საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჯუთადან როშკის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:54 - 12 სექტემბერი 2017 hits 23621

ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთადან, ხევსურეთის სოფელ როშკის მიმართულებით სამანქანო გზის გაჭრა იწყება. როგორც „მთის ამბებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ახალი საავტომობილო გზა არხოტის უღელტეხილთან ახლოს მივა, მომავალ წელს კი სამუშაოები გაგრძელდება.

„უკვე შეთანხმებულ მონაკვეთზე გზის მშენებლობა დაგეგმილია 2 ეტაპად. პირველი 7 კილომეტრიანი გზა ყაზბეგის რაიონის სოფელ კარკუჩადან ჯუთამდე, მოეწყობა ხრეშოვანი საფარი, გაბიონები, გზა გაფართოვდება და სიგანე 6 მეტრზე ნაკლები არ იქნება. ჯუთადან როშკის მიმართულებით წელსვე დაიწყება 4 კილომეტრიანი ახალი გზის გაჭრა. ახლოს მივალთ არხოტის უღელტეხილთან. მშენებლობა 2018 წელს გაგრძელდება და ჯუთადან ტრანსპორტით როშკაში გადასვლაც გახდება შესაძლებელი“, – აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.

ჯუთა სნოს ხეობაში, ყაზბეგიდან 20 კილომეტრში და ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში 23 ადამიანი ცხოვრობს. მოუვლელობის გამო ზამთარში ჯუთამდე მისასვლელი გზა იკეტება.

როშკა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელია, პირაქეთა ხევსურეთში, ბარისახოდან არხოტისკენ მიმავალ გზაზე. სოფელში მუდმივად რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს.

ორივე სოფელი, სოფლებთან ახლოს მდებარე ჭაუხები და აბუდელაურის ტბები ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ადგილებია და ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ვიზიტორი სტუმრობს.

ჯუთა–როშკის გზის მშენებლობა ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთის შემაერთებელი გზის პროექტის ნაწილია. მთლიანი გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს. ამავე პროექტის ფარგლებში უკვე გადაწყვეტილია, რომ პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში