საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

81 წლის ვახტანგ ჩოლოგაური - მეღა ვასოფლებ ჭიჩოს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

03:00 - 30 ნოემბერი -0001 hits 32582

„არაგვმა ორჯერ წამიღო. ხიდი არ არის მდინარეზე, მოჭრილი ხეა გადებული. თანხა იყო გამოყოფილი, მგონი, 15 ათასი, მაგ ხიდისთვის, მაგრამ არ გააკეთეს. პირველად, 2014 წელს გადავვარდი ხიდან. წყალმა კარგა ხანს მათრია. გზაზე მადიოდა ერთი ბიჭი, იმან შემნიშნა. ის შამოვარდა და გამიყვანა. მეორედ მე თვითონ გავედი როგორღაც“, – ამბობს 81 წლის ვახტანგ ჩოლოგაური, უკანაფშავის სოფელ ჭიჩოს ერთადერთი მცხოვრები.

„ომიანობის დრო რომ იყო, მანამდისინ ექვსი ოჯახი ვიყავით და მერე, ომი რომ დამთავრდა, ესენიც წავიდნენ და ჩვენ დავრჩით. ჩემი ძმაც წამოიზარდა, ცოლი მაიყვანა აქ და მერე ლაფანაანთკარში გადავიდა. მეც აქ დავოჯახდი და მერე წავედი ბარისახოში. 1988 წელს დავბრუნდი. აქ ვცხოვრობდით მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ბიჭი. სხვა ორი შვილი ჩვენ ადრე დაგვეღუპა, ვიდრე ბარისახოში დავსახლდებოდით. ბოლო შვილი ბარისახოში შეგვეძინა. გელა ერქვივნა. დაბლაა სასაფლაო. მანდ დავკრძალე. მანდ მოისურვა ჩემმა მეუღლემაც. გელამაც დედაჩემთანაო, იძახოდა სულ“, – ამბობს ვახტანგ ჩოლოგაური.

მისივე თქმით, ჭიჩოდან არიან წარმოშობით გულიაშვილები, ფეტვიაშვილები, ხიზანიშვილები, ქეშიკაშვილები, ხუცურაულები, თეთრაულები.

„ბებოჩემი ყოფილა მუქოს ეძახიან მანდ, მანდაური ქალი, წოწკოლაური. პაპაჩემს ყოლია ის. პაპაჩემიცა და ბებოჩემიცა დაუხოცია შავ ჭირს ეძახოდნენ ადრე, ძაან იყო გავრცელებული. ბევრი სასაფლაოა ძაან, ერთი 300, ღმერთმა ჯვარი დაგწეროთ, მეტი მიცვალებულია დაკრძალული. ახლა მარტო მე ვარ დარჩენილი, მეღა ვასოფლებ ჭიჩოს.

პენსია რომ მოვალის, მირეკავენ და მაშინ ჩავდივარ შუაფხოში. იქიდან აქამდისინ რომ ჩახვიდე და ამოხვიდე, 20 კილომეტრია. 20 კილომეტრს მივდივარ და მოვდივარ ფეხით.

მარტო ცხოვრება რთულია იმიტომ, რომ დამლაპარაკებელ არავინა მყავს. ტელევიზორი ამომიტანეს, მარა ცოტა ხანი იმუშავა და გაჩერდა, რა ვიცი. ვერ გავუგე ამას“.

ჭიჩო ზღვის დონიდან 1660 მეტრზეა. სოფლამდე სამანქანე გზა არასდროს მიდიოდა და არც ახლაა. უახლოესი მეზობელი სოფელ მუქოშია, 5–6 კილომეტრში. უკანაფშავში, არაგვის მარცხენა მხარეს ჭიჩოს გარდა არცერთი სოფელი აღარ არის.

ბოლო 20 წლის განმავლობაში უკანაფშავის 23 სოფლიდან 11 გაუკაცრიელდა.

გოგა ჩანადირი

კინოსცენარისტი, ფოტორეპორტიორი 2001 წლიდან. მუშაობს ფოტოდოკუმენტალისტიკაში. აშუქებს ეთნოგრაფიულ და პრობლემატურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში