საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა გვაერთიანებს „მთის ამბების“ მოქალაქე–რეპორტიორებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:11 - 19 თებერვალი 2017 hits 12268

„მთის ამბების“ ხალხთან შესახვედრად გადაჭარბებული მონდომებისგან ერთი საათით ადრე მივდივარ დათქმულ ადგილზე. შევიკრიბეთ. გეზი თბილისიდან კახეთისკენ გვაქვს, სადაც გადაღების, მონტაჟის, ამბის თხრობისა და მულტიმედია სიუჟეტის მომზადების რვადღიანი ტრენინგი მოეწყობა კონკურსის წესით შერჩეული 11 მოქალაქე-რეპორტიორისთვის. ჯერ არავის ვიცნობ, მაგრამ მიკროავტობუსში იმდენს ვლაპარაკობთ მთასა და მოგზაურობაზე, თითქოს წლებია ვმეგობრობდეთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრში გელა მთივლიშვილი გვხვდება, ჩვენთვის ყავას უკვეთავს, ნიუსრუმს და სტუდიას გვათვალიერებინებს, მობილურზე ლაპარაკობს და მგონი ვერტმფრენით აპირებს სადღაც გაფრენას, თან რეპორტაჟებს გეგმავს, სამ სიტყვას ამბობს ყველაზე ხშირად: ჩქარა! დროზე! მალე!

ცოტათი დავიგვიანეთ, მაგრამ დაჩი გრძელიშვილი და თამარ რუხაზე დარბაზში მოთმინებით გველოდებიან. დაჩი კედელზე პროექტორის ეკრანს ასწორებს, თამარს მოუშორებელი ღიმილი აქვს სახეზე და მგზავრობის ამბებს გვეკითხება.

მერე ყველანი ჩვენ თავზე ვყვებით. დროდადრო თვალი მომცრო სტუდიისკენ გამირბის, სადაც ხის ძველი ყუთებით აწყობილი წიგნების კარადა, განათებები და ძველი ნივთები დგას, თან მომავალი რეპორტიორების მონაყოლს ვისმენ:

სალომე ცისკარაული არხოტიდანაა, თუმცა რაჭაში გაიზარდა. გული სწყდება, რომ ზემო რაჭის სოფლებიდან არავის ჩამოაქვს ამბები აქა-იქ დარჩენილ ადამიანებზე, ახალგაზრდებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე, რომლებსაც ხანდახან დათვების შემოსევისგანაც კი უხდებათ ხოლმე ყანის დაცვა, რომ ზამთარში სარჩოს გარეშე არ დარჩნენ.

ანნა შატილის კოშკების მფლობელი ჭინჭარაულების შთამომავალია. მართალია მთის დაუწერელი კანონებით მას კოშკი არ ერგო რადგან გოგოა, მაგრამ იქვე, ახლოს, მალე საკუთარ კაფეს გახსნის, რომელიც ტურისტებს მოემსახურება. მთის პრობლემების მოგვარების პროცესშიც აქტიურად ჩართვას აპირებს.

გვანცა დადალაური ფშავიდანაა, დალი ფირანიშვილი ხევიდან – ყაზბეგიდან. ჩუმი გოგოა დალი, მხოლოდ ერთხელ წამოსცდა, რომ ერთი სული აქვს სწავლას მორჩეს თბილისში და ყაზბეგს დაუბრუნდეს. ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს ამბობს მისი გულსაბნევი წარწერით: „მხოლოდ მთებშია თავისუფლება“, რომელსაც მოუშორებლად თან ატარებს.

გვანცას ჩანაფიქრი უკანაფშავის სოფლების  აქტიურ ტურისტულ ზონად ქცევაა, ბევრს მოგზაურობს და ერთი უცნაური თვისება აქვს: ფეხმოტეხილსაც შეუძლია იაროს ყავარჯნით და მთელი დღის განმავლობაში იღებდეს კამერით უცხო გარემოს - ჩვენ ის ასეთი გავიცანით.

„მთის ამბებს“ ისეთი ბიჭებიც შემოუერთდნენ, მთიდან რომ არ ჩამოსულან, მაგრამ სულ იქით მიუწევთ გული: ერეკლე სოსელია სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში სწავლობს და ვიდეობლოგებით სურს ის ემოციები აჩვენოს, რაც თვითონ აქვს მოგზაურობისას.

პროექტ „მთის ამბების“ მიზანი საქართველოში მთაზე ორიენტირებული მედია–რესურსის განვითარება და მაღალმთიან დასახლებებში პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობაა. ამიტომაც აღმოჩნდა ის საინტერესო ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის. პროფესიით ჟურნალისტია და აღმოსავლეთ მთიანეთის ამბების გაშუქება სურს.

შენგელი არაბული ხევსურია. ბავშვობა იქ აქვს გატარებული. „მახსოვს 2010 წლამდე ჩემი სოფლიდან, ზეისტეჩოდან 25 კილომეტრი უნდა გევლო, რომ სადმე დაგერეკა. მდგომარეობა დიდად დღემდე არ შეცვლილა: მობილური იქ არც ახლა იჭერს. გზა გაკეთდა, მაგრამ ბოლომდე არა და რამდენიმე კილომეტრი ისევ ფეხით უნდა იარო“ - ამბობს შენგელი.

მთიანეთი ფეხით აქვს მოვლილი ნუცა ცისკარიშვილს. ჯაჭვის პერანგებს ქსოვს ხრიდოლის ბიჭებისთვის, იცის ხელსაქმე, საქარგავ ძაფსაც კი თვითონ ღებავს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია მთიელების ყველა პრობლემის გაშუქება, თუნდაც ეს იყოს პატარა, დანგრეულ ხიდი, რომელიც ადამიანებს საკუთარ სახლამდე მისვლაში ხელს უშლის. ნუცას ოცნებაა მთა ბავშვების ჟრიამულით აავსოს.

გიორგი სეხნიაიძე თუშია, შენაქოდან. მისთვის ყველა ამბავი თუ მოვლენა რაც თუშეთს უკავშირდება, ძვირფასი და მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანი, რომელიც მიუვალ მთებში თითებმოყინული ელოდება დაგვიანებულ ვერტმფრენს ან მწყემსი, რომელსაც ახალი კანონი მხოლოდ იმიტომ არ შეეხო, რომ ცხრის  ნაცვლად ექვს თვეს ატარებს მთაში ცხვართან ერთად.

გაგა შეთეკაურმა ბარი დატოვა და მთაში წავიდა საცხოვრებლად. შუაფხოს სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. ეღიმება, როცა ეუბნებიან, სამინისტროშიც შეგეძლო გემუშავა, ცხოვრებას რატომ ირთულებო. გაგამ იცის, რომ ბედნიერება ხანდახან იქ არის, სადაც სხვები შეიძლება საერთოდ ვერ ხედავდნენ - ქალაქისგან მოწყვეტილ სოფელში, კომფორტის ზონის მიღმა, სადაც სულ გელიან პატარა ბავშვები დიდი თვალებით.   

მთავარი, რაც მოქალაქე რეპორტიორების და „მთის ამბების“ გუნდს გვაერთიანებს, მთის სიყვარული, მთაში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის სურვილი, თავგადასავლების ძიება და ექსტრემალური გარემოსკენ სწრაფვაა. ამ მნიშვნელოვანმა საერთო ინტერესებმა შეგვკრიბა ერთად.

მოქალაქე-რეპორტიორებს ახალ მედიაში მუშაობის სპეციფიკას მოწვეული ტრენერები: IREX-ის მედიის ტექნიკური დახმარების მენეჯერი თამარ რუხაძე, IREX-ის დირექტორის მოადგილე, ახალი მედიის მენეჯერი დაჩი გრძელიშვილი, IREX-ის მედია-ტრენერი შოთა გოგიშვილი და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გვასწავლიდნენ.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ტრენერების უაღრესად გულისხმიერი დამოკიდებულება მოქალაქე რეპორტიორების საქმისა და პროექტ „მთის ამბების“ მიმართ. სწავლების შემდგომ პერიოდშიც ყველა მათგანი აქტიურადაა ჩართული სამუშაო პროცესში და ყოველთის იგრძნობა ურთიერთდახმარების მუდმივი მზაობა დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

„ძალიან დატვირთული და თან ძალიან სავსე სამი დღე გვქონდა“- ამბობს თამარ რუხაძე, – „გვინდოდა, მოგვესწრო ყველაფერი, რაც „მთის ამბების“ მოქალაქე-რეპორტიორებს მომავალ მუშაობაში დასჭირდებათ. ამ სწავლებამ კიდევ ერთხელ დამანახა თუ როგორ გვჭირდება დღეს სამოქალაქო ჟურნალისტიკა.“

Mtisambebi.ge საინფორმაციო ცენტრების ქსელის ახალი პროექტია, რომელიც ამერიკული ორგანიზაციის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

სამოქალაქო ჟურნალისტიკის ტრენინგები მალე მთიან აჭარაში, ჯავახეთში, რაჭა–ლეჩხუმსა და სვანეთში მცხოვრებთათვისაც გაიმართება. ახალგაზრდები მოქალაქე – რეპორტიორების ქსელს შემოუერთდებიან და საშუალება მიეცემათ მთის მდგომარეობა უკეთესობისკენ ჩვენთან ერთად შეცვალონ რაც შეიძლება „ჩქარა, დროზე და მალე!“

თამუნა ნერგაძე

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. ფილოლოგი ფრანგული ენის განხრით. მუშაობდა ქართული ენის ტრენერად სომხურენოვან სკოლაში.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში