საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაღალმთიან დასახლებებში სამედიცინო პერსონალისთვის დანამატების გაცემის წესი შეიცვალა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:23 - 16 დეკემბერი 2016 hits 4934

მაღალმთიან დასახლებებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისათვის დანამატების გაცემის პირობებში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 13 დეკემბერს დაამტკიცა.

ცვლილების თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სამედიცინო პერსონალისთვის დადგენილი სპეციალური შეღავათები გავრცელდება არა მარტო სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ დაწესებულებებზე, არამედ ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტების 100 %-იანი წილით დაფუძნებულ და მათ მფლობელობაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებზეც.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში დანამატებს მიიღებენ მხოლოდ ის ექიმები და ექთნები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მომუშავე ექიმებსა და ექთნებს 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1იანვრამდე პერიოდში კუთვნილი დანამატები (ექიმებს - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობა, ექთნებს - სახელმწიფო პენსიის ერთმაგი ოდენობა) სრულად მიეცემათ მხოლოდ იმ პირობით, თუკი მათ საანგარიშო თვეში არ გამოუყენებიათ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეღავათი 6000 ლარამდე შემოსავლის დაბეგვრისაგან გათავისუფლების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საანგარიშო თვეში გამოყენებული შეღავათი გამოაკლდება გადასარიცხი დანამატის ოდენობას.  

იმ სამედიცინო პერსონალს, ვისაც აღნიშნულ პერიოდში ზედმეტად ჩაერიცხა დანამატი, - ანუ ვინც საგადასახადო შეღავათითაც ისარგებლა და დანამატიც სრული ოდენობით მიიღო, - ამ თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ. გადაწყვეტილებას ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიიღებს.  

აღსანიშნავია, რომ ასეთი შეზღუდვა 2017 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება და მაღალმთიან დასახლებებში დასაქმებული ექიმები და ექთნები სრული ოდენობით მიიღებენ კუთვნილ დანამატებს.

ამასთან, გაიზარდა დანამატის მიღების უფლების მქონე პერსონალის სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა და მას დაემატა: შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება“ (მესტიის მუნიციპალიტეტი); შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზირებული ამბულატორიული მომსახურეობა“ (მესტიის მუნიციპალიტეტი); შპს „ნიქოზის ამბულატორია“ (თვითმმართველი თემი − გორის მუნიციპალიტეტი); შპს „ბარისახოს ამბულატორია დღის სტაციონარი“ (დუშეთის მუნიციპალიტეტი); შპს „შატილის საექიმო ამბულატორია“ (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში