საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჭიკაიძეების ოჯახის დასახმარებლად აქცია მოეწყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:04 - 02 მარტი 2017 hits 6067

დუშეთის რაიონის სოფელ ხომში მცხოვრები ჭიკაიძეების ოჯახის დახმარების მიზნით აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში შეგროვებული პროდუქტები და ტანსაცმელი ოჯახს მოხალისეებმა მიუტანეს. საქველმოქმედო ღონისძიებას ორგანიზება აკა სინჯიკაშვილმა გაუწია.

ხომში მცხოვრები ჭიკაიძეების ოჯახის შესახებ „მთის ამბებმა“ სტატია 23 თებერვალს გამოაქვეყნა. მათი დახმარების მიზნით პროდუქტები 28 თებერვალს შეგროვდა.

„ძალიან ბევრი ტანსაცმელი და პროდუქტები შეგროვდა. როცა აქცია დავაანონსე, სოციალურ ქსელში დავწერე, რომ შეგროვებული ნივთების ხომში ასატანად 10 ადამიანი გვჭირდებოდა. 16 მოხალისე მოვიდა, აქედან 11 პირველად მაშინ ვნახე. ტანსაცმელთან ერთად იყო საკვები პროდუქტები და პირადი ჰიგიენის ნივთები, ასევე საბავშვო ეტლი პატარა მარიამისთვის. ვეცდებით, რომ ამ ადამიანებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ბინის ყიდვას ვერ შევძლებთ, მაგრამ გამოგვეხმაურნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც რაიონებში აქვთ მიტოვებული სახლები და თანახმა არიან, რომ ეს სახლი ჭიკაიძეებს დაუთმონ. ვცდილობთ, მათთვის შესაფერისი ვარიანტი ისევ დუშეთის რაიონში შევარჩიოთ,“ - აღნიშნა „მთის ამბებთან“ საუბარში აკა სინჯიკაშვილმა.

„სრულიად უცნობი ადამიანები მოვიდნენ. ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, ტკბილეული და ბევრი ტანსაცმელი მოგვიტანეს. აკა შეგვპირდა, რომ ნორმალური ბინა აუცილებლად გვექნება. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენს ცხოვრებაში სასიკეთოდ რაიმე შეიცვლება. მიხარია, რომ  ამდენი უცნობი ადამიანი დაგვეხმარა,“ - ამბობს ჩიმნაზი მუსაევა.

როგორც ჭიკაიძეებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ამ დრომდე მათ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან არავინ გამოხმაურებიათ.

ჭიკაიძეების ოჯახი დუშეთის რაიონის სოფელ ხომში 25 წელია ქოხში ცხოვრობს. ფიცრებს შორის დარჩენილ ნაპრალებში ქარი რომ არ შევიდეს და სითბო შეინარჩუნონ, ქოხს ცელოფანი აქვს შემოკრული. ოჯახში შვიდი სულია, აქედან სამი მცირეწლოვანია: 5 წლის გია, 3 წლის ალიკა და 7 თვის მარიამი. ისინი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში ცხოვრობენ. დიდმა თოვლმა ან ძლიერმა ქარმა ქოხი შეიძლება ნებისმერ დროს დაანგრიოს.

ბავშვებისთვის არც სკოლამდელი განათლებაა ხელმისაწვდომი. უახლოესი საბავშვო ბაღი სოფელ მაღაროსკარშია, 25 კილომეტრის მოშორებით. ხომიდან ცენტრალურ გზამდე მანძილი 4 კილომეტრია. სოფლის გზა ტყეზე გადის, არის ნადირის თავდასხმის საფრთხე, ზამთარში კი ამ გზის გავლა თოვლის და ტალახის გამო მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაც შეუძლებელია: გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულამდე სოფელში ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა ადის.

ბავშვებთან ერთად ქოხში კიდევ 4 ადამიანი ცხოვრობს: მათი უფროსი ძმა, 21 წლის გიორგი, მშობლები - ლადო ჭიკაიძე და ჩიმნაზი მუსაევა და ბებია, 76 წლის ეთერ ანთაური-ჭიკაიძე.

ხომში ჭიკაიძეების სახლი 1992 წლის 23 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. მიწისძვრის ეპიცენტრი მაშინ ბარისახოში იყო. 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ხომში ყველა სახლი დაზიანდა, ჭიკაიძეები კი საერთოდ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.



Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში