საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყაზბეგის მოსახლეობა 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს

15:24 - 17 იანვარი 2017 hits 8122

ყაზბეგის რაიონის სოფლების - კარკუჩას, ახალციხის და სნოს მოსახლეობა მათ სოფლებთან ახლოს მაღალი ძაბვის - 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს და ხაზისთვის ალტერნატიული მარშრუტის მომზადების მოთხოვნით პეტიციას ამზადებს.

პეტიცია, რომელსაც ხელს 150 ადგილობრივი აწერს, საქართველოს მთავრობაში, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღეში შევა.

500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი - ქსანი-სტეფანწმინდა “რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში შენდება. ხაზის სიგრძე დაახლოებით 100 კმ-ია. პირველ ეტაპზე ელექტროგადამცემი ხაზი 110 კილოვოლტ ძაბვაზე იმუშავებს, სტეფანწმინდის ქვესადგურის აშენების შემდეგ კი - 500 კილოვოლტზე.

“მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი სოფლებთან ძალიან ახლოს გადის. სნოში სახლებიდან ელექტროგადამცემ ხაზამდე მანძილი სულ რაღაც 30-40 მეტრია. იქვეა მდინარე, სადაც ბავშვები საბანაოდ ჩადიან ხოლმე. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის აშენების შემდეგ ბავშვების მდინარეზე გაშვება უკვე საშიში იქნება. გარდა იმისა, რომ 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, დასახლებასთან ასე ახლოს მისი მშენებლობა ზღუდავს სოფლის შემდგომი განვითარების პერსპეტივას: ხაზს აქვს თავისი დაცვის ზონა და იქ მშენებლობა და რაიმე სახის საქმიანობა იკრძალება. პეტიციით ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, რომ 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ალტერნატიული მარშრუტი გაკეთდეს და ხაზი სოფლებიდან მოშორებით, ფერდობზე ან მთაზე აიტანონ,” - ამბობს www.mtisambebi.ge-სთან საუბარში ყაზბეგში მცხოვრები შოთა ბუჩუკური.

ქსანი-სტეფანწმინდის 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროეტს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, “ენერგოტრანსსი” და ფინურ-ინდური კონსორციუმი -  ELEL-EMC-ს ახორციელებს. პროექტს გერმანიის განვითარების ბანკი 25 მლნ ევროთი აფინანსებს.

500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება.

პროექტის თანახმად, ხაზის მშენებლობა 2017 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

ამავე რუბრიკაში

თავში