საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უბედური შემთხვევა გოდერძიზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:45 - 13 იანვარი 2017 hits 6529

კურორტ გოდერძიზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. "მთის ამბები" დაინტერესდა, არის თუ არა კურორტებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დაშავებულებს დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ?

უბედური შემთხვევა კურორტზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. გაბაიძეს სხვა მოთხილამურე დაეჯახა, რის გამოც მან ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თემურ გაბაიძე მიღებული ტრავმის გამო13 იანვარს გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, კურორტიდან დაშავებულის ტრანსპორტირება ძალიან გართულდა და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მის გადაყვანას 7 საათი დასჭირდა.

რამდენად უსაფრთხოა საქართველოს სამთო კურორტებზე სრიალი და არის თუ არა კურორტებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დაშავებულებს დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ? ამ კითხვით mtisambebi.ge-მ “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელს, ვატო ასათაშვილს მიმართა.

“სამთო კურორტები ბოლო წლების განმავლობაში ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება. ასე თუ ისე, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, ამოქმედდა სამაშველო და მოთხილამურე პატრულის სისტემა, გაიხსნა ამბულატორიები. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ძალიან ჩამოვრჩებით ევროპის სამთო-სათხილამურო კურორტების დონეს და ბევრი აუცილებელი სერვისი ჯერ კიდევ არ გვაქვს. ანალოგიური შემთხვევა გასულ წელს გუდაურშიც მოხდა. მაშინ 11 წლის გოგონა დაიღუპა და მივხვდით, რომ ასეთი უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სპორტის სახეობაა და ასეთი ტრავმები ხშირად ხდება. ქალა-ტვინის და ხერხემლის სერიოზული ტრავმების დროს ადგილზე კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. ძალიან ხშირად აუცილებელია დაშავებულის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და თან რაც შეიძლება სწრაფად. სპეციალიზებულ კლინიკებში სწრაფი გადაყვანისთვის საჭიროა ვერტმფრენი. ევროპაში ყველა სამთო-სათხილამურო კურორტს რამდენიმე ვერტმფრენი ემსახურება. ჩვენთან ასეთი სისტემა არ არსებობს. კერძო სადაზღვევო კომპანიები ამ მხრივ არ აქტიურობენ და დახმარების მოლოდინში ისევ სახელმწიფოს შევყურებთ. კურორტ გოდერძის სხვა სამთო კურორტებთან შედარებით ერთი დიდი ნაკლი აქვს. არ არის მოწყობილი კურორტამდე მისასვლელი გზა და გოდერძიდან ბათუმამადე ჩასვლა ხშირად ძალიან რთულდება,” - ამბობს ასათაშვილი.

კურორტ გოდერძიზე სათხილამურო სეზონი 2016 წლის 10 დეკემბერს გაიხსნა. კურორტი ბათუმიდან 109 კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში