„ახლა ჩვენ კვლევებს ველოდებით და არ არის გამორიცხული, რომ ჟინვალის კვანძიდან ლარსის მიმართულებით გზა წავიდეს ჟინვალის წყალსაცავის შემოვლით. გზა შემოუვლის ჟინვალის წყალსაცავს, სამხრეთ ფერდობზე გადავა, ანუ არაგვის მარცხენა მხარეს და შემდეგ გადმოკვეთს მდინარე არაგვს“, – უთხრა „მთის ამბებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ.
მისივე თქმით, ჟინვალიდან ანანურამდე 4 მეწყრული მონაკვეთია, ქვათაცვენაა, სახიფათო მოსახვევებია, ხიდებს რეაბილიტაცია სჭირდება, საერთო ჯამში კი სამუშაოებისთვის დიდი თანხაა საჭირო.
„გარდა მეწყერისა, გვაქვს ქვათაცვენა, ცუდი მოსახვევები, ხიდებია ბევრგან გასაკეთებელი და ა.შ. საპროექტო კომპანიამ უნდა შეისწავლოს და დაგვიდოს დასკვნა – რა ჯობია, არსებული გზის გაუმჯობესება და იქ მეწყერებთან ბრძოლა იმისთვის, რომ ეს გზა დარჩეს როგორც არის, თუ წავიდეთ ჟინვალის მეორე მხარეს და მერე გადმოვჭრათ ჟინვალის წყალსაცავი. ჯერ კვლევის დონეზე ვართ“, – აღნიშნა სეთურიძემ.
საყურადღებოა, რომ თიანეთის გადასახვევიდან თვალივამდე 16 კილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის მთავრობამ 8 562 675 ლარი უკვე გამოყო.
„ჩინთიდან თვალივამდე გზის რეაბილიტაცია ორად გავყავით. პირველი სამი კილომეტრი, ჩინთიდან თიანეთის გადასახვევამდე გაკეთდება მარტივი ტექნოლოგიით, რომელიც სამი–ოთხი წელი თავისუფლად იმუშავებს. იმის იქით, თიანეთის გადასახვევიდან თვალივამდე გზის რეაბილიტაცია დაგეგმილია სხვა ტექნოლოგიით, რადგან შეიძლება მანდ სხვა კატეგორიის გზა გაკეთდეს და მერე რომ არ მოგვიწიოს რეაბილიტირებული გზის ხელმეორედ გაკეთება, ამიტომ გადავწყვიტეთ ასე“, – უთხრა „მთის ამბებს“ გიორგი სეთურიძემ.
თიანეთის გადასახვევიდან თვალივამდე გზის რეაბილიტაციას აზერბაიჯანული კომპანია „აგეტე“ შეასრულებს. ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა (სტაბილიზაცია) ცემენტის მსგავსი სპეციალური შენარევით ხორციელდება. კომპანიის ცნობით, გარდა იმისა, რომ მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია. ასევე, გამოირჩევა ნაკლები წყალშეღწევადობით.
გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, ჩინთი–თვალივის გზის რეაბილიტაცია შესაძლოა 2017 წლის ბოლომდე დასრულდეს.
კიდევ, 15 635 050 ლარია გამოყოფილი თვალივიდან ჩარგლის გადასახვევამდე გზის რეაბილიტაციისთვის.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა (საქართველოს სამხედრო გზა), რომელიც ჯვრის უღელტეხილით (ზღვის დონიდან 2395 მ) კავკასიონის მთავარ ქედზე გადადის და თბილისს ვლადიკავკაზთან აკავშირებს, 1899 წელს გაიხსნა. გზის სიგრძე 206 კილომეტრია.