საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რეპორტაჟი ყანობიდან - ბავშვმრავალი მთიანი სოფელი საბავშვო ბაღის გახსნის მოლოდინში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:07 - 30 იანვარი 2017 hits 27356

ფიქრია ჩაბაიძისა და ბესო კობიაშვილის ახალგაზრდა ოჯახი ყაზბეგის რაიონის სოფელ ყანობში ცხოვრობს. მათ ოთხი პატარა ბავშვი ჰყავთ. ბესო მესაზღვრეა, ფიქრია კი ყანობის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ახლა დეკრეტშია, თუმცა სკოლაში გასვლა მალე მოუწევს, დაწყებითი სკოლის მეორე მასწავლებელი ნათია ყარაულაშვილიც მალე ბავშვს ელოდება. ახალგაზრდა დედა პრობლემის წინაშე დგას, სოფელში საბავშვო ბაღი არ არის და არ იცის, ვის დაუტოვოს ბავშვები.

„ჩემს სოფელს ყანობი ჰქვია და ის ყველაზე კარგი სოფელია. ჩვენ მოხევეები ვართ, ჩვენი სოფელი ხევშია, მთებში. აქ ზაფხულში ძალიან ცხელა, ზამთარში ცივა და დიდი თოვლი იცის. თუმცა როცა მოთოვს, ნაძვები და ფიჭვები მწვანედ რჩება მორთული. ზამთარში მეგობრები ერთად გამოვდივართ, ვციგაობთ, ვგუნდაობთ“, - გვიამბობს ილია კურკუმული. ის ყანობის დაწყებითი სკოლის მეორე კლასში სწავლობს. მის კლასში ორი გოგონაა: იზა კობიაშავილი და ანი ჭიალაშვილი.

სკოლაში კიდევ ორი მოსწავლეა, პირველკლასელები: ანის დაიკო ლიზი ჭიალაშვილი და ილიას ბიძაშვილი ლუკა კურკუმული.

პირველი და მეორეკლასელები ერთად, კლას-კომპლექტად მეცადინეობენ. ამიტომ ყანობის სკოლის ყველა მოსწავლე ერთ საკლასო ოთახში დაგვხვდა. სანამ სკოლის ძირითადი მასწავლებელი ფიქრია ჩაბაიძე დეკრეტშია, ბავშვებს ორი მასწავლებელი ჰყავთ - ნათია ყარაულაშვილი და ნანა ნოზაძე.  

ხუთი მოსწავლე, სამი მასწავლებელი, დირექტორი, ბუღალტერი, დარაჯი და დამლაგებელი - ეს არის სულ ყანობის სკოლა - ერთადერთი დაწესებულება სოფელში, სადაც არც მაღაზიაა, არც ამბულატორია, არც აფთიაქი და საბავშვო ბაღი.

ნონა ღუდუშაური მერვე წელია ყანობის სკოლის დირექტორია, თავიდან საბაზო სკოლა იყო, სამი-ოთხი წლის წინ ერთადერთი მოსწავლე ჰყავდათ. „სანამ ბავშვების ეს ნაკადი წამოვიდოდა, ერთი მოსწავლე გვყავდა. ის მეცხრე კლასიდან სტეფანწმინდაში გადავიდა, წმინდა ილიას სახელობის გიმნაზიაში. სასწავლებელს ჩვენი მეუფე პატრონობს და მშობლები კმაყოფილები არიან, თუმცა უმცროსკლასელების, ძალიან პატარების გაშვება არ უნდათ სახლიდან“, - ამბობს დირექტორი.

ყანობიდან ოთხი მოსწავლე დადის სტეფანწმინდაში. გიმნაზიას პანსიონიც აქვს. ბავშვები ორშაბათ დილას მიდიან და პარასკევს საღამოს ბრუნდებიან ოჯახებში.

სოფელი ყანობი იქნებ ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩადან“ გახსოვთ. ძიძია იყო აქედან. დიდი სოფელი იყო ყანობი. ახლა აქ მუდმივად მცხოვრები 25 კომლია, თუმცა, ბევრი სხვა სოფლისგან განსხვავებით, მხოლოდ მოხუცები არ ცხოვრობენ.

ფიქრია ჩაბაიძეს ოთხი შვილი ჰყავს, ნანა მასწავლებელს - სამი, მათ შორის ილია უფროსია, და კურკუმულების დიდ ოჯახში ლუკას დედიკოსაც სამი ჰყავს, ნათია მასწავლებელს ჯერ ერთი, მაგრამ მეორეს ელის. ჭიალაშვილების დედიკო, ია ბეჟიკელაშვილიც თებერვალში მეოთხე შვილს ელის.

ყანობელები გვეუბნებიან, სოფელი რომ ცოცხლობს და ახალგაზრდა ოჯახები აქაურობას არ ტოვებენ, სოფლის მოძღვრის, ილარიონის დამსახურებაა.

იმ დღეს მოძღვარი სოფელში არ იყო და ვერ შევხვდით.

„ზოგს წასასვლელიც აქვს, სახლი ქალაქში, მაგრამ კურთხევა გვაქვს, სოფელი არ მიატოვოთო“, - გვეუბნება ია ბეჟიკელაშვილი.

სოფლად ცხოვრება იოლი არ არის.  

„ახლა მეოთხე შვილს ველი. მე და ჩემი მეუღლე არ ვმუშაობთ. პატარაზე 200 ლარიან დახმარებას ვიღებ, ამას სოციალური დახმარებაც ემატება და ჩემი ოჯახი ამ 480 ლარით ცხოვრობს. საქონელიც გვყავს, ბევრი არა, მაგრამ ბავშვებს რძე-მაწონს ვაჭმევთ. რთულია აქ ყოფნა, რადგან არ არის მაღაზია, ყველაფრისთვის ყაზბეგში მივდივართ. არ არის აფთიაქი, ექიმი, ექთანი. ყაზბეგიდან შორს არ ვართ, მაგრამ ზამთარში მაინც, ეს გზა თუ გაიყინა, რთულია მოძრაობა, მითუმეტეს, თუ მანქანა არ გაქვს“. იას თქმით, რთულია ხევში ცხოვრება, მაგრამ რწმენა აძლიერებთ, სოფელში უმეტესობა მორწმუნეა. მთელი კვირა ელიან შაბათ დღეს, როდესაც წირვა ტარდება.

მოძღვარი მრევლს მოუწოდებს, რომ ბევრი შვილი იყოლიონ და მოხევეებიც ყურს უგდებენ მას. 25 კომლიან სოფელში, როგორც გვითხრეს, 14-15-მდე სასკოლო ასაკის ბავშვია და ორსაც ელიან.

„ასეთი პატარა სოფლისთვის, როგორც ყანობია, 15 ბავშვი ცოტა არ არის. ბავშვები გვყავს, მეც მეზრდება პატარა, რომელიც 2 წლის ხდება აპრილში და აუცილებლად გვჭირდება საბავშვო ბაღი. ბაღი რომ იყოს, ბავშვებსაც განვითარების მეტი საშუალება ექნებათ“, - გვეუბნება ნათია ყარაულაშვილი.

დავრჩებით თუ არა სოფელში?

„ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი პირობები იქნება აქ საცხოვრებლად. გვექნება თუ არა საბავშვო ბაღი, კარგი სკოლა, მაგრამ მარტო სკოლა ხომ არ არის? - ჩემი მთავარი მიზანია ამ ბავშვებს ჰქონდეთ კარგი განათლება. მოზარდებს განვითარება უნდათ: აი, მაგალითად, ილია კარგად ხატავს, იზა ცეკვავს, ყველა, ხუთივე, ძალიან ნიჭიერია და მათ ხელის შეწყობა უნდათ. ვფიქრობ, შეიძლება, ჩვენს სოფელშიც იყოს ცეკვის, ხატვის წრეები, სპორტული სექციები, რათა, აქედან წასვლა არ ვიფიქროთ“, - ამბობს ნათია ყარაულაშვილი.

ყანობში საბავშვო ბაღის გახსნის მიზნით, „მთის ამბების“ მხარდაჭერით პეტიცია მზადდება, რომელიც განსახილველად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში