომეტრი გზა არ არის. რა უნდა ქნა?

ახლა ეს გზა ერთ კვირაზე მეტია დაზიანებულია. არაგვმა წაიღო რამდენიმე ათეულ მეტრზე. არავინ მოსულა და არც არავინ გამოუგზავნია, რომ ენახა მაინც რა ხდებოდა. სანამ ინფორმაცია გამგეობამდე მივა, გვიანდება. მერე სანამ საწვავი გამოიწერება. ხან ტრაქტორია ხოლმე გაფუჭებული - ნაწილი უნდა და გადარიცხვას ელოდებიან.

- სოფელში მზის ბატარეები გაქვთ. რა შესაძლებლობები აქვს?

- ერთ ან ორ ნათურას ანთებს. თუ მზიანი ამინდებია, ტელევიზორის ჩართვასაც ვახერხებთ. „რუსთავი 2“ და „იმედი“ აჩვენებს. სხვას ამ ბატარეებით ვერაფერს გააკეთებ, მაგრამ მაინც მადლობლები ვართ არასამთავრობო ორგანიზაციების.

- სულ რამდენი ახალგაზრდაა ვაკისოფელში?

- აქ მუდმივად 3 ოჯახი რჩება. უკანაფშავის სოფლებში ძირითადად 70-80 წლის მოხუცები ცხოვრობენ. ვაკისოფელში მუდმივად მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ცხოვრობს. ერთიც სოფელ ელიაგზაში, 40 წელზე მეტის არის, ახალგაზრდა თუ ჰქვია.

- ცოტა ხნის წინ, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოში 61 სოფელი დაიცალა, განსაკუთრებით მთის სოფლები. იმ სოფლების რაოდენობა კი სადაც 1–5 ადამიანი ცხოვრობს 74–დან 157–მდე გაიზარდა. უკანაფშავის მაგალითზე რეალურ მდგომარეობას ასახავს ეს მონაცემები?

- კი. მაგაზე მაქვს ყოველთვის საუბარი. 10-15 წლის წინ პენსია დაახლოებით 14 ლარი იყო. დღეს პენსია 160 ლარია. 10 წლის წინ ბევრად ნაკლები იყო თუნდაც ექთნის და ექიმის ხელფასი ვიდრე დღეს არის. პროდუქტსაც ფასი აქვს. ბევრ რამეში წინსვლაა. მაგალითად ელექტროენერგია საერთოდ არ იყო. ახლა მზის დაფები მაინც გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი კეთდება,მაგრამ ეს მიგრაციას ვერ აჩერებს. ეს ვერ ამაგრებს ამ ხალხს იმიტომ, რომ ელემენტარული პირობები არ არის ბევრ სოფელში. მეწარმეობის, აგროტურიზმის განვითარება ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხი დამაგრდეს. მეწარმეობის განვითარებას კი მარტო საგადასახადო შეღავათები ვერაფერს უშველის თუ გზა არ იყო, შუქი არ იყო, ტელეფონი არ იყო.

ფშავ-ხევსურეთი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა და თითო – ოროლა ადამიანს, ვინც აქ შემორჩა და ძალიან ასაკოვანი არაა, იმედი აქვს, რომ დასაქმდება რეინჯერად მაინც. ეს არის ახლო მომავალში დასაქმების ერთადერთი პერსპექტივა. სხვა მნიშვნელოვანი ჯერ-ჯერობით არაფერია.

- მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათები უკანაფშავში რას შეცვლის?

- კანონით რაღაც სოციალური შეღავათები არის, მაგრამ ეს კანონი აქ ხალხს ვერ დაამაგრებს, გამორიცხულია. ახალგაზრდებს ეს კანონი ძირითადად არ გვეხება. სოციალურ შეღავათებს კი არ ვითხოვთ, ელემენტარული პირობების შექმნას ვითხოვთ, რომ აქ დავმაგრდეთ. არ მინდა ეს რაღაც 20 თუ 200 ლარი, ან რაღაც დანამატი. საერთოდ არ მინდა. იქით დავეხმარები სხვას რამდენიმე წელიწადში ელემენტარული პირობები რომ შექმნას მთავრობამ: ტელეფონით დარეკვა რომ შევძლოთ, ელექტროენერგია რომ იყოს და დროულად მოგვაქციონ ხოლმე გზაზე ყურადღება. ეს მოსავალი, აქ რომ მოვა, წავიღო და მივაწოდო თბილისში. გზა გვინდა, რომ მანქანამ იმოძრაოს და ცხენით ან ზურგით არ წაიღო პროდუქტი კლდეებსა და მთებზე გავლით.

კი, არაგვს ვერავინ დააკავებს და არც მთავრობას აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ მოიქნიოს და ყველა პრობლემა ერთდროულად გადაჭრას, მაგრამ ელემენტარულით მაინც დაიწყონ - კავშირგაბმულობით. მეუბნებიან ხოლმე, რატომ წერ, მთავრობა დაგვეხმარე, კავშირგაბმულობა გვქონდესო, ეს მთავრობის საკითხი არ არისო. მე აქ სამინისტროს ან საავადმყოფოს გახსნას ხომ არ ვითხოვ? ტელეფონით დარეკვის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, ამას ვითხოვთ. თუ სახელმწიფოს უნდა, რომ განვითარდეს და ხალხი მთაში დამაგრდეს, ზუსტადაც რომ ელემენტარული პრობლემები უნდა მოაგვაროს.

- აქ მხოლოდ ზაფხულობით ხარ ხომ?

- კი, სტუდენტი ვარ. აქედან თბილისში ლექციებზე ვერ ვივლი, გზა არაა. გზაც რომ იყოს, ხალხი არაა და ტრანსპორტი მაინც არ ივლის. მანამდე სკოლაში დავდიოდი. სკოლა აქ მხოლოდ შუაფხოშია. პირველი კლასი დედამ მასწავლა ვაკისოფელში. მერე წავედით და დუშეთში გადავცხოვრდით. აქ რომ დავრჩე მუდმივად, ვერაფერს გავაკეთებ“.

წვიმას აპირებდა და ვჩქარობდით, მაგრამ ნოდარის დედამ თამარ ცოკილაურმა ვაკისოფლიდან გამასპინძლების გარეშე არ გამოგვიშვა. ელიაგზიდან გიორგი ბობღიაშვილიც (დღიბო) შემოგვიერთდა. ის იმ სოფლის ერთადერთი მკვიდრია და მუდმივად ბორბალოს ძირში ცხოვრობს. მასზე ცალკე გიამბობთ.

ვაკისოფლიდან მუქოში

გზაში ბესომ პირობა შეგვახსენა, ოჯახში უნდა მესტუმროთო. უარი არ გვითქვამს. ბესოს და ლეილას ორი შვილი ჰყავთ, 3 წლის ბექა და 11 თვის ემზარი. ეს უკანაფშავში მუდმივად მცხოვრები ერთადერთი ოჯახია ბავშვებით. ლეილა გუდამაყრის ხეობიდანაა, ბაკურხევიდან. ვიდრე ლეილა ვახშამს ამზადებს, ბავშვებს მართა ბებო პატრონობს, ბესოს დედა, რომელიც 80 წელს გადაცილებულია. მთაში შრომისგან დაბერებული, ფიზიკურად მუშაობაზე უარს არც ახლა ამბობს. „მარტო ვიყავი დარჩენილი, კიდევ კარგი ბესო მობრუნდა, გვიან, მაგრამ დაოჯახდა და უკვე ორი ბიჭიც გვყვავსო“, – გვითხრა მართა ბებომ.

„მომავალ წელს ჩვენც მოგვიწევს ფშავის დატოვება, ბექა საბავშვო ბაღშია მისაყვანი, სასკოლედ რომ მოვამზადოთ. აქ არც საბავშვო ბაღია და არც სკოლა. მოგვიწევს დუშეთისკენ გადავცხოვრდეთ“, – ამბობს ბესო.

ბესოს გარდა მუქოში მუდმივად კიდევ ოთხი ოჯახია. ოჯახი ჰქვია, თორემ რეალურად ფილა პაპა მარტო ცხოვრობს, თენგიზ წოწკოლაურიც.

ვაკისოფლისგან განსხვავებით მუქოში ელექტროენერგიაც აქვთ და სამანქანე გზაც, ვიწრო და რთული, მაგრამ რაიონული ცენტრიდან სოფლამდე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელია. კავშირგაბმულობა აქაც პრობლემაა.

ფილა პაპა

„კიდეც ვიჩივლეთ, მაგრამ ჩვენი პატრონი არავინ არის. გვპირდებიან და არ აკეთებენ. სადღაც უნდა წავიდეთ, 2–3 კილომეტრი ვიაროთ, ადგილი უნდა ვიპოვოთ, ტელეფონით რომ დავუკავშირდეთ. იმ დღეს ხიდან ჩამოვვარდი, მოვკვდებოდი, თენგიზა რომ არ ყოფილიყო. გაიქცა, შუაფხოში ჩავიდა და იქიდან დაურეკა სასწრაფოს“, – გვითხრა ფილა პაპამ.

ფილიპე ბაღიაური 81 წლის არის, მუქოში კი ცხოვრობს, მაგრამ გოგოლაურების თემის ხევისბერია.

„შვილებიც მყავს და შვილიშვილებიც. წავიდნენ აქედან. შვილი ამერიკაშია, იქიდან მეხმარება.

ამას წინათ ავად ვიყავი. ბულაჩაურში წამიყვანეს, სახლი გვაქვს და 12 დღე იქ დამტოვეს, ვიწექი. მაინც აქ მინდოდა ამოვსულიყავი. აქ რომ ამოვედი ისე დავიძინე, გეგონება... თვითონაც არ ვიცი. აი, მაგნიტი რომ იზიდავს, ასე გვიზიდავს აქ მთა.

მარტო ცხოვრება ადვილი არაა, მაგრამ მე რა მიჭირს, აქ მეზობლები მაინც მყავს. აი, იმ კაცმა რა უნდა ქნას?“ – ფილა პაპა გვაჩვენებს, რომ არაგვის გაღმა, მთის კალთაზე, ერთი სახლი დგას. ეს სოფელი ჭიჩოა. იმ სახლში 81 წლის ვახტანგ ჩოლაგაურს უცხოვრია. „ჭიჩოს სამანქანე გზა არასდროს ჰქონდა. კომუნისტების დროს იმ სახლში მეტეოსადგური იყო. მახსოვს, სახლის ასაშენებლად მასალები ვერტმფრენით მოიტანეს. ცოლიც ჰყავდა და შვილიც, მაგრამ ოთხ – ხუთ თვეში ერთად გარდაეცვალნენ. იქ დაასაფლავა და მარტო დარჩა. ძმისწულები პატრონობენ. აქედან გავხედავ ხოლმე, ცოცხალია თუ არა. თვითონაც არ ფიქრობს სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად. შეჩვეულია იქაურობას. ეს არის ვახტანგ ჩოლაგაურის ისტორია“.

ფილა პაპას ვკითხეთ რა მოლოდინი აქვს, რას შეცვლის მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები უკანაფშავში.

„მოხუცები ვბერდებით. ახალგაზრდებს კიდევ აღარ აქვთ ინტერესი აქ იცხოვრონ. აბა იცხოვრე მარტოკამ როგორია. ტელეფონიც კი არ არის. ახალგაზრდები მიდიან, ბებრები იხოცებიან. ეს სახლებიც რჩება ესე. გოგოლაურების თემი ერთ–ერთი დიდი თემი ყოფილა და რვა სოფელს მოიცავდა. მაკალათიას წიგნში ვნახე, თემს ომში 250–მდე მეომრის გაყვანა შეეძლოო. გოგოლაურთა განაყარი გვარებია: თურმანაულები, ბაღიაურები, მგელაშვილები, მგელიაშვილები, მაჩურაშვილები, საღირაშვილები, ბუთხაშვილები, იანვარაშვილები, ხახანაშვილები, კაცობაშვილები. ეს გვარები ახლა მთელ საქართველოშია დასახლებული, გოგოლაურთაში კი ორი კომლიღა ცხოვრობს. ჩვენც რომ დავიხოცებით, ალბათ აღარავინ დარჩება და მთის კანონით გათვალისწინებულ დახმარებას ვინ მიიღებს?

- რა უნდა გაკეთდეს, რა იქნება ეფექტური?

- ადრე, როცა სოფელი ღონიერი იყო, შეიყრებოდნენ, 20-30 უღელი ხარით წავიდოდნენ და ერთი ოჯახის სახლისთვის მოიტანდნენ ხე – ტყეს. ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ეხლა სად არის იმხელა სოფელი, რომ კაცს დაგეხმაროს. გზა არ არის, რომ ჭალიდან ხე-ტყე ამოიტანო სახლამდე და გზაც რომ იყოს, მდინარიდან ხე – ტყე რომ ამოიღოთ, დაისჯებითო. აბა სწორია? ის ხომ მაინც დალპება, გაფუჭდება. თუ გინდა ტყეში იყოს, გამხმარი ხე არის, გადაქცეულია. ხომ შეიძლება წამოიღო, მაგრამ ყელში გვიჭირენ.

მარტო კაცები ცხოვრობენ. ქვეიდანა ქალი არ მოჰყვება ცოლად რომ ითხოვოს. აქ იმათ გამოთხოვება არ უნდათ. აბა ვინ წამოვა აქ. რა უნდა ქნა? ძროხა უნდა წველო. აგე, ქვეით, ქალაქში, ორ-ორ ცოლიანები არიან ახალგაზრდები. ქალები მიჰყვებიან ოღონდ თბილისში ჰქონდეს სახლი და კარი. აქ კიდე აბა არ ამოვა. ისეთი სოფლის მეურნეობა უნდა შეიქმნას მთის რეგიონში, რომ ახალგაზრდასაც გული ჰქონდეს“.

უკანაფშავის 10–ზე მეტი სოფელი, მათ შორის ბეტისჩრდილი, ქინო, ჭეშე, ნაკვალესავი, დაქიმათა, ნანიმათა, ბახია და ბოროლა უკვე ნასოფლარებია.

უკანაფშავის 13 სოფელში მუდმივად 40 ოჯახიღა ცხოვრობს, აქედან თხილიანაში 13, შუაფხოში 9, მუქოში 4, უძილაურთასა და ვაკისოფელში სამ–სამი, ბინდაურთაში, ელიაგზაში, ჩალახევში, გოგოლაურთაში, მათურაში, ცაბაურთაში, ხოშარასა და ჭიჩოში თითო– თითო.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში