საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საჩხერე-რაჭის გზას ხორვატიული კომპანია დააპროექტებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:42 - 07 მარტი 2017 hits 57587

ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზას სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ დააპროექტებს. საპროექტო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტი 3 მილიონ 743 ათას 761 ლარით აფინანსებს.

ახალი, 2-ზოლიანი გზა რეგიონებს ერთმანეთთან უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს და თბილისიდან რაჭის მიმართულებით მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ტენდერის პირობებით, საპროექტო სამუშაოები 2018 წლის 30 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს.

როგორც „მთის ამბებს“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის განსახორციელებლად ალტერნატიული მიმართულებების ანალიზი ტარდება და დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება, ტენდერი მშენებლობაზე კი საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდგომ გამოცხადდება. მშენებლობის სავარაუდო ვადა 2018-2020 წლებია.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზემო იმერეთი-რაჭის (საჩხერე-შქმერი-ონის) გზის მშენებლობა, 2014 წლის იანვარში დააანონსა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა განეხორციელებინა, თუმცა, ის დღემდე არ დაწყებულა.

იმ დროისთვის საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის 4 მარშრუტი განიხილებოდა:

საჩხერე-მოხვა-შხივანა-ხოტევი-ამბროლაური: ასაშენებელი გზის საერთო სიგრძე 36 კმ,  გადასასვლელი უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 1730 მეტრის სიმაღლეზე. გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება - 25-26 მილიონი ლარი.

საჩხერე-ჭიათურა-ხრეითი-თლუღი-ამბროლაური: ასაშენებელი გზის სიგრძე 43 კილომეტრი, გადასასვლელი უღელტეხილზე ზღვის დონიდან 1907 მეტრის სიმაღლეზე. მშენებლობის ღირებულება - 25 მილიონი ლარი.

საჩხერე-მოხვა-ფუტიეთი-ამბროლაური: ასაშენებელი გზის სიგრძე 50 კილომეტრი, გადასასვლელი უღელტეხილზე ზღვის დონიდან 1900 მეტრის სიმაღლეზე, მშენებლობის ღირებულება - 30 მილიონი ლარი.

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ონი: ასაშენებელი გზის სიგრძე - 52 კმ, გადასასვლელი უღელტეხილზე ზღვის დონიდან 1898 მეტრის სიმაღლეზე, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება -30 მილიონი ლარი.

ხელისუფლებამ მაშინ უპირატესობა საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ონის მარშრუტს მიანიჭა. ითქვა ისიც, რომ გზის ამ მონაკვეთზე პირველმა ტრაქტორმა 2013 წლის ოქტომბერში გაიარა. თუმცა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან ეს ინფორმაცია გაქრა, საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის საპროექტო სამუშაოებზე კი ტენდერი გასულ წელს თავიდან გამოცხადდა.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტი, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პროექტების ნუსხაში შედის (2016 წლის 16 აპრილის, საქართველოს მთავრობის N 655 განკარგულება).

სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ ხორვატიაში დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომპანიის ქართული ფილიალია და 2016 წლის 26 სექტემბერს არის დარეგისტრირებული. ეს კომპანია მუშაობს სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის სამუშაოების პროექტზეც.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში