საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დამახინჯებული თუშეთი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:09 - 13 აგვისტო 2017 hits 23820

თუშეთის სოფლებში, მათ შორის ზემო ომალოში, რომელსაც 2008 წლიდან ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ახალი საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების მშენებლობა ძირითადად 2010 წლიდან დაიწყო. ახლადაშენებული შენობების უმეტესობა შეუსაბამოა თუშურ არქიტექტურასთან და მთლიანად ამახინჯებს ძეგლის პირვანდელ იერსახეს, რომელიც ტურისტების ინტერესის საგანია. კანონით დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად, კერძო მესაკუთრეებს არც მშენებლობის ნებართვა აქვთ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ისინი მოსალოდნელი დაჯარიმების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გააფრთხილა, რაც უნებართვო სამშენებლო სამუშაოები თითქმის დამთავრდა.

 

უნებართვო მშენებლობები

ერთ–ერთი, ვინც ასეთი გაფრთხილება რამდენიმე დღის წინ წერილობით მიიღო, ზემო ომალოში მცხოვრები ნუგზარ თათრულაიძეა. კესელოს ციხის ძირში ორსართულიანი სახლის მშენებლობა მას დასრულებული აქვს. სახლი ბლოკით არის აშენებული, წინა კედელი გაჯითაა შელესილი. შენობა თავისი გაბარიტებით იმაზე დიდია, ვიდრე ეს თუშურ არქიტექტურას ახასიათებს. მშენებლობის ნებართვა არც ნუგზარ თათრულაიძეს აქვს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ნუგზარ თათრულაიძისგან ითხოვს დაყოვნებლივ შეაჩეროს უნებართვო სამუშაოები; ორი თვის ვადაში სააგენტოდან მოიპოვოს ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და ამის შემდეგ, ორ თვეში უკვე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები ნებართვით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. საეჭვოა ნუგზარ თათრულაიძემ სააგენტოს მითითებების შესრულება შეძლოს, რადგან ოქტომბერში თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

არადა, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 12 000 ლარით. დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი ძეგლის მესაკუთრეს ყოველ ექვს თვეში ეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა, რაც ფიზიკური პირების შემთხვევაში 21 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 36 ათასი ლარია.

„ჯერ კიდევ გასულ წელს, ზაფხულში პრემიერ-მინისტრი რომ იყო თუშეთში, მაშინ დავაყენე ეს საკითხი. ამის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ამოვიდნენ. დაგვპირდნენ, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდნენ მშენებლობაში, ოღონდ უნდა დაგვექირავებინა არქიტექტორი, პროექტი გაეკეთებინა და მერე მოხდებოდა მისი დამტკიცება მარტივად. როდესაც არქიტექტორი დავიქირავე და ამ სააგენტოს დავაკავშირე, ისევ დაიწყო ეს ბიუროკრატია „ჩვენ არ გვეხება“, ჯერ იქ წადი, მერე იქ წადი, მერე სადღაც, მერე სადღაც და ასე ჩაიშალა ჩვენი მოლაპარაკება.

იმის მაგივრად, რომ დაგვეხმარნენ, პროექტი მაინც უფასოდ გაგვიკეთონ, აქეთ გვაშინებენ და გვაშანტაჟებენ. თუ ძეგლია, თვითონ ხომ უნდა იმოქმედონ, თვითონ ხომ უნდა გააკეთონ. არაფერი არ აქვთ ჯერ აქ გაკეთებული. მარტო შანტაჟი და მუქარაა მაგათი მხრიდან.

თუ ამ წერილს მიგზავნიან და მემუქრებიან, რომ 7000 ლარით დამაჯარიმებენ, ხომ შეიძლებოდა დაერეკათ წინასწარ, შეხვედრა შემდგარიყო და ერთად გვემსჯელა ამ საკითხზე - რისი გადაკეთებაა საჭირო, რა მოსწონთ მაგათ, როგორ გადავაკეთო. ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არა – ათი ორგანიზაცია უნდა შემოგვატარონ, ათგან ნებართვა უნდა აგვაღებინონ, ათგან ფული უნდა გადაგვახდევინონ და მერე ან დაამტკიცებენ, ან არა“, – ამბობს ნუგზარ თათრულაიძე, რომელმაც გაფრთხილების მიღების შემდეგ სარემონტო სამუშაოები შეაჩერა.

ასეთი გაფრთხილება ზემო ომალოში კიდევ რამდენიმე მესაკუთრემ მიიღო, თუმცა მათ სამშენებლო სამუშაოები არ შეუჩერებიათ, არც პროექტი აქვთ.

„აშენებული რაც გვაქვს, თავისი ნებით არავინ არაფერს დავშლით. ალბათ ბოლობოლო რაღაც აქციას მივმართავთ, მთავრობასაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ და მაგათაც. შეიძლება ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანონ, უღელტეხილი ჩავკეტოთ ისეთ დროს, რომ შედეგი გამოიღოს ჩვენმა აქციამ“, – აღნიშნავს ნუგზარ თათრულაიძე.

აქციის გამართვას ისინი 12 აგვისტოს გეგმავდნენ, „თუშეთობის“ დღესასწაულისთვის, როცა თუშეთს ხელისუფლების წარმომადგენლებიც სტუმრობენ, თუმცა ორგანიზატორი პოლიციაში დაიბარეს და აქცია ვეღარ შედგა.

თუშური არქიტექტურის გავლენა ტურიზმის განვითარებაზე

თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 57 სოფელია. მათი ნაწილი დაცლილია და ციხე–სახლების ნანგრევებიც აღარ არის შემორჩენილი. სოფელი ომალო თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია. ომალოშია განთავსებული თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი. ტურისტების უმრავლესობა პირველად სწორედ ამ სოფელში ხვდება და თუშეთის შესახებ პირველ შთაბეჭდილებებს აქ იღებს.

2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით, რომელსაც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ითვლის, თუშეთს 14 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.

ვახტანგ გიუნაიძე, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ამბობს, რომ ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის სოფლები, სადაც ძველი თუშური არქიტექტურაა შენარჩუნებული, კერძოდ: დართლო, კვავლო, დიკლო, ფარსმა, გირევი. აქედან, ვიზიტორების 60% დართლოს სტუმრობს.

დასახელებულ სოფლებში არ არის ზემო ომალო, რომელსაც მე–18 საუკუნეში, კლდოვან ბორცვზე აგებული კესელოს ციხე–კოშკები ამშვენებს, მაგრამ ბოლო წლებში კესელოების ძირში უნებართვოდ აშენებული სახლები სოფელს თავის პირვანდელ იერსახეს უკარგავს. ჩამონათვალში აღარც შენაქოა. მართალია, ამ სოფლებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორები ჯერ კიდევ სტუმრობენ და საოჯახო სასტუმროები ტურისტების ნაკლებობას არ უჩივიან, თუმცა ეთნოგრაფი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი ნუგზარ იდოიძე მიიჩნევს, რომ თუშური არქიტექტურის სახეცვლილება ტურიზმის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

„ბოლო 12 წლის განმავლობაში, ტურიზმის განვითარებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ფართო ფენების ჩაბმას ამ სფეროში. ამან სასტუმროების გაფართოება გამოიწვია. ეს ნიშნავს დაზიანებული სახლებისა თუ ნაფუძარების აღორძინებას და განვითარებას. კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ეს ძალიან ფაქიზი საქმეა.

სამწუხაროდ, იერსახე შეცვლილია. შემოდის უგემოვნო, არათუშური, არატრადიციული არქიტექტურა. ტურისტებს აინტერესებთ ნამდვილი თუშური სოფელი, ძველი არქიტექტურა, ამის სანახავად მოდის და ამ დროს მას აქ ქალაქური, მანსარდიანი შენობები ხვდება, რომელიც ისედაც კარგად არის ცნობილი იქ, საიდანაც მოდიან“, – ამბობს ნუგზარ იდოიძე.

„მთის ამბებმა“ ზემო ომალოს ფოტოები მოიძია, რომლებიც სხვადასხვა დროს, მე–19, მე–20 საუკუნეებში და 2011–2017 წლებშია გადაღებული. ფოტოებიდან ჩანს, რომ ახალი ნაგებობებით სოფელი 2012 წლის შემდეგ ყველაზე მეტად არის დამახინჯებული.

„უნდა ხდებოდეს ადგილობრივების ცნობიერების დონის ამაღლება. ის უნდა დარწმუნდეს, რომ ასეთი დამახინჯებული ფორმებით შეანელებს და შეაფერხებს ტურიზმის განვითარებას, რასაც ის ელოდება და რაც ჰგონია, რომ მას სარგებელს მოუტანს“, – აღნიშნავს ნუგზარ იდოიძე. ეთნოგრაფი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან ძეგლების დასაცავად აქტიურ ჩარევას ითხოვს.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი თუშეთში სამ სოფელს აქვს, პირველად სოფელ დართლოს მიენიჭა, 1983 წელს. 2008 წელს კესელოს ციხეს და სოფელ ზემო ომალოს, 2016 წლის ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლად დოჭუ აღიარეს.

„ერთი მხრივ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ასეთი სტატუსის მქონე არქიტექტურა, მაგრამ ამავე დროს საჭიროა შემხვედრი ნაბიჯები. ეს ხალხი თავისი ფინანსებით აკეთებს ამ სახლებს. ის, ვისაც სახლის აშენების სურვილი აქვს, მან დაუბრკოლებლად უნდა მიიღოს პროექტი თავისი სახლისთვის, ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. აუცილებლად უნდა განხორციელდეს ინტენსიური კონტროლი, როგორ აკეთებს, როგორ აშენებს, თორემ მოსახლეს ჰგონია, რომ აკეთებს ძალიან კარგად. ის არ არის გარკვეული თუშური არქიტექტურის თავისებურებებში“, – აღნიშნავს ნუგზარ იდოიძე.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ვახტან გიუნაიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ძველი სტილის შესანარჩუნებლად უფრო მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე ახალი მასალებით სახლის სარესტავრაციოდ. მისი თქმით, როგორც დართლოს რეაბილიტაცია მოხდა, დანარჩენ სოფლებშიც მთავრობის მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დართლოს რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი 2014 წლიდან მიმდინარეობს. სოფელში მდებარე 73 სახლიდან 42–ის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 21 სახლის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, კიდევ 21–ის 2017 წლის ოქტომბერში უნდა დამთავრდეს.

„მთავარი მიზანი ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, კერძოდ, იმ ციხე-სიმაგრის ტიპის საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც თავისი უნიკალური და გამორჩეული არქიტექტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესის საგანია. რეაბილიტაციისთვის შევარჩიეთ ის სახლები, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო და დანგრევა ემუქრებოდა. დანარჩენ სახლებზე, რომლის რეაბილიტაციაც არ არის გათვალისწინებული, დღეისათვის კონკრეტული გეგმა ჯერ არ გვაქვს“, – უთხრა „მთის ამბებს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ჯუღა სიხარულიძემ.

დართლოს რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 2 481 685 ლარია. პროექტს მსოფლიო ბანკთან ერთად საქართველოს მთავრობა აფინანსებს. სავარაუდო გათვლებით, ერთი მცირე ან საშუალო ზომის სახლის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 59 ათასი ლარი იხარჯება. რეაბილიტაცია მოიცავს დაზიანებული კედლების აღდგენას ფიქალის ქვით, მშრალად წყობით, სახურავის გადახურვას, აივნების რესტავრაციას.

 

თუშეთის სოფლების განაშენიანების გეგმა

ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებაზე შპს „სტუდია 21“ მუშაობს. პროექტი მოიცავს თუშეთის დასახლებებს - ომალოს, დართლოს, ფარსმას, გირევს, დოჭუს, ჯვარბოსელს, შენაქოს, დიკლოს, ინდურთას, ეთელთას და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ზემო და ქვემო ალვანს.

სამუშაოებს არქიტექტორი გია აბულაძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, სივრცითი მოწყობის გეგმით განისაზღვრება როგორ უნდა განვითარდეს თუშეთი.

„ამაში შედის როგორც სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ისე სოციალური, კულტუროლოგიური საკითხები და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, პრაქტიკულად გზამკვლევი იმისთვის, რომ დაწყებული ცენტრალური მთავრობიდან და დამთავრებული მუნიციპალიტეტით, ყველამ მიიღოს თავისი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას ექნება სწორი მოქმედების, სწორი განვითარების საშუალება, რომელშიც არ იქნება დარღვეული არცერთი პარამეტრი. ეს იქნება გარემოსდაცვითი საკითხები, არქიტექტურული საკითხები, კულტურული მემკვიდრეობის თემები თუ ა.შ“, – აცხადებს გია აბულაძე.

სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც მთავრობის დაკვეთით მზადდება, 2018 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება იმ სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც ზემო ომალოსა და თუშეთის სხვა სოფლებში ახლა მიმდინარეობს, გია აბულაძე ამბობს:

„მთელი ჩემი ბავშვობა ვერ ვიგებდი ერთ არაკს, კაცი რომ ზის ტოტზე და იმ ტოტს რომ ჭრის. არ მესმოდა ლოგიკა. დღეს რა პროცესებიც მიდის ამ სოფლებში, რა სახლებიც შენდება, როგორი ტიპის სახურავითაც იხურება, ეს ძალიან მაგონებს სწორედ ამ არაკს - ეს ხალხი ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ის ზის.

ეს არის კომპლექსური საკითხი. ერთია რომ ინფორმაცია არა აქვთ, მეორეა რომ აქედან წვდომა ძალიან რთულია, ძეგლთა დაცვის სააგენტოს, იქ, თბილისში რომ მიაგნო. 2-3 დღის წინ გადაწყდა, რომ ნებისმიერი მსურველი, ვისაც აქ სახლის აშენება მოესურვება, აღარ მოუწევს არც თბილისში ჩასვლა და ვფიქრობ, არც ახმეტაში. აქვე იქნება კომპეტენტური არქიტექტორების ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ და დაეხმარებიან. თუ თვითონ ვერ გაწვდებიან, მოიწვევენ სხვა სპეციალისტებს იმისთვის, რომ შეადგინონ სწორი პროექტები. ჩვენ ვეცდებით რომ ეს წელს, ამ სეზონზე ამუშავდეს, თუ არა მომავალი წლიდან აუცილებლად.

- იმ ნაგებობებს, რომლის მშენებლობაც უკვე თითქმის დასრულებულია და არღვევს თუშურ არქიტექტურას, რა ეშველება?

- სივრცითი მოწყობის გეგმით ჩვენ იმ მექანიზმსაც მოვიფიქრებთ, რა ვუშველოთ ამისთანა სახლებს“.

 

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში