საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას მთავრობა 1-ელი მარტიდან იწყებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:41 - 14 თებერვალი 2022 hits 28339

მთავრობა აპირებს, 1-ელი მარტიდან დაიწყოს მასშტაბური პროგრამა, რომელიც სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას ითვალისწინებს. პროგრამის მიხედვით, დასაქმეულის ხელფასი 300 ლარი იქნება, მის ოჯახს კი საარსებო შემწეობა 4 წელი შეუნარჩუნდება. სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მაშინაც არ შეუწყდება, თუ მისი შრომისუნარიანი წევრი უარს იტყვის შეთავაზებაზე. ამ შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება.

„ამ დროის განმავლობაში, მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების სააგენტოს, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს“, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, გუნდი, რომელმაც პროგრამა შეიმუშავა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა პრაქტიკის გასაცნობად.

„კარგად შევისწავლეთ, თუ როგორ მუშაობდა ევროპაში აღნიშნული ინიციატივა და დღეს გვაქვს მზაობა, რომ დავიწყოთ ეს ინიციატივა. ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა და კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის დაძლევისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ, ჩვენ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი.

დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა ითქვას, რომ უმოქმედობას უბიძგებს. 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 000-მდე მეტი შრომისუნარიანია. ანუ 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ეკონომიკაში არ მონაწილეობს და არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები, რომ დასაქმდნენ ლეგალურად“.

პრემიერის ინფორმაციით, საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

„ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000 ადამიანი.

პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამინისტროები ყველანი მოახდენენ 50 000-დე ვაკანსიის მობილიზებას. წელს ჩვენ შესაძლოა, 100 000-ზეც კი გავიდეთ. ჩვენ არ გვაქვს ლიმიტი.

პროგრამას განახორციელებს დასაქმების სახელმწიფო სააგენტო და მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ, სექტორში, დასაქმების ფორმალიზება რომ მოახდინოს. ან პროფესიული მომზადების და გადამზადების ქვეპროგრამებში ჩაერთოს“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 648 176 ადამიანი იღებს (175 716 ოჯახი).

ყველაზე ღარიბ რაიონებს შორის პირველ ადგილზეა მესტია - აქ მცხოვრები მოსახლეობის 71.5 % იღებს ფულად დახმარებას (6650 ადამიანი). მესტიას მოჰყვება ამბროლაური - 51.2 %, ლენტეხი - 51.0 %, ონი - 49.5 %, ქედა - 47.9 %, ხულო - 44.0 %, დმანისი - 41.3, ზუგდიდი 40.9 %; ხარაგაული - 39.6 %, შუახევი - 38.4 %, %, თეთრიწყარო 37.1 %, ჭიათურა 35.4 %. ამ მუნიციპალიტეტების უმეტესობაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა თვითმმართველობის არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს, დიდი უპირატესობით ლენტეხში (78.936 %), თეთრიწყაროში (65.198 %), მესტიაში (64.164 %), ამბროლაურში (59.557 %), ხარაგაულსა (57.511 %) და ქედაში (57.18 %).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში