საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ირინე კალანდაძე - შუაფხოს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:42 - 07 იანვარი 2017 hits 11703

ნამდვილად არ ვიცი, პროგრამიდან „ასწავლე საქართველოსთვის“ რა ნიშნით ანაწილებენ საქართველოს რეგიონებში მასწავლებლებს. ალბათ შემთხვევით მოხდა, თუმცა საოცარი დამთხვევა კი არის, რომ შუაფხოში ქართულის მასწავლებლად ირინე კალანდაძეა მივლინებული. რამდენიმე ათეული წლის წინ ხომ ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან ასე შემთხვევეთი განაწილებით მოხვდა შუაფხოში ანა კალანდაძეც. ის მაშინდელი შემთხვევითი ვიზიტი ენათმეცნიერსა და პოეტს ცხოვრების ვიზიტად ექცა და გამორჩეული ლექსებიც სწორედ ფშაურ თემატიკაზე დაწერა.

„უკვე მესამე წელია, შუაფხოს სკოლაში ვმუშაობ. აქ ყოფნის საშუალება მომცა პროგრამამ „ასწავლე საქართველოსთვის“. პედაგოგოური გამოცდილება მანამდეც მქონდა, მაგრამ მიყვარს მრავალფეროვნება და როცა გავიგე პროგრამის შესახებ, გამოცდილების მისაღებად, გადავიწყიტე, მონაწილეობა მიმეღო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი შუაფხოში. პირველი შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი წლით წამოსული, მესამე წელია, აქ ვარ", - ყვება ირინე კალანდაძე - როცა ესმოდათ, რომ კალანდაძე ვიყავი, განსაკუთრებული სითბოთი და აღფრთოვანებული სახეებით მხვდებოდა ყველა. მიკვირდა. კალანდაძე კი ცნობილი გვარია, მაგრამ არც ისეთი გამორჩეული, რომ ფშავში ყველას სცოდნოდა. მერე გავიგე, რომ ანა კალანდაძე ფშაველთათის საყვარელი პოეტია, აქაურებს განსაკუთრებული დამოკიდებულება და მოგონებები აკავშირებთ ანასთან.

ბევრ საინტერესო რამეს მიამბობდნენ ჩემს მოგვარე პოეტზე. ჩემი მასპინძლების (მე სკოლის დირექტორთან ვცხოვრობ) ოჯაშიც ნამყოფია ანა კალანდაძე და ანას ფშაური სიყვარულიც გარკვეულწილად იმ ოჯახსაც უკავშირდება თურმე. შემდეგ ანას 90 წლისთავის იუბილეც აღვნიშნეთ. შეიძლება ითქვას, რომ თავიდან აღმოვაჩინე და თავიდან შემიყვარდა ანა კალანდაძე. ფშავი და ფშავლებიც განსაკუთრებულად მიყვარს უკვე. ერთხელ თეკლა ბებომ მითხრა კიდეც; ანას სულმა გადმოგისროლაო აქ“.

- რა მოლოდინით მოდიოდით, რა დაგხვდათ სკოლაში?

„თავიდან ვფიქრობდი, ერთი წლით წამოვიდოდი, მაგრამ მესამე წელია, აქ ვარ. რა მაჩერებს? პირველი ყოვლისა, ბავშვების სიყვარული. ისეთი საოცარი მოსწავლეები მყავს, ისეთი განსაკუთრებულები არიან, მეც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან.

ხანდახან როცა გამჭირვებია და ვცდილობ, გვერდიდან შევხედო ჩემს თავს, დავინახო, როგორ ვიქნები ფშავის გარეშე, მაშინ ვხვდები, რომ ძალიან გამიჭირდება. ზოგადად ძალიან გამიმართლა, რომ ამ სკოლაში მოვხვდი. ასევე გამიმართლა, რომ ვცხოვრობ, სრულიად გამორჩეულ ცქიფაშვილ-ჯაბანიშვილების ოჯახში. მყავს ასეთი კარგი მოსწავლეები.

ფშავი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში. ძალიან ბედნიერი ვარ, აქ გატარებული სამი წლით“.

- რა პრობლემები გხვდებათ?

სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ხშირად ინდივიდუალური სწავლება გვიწევს, ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ბევრ რამეს კლასში მოსწავლეთა სიმცირის გამო ვერ აკეთებ. მეორე მხრივ, რამდენი რესურსია თურმე ერთ ადამიანში. ვცდილობთ, სხვადასხვა უნარები გამოვუმუშავოთ ჩვენს მოსწავლეებს. თითოეულ მოსწავლესთან ბევრი მუშაობაა საჭირო. სულ ვფიქრობ, როგორ მუშაობენ 30 ბავშვიან კლასებში, რამდენი საინტერესო რამ რჩებათ აუხსნელი მასწავლებლებს მრავალრიცხოვანი კლასის მოსწავლეებთან.

ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს და გარდა საგაკვეთილო პროცესისა, არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. აი, მაგალითად „წიგნი სიყვარულია“, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 15 სკოლაა ჩართული.

შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო რესურსების პრობლემა არ გავს, დირექტორი იმდენად გვიწყობს ხელს, არც ვიცი, სად შეიძლება კიდევ ასე მოხდეს.

სერიოზული პრობლემაა ის, რომ სკოლა საბაზოა, მეცხრე კლასის შემდეგ ჩვენი ბავშვები სხვაგან გადადიან. შარშან, მაგალითად, ოთხი ისეთი ბავშვი გავუშვით: ბარბარე, ანა, ირმა და გია, რომ ძალიან გვწყდება მათზე გული, წელსაც ოთხი ამთავრებს სკოლას და ესენიც თუ წავლენ, ძალიან შემცირდება მოსწავლეთა რიცხვი.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში