საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხევსურეთის გზაზე მაღალი გამავლობის მანქანებისთვის მოძრაობა აღდგენილია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:39 - 19 ივლისი 2017 hits 6262

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის გუდანი–შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საგზაო სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, მდინარე არღუნის კალაპოტში გზა ხელოვნური ყრილებით გაიყვანეს და სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.

როგორც „მთის ამბებს“ თბილისი–შატილის მიკროავტობუსის მძღოლმა მალხაზ ლომაშვილმა უთხრა, შატილში მიკროავტობუსით გადასვლას შაბათს გეგმავს.

თბილისიდან შატილში მიკროავტობუსი კვირაში 2–ჯერ დადის. გასვლა დიდუბის ავტოსადგურიდან ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს 09:00 საათზეა, შატილიდან კი მიკროავტობუსი ყოველ ხუთშაბათსა და კვირას 12:00 საათზე გამოდის. თბილისიდან შატილამდე მიკროავტობუსს 6 – 6.5 საათი სჭირდება. ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 20 ლარია.

6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე არღუნმა პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზა ე.წ. გუროს ნაწვეთრებიდან შატილამდე 8 ადგილას წაიღო. უგზოობის გამო შატილში ქართველი და უცხოელი ტურისტები, ასევე ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები ჩარჩნენ. ისინი ბარში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით გადმოიყვანეს.

გზა დაზიანებულია მიღმახევშიც. ანატორთან გზის ნაწილი ჩანგრეულია. სოფლებამდე – ხონემდე, ხახაბომდე, არჭილომდე, ანდაქამდე საავტომობილო გზები სტიქიამდეც არ იყო.

შატილში ადგილობრივები მესამე დღეა ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის ამირან გოგოჭურის თქმით, ჰესის ნაწილი ისევ დაზიანდა და შესაკეთებლად თბილისში აქვთ წამოღებული. შატილის ჰესი წელს უკვე რამდენჯერმე გამოვიდა მწყობრიდან. ზამთარში მოსახლეობას ელექტროენერგია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში