საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ომარიკა ბაბუს ვიდეობლოგი რაჭიდან - ამდენ დაკეტილ სახლს რომ ვუყურებ, ნამეტანი გული მტკივა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:30 - 30 მარტი 2017 hits 20441

„სოფელი მინდა ხალხმრავალი რომ იყოს და ხალხში ვიყო მეც და ჩემი ოჯახიც. რო მყავდეს მეზობელი, მეგობარი და ამხანაგი. ამნეირ სოფელში მინდა ცხოვრება“.

ომარიკა ბაბუას 82 წელი რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა. მეუღლესთან ერთად ქვემო რაჭის სოფელ თხმორში ცხოვრობს. 4 შვილი, 5 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი ჰყავს. ამბობს, რომ მისთვის ერთადერთი ბედნიერება სახლისკენ მიმავალ აღმართზე მისი მონაგარის გამოჩენაა. „აგერ ახლა დაბადების დღე მქონდა და ჩამოვიდა მონაგარი, მომილოცეს გასახარებლებმა. ჩემთან ქე მოდიან ბოშები, მარა ამდენ დაკეტილ სახლს რომ ვუყურებ, ნამეტანი გული მტკივა. ყველა ცარიელია ბოშისგან და კაცისგან. წასულია ყოველი კაცი. წევიდენ ზოგი თბილისში, ზოგი ქუთაისში, ზოგი რუსთავში და ცხოვრობენ იქ. ზაფხულობით, რამდენიმე კვირით მოდიან და მიდიან ისავე“.

უდიპლომობა ხელს არ მიშლის ქვეყნის ამბებზე ლაპარაკშიო, ამბობს. ევროპაში არასდროს ყოფილა, „სულ ევროპული საქართველო ისმის ამ ბოლო დროს. ტელევიზორში ხო ვხედავ, ხალხი კარგად ცხოვრობს იქანა, მარა სად ჩვენი ცხოვრება, სად იმათი“.

სოფელ თხმორში 11 მუდმივად მცხოვრები ოჯახია, ძირითადად მოხუცები და მარტოხელები. ომარიკა ბოჭორიშვილის თქმით, სოფელში 95 სახლია, თუმცა თითქმის ყველა დაკეტილი, - „საარსებო წყარო არა აქვთ ხალხს, ახალგაზრდებს. სოფელში არაფერი სამუშაოა კაცმა თავი რომ ირჩინოს. რა უნდა ქნას ახალგაზრდამ, ვერ მუშაობს. სიმინდი, ლობიო, კარტოფილი მოყავს ცოტა ოდენობით და იმით ინახავენ თავს. ყველაფერი ქე მოდის სოფელში, მარა მიწას აღარ ამუშავებს არა კაცი“.

„წლების წინ, სოფელში სამი ბრიგადა იყო, ბაბუ. ეს ბრიგადები ერთად ამუშავებდნენ მიწას და ერთად იღებდენ მოსავალს. ნალიები სიმინდით გვქონდა გავსებული. პირგამოზაფხულზე ვხსნიდით, ხალხიც ხმარობდა და ფერმაც. ღომის, ლობიოს, კარტოფილის, სიმინდის ყანები გვქონდა, ვენახებიც. ახლა, მთელ სათეს ადგილებზე ტყემ გედიარა. რო გაუქმდა კოლმეურნეობა, იმის მერე არ დახნულა ყანები. საძოვარიც აღარ აქვს საქონელს“.

ასაკის მიუხედავად, ომარი ბაბუა ყანასაც ამუშავებს და საქონელსაც უვლის, - „5 წლის ვიყავი, ბაბუ, მამაჩემი სამამულო ომში რომ წევიდა. დედაიამ მე და ჩემი 4 დედმამიშვილი ობლობაში გაგვზარდა. იმის მერე სოფელს და მიწას არ მოვშორებივარ. ქალაქში გაძლება ნამეტანი მიჭირს. მე იმდენს ვშრომობ, ეს მოხუცი კაცი, რო თავსაც ვინახავ და ჩემ მტერს მოყვარეს, ყველას პატივს ვცემ რაც შემიძლია“.

სალომე ცისკარაული

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევსურეთის და რაჭის ამბებს. პროფესიით ჟურნალისტია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში